III აზროვნების თვითმკვლელობა


ხატოვანი გამოთქმა ღონიერიცაა და მოხერხებულიც: ისეთ ბზარში შეაღწევს, რომელიც განსაზღვრებისათვის ძალიან ვიწროა. ერთი ასეთი უზუსტესი გამოთქმაა „გული საგულეს აქვს“. ის თანაზომიერების იდეის მატარებელია. სხვადასხვა ფუნქცია არა იზოლირებულად, არამედ სწორი ურთიერთდამოკიდებულებით არსებობს. ამ გამოთქმის უარყოფითი ფორმით გამოყენება ზუსტად ასახავს ცნობილ თანამედროვეთა ავადმყოფურ მოწყალებას და გაუკუღმართებულ სინაზეს. ბერნარდ შოუს ხასიათის გულწრფელი აღწერისას ვიტყოდი, მაგალითად, რომ ის გმირულად დიდი და უხვი გულის პატრონია. მაგრამ ეს გული საგულეს არ აქვს. ასეა ჩვენი თანამედროვე საზოგადოებაც.
თანამედროვე მსოფლიო არაა ბოროტი; რაღაც თვალსაზრისით ზედმეტად კეთილიც კია. ის სავსეა ველური და უქმი სიქველით. როდესაც რელიგიური სქემა დამსხვრეულია (როგორც ქრისტიანობა დაიმსხვრა რეფორმაციის დროს), მხოლოდ ცოდვა როდია გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, ცოდვამ აიშვა და ზიანი მოაქვს, მაგრამ სიქველეც აშვებულია. სიქველეც დაეხეტება თავისუფლად და კიდევ უფრო საშინელი ზიანის მომტანია. თანამედროვე სამყარო სავსეა გადარეული ქრისტიანული სიქველით. ეს გადარეულობა იმის ბრალია, რომ სიქველეები ერთმანეთისგან იზოლირებულია და ცალ-ცალკე დაეხეტებიან. ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად, ზრუნავს ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ეს ჭეშმარიტება დაუნდობელია. ბევრი ჰუმანისტი ზრუნავს მოწყალებაზე, მაგრამ მათი მოწყალება (ამას სინანულით ვამბობ) ცრუა. ბ-ნი ბლეჩფორდი, მაგალითად, უტევს ქრისტიანობას იმიტომ, რომ ის ყველაზე უფრო იდუმალ და თითქმის ირაციონალურ ქრისტიანულ სიქველეზე, მოწყალებაზეა შეშლილი. მისი უცნაური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მიტევების გასაადვილებლად საჭიროა ცოდვის საერთოდ გაუქმება. ბ-ნი ბლეჩფორდი არა მხოლოდ ადრეული ქრისტიანია, არამედ  ის  ადრეული ქრისტიანი, რომელიც ლომებს ნამდვილად უნდა შეეჭამათ, რადგან ის ამართლებს წარმართულ ბრალდებას: მისი მოწყალება სრული ანარქიის ტოლფასია. ის იმდენად კაცთმოყვარეა, რომ კაცთა მოდგმის მტერია. მეორე უკიდურესობაა ღჯუ მატერიალისტი, რომელმაც განზრახ ჩაიკლა ბედნიერი ზღაპრით თუ მორჩენილი გულით მონიჭებული ადამიანური სიამოვნება. ზნეობრივი სიმართლის სახელით ტორკვემადა ხალხს ხორციელად აწამებდა. ზოლა ხორციელი სიმართლის სახელით ხალხს სულიერად აწამებს. თუმცა ტორკვემადას დროს არსებობდა სისტემა, რომელიც გარკვეულწილად აიძულებდა სიმართლეს და მშვიდობას ერთმანეთისათვის ამბორი ეყოთ. ახლა ესენი ერთმანეთს თავსაც კი აღარ დაუკრავენ. სიმართლისა და სიბრალულის შესახებ ამ ორ მაგალითზე კიდევ უფრო მანიშნებელია დამახინჯებული მორჩილების შემთხვევა.
აქ ჩვენ მორჩილების მხოლოდ ერთი ნიშნით დავკავდებით. მორჩილება ძირითადად ადამიანის ამპარტავნობის და უკიდეგანო სურვილთა დაოკებას გულისხმობს. ახალ-ახალი სურვილები ხომ მუდამ წინ უსწრებდნენ სიქველეს. სიამოვნების ჟინი სიამოვნებათა უმრავლესობას ანადგურებდა. სიამოვნების ძიებაში უმთავრესი სიამოვნება – გაოცების უნარი დაიკარგა. ცხადი გახდა, რომ თუ სამყაროს გაზრდა გსურს, საკუთარი თავი უნდა შეამცირო. პატიმოყვარე ოცნებები, მაღალი ქალაქები და დაცემული ქონგურები მორჩილებამ შექმნა. გოლიათები, ტყეს ფეხქვეს ბალახივით რომ თელავენ, მორჩილებამ შექმნა. ცაში ვარსკვლაზე მაღლა აჭრილი კოშკებიც მორჩილებამ შექმნა. კოშკი მაღალია, ქვევიდან თუ უცქერ; გოლიათიც არაა გოლიათი, თუ შენზე დიდი არაა. მთელი ეს გიგანტური წარმოსახვა, იქნებ ადამიანურ სიამოვნებათაგან უმძლავრესიც კი, სათავეს მორჩილებისგან იღებს. მორჩილების გარეშე ვერაფრით ისიამოვნებ – თვით სიამაყითაც კი.
თუმცა რაც დღეს გვჭირს, უადგილო მორჩილებაა. თავმდაბლობამ პატივმოყვარეობა მიატოვა და რწმენაზე გადაინაცვლა, სადაც მას არაფერი ესაქმება. ადამიანი საკუთარ თავს უნდა ეჭვობდეს და არა ჭეშმარიტებას. ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. დღეს ადამიანი ამტკიცებს იმას, რასაც არ უნდა ამტკიცებდეს – საკუთარ თავს; ეჭვქვეშ აყენებს იმას, რაშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა – ღვთიურ გონს. ჰაქსლი ქადაგებდა ისეთ მორჩილებას, რომელიც საკმარისია ბუნებისგან სასწავლებლად. თამადეროვე სკეპტიკოსი კი იმდენად თავმდაბალია, რომ სწავლის შესაძლებლობას აყენებს ეჭვქვეშ. ამდენად, არასწორი იქნება თუ ნაჩქარევად ვიტყვით, რომ მორჩილება აღარ არსებობს. სიმართლე ისაა, რომ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელია მორჩილება, რომელიც გამომფიტავ ასკეტიზმზე უფრო მომწამვლელია. ძველი მორჩილება იყო დეზი, რომელიც ადამიანს გაჩერების საშუალებას არ აძლევდა, ახლანდელი - ფეხსაცმლის ლურსმანია, რომელიც სიარულის საშუალებას ართმევს. ძველი მორჩილება ადამიანს საკუთარ ძალისხმევაში აეჭვებდა და ამით უფრო აბეჯითებდა. ახლანდელი მორჩილება მას შედეგებში აეჭვებს, რაც შრომას საერთოდ აწყვეტინებს.
