ჩემს ბიჭობაში ხშირად მსმენია:
„ეს ოპტიმისტია, ის - პესიმისტი“
. თავად ვხმარობდი ამ სიტყვებს,
თუმცა, სიცილით ვაღიარებ, რომ
მათი მნიშვნელობა საერთოდ
არ მესმოდა. ჩვეულებრივი ახსნა
გვეუბნება: ოპტიმისტი ფიქრობს,
რომ ეს სამყარო საუკეთესოა,
რაც კი შეიძლება იყოს, პესიმისტი
კი ფიქრობს, რომ სამყარო
უარესია, რაც კი შეიძლებოდა
ყოფილიყო. აქ გასაგები მხოლოდ
ისაა, რომ სხვა ახსნაა მოსაძებნი,
რადგან ბოდვასთან გვაქვს
საქმე. ოპტიმისტი არ შეიძლება
ნიშნავდეს ადამიანს, რომელიც
ამბობს, რომ ყველაფერი კარგია
და არაფერია ცუდი. ეს უაზრობაა.
იგივეა რომ თქვა, რომ ყველაფერი
მარჯვნივაა, მარცხნივ კი
არაფერია*. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი,
რომ ოპტიმისტს მოსწონს ყველაფერი
პესიმისტის გარდა, ხოლო
პესიმისტს არ მოსწონს არაფერი,
გარდა საკუთარი თავისა.
უსამართლობა იქნება, თუ ამ
სიაში ერთი პატარა გოგონას
იდუმალ და დამაფიქრებელ
განმარტებას გამოვტოვებთ:
„ოპტიმისტი თქვენ თვალებს
მიხედავს, პესიმისტი კი ფეხებს.“
არ ვიცი, ეს განმარტება იქნებ
საუკეთესოცაა, რადგან ალეგორიულ
სიმართლისმაგვარს შეიცავს.
იქნებ სასარგებლოა განსხვავების
დანახვა იმაში, რომ უიმედო
მოაზროვნე მიწასთან ჩვენს
შეხებაზე ფიქრობს დროდადრო,
უფრო კმაყოფილი მოაზროვნე
კი ხედვის პირველად უნარზე
და გზის არჩევანზე ამახვილებს
ყურადღებას.
თუმცა ოპტიმისტ - პესიმისტის
ალტერნატივა არსებითად
მცდარია. ის ეყრდნობა ვარაუდს,
რომ ადამიანი აფასებს სამყაროს
ისე, თითქოს ბინას ეძებდეს.
სხვა სამყაროდან რომ იყოს
მოსული, მაშინ აზრი ექნებოდა
მის მსჯელობას, აწონასწორებს
თუ არა ზაფხულის ტყის უპირატესობა
ცოფიანი ძაღლების ნაკლს,
მსგავსად ბინის მძებნელის
მსჯელობისა, არის თუ არა ზღვის
ხედი არარსებული ტელეფონისთვის
საკმარისი კომპენსაცია.
არცერთი ადამიანი არაა ამ
მდგომარეობაში. ჩვენ აქაურობას
ვეკუთვნით იქამდე, ვიდრე
კითხვას დავსვამთ, მოგვწონს
ეს თუ არა. ადამიანი იბრძვის
დროშის ქვეშ და გმირულ
გამარჯვებებსაც მოიპოვებს
იქამდე, ვიდრე ჯარში გაიწვევენ.
მოკლედ, ერთგულება ჩვენში
უფრო ადრეულია, ვიდრე აღტაცება.
ბოლო თავში ვთქვი, რომ პირველადი
გრძნობა, ეს სამყარო რომ
უცნაურია, მაგრამ მიმზიდველი,
საუკეთესოდ ზღაპრებშია
გამოხატული. მკითხველს შეუძლია
შემდეგი საფეხური დაუთმოს
იმ საომარ - ჩხუბისთაურსაც
კი – ლიტერატურას, რომელიც
ზღაპრების ხანას მოსდევს.
ჩვენ ყველას ბევრი ზნეობრივი
მაგალითი მიგვიღია იაფი
სათავგადასავლო წიგნებიდან.
რა მიზეზითაც არ უნდა იყოს,
მეჩვენებოდა და ასე ვთვლი
ახლაც: ჩვენს დამოკიდებულებას
სიცოცხლის მიმართ სამხედრო
ერთგულების ენა უფრო კარგად
აღწერს, ვიდრე მოწონება -
არმოწონების. მე ვიღებ სამყაროს
არა როგორც ოპტიმისტი. ეს
გრძნობა პატრიოტიზმს უფრო
მაგონებს. ეს პირველადი
ერთგულებაა. სამყარო არაა
ბრაიტონში ნაქირავები ოთახი,
რომელსაც დატოვებ, თუ უვარგისია.
ესაა ჩვენი საგვარეულო
ციხესიმაგრე, რომლის თავზეც
დროშა ფრიალებს და რაც უფრო
უბადრუკია, მით უფრო მეტი
მიზეზი გვაქვს იქ გასამაგრებლად.
საქმე ის კი არაა, რომ სამყარო
ცუდია საიმისოდ, რომ გიყვარდეს,
ან იმდენად კარგი, რომ არ
შეიძლება არ გიყვარდეს. საქმე
ისაა, რომ როდესაც გიყვარს,
ცუდიც და კარგიც მხოლოდ
აძლიერებს სიყვარულს. ინგლისელ
პატრიოტზე პესიმისტური და
ოპტიმისტური ფიქრი ინგლისზე
ერთნაირად მოქმედებს. სამყაროს
პატრიოტიც ერთნაირად ეკიდება
ოპტიმისტურ და პესიმისტურ
მოსაზრებებს.
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ უიმედო
რამ გვიპირისპირდება – მაგალითად
პიმლიკო. თუ
ჩვენ იმაზე დავიწყებთ ფიქრს,
რა არის კარგი პიმლიკოსთვის,
მისტიციზმით და გაურკვევლობით
დავამთავრებთ. არაა საკმარისი
პიმლიკოს გმობა: ასე ან ყელს
გამოიჭრი, ან ჩელსიში გადაბარგდები.
არც პიმლიკოს გამართლებაა
სწორი: ამ შემთხვევაში პიმლიკოში
ჩარჩები, რაც საშინელებაა.
ერთადერთი გამოსავალი პიმლიკოს
შეყვარებაა: შეყვარება
მიღმისეული, ყოველგვარი
მიწიერი მიზეზის გარეშე. ერთი
ადამიანიც რომ გამოჩნდეს
ასეთი, მაშინ პიმლიკო სპილოსძვლის
კოშკებით და მოოქროვილი
სახურავებით შეიმოსება,
სასურველი სატრფოსავით. მორთვა
ხომ ნაკლის დასაფარავად არაა
გამიზნული; რთავენ საყვარელს,
უფრო მეტად რომ გალამაზდეს.
