დაბეჯითებით ვამტკიცებდი: ცხოვრება თუ არ გწამს,
ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებ;
მეორე - არსებული მდგომარეობით
უკმაყოფილო თუ არ ხარ, კმაყოფილებას
ვერ იგრძნობ; მესამე - ამ
აუცილებელი კმაყოფილების
და აუცილებელი უკმაყოფილების
ერთდროული განცდისათვის სტოიკოსის ბანალური
გაწონასწორებულობა არაა საკმარისი, რადგან
ბედთან უბრალოდ შერიგებას
არც სიამოვნების უსაზღვრო
სიმსუბუქე ახლავს და არც
ტკივილის მძაფრი
აუტანლობა. გაიღიმე და
აიტანე – ეს რჩევა არსებითად
მიუღებელია; იმიტომ რომ თუ იტან, ვეღარ იღიმები.
ბერძენი გმირი არ იღიმება;
გარგოლია – კი, იმიტომ რომ
ქრისტიანულია. როცა ქრისტიანი
სიამოვნებას განიცდის, ის
საშინლად (ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით) ნასიამოვნებია;
მისი სიამოვნება შემაშინებელია.
ქრისტემ მთელი გოთიკური
არქიტექტურა იწინაწარმეტყველა
მაშინ, როცა ნერვიული და
პატივცემული ხალხი (მათი
მსგავსი, ახლა საეკლესიო
ორგანს რომ ეწინააღმდეგება)
იერუსალიმის ქუჩის ჟრიამულს
ეწინააღმდეგებოდა. მან
თქვა: „თქვენ გეუბნებით, ესენი
რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.“
მისი სულიერი იმპულსის
ზემოქმედებით შუასაუკუნოვანი კათედრალის მყვირალსახეებიანი და ღიაპირიანი ფასადი ხმაურიან გუნდად
წამოიმართა.
წინასწარმეტყველება ახდა:
ქვა აღაღადდა.
თუ ზემოთქმულზე თუნდაც პირობითად, კამათის გაგრძელების ხათრით შევთანხმდებით, შემდეგი
კითხვა თავისთავად გაჩნდება - რას ვგულიხმობთ
გაუმჯობესებაში? ამ საკითხზე თანამედროვე მსჯელობა წრეზე
ტრიალია, იმ წრეზე, რომელიც
ჩვენ შეურაცხადობის და წმინდა
რაციონალიზმის სიმბოლოდ
გამოვაცხადეთ: ევოლუცია სიკეთეა,
თუ ის სიკეთეს ემსახურება; სიკეთე კი მაშინაა სიკეთე, თუ ის ევოლუციას
ემსახურება. მოკლედ, სპილო დგას კუზე,
კუ კი სპილოზე.
იდეალს ბუნებისგან ვერ ვისესხებთ იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ ბუნებაში
(განსხვავებით ადამიანური,
თუ ღვთაებრივი თეორიისგან)
არანარი პრინციპი არ არსებობს.
მაგალითად, მდარე თანამედროვე
ანტიდემოკრატი მაღალფარდოვნად
გეტყვით, რომ ბუნებაში თანასწორობა
არ არსებობს. ეს სიმართლეა,
მაგრამ ის ლოგიკურ გაგრძელებას
ვერ ხედავს: ბუნებაში არც
უთანასწორობა არ არსებობს.
ერთიც და მეორეც შეფასების
სტანდარტს გულისხმობს. ცხოველთა
ანარქიაში არისტოკრატიის
დანახვა ისეთივე სენტიმენტალიზმია,
როგორც დემოკრატიისა. ორივე
ადამიანური იდეალია; ერთი
ამტკიცებს , რომ ყველა ადამიანი
ერთნაირად ფასეულია, მეორეს
მიხედვით კი ზოგი – მეტად ფასეული.