ნებისმიერი გამვლელისაგან შეიძლება გაიგონოთ სიშლეგითა და მკრეხელობით აღსავსე განცხადება, რომ ის, შესაძლოა, ცდება. ყოველდღე შეგხვდება ვინმე, ვინც იტყვის, რომ მისი თვალსაზრისი, შესაძლოა, მცდარია. როგორ შეიძლება, რომ თვალ. ისსაზრისი მცდარი იყოს? თუ ასეა, ეს სხვისი თვალსაზრისი ყოფილა. გონებრივი თავმდაბლობა შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ადამიანთა მოდგმამ გამრავლების ტაბულაც კი აღარ ირწმუნოს. ისეთი ფილოსოფოსების გამოჩენის საფრთხეც არსებობს, რომლებსაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი დააეჭვებთ – იქნებ სულაც საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია? ძველი დროის ქილიკი ზედმეტად ამაყი იყო, ვინმეს რამეში რომ დაერწმუნებინა; ამათ კი ზედმეტი თავმდაბლობა უშლის ხელს. თვინიერნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას; მაგრამ თანამედროვე სკეპტიკოსი იმდენად თვინიერია, რომ სამკვიდროს ვერც კი მოითხოვს. სწორედ მისი ინტელექტუალური უსუსურობაა ჩვენი მეორე თავსატეხი.
წინა თავში დავადგინეთ დაკვირვებისეული ფაქტი: დაავადების საშიშროება მოდის აზროვნებიდან და არა წარმოსახვიდან. ეს არ ნიშნავს, რომ აზროვნების უფლებას უნდა შევუტიოთ; პირიქით, ეს საუკეთესო არგუმენტია აზროვნების დასაცავად. მას მართლაც სჭირდება დაცვა, რადგან მთელმა თანამედროვე მსოფლიომ ომი გამოუცხადა; კოშკი წაქცევის პირზეა.
ხშირად უთქვამთ, რომ რელიგიის გამოცანის ამოხსნა ვერცერთმა ბრძენმა ვერ იპოვა. თუმცა ჩვენი ახლანდელი ბრძენნი ამოხსნას კი არა, ამოცანასაც ვეღარ პოულობენ. თანამედროვე ლატიტუდინარიელები რელიგიურ იერარქიაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს არც მას და არც მის არსებობას აზრი არასდროს ჰქონია. ფილოსოფიური საფუძვლების გარდა, ისტორიულ საწყისსაც კი ვერ ხედავენ. რელიგიური იერარქია, რა თქმა უნდა, დროდადრო დამთრგუნველი და უგუნურიც ყოფილა, ისევე როგორც ნებისმიერი (განსაკუთრებით ჩვენი ახლანდელი) ხელისუფლებაა გულქვა და სასტიკი განურჩევლობით აღსავსე. ჭკვიანურია, მეტიც, დიდებულია, როცა პოლიციას უტევ, მაგრამ რელიგიური იერარქიის თანამედროვე კრიტიკოსი ჰგავს ადამიანს, რომელიც პოლიციას უტევს, მძარცველებზე კი არაფერი სმენია. ადამიანის გონებას უდიდესი განსაცდელი ემუქრება, განსაცდელი ისეთივე რეალური, როგორიც ძარცვაა. რელიგიური იერარქია, ცუდად თუ კარგად, ამ საფრთხის საწინააღმდეგოდ აღმართული ზღუდეა. გარკვეული ასეთი ზღუდე კი აუცილებელია, თუ ჩვენი მოდგმის განადგურებისგან დაცვა გვსურს.
საფრთხე კი ისაა, რომ ადამიანის გონებას ხელეწიფება თვითგანადგურება. ზუსტად ისევე, როგორც ერთ თაობას შეუძლია მომდევნო თაობის არსებობა აღკვეთოს ერთიანად მონასტერში შესვლით ან ზღვაში გადაშვებით, მოაზროვნეთა ერთ ნაწილს შეუძლია აღკვეთოს შემდგომი ფიქრი თუ შეასწავლის მომავალ თაობას, რომ არცერთ ადამიანურ აზრს არანაირი მყარი საფუძველი არ გააჩნია. არჩევანი რწმენას და გონს შორის ფუჭი არჩევანია; გონება თავად რწმენის საგანია. რწმენის აქტია ამტკიცო, რომ შენს ნააზრევს საერთოდ რამე კავშირი აქვს რეალობასთან. თუ სკეპტიკოსი ხარ, ადრე თუ გვიან ჰკითხავ საკუთარ თავს: „რატომ უნდა იყოს რამე საერთოდ, ან დაკვირვება, ან მსჯელობა, გამართული? იქნებ კარგი ლოგიკა ისეთივე უშედეგოა, როგორც ცუდი? ორივე ხომ თავგზააბნეული მაიმუნის ტვინის მოძრაობაა?“ დამწყები სკეპტიკოსი ამბობს: „მაქვს უფლება ჩემებურად ვიფიქრო.“ ძველი, გამობრძმედილი სკეპტიკოსი კი ამბობს: „მე არ მაქვს უფლება ჩემებურად ვიფიქრო. მე საერთოდ არ გამაჩნია ფიქრის უფლება.“
არსებობს ფიქრი, რომელიც აჩერებს ფიქრს. ის ერთადერთია, რომელიც შეჩერებას იმსახურებს. ესაა უმაღლესი ბოროტება, რომლის საწინააღმდეგოდაც იყო მომართული რელიგიური იერარქია. ის თავს იჩენს მხოლოდ ჩვენის მსგავსი დეკადენტური ხანის დასასრულს. ბატონმა უელსმა უკვე აღმართა მისი დამანგრეველი ბაირაღი; მის კალამს ეკუთვნის სკეპტიციზმის დახვეწილი ნიმუში „ხელსაწყოს ეჭვები,“ სადაც ის ეჭვქვეშ თავად ტვინს აყენებს და ცდილობს რეალობის ამოღებას თავისი საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცებებიდან. სწორედ ამ შორეული ნგრევის საწინაარმდეგოდ აღმართეს და მომართეს რელიგიის თავდაცვითი სისტემები. მრწამსები და ჯვაროსნული ლაშქრობები, იერარქიები და საშინელი დევნა აზროვნების დასათრგუნავად კი არ იქნა ორგანიზებული, როგორც უვიცნი ამტკიცებენ, არამედ პირიქით, აზროვნების დაცვის უძნელესი მიზნით. ადამიანი ბრმა ინსტიქტის წყალობით ხვდებოდა, რომ თუ ოდესმე განურჩეველი განკითხვა დაიწყება, პირველი, რასაც მიადგებიან, აზროვნება იქნება. მღვდლის უფლება მიუტევოს, პაპის უფლება განსუსაზღვროს უფლება, თუნდაც ინკვიზიტორებს, დასაშინებლად - ყველაფერი ეს მხოლოდ ბნელი დამცავი ნაგებობებია ერთი მთავარი, დაუსაბუთებელი და ზებუნებრივი უფლების ირგვლივ: ესაა აზროვნების უფლება. ახლა უკვე ვიცით, რომ ასეა, და სხვანაირად ფიქრს ვერაფრით გავამართლებთ, რადგან ვხედავთ, როგორ არღვევს სკეპტიციზმი ძველ დამცავ რგოლს და როგორ ირყევა აზროვნების ტახტი. დაკარგულ რელიგიას უკან აზროვნებაც მიჰყვება, რადგან ორივე პირველადი და ავტორიტარული ხასიათისაა. ორივე დამტკიცების ხერხია, თავად დამტკიცებას რომ არ ექვემდებარება. ღვთიური უფლების იდეის ნგრევით ჩვენ დიდწილად დავანგრიეთ ადამიანის ის უფლებაც, რომელიც ელემენტარული მათემატიკის ამოცანებს გვახსნევინებს. პონტიფიკოსის მიტრასთან ხანგრძლივი ჯაჯგური იმით დასრულდა, მიტრას თავიც მივაყოლეთ.