დედა შვილს ლურჯ ბაფთას იმიტომ
ხომ არ უკეთებს, რომ უიმისოდ
უშნოა. საყვარელ ქალს ყელსაბამს
იმიტომ არ ჩუქნიან, ყელი რომ
დაუფარონ. ადამიანებს თუ
ეყვარებათ პიმლიკო ისე, როგორც
დედას უყვარს შვილი - უმიზეზოდ,
იმიტომ რომ მისია - ერთ-ორ
წელიწადში ფლორენციას გაასწრებს
მშვენიერებით. მკითხველი
იტყვის, რომ ეს ცარიელი ფანტაზიაა.
მე კი ვვუპასუხებ, რომ ეს
კაცობრიობის ჭეშმარიტი
ისტორიაა. ესაა ის, თუ როგორ
იზრდებოდა დიდებული ქალაქები.
მივადევნოთ თვალი ცივილიზაციის
ფესვებს და აღმოვაჩენთ, რომ
ისინი რომელიმე წმინდა ქვის,
ან წმინდა ჭის ირგვლივ არიან
გამონასკვულნი. ხალხი ჯერ
პატივს მიაგებდა ადგილს,
შემდეგ kი მას დიდებას მოუხვეჭდა.
ადამიანებს უყვართ რომი არა
იმიტომ, რომ დიდებულია. რომი
დიდებული გახდა ადამიანების
სიყვარულის წყალობით.
მეთვრამეტე საუკუნის სოციალური
კონტრაქტის თეორია ჩვენ დროში
მოუხეშავი კრიტიკის სამიზნედ
იქცა. ის, რომ ყველა მმართველობა
ისტორიულად თანხმობისა და
თანამშრომლობის იდეას
ეფუძნებოდა, დამტკიცებას
ექვემდებარება. რაც შეეხება
იმას, რომ წესრიგი და ზნეობა
იტერესთა შეგნებული გაცვლის
შედეგია, მთლიანად არასწორია.
ზნეობა იმით არ იწყება, ერთი
კაცი მეორეს რომ ეტყვის: „ნუ
დამკრავ და არ დაგკრავ,“ ასეთი
შეთანხმების კვალს ვერსად
მიაგნებთ. კვალი იმისა, რომ
ორივეს ერთდროულად უთქვამს:
„ჩვენ არ შევეხებით ერთმანეთს
წმინდა ადგილზე,“ ნამდვილად
არსებობს. ზნეობას რწმენის
დაცვით იძენდნენ. გამბედაობა
არ აღუზრდიათ; იბრძოლეს ტაძრის
დასაცავად და აღმოჩნდა, რომ
აღარ ეშინიათ. არც სისუფთავეა
აღზრდის შედეგი; განიწმინდნენ
საკურთხევლისათვის და
აღმოაჩინეს, რომ სუფთანი
არიან. ებრაელთა ისტორია,
ერთადერთი ადრეული წყარო,
რომელიც თითქმის ყველა
ინგლისელისთვისაა ცნობილი,
ფაქტების განსჯის საკმარის
საფუძველს ქმნის. ათი მცნება,
რომელიც კაცობრიობისათვის
არსებითად საერთო აღმოჩნდა,
უბრალოდ სამხედრო ბრძანებებია:
ერთი უდაბნოს გასწვრივ ერთი
კიდობანის გადსატანად სამხედრო
ნაწილისათვის გაცემული
ბრძანებების კრებული. ანარქია
უკეთურებაა, რადგან სიწმინდეს
ემუქრება. წმინდა დღე ღმერთისთვის
შექმნეს და უქმე დღე ადამიანმა
მიიღო.
თუ ვთანხმდებით, რომ ადგილის
ან საგნის ეს პირველყოფილი
ერთგულება შემოქმედებითი
ენერგიის წყაროა, შეგვიძლია
ერთ განსაკუთრებულ ფაქტს
მივაქციოთ ყურადღება. წამით
გავიმეოროთ, რომ ერთადერთი
ჭეშმარიტი ოპტიმიზმი უნივერსალური
პატრიოტიზმის მსგავსია.
პესიმისტს რაღა სჭირს? ვფიქრობ,
მას შეიძლება კოსმიური
ანტიპატრიოტი შევარქვათ. და
ანტიპატრიოტს რა სჭირს?
ენამწარეობის გარეშე ვიტყვი,
რომ ის გულწრფელი მეგობარია.
გულწრფელ მეგობარს რა ნაკლი
აქვსო, იკითხავთ. აქ წავაწყდებით
ნამდვილი ცხოვრების კლდეს
და ადამიანის შეუცვლელ ბუნებას.
გავბედავ და ვიტყვი, რომ
გულწრფელი მეგობრის ნაკლი
უბრალოდ ისაა, რომ სულაც არაა
გულწრფელი. ის რაღაცას მალავს
– მალავს უსიამოვნოს თქმის
ბნელ სიამოვნებას. მას ამოძრავებს
ტკენის და არა დახმარების
ფარული სურვილი. ესაა, რითაც
გარკვეული სახის ანტიპატრიოტი
იწვევს ჯანმრთელ მოქალაქეთა
გაღიზიანებას. არ ვგულისხმობ
(რა თქმა უნდა) ანტიპატრიოტიზმს,
რომელიც მხოლოდ ციებცხელებიან
ბროკერებს და აღგზნებულ
მსახიობ ქალებს აღიზიანებს;
ეს პატრიოტიზმია, მარტივად
რომ ვთქვათ. კაცი რომ იტყვის,
პატრიოტმა არ უნდა შეუტიოს
ბურების ომს, ვიდრე ის არ
დამთავრებულაო, არ იმსახურებს
აზრიანი პასუხის გაცემას,
რადგან ამბობს, რომ კარგმა
შვილმა არ უნდა გააფრთხილოს
კლდისკენ მიმავალი დედა, ვიდრე
არ გადავარდნილა. თუმცა არსებობს
ანტიპატრიოტი, რომელიც მართლა
განარისხებს მართალ ადამიანებს,
და ამ საქციელს ხსნის ჩემი
ვარაუდი: ეს არაგულწრფელი
გულწრფელი მეგობარია. ამბობს:
„ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ
გავკოტრდით“, და სულაც არ
წუხს. გადამეტების გარეშე
შეიძლება ვთქვათ, რომ ის
მოღალატეა. უსიამოვნო ცოდნას,
რომელის მას გაანდეს, რათა
არმია გაეძლიერებინა, ის
იყენებს იმისათვის, რომ ხალხს
სამხედრო სამსახური გადააფიქრებინოს.
იმის გამო, რომ უფლება მისცეს
ყოფილიყო პესიმისტი სამხედრო
მრჩეველი, ის თავს უფლებას
აძლევს იყოს პესიმისტი გამწვევი
სერჟანტი. ზუსტად ასევე,
პესიმისტი (კოსმიური ანტიპატრიოტი)
იყენებს თავისუფლებას, რომელსაც
სიცოცხლე ანიჭებს თავის
მრჩეველებს, იმისათვის რომ
მისი დროშისგან ხალხი გვერდზე
გაიტყუოს. თუნდაც მხოლოდ
ფაქტებს ეყრდნობოდეს, გადამწყვეტი
მისი გრძნობები და მიზანია.
შეიძლება გავიგო, რომ ტოტენჰემში
ათასორას ადამიანს ყვავილმა
ხელი დარია; მინდა ვიცოდე, ვინ
განაცხადა ეს: დიდმა ფილოსოფოსმა,
რომელიც წყევლას უთვლის
ღმერთებს, თუ უბრალო მღვდელმა,
რომელსაც სურს ხალხის დახმარება.