უსაგნო ლაპარაკი რომ არ გამოვიდეს, სასურველია, თუმცა მოსაწყენი, სწრაფად გავიაროთ თანამედროვე აზროვნების ძირითადი, მოდური მიმართულებები, რომლებიც თავად აზროვნებას აჩერებენ. მატერიალიზს და ყველაფრის პირად ილუზიად აღქმას ნამდვილად მოაქვს მსგავსი შედეგი: თუ ტვინი მექანიზმია, ფიქრი ვერ იქნება საინტერესო, ხოლო თუ სამყარო არარეალურია, საფიქრელიც არაფერი ყოფილა. ორივე ამ შემთხვევაში შედეგი ირიბია და საკამათო, თუმცა გვაქვს ისეთებიც, სადაც შედეგი პირდაპირია და ნათელი: ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ის, რასაც ზოგადად ევოლუციას ვუწოდებთ.
ევოლუცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ანადგურებს თანამედროვე ინტელექტი პირველ რიგში საკუთარ თავს. ევოლუცია ან დედამიწაზე გარკვეულ სახეობათა წარმოქმნის უწყინარი სამეცნიერო აღწერაა, ან თუ ამაზე მეტია, მაშინ თვით აზროვნებაზე შეტევა ყოფილა. ევოლუცია თუ რამეს ანადგურებს, ეს რაციონალიზმია და არა რელიგია. თუ ევოლუცია უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ერთი რამ, რასაც მაიმუნი ჰქვია, ძალიან ნელა გარდაიქმნა მეორე რამედ, რასაც ადამიანი ჰქვია, ამას ვერცერთი ორთოდოქსი ვერ შეეწინააღმდეგება, რადგან პიროვნულ ღმერთს შეუძლია სწრაფადაც იმოქმედოს და ნელაც, განსაკუთრებით თუ ის, ქრისტიანული ღმერთის მსგავსად, დროის გარეთაა. მაგრამ თუ უფრო მეტს რასმე ნიშნავს, მაშინ არც ის არსებობს რაც (მაიმუნი) გარდაიქმნა და არც ის რადაც (ადამიანი) გარდაიქმნა. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ არსებობს. უკეთეს შემთხვევაში ეს ყველას და ყველაფრის ნაკადია. ესაა შეტევა არა რწმენაზე, არამედ გონებაზე; ვერ იფიქრებ, თუ საფიქრელი არაფერია. ვერ იფიქრებ, თუ ფიქრის სუბიექტისაგან განცალკევებული არ ხარ. დეკარტემ თქვა: „ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.“ ფილოსოფიური ევოლუციონისტი აბრუნებს და აუარყოფითებს ამ ეპიგრამას: „არ ვარსებობ, მაშასადამე ვერ ვფიქრობ.“
ფიქრს საწინაარღმდეგო მხრიდანაც უტევენ: ამის მოთავე ბ-ნი უელსია, როდესაც ამტკიცებს, რომ ყველა ცალკეული საგანი „უნიკალურია“ და კატეგორიებიც არ არსებობს. ესეც უბრალოდ დამანგრეველია. აზროვნება აკავშირებს საგნებს და წყდება, თუ მათი დაკავშირება შეუძლებელია. თავისთავად ცხადია, რომ აზროვნების აკრძალვით სკეპტიციზმი კრძლავს მეტყველებასაც; პირს ისე ვერ დააღებ, თუ მასვე არ შეეწინააღმდეგები. ამდენად, როდესაც ბ-ნი უელსი ამბობს: „ყველა სკამი აბსოლუტურად განსხვავებულია“ ეს უბრალოდ არასწორი განცხადება კი არა, ტერმინოლოგიური წინააღმდეგობაა. თუ ყველა სკამი განსხვავებულია, მათ „ყველა სკამს“ ვეღარ უწოდებ.
ყველაფრის ამის მონათესავეა პროგრესის ცრუ თეორია, რომელიც გამოცდის ჩაბარების ნაცვლად მის შეცვლას გვთავაზობს. ხშირად გვსმენია გამოთქმა „ერთ დროს კარგი სხვა დროს უვარგისია.“ სავსებით აზრიანი რამაა, თუ იგულისხმება, რომ მიზანი უცვლელი, მიღწევის საშუალებები კი დროში ცვალებადია. მაგალითად, თუ ქალს სურს ელეგანტური იყოს, დღეს, შეიძლება, ამისათვის წონის მომატება დასჭირდეს, ხვალ კი დაკლება. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქალი გაუმჯობესდება, თუ ელეგანტურობის სურვილი გაუქრება და გაუჩნდება სურვილი იყოს მოგრძო. თუ სტანდარტი იცვლება, რას უნდა დაეფუძნოს გაუმჯობესება, რომელიც სტანდარტს გულისხმობს? ნიცშეს წამოყენებულია უაზრო იდეა, თითქოს რაც ადრე ადამიანს სიკეთედ მიაჩნდა, დღეს ბოროტებად ვნათლავთ; თუ ასეა, ვერ ვიტყვით, გავასწარით თუ ჩამოვრჩით მათ. როგორ დაეწევი ჯონსს, თუ საპირისპირო მხარეს მოძრაობ? ვერ იმსჯელებ იმაზე, ერთი ხალხი უფრო ბედნიერია, თუ მეორე უფრო უბედური. ეს იგივეა, რომ იკამათო იმაზე, მილტონი უფრო პურიტანელია თუ ღორი უფრო მსუქანი.
მართალია, ადამიანს (თუ ბრიყვია) შეუძლია საკუთარი მიზანი ან იდეალი შეცვალოს. გაიდეალებული ცვლილება წამსვე უცვლელობად იქცევა. თუ ცვლილების თაყვანისმცემელი გადაწყვეტს საკუთარი პროგრესის შეფასებას, ცვლილების იდეალის მკაცრი ერთგულება უნდა შეინარჩუნოს და მონოტონურობის იდეალთან მხიარულ ფლირტზე არც კი იფიქროს. პროგრესი თავად ვერ პროგრესირებს. აქვე ავღნიშნავ, რომ მხურვალე, მაგრამ უსუსურ მცდელობაში, მისალმებოდა საზოგადოების უსასრულო ცვლილების იდეას, ტენისონმა ინსტიქტურად ისეთი მეტაფორა გამოიყენა, საპატიმროს განწყობას რომ უფრო ესადაგება. ის წერს:
„დაე სამყარომ დაუსრულებლად იტრიალოს ცვლილების ღარში“
მისთვის ცვლილება თავისთავად უცვლელი ღარია და ეს ასეცაა. ცვლილება ყველაზე ვიწრო და ხისტი ღარია, რომელშიც ადამიანს შეუძლია მოხვდეს.
მთავარი კი ისაა, რომ, სტანდარტის ძირეული ცვლილების იდეა ერთი იმათთაგანია, რომელიც წარსულზე ან მომავალზე ფიქრს საერთოდ გამორიცხავს. კაცობრიობის ისტორიის სტანდარტების სრული ცვლილების თეორია გვართმევს სიამოვნებას, პატივი ვცეთ წინაპრებს. მეტიც, ჩვენ ვკარგავთ უფრო თანამედროვე და არისტოკრატულ სიამოვნებას, გვძაგდეს ისინი.
აზროვნების დამანგრეველი ძალების ეს არასული ჩამონათვალი კიდევ უფრო მწირი იქნება, თუ პრაგმატიზმს არ ვახსენებთ. მე თავად ვიყენებ და ყოველთვის დავიცავ პრაგმატულ მეთოდს, როგორც ჭეშმარიტების მიღწევის პირველად გზამკვლევს, თუმც ამ მეთოდის გაუკუღმართებული გამოყენება საერთოდ დაცლილია ყოველგვარი ჭეშმარიტებისაგან. მოკლედ ვიტყვი: ვეთანხმები პრაგმატიკოსს, რომ ხილული ობიექტური ჭეშმარიტება არაა ყველაფერი; რომ გონებისთვის ბევრი სხვა რამ არის აუცილებელი, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამ აუცილებლობათაგან ერთერთი სწორედ ობიექტური ჭეშმარიტების რწმენაა. პრაგმატიკოსი მოგვიწოდებს, რომ ვიფიქროთ მხოლოდ აუცილებელზე და მოვეშვათ მარადიულს. მაგრამ სწორედ მარადიულია ის, რაზეც აუცილებელია ფიქრი. ეს ფილოსოფია ერთგვარი სიტყვების თამაშია. პრაგმატიზმი ადამიანის მოთხოვნილებებით იფარგლება, მაგრამ ერთერთი უპირველესი ადამიანური მოთხოვნილება ისაა, რომ არ იყოს მხოლოდ პრაგმატიკოსი. უკიდურესი პრაგმატიზმი ისეთივე არაადამიანურია, როგორც დეტერმინიზმი, რომელსაც ასე მძლავრად უტევს. დეტერმინისტი, რომელიც პატიოსნად აცხადებს, რომ არც აქვს ადამიანობის პრეტენზია, უაზრობად აქცევს ადამიანის არჩევანის სინამდვილის განცდას. პრაგმატიკოსი, რომელსაც უკიდურესი ადამიანურობით მოაქვს თავი, უაზრობად აქცევს თვით სინამდვილის განცდას ადამიანში.
შეჯამებისათვის ვიტყვი, რომ თანამედროვე ფილოსოფოსთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია მანიაკალურობა, და თანაც - სუიციდური. კითხვა–კითხვით ფიქრის სამანს თავი ახალეს და გაიხეთქეს კიდეც. ორთოდოქსთა გაფრთხილებამაც და მოწინავეთა კვეხნამაც თავისუფალი აზროვნების სიყმაწვილის თანმხლები საფრთხის შესახებ დიდი ხანია, აზრი დაკარგა. რასაც ჩვენ ვხედავთ, სიყმაწვილე კი არა, მიხრწნილობაა. ფუჭია ეპისკოპოსთა და ღვთიმოსავ ბობოლათა მოთქმა, რა საშინელებას გვიქადის თავაშვებული სკეპტიციზმი, თუ გზა გაიკვალა, იმიტომ რომ ის უკვე გზის ბოლოსაა; ფუჭია მჭევრმეტყველ ათეისტთა მიერ იმ დიად ჭეშმარიტებათა აღწერა, რასაც თავისუფალი აზროვნების დასაწყისი მოგვიტანს, რადგან დასასრულის მოწმენი ვართ. მას აღარაფერი აქვს შესაკითხი, მან საკუთარი თავი დააყენა კითხვის ქვეშ. ძნელად მოიფქრებ ხილვას უფრო შემზარავს, ვიდრე ქალაქისას, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, თვითონ არიან თუ არა. ძნელად წარმოიდგენ სამყაროს უფრო სკეპტიკურს, ვიდრე ისეთია, სადაც ადამიანები მის არსებობას ეჭვობენ. ეს გაკოტრება ბევრად უფრო ადრე მოხდებოდა და ბევრად უფრო ცხადი იქნებოდა, რომ არა ის სუსტი წინააღმდეგობა, რომელიც განაპირობა მკრეხელობის საწინააღმდეგო უსარგებლო კანონების გამოყენებამ და იმ ცრუ რწმენამ, რომ თითქოს ინგლისი ქრისტიანული ქვეყანაა. თუმცა ეს გაკოტრება გარდაუვალი იყო. მებრძოლი ათეიზმი კვლავ დაუმსახურებლად იდევნება, უფრო იმიტომ, რომ ძველი უმცირესობაა და არა ახალი. თავისუფალმა აზროვნებამ საკუთარი თავისუფლება ამოწურა. ის საკუთარი წარმატებისგანაა გადაღლილი. ენერგიული თავისუფლადმოაზროვნე, რომელსაც ჰგონია, რომ ფილოსოფიური თავისუფლების განთიადს ეგებება, სინამდვილეში მის დაისს ზეიმობს, მარკ ტვენის ერთი პერსონაჟის მსგავსად. რომელიმე შეშინებულ მღვდელს კი, კიდევ რომ ამტკიცებს, თუ რა საშინელება იქნებოდა, თავისუფალი აზროვნების სიბნელეს რომ დაესადგურებინა, ბ-ნი ბელოკის ამაღლებული და მძლავრი სიტყვებით ვუპასუხებდი: „ის ძალა, რომლის აღზევებაც გთრგუნავთ, უკვე დაშლის პირასაა; დღე-ღამე აგრევიათ, უკვე დილაა.“ ჩვენ აღარაფერი გვაქვს საკითხავი. შეკითხვების ძიებაში ყველა ბნელი კუთხე და მაღალი მწვერვალი მოვიარეთ. ყველა შესაძლო კითხვა ნაპოვნია. დროა შეკითხვებს თავი ვანებოთ და პასუხებს მივხედოთ.