მაშ, პესიმისტის უკეთურება
ის კი არაა, რომ ერთნაირად
გმობს ღმერთსაც და კაცსაც,
არამედ ის, რომ არ უყვარს, რასაც
გმობს. და რა ნაკლი აქვს ადამიანს
რომელსაც ოპტიმისტს უწოდებენ?
ნათლად იგრძნობა, რომ სამყაროს
ღირსების დაცვისას ის დაიცავს
ყველაფერს, მათ შორის იმასაც,
რისი დაცვა შეუძლებელია. ის
სამყაროს ჯინგოა; იტყვის:„
ჩემი კოსმოსია - მტყუანია თუ
მართალი.“ ის არ შეცლის არაფერს,
ყველა შემოტევას საპარლამენტო
დისკუსიის ოფიციალური
სულისკვეთებით მოიგერიებს,
ყველას დაამშვიდებს ცარიელი
დაპირებებით. ის არ გარეცხავს,
არამედ შეათეთრებს სამყაროს.
ყველაფერ ამას მიყავართ
ფსიქოლოგიის ერთ მეტად
საინტერესო საკითხთან.
ვამბობთ, რომ აუცილებელია
სიცოცხლის პირველადი ერთგულება,
მაგრამ როგორი უნდა იყოს ის?
ბუნებრივი თუ ზებუნებრივი?
ან, თუ გირჩევნიათ, ასე ვთქვათ:
გონივრული თუ არაგონივრული?
არაჩვეულებრივი ისაა, რომ
ცუდი ოპტიმიზმი (შეთეთრება,
განურჩევლად ყველაფრის დაცვა)
ყოველთვის გონივრულია. გონივრულ
ოპტიმიზმს სტაგნაციამდე
მივყავართ: სწორედ ირაციონალური
ოპტიმიზმია გარდაქმნის
მამოძრავებელი ძალა. კვლავ
პატრიოტიზმის პარალელს
მოვიშველიებ. ის, ვისაც უყვარს
გონებით, ხშირად აფუჭებს.
ვისაც ირაციონალურად უყვარს,
ის აუმჯობესებს. თუ ადამიანს
პიმლიკოს რაღაც თვისება უყვარს
( რაც დაუჯერებელია) მან ამ
თვისებას შეიძლება პიმლიკო
ანაცვალოს. მაგრამ თუ პიმლიკო
თავისთავად უყვარს, შეიძლება
მიწასთან გაასწოროს და ახალ
იერუსალიმად გადააქციოს. არ
უარვყოფ, რეფორმა შეიძლება
გადაჭარბებულიც იყოს; უბრალოდ
იმის თქმა მინდა, რომ რეფორმატორი
მისტიკური პატრიოტია. ჯინგოს
თვითკმაყოფილება იმათ შორისაა
გავრცელებული, ვისაც ამის
წვრილმანი მიზეზი აქვს. ყველაზე
დიდ ჯინგოს თავად ინგლისი კი
არა, ინგლისის თეორია უყვარს.
თუ ინგლისი იმიტომ გვიყვარს,
რომ ის იმპერიაა, აუცილებლად
გავაზვიადებთ წარმატებას,
რომლითაც ინდოეთს ვმართავთ;
მაგრამ თუ იმიტომ გვიყვარს,
რომ ერი ვართ, შევძლებთ
ყველაფრისთვის თვალის გასწორებას
და ერად დავრჩებით იმ შემთხვევაშიც
კი, ინდოეთი რომ გვმართავდეს.
ისტორიასაც ისინი აყალბებენ,
ვისი პატრიოტიზმიც ისტორიაზეა
დამოკიდებული. თუ ინგლისი
ინგლისურობის გამო გიყვარს,
მისი წარმოშობა შენთვის
არაფერს ცვლის. აი ადამიანს,
რომელიც ინგლისის ანგლო-საქსონურობის
მოტრფიალეა, საკუთარი ახირების
გამო შეუძლია ფაქტებს ომი
გამოუცხადოს და ამტკიცოს
(კარლაილის და ფრიმენის
მსგავსად), რომ ნორმანებმა
კი არ დაიპყრეს საქსონები,
არამედ პირიქით. ასეთი ადამიანი
უკანასკნელი უგუნურებით
ამთავრებს – რადგან გონიერებით
დაიწყო. თუ საფრანგეთი სამხედრო
ძლიერების გამო გიყვარს, 1870
წლის არმიას ხელს დააფარებ,
მაგრამ თუ საფრანგეთი გიყვარს
უბრალოდ იმიტომ, რომ საფრანგეთია,
1870 წლის არმიას გააუმჯობესებ.
ზუსტად ასე მოიქცნენ ფრანგები
და საერთოდ, საფრანგეთი ამ
პარადოქსის მუშაობის კარგი
მაგალითია. არსად არაა პატრიოტიზმი
უფრო განყენებული და თავნება;
და არსად არაა რეფორმა უფრო
სწრაფი და ყოვლისმომცველი.
რაც უფრო განყენებულია
პატრიოტიზმი, მით უფრო პრაქტიკულია
პოლიტიკა.
ყოველდღიურობაში ამ მიდგომის
მაგალითს ქალი იძლევა, თავისი
იდუმალი და ძლიერი ერთგულებით.
ზოგიერთ ბრიყვს მიაჩნია,
რადგან ქალი თავისიანებს
ყოველთვის ყველაფერში მხარს
უჭერს, ამიტომ ბრმაა და ვერაფერს
ხედავსო. ესენი ალბათ არცერთ
ქალს არ იცნობენ საერთოდ.
ქალებმა, რომლებიც თავდაუზოგავად
იცავენ თავიანთ კაცებს, ყველაზე
კარგად იციან, რა ხვითოებთანაც
აქვთ საქმე. მეგობარს მოსწონს
კაცი და არ ცდილობს მის შეცვლას;
ცოლს უყვარს და გამუდმებით
ცდილობს, რამე სხვად აქციოს.
ქალი, რომელიც ნამდვილი
მისტიკოსია რწმენაში, ასეთივე
ცინიკოსია კრიტიკაში. თეკერეიმ
ეს კარგად გამოხატა: პენდენისის
დედამ, რომელიც შვილს ღმერთივით
ეთაყვანება, კარგად იცის, რომ
ის გზააბნეული ადამიანია.
ერთგული განსჯაში თავისუფალია;
ფანატიკოსი თავისუფლად
შეიძლება სკეპტიკოსი იყოს.
სიყვარული ყველაფერია, სიბრმავის
გარდა. სიყვარული ბმაა, და რაც
უფრო ძლიერია, მით უფრო ნაკლებადაა
ბრმა.
ასეთი
შეხედულება შემექნა
იმაზე, რასაც ოპტიმიზმი,
პესიმიზმი და ცვლილება ჰქვია.
გარდაქმნის
კოსმიურ აქტს ერთულების
კოსმიური ფიცი უნდა უსწრებდეს.
სიცოცხლე თუ გაინტერესებს,
არ აქვს მნიშვნელობა, რა
შეხედულებები გაქვს მასზე.