ერთი რამ უნდა ითქვას დამატებით. ამ წინასწარი, უარყოფითი ჩანახატის დასაწყისში ვთქვი, რომ ფსიქიკის რღვევა დაოუკებელი აზროვნების გამოჭედილია და არა დაუოკებელი წარმოსახვის. ადამიანი არ შეიშლება ერთი მილის სიმაღლის ქანდაკების აღმართვით, ამ ქანდაკების ფართობის კვადრატულ დუიმებში წარმოდგენამ კი შეიძლება გააგიჟოს. მოაზროვნეთა ერთი სკოლის წარმომადგენლებმა დაინახეს ეს და ჩააცივდნენ, როგორც სამყაროს წარმართული ჯანმრთელობის აღდგენის გზას. აზროვნება ანგრევს, აი ნება კი ქმნის, ამბობენ ისინი. უმაღლესი ხელისუფლება, მათი თქმით, ნებისაა და არა გონების. უმაღლესი წერტილი ისაა, რომ ადამიანი მოითხოვს, და არა ის, თუ რატომ მოითხოვს. ნების ფილოსოფიის ინტერპრეტაციას აქ ვერ შევუდგები. ვფიქრობ, ის ნიცშესთან იღებს სათავეს, რომელმაც ეგრეთწოდებული ეგოიზმის ქადაგებას მიჰყო ხელი. ეს, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილოდ კი მოუვიდა; ქადაგება ხომ გაცემას გულისხმობს, რაც ეგოიზმის უარყოფაა. ეგოისტი სიცოცხლეს ჯერ დაუნდობელ ბრძოლად აცხადებს, შემდეგ კი ძალას არ ზოგავს მტრის სამხედრო გაწვრთნაზე. ეგოიზმის ქადაგება ალტრუიზმია. მაგრამ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, თვალსაზრისი საკმაოდ გაზიარებულია თანამედროვე ლიტერატურის სამყაროში. ამ მიმართულების მიმდევარნი თავს არა მოაზროვნეებად, არამედ შემოქმედებად აცხადებენ. მათი თქმით, არჩევანი თავისთავად ღვთაებრივი რამაა. ბ-ნი ბერნარდ შოუ, მაგალითად, უტევს იმ ძველ იდეას, რომლის თანახმადაც ადამიანის ქმედება ბედნიერებისაკენ სწრაფვით აიხსნება. ის ამტკიცებს, რომ ადამიანს ამოძრავებს არა ბედნიერების სურვილი, არამედ ნება. ის არ იტყვის „მურაბა მესიამოვნება“, არამედ „მურაბა მინდა.“ ეს დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს სხვებმაც. ბ-ნი ჯონ დევიდსონი, გამოჩენილი პოეტი, ისე აღელდა, რომ პროზას მიჰყო ხელი და გრძელშესავლიანი მოკლე პიესა გამოაქვეყნა. ეს ბუნებრივია ბ-ნი შოუსთვის, რადგან მისი პიესები ცარიელი შესავალია, მაგრამ ბ-ნი შოუ მგონი ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე, რომელსაც ლექსი არასდროს დაუწერია. აი ბ-ნი დევიდსონი, რომელსაც შესანიშნავი პოეზია ხელეწიფება, ნაცვლად ლექსისა, ჩახლართულ მეტაფიზიკას მიმართავს ნების დოქტრინის გასამტკიცებლად. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ნების დოქტრინა ადამიანებს დაეპატრონა. თვით ბ-ნი უელსი სანახევროდ ამ ენით მეტყველებს, როცა ამბობს, რომ ქმედების შეფასებისას უნდა ვიმოქმედოთ არა როგორც მოაზროვნეებმა, არამედ როგორც შემოქმედებმა. უნდა ვთქვათ: „ვგრძნობ, რომ ეს მრუდი ჭეშმარიტია“, ან „იმ წირმა ასე უნდა გაიაროს“. ეს ხალხი ძალიან გახარებულია და ეს ასეც უნდა იყოს. მათ ხომ ჰგონიათ, რომ თავისუფალი ნების ღვთაებრიობის დოქტრინა რაციონალიზმის ბნელ ციხესიმაგრეს გაანგრევს. მათ ჰგონიათ, რომ გადარჩებიან.
აგრამ ეს ასე არაა. ცარიელი ნებელობის მეხოტბ ისევეა მარცხისთვის განწირული, როგორც წმინდა ლოგიკის მიმდევარი. როგორც სრულად თავისუფალი აზრი აყენებს ეჭქვეშ თვით აზროვნებას, ისე თავისუფალი ნების უბრალო აღიარებას სინამდვილეში ნების დამბლა მოსდევს. ბატონმა შოუმ ვერ აღიქვა, რეალურად რა განასხვავებს ძველ, უტილიტარურ გამოცდას სიამოვნები(უდაოდ მოუქნელსა და ადვილად დასამახინჯებელს) მის მიერ შემოთავაზებულისაგან. რეალური განსხვავება ბედნიერები და ნებელობი გამოცდებს შორის კი უბრალოდ ისაა, რომ პირველი გამოცდაა, მეორე კი არა. საკამათოა, მიმართულია თუ არა კლდიდან გადაშვებული ადამიანის საქციელი ბედნიერებისაკენ. აი გამოწვეულია თუ არა ის ნებით, საკამათო არ არის: რა თქმა უნდა, გამოწვეულია. შეგიძლიათ შეაქოთ საქციელი, როგორც ბედნიერების მიმნიჭებელი, ან როგორც ცოდნის ტკივილის აღმძვრელი, ან სულის გადასარჩენი. მაგრამ ვერ მოიწონებ ქმედებას იმის გამო, რომ ნების გამოვლინებაა. ეს იგივეა, რომ ქმედებას ქმედება დაარქვა. ნების მოწონებით ერთ საქციელს მეორეს ვერ ამჯობინებ. არადა საუკეთესო გზის არჩევანშია სწორედ იმ ნების დეფინიცია, რომელსაც აქებთ.
ნების თაყვანისცემა მის უარყოფას ნიშნავს. არჩევანით აღტაცება მასზე ხელის აღებას მოასწავებს. თუ ბ-ნი ბერნარდ შოუ მოვა და მეტყვის „ინებე რამე“, იგივეა რომ ეთქვა, „არ ვარ წინააღმდეგი, რომ გინდოდეს,“ ან „ამაში ჩემი ნება არ არის.“ არ შეიძლება ზოგადად ნებით აღფრთოვანება, რადგან ნების არსი მის კერძოობაშია. ბრწყინვალე ანარქისტი ჯონ დევიდსონი გაღიზიანებულია ჩვეულებრივი ზნეობით, ამიტომაც უხმობს ნებას – სულერთია რის. მას უნდა, ადამიანს რამე სურდეს. მაგრამ ადამიანს სურს, და ეს ჩვეულებრივი ზნეობაა. ის უჯანყდება კანონს და მოგვიწოდებს, რომ გვინდოდეს, სულერთია რა და როგორ. ჩვენც გვინდა. გვინდა კანონი, რომელსაც ის აუჯანყდა.
ნების ყველა თაყვანისმცემელი, ნიცშედან დევიდსონამდე, თავად სრულად დაცლილია ნებელობისგან. მათ არათუ არ ნებავთ, არც კი სურთ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია: ისინი გაუთავებლად საუბრობენ ნებაზე, რომელიც ფართოვდება და გარეთ იჭრება. სინამდვილეში პირიქითაა. ნებელობის ყველა აქტი თვითშეზღუდვის აქტია. ქმედების სურვილი შეზღუდვის სურვილია. ამ თვალსაზრისით ყველა ქმედება თვითშეწირვაა. როცა რამეს ირჩევ, ყველაფერ სხვაზე უარს ამბობ. წინააღმდეგობა, რომელსაც ამ სკოლის მიმდევარნი უცხადებენ ქორწინებას, ყველაფრის წინააღმდეგაა მიმართული. ყველა ქმედება შეუქცევადი აჩევანი და უარყოფაა. ზუსტად ისევე, როგორც ქორწინებისას ერთი ქალის შერთვით უარს ამბობ ყველა დანარჩენზე, ერთი გზის არჩევით ყველა დანარჩენს თმობ. თუ ინგლისის მეფე ხარ, ბრომპტონში ეკლესიის დარაჯი ვერ იქნები. თუ რომში გაემგზავრე, უიმბლდონში ცხოვრების წარმტაც შესაძლებლობას უარყოფ. ნების ეს უარმყოფელი, შემზღუდავი მხარეა ის, რაც ნების ანარქისტ თაყვანიმცემლელთა საუბარს უაზრობად აქცევს. ბ-ნი ჯონ დვიდსონი მოგვიწოდებს, ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტოთ აკრძალვებთან, მაგრამ აკრძალვა ნების განუყრელი თანამგზავრია. „მე მნებავს ლორდ მერის შოუზე დასწრება და არ უნდა შემაფერხო“. ანარქიზმი გაფიცებს, რომ იყო გაბედული ხელოვანი, და უკუაგდო ყოველგვარი კანონი თუ შეზღუდვა. მაგრამ შეუძლებელია იყო ხელოვანი და უარყოფდე კანონს და შეზღუდვას, რადგან ხელოვნება შეზღუდვაა; ყველა სურათის არსებითი ნაწილი ჩარჩოა. თუ ჟირაფს ხატავ, გრძელი კისერი უნდა დაუხატო. თუ შემოქმედებითი გაბედულების გამო თავს უფლებას მისცემ, მოკლეკისრიანი ჟირაფი დახატო, მალევე ამოაჩენ, რომ ჟირაფის ხატვის უფლება დაგიკარგავს. შეგიძლია უცხო, ან შემთხვევითი კანონები დაარღვიო, მაგრამ ბუნებრივს ვერსად გაექცევი. ვეფხვს დაიხსნი გალიიდან, მაგრამ არა საკუთარი ზოლებიან. ნუ ეცდები აქლემს კუზის ვირთი მოაცილო, ამით მას აქლემობას დააკარგვინებ. ნუ ეწევი დემაგოგიას და ნუ მოუწოდებ სამკუთხედს სამი გვერდის ციხე გატეხოს, რადგან არსებობას დაასრულებს. ვიღაცას დაუწერია ნაშრომი სახელად „სამკუთხედის სიყვარული.“ მე არ წამიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე ვინმეს ჰყვარებია სამკუთხედი - მხოლოდ სამკუთხედობის გამო. ხელოვანს მოწონს შეზღუდვა – ის მისი საქმიანობის არსებითი შემადგენელი ნაწილია. მხატვარს მოსწონს, რომ ტილო ბრტყელია. მოქანდაკეს მოსწონს, რომ თია უფერულია. თუ ეს თვალსაზრისი არაა ნათელი, იქნებ ისტორიული მაგალითი მოვიშველიოთ: საფრანგეთის რევოლუცია გმირული და დამაჯერებელია, რადგან იაკობინელთა ნება გარკვეული და შეზღუდული იყო. მათ სურდათ დემორატიის თავისუფლებები დემოკრატიის აკრძალვებთან ერთად. მათ უნდოდათ ხმის მიცემა და არ უნდოდათ წოდებები. რესპუკლიკელობას ჰქონდა ასკეტური მხარე ფრანკლინისა და რობესპიერის სახით და ექსპანსიური – მარატისა და უილკსის სახით. ამიტომაც შექმნეს მათ მყარი ფორმისა და შედგენილობის რამ – საფრანგეთის ჭეშმარიტი სოციალური თანასწორობა და გლეხური კეთილდღეობა. მას შემდეგ ევროპის რევოლუციური თუ თეორიული აზროვნება დაკნინდა, რადგან ნებისმიერ შეთავაზებაზე იმრიზება ამ შეთავაზების შემოსაზღვრულობის გამო. ლიბერალიზმი ლიბერალობამდე გადაგვარდა. „რევოლუციონირება“ გარდაუვალ ზმნად აქციეს. იაკობინელი გეტყოდათ, როგორი სისტემის წინააღმდეგ ჯანყდება, და როგორის წინააღმდეგ – არა, როგორი სისტემის ნდობა აქვს. ახალი მეამბოხე სკეპტიკოსია და სრულად