„მომეც მე, შვილო, გული
შენი;“ გული სიმართლეზე უნდა
იყოს მიბმული; გულის მიბმა
ხელს ათავისუფლებს. აქ უნდა
შევჩერდე მოსალოდნელი კრიტიკის
გამო. მეტყვიან, რომ რაციონალური
ადამიანისათვის სამყარო
კეთილისა და ბოროტის ნაზავია,
რომელსაც თავშეკავებულად
უნდა მოეკიდო – ხან კმაყოფილებით,
ხან გამძლებით. მაგრამ სწორედ
ეს დამოკიდებულება მიმაჩნია
არასრულფასოვნად. ვიცი, რომ
ჩვენ დროში ეს განწყობა
საყოველთაოა; ის სრულყოფილადაა
გადმოცემული მეთიუ არნოლდის
ბწკარში, რომლის მშვიდი
მკრეხელობა შოპენჰაუერის
კივილზე უფრო გამჭოლი
ზემოქმედებისაა:
(„ვცხოვრობთ საკმარისად
: და ეს სიცოცხლე, დიდი მიღწევებით
ესოდენ ღარიბი, თუმც ასატანია,
მაინც არ ღირდა სამყაროთა
პოპეზურობად და დაბადების
ტკივილად.“)
ამ გრძნობამ ჩვენი ეპოქა აავსო
და გაყინა. სამყაროს, როგორც
კომპრომისის ცივი აღქმა
სრულიად გამოუსადეგარია
რწმენისა და ამბოხების ჩვენი
ტიტანური მიზნებისათვის.
ჩვენ მისი სიყვარულისა თუ
სიძულვილის გულწრფელი გზა
უნდა ვიპოვოთ. ჩვენ არ გვჭირდება
სიხარულისა და რისხვის
ნეიტრალური ნაზავი, რომელიც
უღიმღამო კმაყოფილებას
წარმოქნის. ჩვენ გჭირდება
ცხოველი სიამოვნება და ცხოველი
უკმაყოფილება. სამყარო
ერთდროულად კაციჭამია გოლიათის
სასახლეც უნდა იყოს, რომელსაც
შევუტევთ, და ჩვენი საკუთარი
ქოხიც, სადაც საღამოს დავბრუნდებით.
არავინ დავობს - ჩვეულებრივ
ადამიანს ძალუძს, გაუმკლავდეს
წუთისოფელს. მაგრამ ჩვენ
გამკლავებისათვის საკმარის
ძალას კი არ ვითხოვთ, არამედ
დაუფლებისათვის აუცილებელს.
შეუძლია სძულდეს ისე, რომ
შეცვალოს? უყვარდეს ისე, რომ
შეცვლის ღირსად ჩათვალოს?
შეხედოს მის კოლოსალურ სიკეთეს
და არ მოდუნდეს?
თვალი გაუსწოროს მის კოლოსალურ
ბოროტებას და უსასოობაში არ
ჩავარდეს? შეუძლია თუ არა
ერთდროულად იყოს ოპტიმისტი
და პესიმისტი, თანაც ფანატიკური
ოპტიმისტი და ფანატიკური
პესიმისტი? საკმარისად წარმართი,
რომ მოკვდეს სამყაროსათვის
და საკმარისად ქრისტიანი,
რომ სამყაროს მოუკვდეს? მგონია,
რომ რაციონალური ოპტიმისტი
ჩაფლავდება ამაში, ირაციონალური
ოპტიმისტი კი გაიმარჯვებს.
ის მზადაა მთელი სამყარო
დალეწოს მისივე გულისთვის.
ყველაფერ ამას ლოგიკურად
დალაგებული თანმიმდევრობით
კი არ გაწოდებთ, არამედ ისე,
როგორც მოვიდა ჩემამდე; და
ეს ყველაფერი დრომ უფრო ნათლად
და მკვეთრად გამოაჩინა. იბსენის
ჩრდილქვეშ გაჩაღდა კამათი
თვითმკვლელობის ავკარგიანობაზე.
სერიუზული თანამედროვენი
ამტკიცებდნენ, რომ კაცი,
რომელმაც ტყვია იკრა შუბლში,
საბრალო კი არა, შესაშური
თვისებების ადამიანია. ბ-ნი
უილიამ არჩერის ვარაუდით,
დადგება ოქროს ხანა, როდესაც
ადამიანი ერთი პენის ავტომატში
ჩაგდებით თავის მოკვლას
შეძლებს. მაშინ ჩამომიყალიბდა
უკიდურესად მტრული დამოკიდებულება
ბევრი მათგანის მიმართ, ვინც
თავს ლიბერალს და ჰუმანისტს
უწოდებდა. თვითმკვლელობა
უბრალოდ ცოდვა კი არა, ესაა
ცოდვა, თუა. უარის თქმა ცხოვრების
ინტერესზე, სიცოცხლისათვის
ერთგულების ფიცის მიცემაზე,
აბსოლუტური ბოროტებაა. ვინც
კლავს, ერთს კლავს, ვინც თავს
იკლავს, ყველას ერთად კლავს;
თავის წარმოდგენაში სამყაროს
ანადგურებს. მისი ქმედება
უარესია (სიმბოლური თვალსაზრისით)
ვიდრე ნებისმიერი გაუპატიურება
ან ანარქისტული საშინელება,
რადგან ყველა ქალს შეურაცხყოფს
და ყველა სახლს აფეთქებს.
ქურდი ალმასებს სჯერდება,
თვითმკვლელი – არა: მას ვერ
მოქრთამავ ზეციური ქალაქის
ცეცხლოვანი ქვებითაც კი. ქურდი
მფლობელს თუ არა, მოპარულ
საგნებს მაინც სცემს პატივს,
თვითმკვლელი კი მოპარვაზე
უარის თქმით უპატივცემულობას
იჩენს ყველაფრის მიმართ
დედამიწაზე, შეურაცხყოფს
ყველა ყვავილს, რადგან უარს
აცხადებს მათი ხათრით სიცოცხლეზე.
მისი სიკვდილით სამყაროს
უმცირესი არსებაც კი დამცირებულია.
როცა ხეზე თავს იხრჩობს, ფოთლები
უნდა ჩამოცვივდეს და ჩიტები
უნდა გაფრინდნენ გაბრაზებისგან,
რადგან ეს მათ პირადად ეხება.
რა თქმა უნდა, არსებობს სიბრალული
და თანაგრძნობა, მაგრამ თუ
ცივი გონებით ვიმსჯელებთ,
გზაჯვარედინზე დამარხვაში
და საფლავში სარის ჩაჭედებაში
მეტი აზრია, ვიდრე ბ-ნი არჩერის
ავტომატებში. მეტი აზრია ცალკე
დაკრძალვაშიც. ამ ადამიანის
დანაშაული განსხვავებულია
სხვისგან – ის დანაშაულსაც
კი შეუძლებელს ქმნის.