არაფერს ენდობა. მას არ გააჩნია ერთგულება; ამის გამო არასდროს გახდება ჭეშმარიტი რევოლუციონერი. ის, რომ ყველაფერს ევობს, მას ძალიან უშლის ხელს, როცა რამის დაგმობას აპირებს. ყველანაირი გმობა ხომ რაღაც ზნეობრივ დოქტრინას გულისხმობს, თანამედროვე რევოლუციონერი კი ეჭვქვეშ აყენებს იმ ინსტიტუტებსაც, რომლებსაც გმობს და იმ დოქტრინასაც, რომლითა გმობს. ის წერს წიგნს, სადაც იმპერიულ ჩაგვრას ადანაშაულებს ქალთა სიწმინდის შელახვაში, შემდეგ კი მეორე წიგნში (სქესის პრობლემებზე) თავად შეურაცხყოფს მას. ის ლანძღავს სულთანს, რადგან ქრისტიანი გოგონები ქალწულობას ჰკარგავენ, შემდეგ კი ლანძღას ქ-ნ გრუნდის იმიტომ, რომ ინარჩუნებენ. როგორც პოლიტიკოსი, ის გაიძახის, რომ ომი სიცოცხლის უაზრო ფლანგვაა, როგორც ფილოსოფოსი – რომ სიცოცხლე დროის უაზრო ფლანგვაა. რუსი პესიმისტი გმობს პოლიციელს გლეხის მოკვლისათვის, შემდეგ გი უმაღლეი ფილოსოფიური პრინციპების მოშველიებით ამტკიცებს, რომ გლეხმა თავად უნდა მოისწრაფოს სიცოცხლე. ადამიანი ჯერ ამტკიცებს, რომ ქორწინება ყალბია, შემდეგ კი გმობს გარყვნილ არისტოკრატებს ქორწინების მიმართ ყალბი დამოკიდებულებისათვის; ამტკიცებს რომ დროშა უმაქნისი რამაა, შემდეგ კი გმობს პოლონეთის და ირლანდიის მჩაგვრელთ მათთვის დროშის წართმევისთვის. ამ სკოლის მიმდევარი ჯერ პოლიტიკურ მიტინგზე მიდის და ჩივის, რომ ველურებს ცხოველებივით ეპყრობიან, შემდეგ დაავლებს ხელს ქუდს და ქოლგას და სამეცნიერო შეკრებაზე ინაცვლებს, სადაც ამტკიცებს, რომ ისინი პრაქტიკულად ცხოველები არიან. მოკლედ, თანამედროვე რევოლუციონერი, რომელიც უკიდეგანო სკეპტიკოსია, გაუთავებლად საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება. პოლიტიკურ ტრაქტატში ზნეობის გათელვისათვის ლანძღავს ადამიანს, ეთიკის ნაშრომში ანადგურებს ზნეობას ადამიანის გათელვისათვის. ამიტომ გახდა თანამედროვე მეამბოხე სრულიად უსარგებლო ამბოხების მიზნებისათვის. ყველაფრის წინააღმდეგ ჯანყი რამე კონკრეტულის წინააღმდეგ აჯანყების უფლებას გართმევს.
გივე სიცარიელე და გაკოტრება სუფევს ლიტერატურის შეურიგებელ ჟანრებში, განსაკუთრებით კი სატირაში. სატირა შეიძლება იყოს მრისხანე და ანარქისტული, მაგრამ ის უშვებს ერთი რამის მეორეზე აღმატებულობას, ანუ ნიმუშის არსებობას. ქუჩის ბიჭი ცნობილ ჟურნალისტის სიმსუქნეს რომ დასცინის, ქვეცნობიერად ბერძნული ქანდაკების ნიმუშს მიმართავს. მას მარმარილოს აპოლონი უტრიალებს თავში. სატირის გაქრობა ჩვენი ლიტერატურიდან მაგალითია იმისა, რომ მღელვარე ამბები იკარგება იმ პრინციპების კვალდაკვალ, რომელთაც მღელვარე დაცვა სჭირდება. ნიცშეს სარკაზმის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა; მას შეეძლო დაცინვა, მაგრამ არა სიცილი; თუმცა მის სატირაში ყოველთვის იგრძნობა რაღაცნაირი უსხეულობა და უწონობა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ზურგს ჩვეულებრივი ზნეობა არ უმაგრებ. ის თავად უფრო სასაცილოა, ვიდრე ნებისმიერი რამ, რასაც დასცინის. ნიცშე უსაგნო ძალადობის აბსურდულობის ძალიან კარგი მაგალითია. ტვინის დარბილება, რომელიც მას შეეყარა, არაა ფიზიკური მოვლენა. გონებრივი სისუტე ნიცშეს რომ არ დამართნოდა, ნიცშეანიზმს დაეუფლებოდა. იზოლირებული და ამპარტავანი აზროვნება იდიოტიზმით სრულდება. ყველას, ვინც გულს ვერ მოილბობს, ტვინი მოულბება.
ტელექტუალიზმისგან თავის დაღწევის უკანასკნელი მცდელობა სრულდება ინტელექტუალიზმით და შესაბამისად, სიკვდილით. უკანონობის დაუოკებელი და კანონის მატერიალისტური თაყვანისცემა ერთ სიცარიელეში მთავრდება. ნიცშე გასაოცარ მთებს ლაშქრავს, მაგრამ ბოლოს ტიბეტში ამოყოფს თავს. ის ტოლსტოის მიუჯდება ნირვანისა და სიცარიელის ქვეყანაში. ორივე უსუსურია – ერთი იმიტომ, რომ ვერაფერს ეჭიდება, მეორე კი იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ უშვებს ხელს. ტოლსტოელის ნება ბუდისტური ინსტიქტითაა გაყინული: ყველა კონკრეტული ქმედება ბოროტებაა. ნიცშეანელის ნებაც ასევე გაყინულია, რადგან ყველა ქმედება სიკეთეა; მაგრამ ყველა თუ კარგია, არცერთი არ ყოფილა განსაკუთრებული. ისინი გზაჯვარედინზე დგანან, ერთს ყველა გზა სძულს, მეორეს – ყველა მოსწონს. შედეგი ძნელი გამოსაანგარიშებელი არ უნდა იყოს: ისინი გზაჯვარედინზე დგანან.