დაახლოებით ამ დროს ამოვიკითხე
ერთი თავისუფალი მოაზროვნის
მოსაზრება, რომ თვითმკვლელი
იგივე მოწამეა. ამ ამაღლებულმა
სიბრიყვემ საკითხი კიდევ
უფრო გაამარტივა. ცხადია, რომ
თვითმკვლელი წამებულის
ანტიპოდია. მოწამეს იმდენად
აღელვებს გარე სამყარო, რომ
პირად ცხოვრებას ივიწყებს.
თვითმკვლელი იმდენად გულგრილია
გარე სამყაროს მიმართ, რომ
სურს ის დაასრულოს. ერთს სურს
რაღაცის წამოწყება, მეორეს
ყველაფრის დასრულება. სხვანაირად
რომ ვთქვათ, მოწამე კეთილშობილია,
რადგან აღიარებს სიცოცხლესთან
უძლიერეს კავშირს (მიუხედავად
იმისა, რომ უარყოფს წუთისოფელს
და ამხელს კაცობრიობას). მისი
გული გარეთაა მიმართული; თავს
წირავს იმისთვის, რომ რაღაცამ
იცოცხლოს. თვითმკვლელი უკეთურია,
რადგან არ გააჩნია ეს კავშირი
ყოფიერებასთან: ის უბრალოდ
გამანადგურებელია; სულიერად
ის ანადგურებს სამყაროს.
გამახსენდა გზაჯვარედინი
და სარი, გამახსენდა ქრისტიანობის
უცნაური სიმკაცრე თვითმკვლელის
მიმართ, და მოწამის დაუოკებელი
მხარდაჭერა. ისტორიულ ქრისტიანობას
ბრალს სდებდნენ, არც თუ მთლად
უსაფუძვლოდ, რომ მან მოწამეობა
და ასკეტიზმი სიცარიელემდე
მიიყვანა. ადრეული ქრისტიანი
მოწამენი სიკვდილზე შიშისმომგვრელი
სიხარულით საუბრობდნენ, ისინი
მკრეხელურად უარყოფდნენ
ხორციელ ვალდებულებებს:
საფლავის სუნთქვას შორით
გრძნობდნენ და ყვავილების
სურნელად აღიქვამდნენ. ბევრს
ეს პესიმიზმის პოეზიად ეჩვენება,
თუმცა გზაჯვარედინი და სარი
ნათლად გვაჩვენებს, რას ფიქრობს
ქრისტიანობა პესიმისტზე.
ეს იყო პირველი გამოცანათა
იმ გრძელი მწკრივიდან, რომლითაც
ქრისტიანობა შემოვიდა ამ
კამათში. მას შემოჰყვა ყველა
ქრისტიანულ ცნებათა დამახასიათებელი
განსაკუთრებულობა, რომელზეც
მოგვიანებით უფრო გარკვევით
ვისაუბრებ, ამჯერად კი ამით
დაიწყო. ქრისტიანული დამოკიდებულება
მოწამისა და თვითმკვლელის
მიმართ არის ის, რაც ძალიან
განსხვავებულია თანამედროვე
ზნეობრივი ნორმებისაგან.
საქმე ხარისხში არაა. საქმე
არაა იმაში, რომ უნდა გავალოთ
ხაზი და აღტაცებული თვითმკვლელი
ხაზის შიგნით, სასოწარკვეთილი
კი ხაზის გარეთ მოხვდეს.
ქრისტიანული დამოკიდებულება
არაა ის, რომ თვითმკვლელობა
წრეგადასული მოწამეობაა.
ქრისტიანული დამოკიდებულება
გააფთრებული ქება და ძაგებაა:
ეს ორი რამ, რაც ასე მსგავსად
გვეჩვენება, სამოთხისა და
ჯოჯოხეთის უკიდურეს ბოლოებზეა
მოქცეული. ერთი ადამიანი თმობს
თავის სიცოცხლეს და იმდენად
კარგია, რომ მისი ძვლები
ქალაქებს სახადისაგან იხსნის;
მეორე თმობს სიცოცხლეს და
იმდენად ცუდია, რომ მისი ძვლები
მოძმეთა ძვლებს აბინძურებს.
არ ვამბობ, რომ ეს გააფთრება
სწორია; მაინტერესებს რატომაა
ასეთი გააფთრებული?
აქ ვიგრძენი პირველად, რომ
გაკვალურ გზაზე ვდგავარ.
ქრისტიანობაც გრძნობდა
მოწამისა და თვითმკვლელის
დაპირისპირებულობას: იქნებ
მიზეზიც იგივე იყო? იქნებ
ქრისტანობა გრძნობდა, რასაც
მეც ვგრძნობდი და ვერ გამოვხატავდი
(ვერც გამოვხატავ) – პირველქმნილი
ერთგულების და დამანგრეველი
გარდაქმნის მოთხოვნილებას?
გამახსენდა, რომ ქრისტიანობის
წინააღმდეგ ბრალდება სწორედ
ამ ორი რამის გაერთიანებაა,
რასაც მეც დაუოკებლად ვცდილობდი.
ქრისტიანობას აბრალებდნენ
ერთდროულ და გადაჭარბებულ
ოპტიმიზმს სამყაროს მიმართ
და პესიმიზმს მიწიერის მიმართ.
ამ დამთხვევამ უეცრად გამაშეშა.
თანამედროვე წინააღმეგობრიობამ
სულელური ჩვევა წარმოქმნა:
ამბობენ, რომ ესა და ეს მრწამსი
მისაღებია ერთ დროში და
მიუღებელი სხვაში; დოგმა,
რომელიც სანდო იყო მეთორმეტე
საუკუნეში, არასანდოა მეოცეში.
იგივე წარმატებით შეგიძლია
ამტკიცო, რომ გარკვეული
ფილოსოფია სანდოა ორშაბათობით,
მაგრამ არა სამშაბათობით.
ასევე შეგიძლია თქვა, რომ
სამყაროს ეს თვალსაზრისი
კარგია ოთხის ნახევარზე, და
უვარგისია ხუთის ნახევარზე.
ადამიანის მრწამსს მისი
მსოფლმხედველობა განსაზღვრავს
და არა საათი და საუკუნე.
მაგალითისათვის ავიღოთ
სასწაულებრივი განკურნება.
მეთორმეტე საუკუნის მატერიალისტს
ისევე არ სჯერა ამის, როგორც
მეოცე საუკუნისას, მეოცე
საუკუნის ქრისტიან მეცნიერს (Christian Scientist) კი
ისევე სწამს, როგორც მეთორმეტე
საუკუნის ქრისტიანს. შესაბამისად,
რომელიმე ისტორიული პასუხის
განხილვისას მნიშვნელოვანი
ის კი არაა, რომელ დროში გაიცა,
არამედ ის, არის თუ არა ის ჩვენს
კითხვაზე გაცემული. რაც უფრო
მეტს ვფიქრობდი სამყაროში
ქრისტიანობის შემოსვლაზე,
მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ
ის ამ კითხვაზე პასუხის
გასაცემად მოვიდა.
ლატიტუდინარიელები და სხვა
თავისუფალი ქრისტიანები
აუხსნელ კომპლიმენტებს
უკეთებენ ქრისტიანობას.
ამბობენ, რომ ღვთისმოსაობა
და სინანული არ არსებობდა
ქრისტისანობის შემოსვლამდე,
რასაც მათ ნებისმიერი შუასაუკუნელი
შეუსწორებდა. ისინი ისე
წარმოადგენენ საქმეს, თითქოს
ქრისტიანობამ პირველმა იქადაგა
უბრალოება და თვითშეზღუდვა,
შინაგანი ხედვა და გულწრფელობა.
შეზღუდულად (რასაც არ უნდა
ნიშნავდეს ეს) ჩამთვლიან, თუ
ვიტყვი, რომ ქრისტიანობის
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ
მან ქრისტიანობა იქადაგა,
მისი განსაკუთრებულობა კი
იმაში, რომ განსაკუთრებულია.
უბრალოება და გულწრფელობა
განსაკუთრებულობა კი არა,
მთელი კაცობრიობის აღიარებული
იდეალებია. ქრისტიანობა
თავსატეხის პასუხია და არა
გრძელი ლაყბობის ბოლოს
წარმოთქმული გაცვეთილი
ჭეშმარიტება. ახლახან ვნახე
პურიტანული ორიენტაციის
შესანიშნავ ყოველკვირეულ
გამოცემაში ასეთი შენიშვნა:
ქრისტიანობას დოგმის აბჯარს
თუ მოვაცილებთ (რომ თქვა,
ადამიანს ძვლები ამოაცალოთო)
ხელში შინაგანი სინათლის
კვაკერული დოქტრინა შეგვრჩებაო.
რომ მეთქვა, ქრისტიანობა
იმიტომ შემოვიდა, რომ შინაგანი
სინათლის დოქტრინა გაენადგურებინა
მეთქი, დიდი გადაჭარბება
იქნებოდა, თუმც ჭეშმარიტებასთან
ბევრად უფრო მიახლოებული.
მარკუს ავრელიუსის მსგავსი
უკანასკნელი სტოიკოსები
ზუსტად ის ხალხია, ვისაც
შინაგანი სინათლის სწამდათ.
მათი ღირსება, დაღლილობა,
სევდანარევი გარეგნული ზრუნვა
სხვებზე, გაუთავებელი შინაგანი
ზრუნვა საკუთარ თავზე, შინაგანი
სინათლის შედეგი და საშინელი
განათების ნაყოფია. მარკუს
ავრელიუსი, სხვა ინტროსპექტული
მორალისტების მსგავსად,
დაჟინებით მოითხოვდა წვრილმანების
კეთება-არკეთებას, რადგან
ზნეობრივი გადატრიალებისათვის
საკმარისი არც ზიზღი და არც
სიყვარული არ გააჩნდა. ის
დილით ადრე დგება, ჩვენი
არისტოკრატების მსგავსად,
რომლებიც უბრალო ცხოვრებას
მისდევენ; ასეთი ალტრუიზმი
ხომ ბევრად უფრო ადვილია,
ვიდრე ამფითეატრში თამაშების
შეწყვეტა ან ინგლისელებისთვის
მიწის დაბრუნება. მარკუს
ავრელიუსი ყველაზე აუტანელი
ყაიდის ადამიანია. ის არათავკერძი
ეგოისტია, ანუ ისეთი ადამიანი,
რომლის ამპარტავნებას თან
ვნების გამართლება არ ახლავს.
განმანათლებლობის ყველა
წარმოსადგენ ფორმას შორის
ყველაზე უარესი ისაა, ეს ხალხი
რომ შინაგან სინათლეს ეძახის.
ყველა საშინელ რელიგიას შორის
უსაშინლესი შინაგანი ღმერთის
თაყვანისცემაა. ყველამ, ვისაც
უმაღლესი აზროვნების ცენტრის ერთი წარმომადგენელი მაინც
უნახავს, იცის, ეს როგორ მუშაობს.
ჯონსის მიერ შინაგანი ღმერთის
თაყვანისცემა საბოლოოდ
აუცილებლად გადაიზრდება
ჯონსის მიერ ჯონსის თაყვანისცემაში.
სჯობს ჯონსმა მზეს სცეს თაყვანი,
ან მთვარეს, ოღონდ არა შინაგან
სინათლეს; სჯობს ნიანგს ან
კატას სცეს თაყვანი, თუ იპოვის
თავის ქუჩაზე, ვიდრე შინაგან
ღმერთს. ქრისტიანობა იმიტომ
შემოვიდა, რომ ძალუმად
განეცხადებინა: ადამიანს
შიგნით ყურების გარდა, გარეთ
ცქერაც მართებს, რათა გაოცებით
და ენთუზიაზმით შეამჩნიოს
ღვთაებრივი თანამგზავრი და
ღვთაებრივი კაპიტანი. ქრისტიანობის
ერდათერთი სიხარული ისაა,
რომ ადამიანი შინაგანი სინათლის
ამარა არაა მიტოვებული და
გარკვევით ამჩნევს გარეთა
სინათლეს, მზესებრ ნათელს,
მთვარესებრ სუფთას, ბაირაღებიანი
ჯარივით საშინელს.
ისე, კარგი იქნება, თუ ჯონსი
მზეს და მთვარეს არ სცემს
თაყვანს. თუ სცემს, მათი მიბაძვის
მიდრეკილება გაუჩნდება;
ვთქვათ, მზე ცოცხლად წვავს
მწერებს, მასაც მოუნდება ამის
გაკეთება. მზე მზის დარტმებს
აყენებს ხალხს, ამანაც შეიძლება
დაჰკრას ვინმეს. რადგან ამბობენ,
რომ მთვარე აგიჟებს, ამანაც
შეიძლება ცოლი შეშლილობამდე
მიიყვანოს. გარეგნული ოპტიმიზმის
ეს მახინჯი მხარე ძველ მსოფლიოში
აშკარად გამოვლინდა. სტოიკოსების
იდეალიზმის მიერ პესიმიზმის
სისუსტის გამოვლინების
კვალდაკვალ ბუნების ძველმა
თაყვანისცემამ ოპტიმიზმის
ძლიერი სისუსტის გამოვლინება
დაიწყო. ბუნების თაყვანისცემა
საკმაოდ ბუნებრივია ახალგაზრდა
საზოგადოებისათვის. სხვანაირად
რომ ვთქვათ, პანთეიზმს არა
უშავს, ვიდრე პანის თაყვანისცემით
შემოიფარგლება. მაგრამ ბუნებას
მეორე მხარეც აქვს, რომელსაც
გამოცდილება და ცოდვა სწრაფად
აგნებს და ღმერთი პანი ჩლიქსაც
გამოაჩენს ხოლმე. ბუნებრივი
რელიგიის ნაკლი ისაა, რომ ის
რატომღაც ყოველთვის არაბუნებრივად
გადაიქცევა ხოლმე. თუ ადამიანს
უყვარს ბუნება დილით, უმანკო
და მეგობრული, დაღამებისას
უკვე მისი სიბნელე და სისასტიკე
შეიძლება შეიყვაროს. თუ დილით
სუფთა წყლით განიბანება,
სტოიკოსი ბრძენის მსგავსად,
დღის ბინდიან ბოლოს, შესაძლოა,
ხარის ცხელ სისხლში ჩაწვეს
იულიანე განდგომილივით.