მით ვასრულებ (მადლობა ღმერთს) თანამედროვე აზროვნების ზედაპირულ მიმოხილვას - ამ წიგნის პირველ და მოსაბეზრებელ ამოცანას. ახლა შევუდგები ცხოვრებისეული თვალსაზრისის მოხაზვას, რომელიც შესაძლოა უინტერესო გამოდგეს ჩემი მკითხველისთვის, თუმცა მე ყველანაირად მაინტერესებს. ჩემს წინ თანამედროვე წიგნების დასტაა ფუჭი საზრიანობის დასტა. ჩემი ახლანდელი დაშორებულობის წყალობით, ვხედავ შოპენჰაუერის და ტოლსტოის, ნიცშეს და შოუს მსოფლმხედველობათა კრახი გარდუვალობას ისევე ცხადად, როგორც საჰაერო ბურთიდან ჩანს სარკინიგზო კატასტროფის გარდუვალობა. ყველანი თავშესაფრის სიცარიელისკენ მიმავალ გზას ადგანან. შეშლილობა შეიძლება განვმარტოთ, როგორც გონებრივი აქტივობა, რომელიც გონებრივი უსუსურობის მისაღწევადაა მიმართული; მათ კი თითქმის მიაღწიეს ამას. ის, ვინც ფიქრობს, რომ მინისგანაა, აზრის გასანადგურებლად ფიქრობს, რადგან მინას ფიქრი არ შეუძლია. ვისაც არ ნებავს რამე უარყოს, თვით ნებას ანადგურებს, რადგან ნება რაღაცის არჩეს გარდა, თითქმის ყველაფრის უარყოფასაც ნიშნავს. მოკლედ, ჭკვიანური, შესანიშნავი, დამღლელი და უსარგებლო თანამედროვე წიგნების თვალიერებისას ერთის სათაური თვალში მომხვდა - ანატოლ ფრანსის „ჟანა დარკი“. იმ წამსვე რენანის „იესოს ცხოვრება“ გამახსენდა. ორივეგან პატივისცემანარევი სკეფსისის უცნაური მეთოდია გამოყენებული: ზებუნებრივი ამბავ, რომელსაც გარკვეული საფუძველი აქვს, შებღალულია ბუნებრივი ამბების თხრობით, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ვერ ვიჯერებთ, რაც წმინდანმა გააკეთა, სამაგიეროდ თავს ვიკატუნებთ, თითქოს ზუსტად ვიცით, რასაც გრძნობდა. ეს წიგნები იმიტომ არ მიხსენებია, რომ გავაკრიტიკო, არამედ სახელების შემთხვევითმა შეხამებამ საღი გონების ისეთი ორი გასაოცარი ხატი გამახსენა, რომ წიგნების დასტა მთლიანად მიმოიფანტა. ჟანა დარკი ყველა გზის უარყოფის ან მიღების გამო გზაჯვარედინთან არ შეფერხებულა. მან ერთი გზა აირჩია და მეხივით გავარდა. და მაინც, მასში არის ყველაფერი ის ჭეშმარიტი, რაც აქვს ტოლსტოის და ნიცშეს, ისიც კი, რაც მეტნაკლებად ასატანია. გამახსენდა ტოლსტოის კეთილშობილი თვისებები: მარტივში ნაპოვნი კმაყოფილება, განსაკუთრებით - მარტივი სიბრალული და თანაგრძნობა, სიღარიბის პატივისცემა, მოხრილ ზურგში დანახული ღირსება. ჟანა დარკს სრულად ჰქონდა ეს და ბევრად მეტიც, რადგან სიღარიბის მეხოტბე კი არა, ამტანი იყო, მაშინ, როდესაც ტოლსტოი - ტიპური არისტოკრატი - მის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა. წარმოვიდგინე ის, რაც საბრალო ნიცშე აქვს ვაჟკაცური, ამაყი და გულისამაჩუყებელი: მის ამბოხ ჩვენი დროის სიცარიელისა და ლაჩრობის წინააღმდეგ, მისი აღტაცება შეწონილი საფრთხით, ცხენთა ჭენების სურვილი, იარაღისკენ მოწოდება. ჟანას ჰქონდა ეს ყველაფერი და ისევ იმ განსხვავებით, რომ ბრძოლის მეხოტბე კი არა, მებრძოლი იყო. ჩვენ ვიცით, რომ მას არმიაც კი არ აშინებდა და გვსმენია, რომ ნიცშეს ძროხისაც კი ეშინოდა. ტოლსტოი ადიდებდა გლეხს; ის კი გლეხი იყო. ნიცშე ადიდებდა მებრძოლს; ის კი მებრძოლი იყო. მან ორივე საკუთარ ურთიერთგამომრიცხავ იდეალთან დაამარცხა: ერთზე უფრო მშვიდი იყო და მეორეზე უფრო შმაგი. ყველაფერთან ერთად, ის სავსებით პრაქტიკული ადამიანი იყო და ბევრი რამ გააკეთა, ესენი კი დაუოკებელი მოაზროვნეები იყვნენ და არაფერი გაუკეთებიათ. შეუძლებელია, არ გაგიელვოს აზრმა: იქნებ ის და მისი რწმენა ფლობდნენ ზნეობრივი ერთიანობისა და სარგებლიანობის საიდუმლოს, აწ უკვე დაკარგულს? ამ აზრს კიდევ უფრო უფრო დიდი მოსდევს და მისი მასწავლებლის კოლოსალური ფიგურა ჩემი ფიქრების სცენა კვეთ. ერნესტ რენანთან საგანს იგივე ხასიათის თანამედროვე სიძნელე ბინდავს. ისიც, ანატოლ ფრანსის მსგავსად, აცალკევებს თავისი გმირის სიბრალულს სიფიცხისაგან. რენანმა იერუსალიმის მართალი მრისხანება გალილეის იდილიური მოლოდინის ჩაშლით გამოწვეულ ისტერიულ შეტევად მონათლა, თითქოს არსებობდეს რამენაირი შეუთავსებლობა ადამიანურის სიყვარულსა და არაადამიანურის სიძულვილს შორის! ალტრუისტები წრიპინა ხმით უარყოფენ ქრისტეს ეგოისობის გამო. ეგოისტები (კიდევ უფრო წრიპინა ხმით) გმობენ ქრისტეს ალტრუიზმს. თანამედროვე ატმოსფეროში უარესი შარიც არაა გასაკვირი. გმირის სიყვარული ტირანის სიძულვილზე უარესია, გმირის სიძულვილი – ფილანტროპის სიყვარულზე უფრო გულუხვი. არსებობს აზრის განუზომლად დიდი და გმირული სიმრთელე, თანამედროვენი კი მხოლოდ მის ფრაგმენტებს ვაგროვებთ. არსებობს გოლიათი, რომლის დაშვებულ მკლავებს და მოსიარულე ფეხებს ვხედავთ მხოლოდ. ქრისტეს სული სულელურ ზოლებად დაფლითეს, ეგოიზმი და ალტრუიზმი დაარქვეს, ახლა კი ერთნაირად აოცებთ მისი შლეგური სიდიადე და შლეგური თვინიერება. მათ გაინაწილეს მისი სამოსი და მის კვართზე წილი ჰყარეს, ვინაიდან კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.

No comments:

Post a Comment