ჯანმრთელობის უბრალო
დევნა ყოველთვის რაღაც
არაჯანმრთელში გადაიზრდება
ხოლმე. ფიზიკური ბუნება არ
შეიძლება მორჩილების პირდაპირ
ობიექტად ვაქციოთ;
ის სიამოვნების წყაროა და
არა თაყვანისცემის. ვარსკვლავებს
და მთებს ზედმეტი სერიუზულობით
ნუ აღვიქვამთ, თორემ იქ
დავასრულებთ, სადაც წარმართულმა
თაყვანისცემამ დაასრულა.
რადგან დედამიწა კეთილია,
შეიძლება მის ყველა
სისასტიკეს დავუწყოთ
მიბაძვა. რადგან სექსუალურობა
საღია, შეიძლება მასზე შევიშალოთ.
უბრალო ოპტიმიზმმა
შესაბამის შლეგურ
დასასრულს მიაღწია.
თეორია, რომ ყველაფერი კეთილია,
ყველაფერი
ბოროტის ორგიად გადაიქცა.
მეორე მხარეს ჩვენი
იდეალისტი პესიმისტები
სტოიკოსთა ძველი ნარჩენებითაა
წარმოდგენილი. მარკუს ავრელიუსი
და ძმანი მისნი დაემშვიდობნენ
სამყაროს ყოველგვარი ღმერთის
იდეას და მხოლოდ შინაგან
ღმერთს ჭვრეტდნენ.
მათ უკუაგდეს ყოველგვარი
სიქველის არსებობის იმედი
ბუნებაში და საზოგადოებაშიც
კი. გარე სამყაროს მიმართ
ინტერესის არქონა გამორიცხავდა
მისი დანგრევის თუ გარდაქმნის
სურვილს. მათ არ უყვარდათ
ქალაქი იმდენად, რომ ცეცხლისთვის
მიეცათ იგი.
ასე აღმოჩნდა
ძველი სამყარო ზუსტად ჩვენნაირი
უსასოო დილემის წინაშე. ის,
ვისაც სამყარო სიამოვნებას
ანიჭებდა, მისი ნგრევით იყო
დაკავებული; ქველ ხალხს კი
ეს არ აღელვებდა იმდენად, რომ
ესენი ძირს დაენარცხებინათ.
ამ დილემაში (ზუსტად ჩვენნაირში)
უეცრად შემოაბიჯა ქრისტიანობამ
და უცნაური პასუხი იქადაგა,
რომელიც სამყარომ მიიღო,
როგორც ერთადერთი. ეს პასუხი
იყო მაშინ, და ვფიქრობ, დღესაც
პასუხია.
ეს პასუხი ხმლის დაკვრას
ჰგავდა; მან გაყო; არანაირი
სენტიმენტალური გაერთიანება!
მოკლედ, მან ღმერთი კოსმოსიგან
გააცალკევა. ღვთაებრივის
ცალკეულობა და გარკვეულობა,
რასაც ზოგიერთი ქრისტიანი
ახლა ცდილობს, რომ ქრისტიანობას
ჩამოაცილოს, ერთადერთი მიზეზი
იყო იმისა, რატომაც უნდოდათ
გაქრისტიანება. ეს იყო მთელი
არსი ქრისტიანული პასუხისა
უბედურ პესიმისტს და კიდევ
უფრო უბედურ ოპტიმისტს.
შექმნის
პრინციპის
აღწერა
ყოველთვის
მეტაფორულია,
რადგან
სიტყვიერია. პანთეისტი,
მაგალითად, იძულებულია, ისე
ისაუბროს ღმერთზე, რომელიც
ყველა საგანშია, თითქოს
ის ყუთში
იყოს. ევოლუციონისტის თავად
სახელი მიგანიშნებს
ხალიჩის
მსგავსად
გაშლის იდეაზე.
ყველა ტერმინი, რელიგიური თუ
არარელიგიური,
ღიაა ამ ბრალდებისთვის. საქმე
ისაა, უსარგებლოა ყველა ეს
ტერმინი,
თუ შეაძლებელია მსგავსი
ფრაზით აღიწეროს შექმნის
იდეა. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.
ასევე ფიქრობს ევოლუციონისტი,
თორემ ევოლუციაზე არ ისაუბრებდა.
ქრისტიანული
თეიზმის
ძირეული
ფრაზა ისაა,
რომ ღმერთი შემოქმედია, ისე,
როგორც ხელოვანია შემოქმედი.
პოეტი იმდენად განცალკევებულია
თავისი ლექსისგან, რომ თავად
ამბობს ლექსზე
- პატარა
რაღაც გამოვაგდეო.
ეს პრინციპი,
რომლის თანახმად ყველანაირი
შექმნა გამოცალკევებაა,
მინიმუმ
ისეთივე
თანმიმდევრულია
სამყაროში, როგორც ევოლუციური
პრინციპი, რომლის თანახმად
ზრდა განტოტვაა. ქალი კარგავს
ბავშვს, როცა შობს. ყველა შექმნა
დაცილებაა. დაბადება ისეთივე
ამაღლებული დაშორებაა, როგორც
სიკვდილი.
ქრისტიანობის
პირველადი ფილოსოფიური
პრინციპი სწორედ ისაა, რომ
ღვთიური ქმნილების აქტში
გაყრა აბსოლუტური ენერგიის
მიერ სამყაროს შექმნის აქტს
ჭეშმარიტად
აღწერს. ფილოსოფოსთა
უმრავლესობის თანახმად,
ღმერთმა შექმნისას სამყარო
დაიმონა, ქრისტიანობის თანახმად
კი გაათავისუფლა. ღმერთმა
უფრო პიესა შექმნა, ვიდრე
პოემა. პიესა სრულყოფილად
იყო ჩაფიქრებული,
მაგრამ ადამიანებმა
- მსახიობებმა და რეჟისორებმა
- დიდი არეულობა შეიტანეს
მასში. ამ თეორემის ჭეშმარიტებას
მოგვიანებით განვიხილავ. აქ
მხოლოდ ავღნიშნავ, რა საოცარი
სიმსუბუქით გადალახა მან
ზემოაღნიშნული დილემა. მისი
საშუალებით
შეგიძლია
ერთდროულად კმაყოფილიც იყო
და აღშფოთებულიც ისე, რომ
პესიმისტობამდე ან ოპტიმისტობამდე
არ დაეშვა. ამ სისტემით
შესაძლებელია არსებობის
ყველა ძალას შეება და თან მის
დროშას არ უღალატო. შეიძლება
თანხმობაში იყო სამყაროსთან
და ომი გამოუცხადო წუთისოფელს.
წმინდა
გიორგი შეებმებოდა
ურჩხულს, რაგინდ დიდი ყოფილიყო,
თუნდაც დიდ ქალაქებზე და
მარადიულ
მთებზე უფრო დიდი. თუნდაც
თავად სამყაროსხელა ყოფილიყო,
მაინც შეიძლებოდა მისი მოკვლა
სამყაროს სახელით. წმინდა
გიორგი ითვალისწინებდა არა
ხილულ შეუსაბამობებს და
თანაფარდობებს საგანთა ზომაში,
არამედ მათი შექმნის საწყის
საიდუმლოს მხოლოდ. ის
ხმალს
მოუქნევდა
გველეშაპს, მაშინაც
კი, თავს
ზემოთ ცარიელი ზეცა
ურჩხულის
დაბჩენილი ხახა რომ
ყოფილიყო.
რაც ამას მოჰყვა,
ენით აღუწერელია. თითქოს,
დაბადებიდან
მოყოლებული,
დავძრწოდი
და ვეჯახებოდი
ორ უზარმაზარ და უმართავ,
განსხვავებული
ფორმის
მანქანას
- სამყაროს და ქრისტიანულ
ტრადიციას
– რომელთაც ხილული არაფერი
აკავშირებს. შემდეგ ვიპოვე
ეს
ხვრელი
სამყაროში: ფაქტი,
რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხო,
თან გიყვარდეს,
და თან
არ ენდობოდე; გიყვარდეს სამყარო
და არ იყო მისი; შემდეგ
მივაგენი
ქრისტიანული
ღვთისმეტყველების ამ
გამოზნექილ, წვეტიანი ნაწილს
– დოგმატურ მტკიცებას,
რომ ღმერთი პიროვნულია და
სამყარო თავისგან განაცალკევა.
დოგმის
წვეტი ზუსტად მოერგო
სამყაროს ხვრელს – ეტყობა,
რომ ეს დანიშნულება
ჰქონდა – და უცნაური რამ მოხდა:
როდესაც ორი მექანიზმის ეს
ორი ნაწილი გაერთიანდა,
დანარჩენი ნაწილებიც, ერთი
მეორის მიყოლებით, მოერგო
და ჩაჯდა
ერთმანეთში.
მესმოდა,
როგორ ხტებოდნენ ჭანჭიკები
ბუდეებში კმაყოფილებისმაგვარი
წკაპით.
ერთი ნაწილის გამართვით,
ყველა
დანარჩენიც გაიმართა, მსგავსად
იმისა, ნაშუადღევს საათები
ერთმანეთის
მიყოლებით რომ ატეხენ ხოლმე
რეკვას. ინსტინქტებს
ერთმანეთის მიყოლებით
პასუხობდნენ დოქტრინები. ან
თუ მეტაფორას შევცვლით, თითქოს
მტრის ტერიტორიაზე გადავედი
და პირველივე გოდოლის აღებისას
ყველა დანარჩენი უბრძოლველად
ჩამბარდა. მთელი ქვეყანა
განათდა, ბავშვობის პირველი
მინდვრებიდან მოყოლებული.
ბიჭობის
ბრმა ფანტაზიები უცებ განათდა
და აზრი შეიძინა. მართალი
ვიყავი, როცა ვარდების სიწითლეზე
ვამბობდი, არჩევანის საგანია
მეთქი: ეს ღვთიური არჩევანია.
მართალი ვიყავი, როცა უმალ
ვიფიქრებდი, რომ ბალახი არასწორი
ფერისაა, ვიდრე იმას, რომ
აუცილებლად ამ ფერის უნდა
ყოფილიყო: ნამდვილად შესაძლებელია,
რომ სხვა ფერის იყოს. იმის
შეგრძნება, რომ ბედნიერება
პირობითობის ძაფზე კიდია,
ადამიანის ცოდვად
დაცემის
მთელი
დოქტრინაა.
ცნებათა უფორმო და ბუნდოვანი
ურჩხულები, რომელთა დაცვა კი
არა, აღწერაც კი მიძნელდებოდა,
მრწამსის კოლოსალური კარიატიდების
მსგავსად კუთვნილ ადგილებზე
განლაგდნენ. შეგრძნებამ,
კოსმოსი რომ დიდი და ცარიელი
კი არა, არამედ პატარა და
მყუდროა, ცხადი მნიშვნელობა
შეიძინა, რადგან ხელოვნების
ნიმუში მცირე ზომისაა ხელოვანის
თვალში. ღმერთისთვის ვარსკვლავები
პატარა და ძვირფასია, როგორც
ალმასები. და ეს აკვიატებული
აზრი, თითქოს სიკეთე არა მარტო
იარაღია, არამედ კრუზოს გემიდან
გადარჩენილი იარაღი, გაფრთხილება
რომ სჭირდება, ესეც
თავდაპირველი სიბრძნის
გამოძახილი იყო, რადგან
ქრისტიანობის
თანახმად, ჩაძირული გემის
გუნდის ნარჩენები ვართ, ოქროს
გემისა, რომელიც სამყაროს
შექმნამდე ჩაიძირა.
მნიშვნელოვანი
ისაა,
რომ ამან სრულიად შეცვალა
ოპტიმიზმის მიზეზი. ეს შვების
მომგვრელი იყო, ამოვარდნილი
ძვლის ჩასმასავით. ხშირად
მითქვამს, რომ ოპტიმისტი
ვარ, პესიმიზმის მკრეხელობა
რომ ამერიდებინა თავიდან.
თუმცა ეს ოპტიმიზმი ყალბი და
დამთრგუნველიც კი იყო, რადგან
ამტკიცებდა, რომ სამყაროზე
ვართ მორგებულნი. ქრისტიანული
ოპტიმიზმი იმ ფაქტს ეფუძნება,
რომ სამყაროზე არ
ვართ
მორგებულნი.
ვცდილობდი კმაყოფილება მეგრძნო
იმისგან, რომ ადამიანი ცხოველია,
მსგავსად ყველა დანარჩენისა,
რომლებიც მოითხოვენ
ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს**.
ახლა კი
ბედნიერება ვიგრძენი, რადგან
გავიგე, რომ ადამიანი ურჩხულია.
სწორად მიგრძვნია, რომ ყველაფერი
უცნაურია, რადგან თავად მე
ვარ, ერთდროულად,
ყველაფერზე უფრო უარესიც და
უკეთესიც. ოპტიმისტის სიამოვნება
პროზაული იყო, რადგან ყველაფრის
ბუნებრივობას ეფუძნებოდა.
ქრისტიანული სიამოვნება
პოეტურია, რადგან ყველაფრის
არაბუნებრივობას ეფუძნება,
ზებუნებრივის სინათლით
განათებულს.
თანამედროვე
ფილოსოფოსი გამუდმებით
მიმეორებდა, რომ სწორ ადგილას
ვარ, და მაინც დათრგუნულად
ვგრძნობდი თავს, მიუხედავად
მდუმარე თანხმობისა. საკმარისი
იყო გამეგო, რომ ადგილი
არასწორია,
სული სიხარულით ამღერდა,
როგორც ჩიტი
გაზაფხულზე. ცოდნამ იპოვა და
გაანათა ბავშვობის ჩაბნელებული
სახლის მივიწყებული ოთახები.
ახლა უკვე ვიცოდი, რატომ
მეჩვენებოდა ყოველთვის, რომ
ბალახი გოლიათის უცნაური
მწვანე წვერია, და რატომ
მენატრება დროდადრო სახლი,
როცა შინ ვარ.
*Right
-wrong, right – left სიტყვებით თამაშია.
** პსალმ. 103:26
viფსალმ.
103.26
No comments:
Post a Comment