მაგრამ ბუნება არ თვლის, რომ
კატა უფრო ფასეულია, ვიდრე
თაგვი. ბუნება ამის შესახებ
დუმს. ბუნება არც იმას ამბობს,
რომ კატობა შესაშურია, თაგვობა
კი საბრალოა. ჩვენი ფიქრი კატის
აღმატებულობაზე იმ ფილოსოფიას
ეფუძნება, რომ სიცოცხლე სჯობს
სიკვდილს, მაგრამ თაგვი რომ
გერმანელი პესიმისტი თაგვი
იყოს, შეიძლება არც იფიქროს,
რომ კატა მას რამენაირად
ამარცხებს. მან შეიძლება
ჩათვალოს, რომ კატა დაამარცხა,
რადგან სამარეში შეასწრო, ან
კიდევ სასტიკად დასაჯა, რადგან
ცოცხალი დატოვა. როგორც მიკრობმა
შეიძლება სიამაყე იგრძნოს
დაავადების გავრცელის გამო,
ასევე პესიმისტმა თაგვმა
შეიძლება იზეიმოს ის, რომ
კატას შეგნებული არსებობით
გამოწვეული წამება გაუხანგრძლივა.
ყველაფერი თაგვის ფილოსოფიაზეა
დამოკიდებული. იმასაც კი ვერ
იტყვი, რომ ბუნებაში გამარჯვება
ან უპირატესობა არსებობს.
ამისათვის უპირატესობის
დოქტრინა დაგჭირდება.
ამრიგად, იდეალს ბუნებიდან
ვერ ავიღებთ, და რადგან აქ საწყის
და ბუნებრივ მსჯელობას მივდევთ, მისი ღმერთისგან მიღების იდეას ამჯერად არ განვიხილავთ.
ჩვენ საკუთარი ხედვა უნდა
გვქონდეს. თუმცა მისი გამოხატვის
თანამედროვეთა მცდელობები
ერთობ ბუნდოვანია.
ზოგნი უბრალოდ საათს მიმართავენ
და ისე მსჯელობენ, თითქოს
დროის დინებას რამე უპირატესობა
ჰქონდეს. პირველი გონებრივი
კალიბრის ადამიანებიც კი
დაუფიქრებლად იმეორებენ, რომ
ზნეობა არასდროსაა თანამედროვე.
როგორ შეიძლება რამე იყოს
თანამედროვე? დროს ხომ ხასიათი
არ გააჩნია. რასაც გულისხმობენ,
გასაგებია: უმრავლესობა რჩეულ უმცირესობას ჩამორჩება - ან იქნებ უსწრებს? სხვა ბუნდოვანი
განცხადებების ავტორები
ნივთიერ მეტაფორებს აფარებენ
თავს. არსებითად სწორედ ეს
გამოარჩევს თანამედროვე
ბუნდოვან ხალხს. რადგან სიკეთის განმარტება ვერ გაუბედავთ, ფიზიკურ
ტერმინებს შეზღუდვისა და
სინდისის გარეშე იყენებენ,
და რაც ყველაზე უარესია, ამ
იაფფასიან ანალოგიებს სულიერებად
და ძველ ზნეობაზე აღმატებულად აცხადებენ. ახლა ითვლება,
რომ სიტყვა „მაღალის“ გამოყენება
ინტელექტუალიზმის მაჩვენებელია.
ეს უკუღმართი ინტელექტუალიზმია. ასეთი ლაპარაკი
შპილს ან ფლუგერს უხდება.
„ტომი კარგი ბიჭია“ წმინდა
ფილოსოფიური განცხადებაა,
პლატონის და აქვინელის
საკადრისი. „ტომი ამაღლებული ცხოვრებით ცხოვრობს“ ვულგარული
და გაცვეთილი მეტაფორაა.
სხვათაშორის, ნიცშეს - რომელსაც
ბევრი გაბედულ და ძლიერ
მოაზროვნედ თვლის - თითქმის
მთელი სისუტსტე აქაა თავმოყრილი. პოეტურ წარმოსახვას მას ვერვინ წაართმევს, მაგრამ ძლიერების და გაბედულებისა კი რა მოგახსენოთ,
უფრო – პირიქით. მას არასდროს
გამოუხატავს აზრი გაბედული
აბსტრაქტული სიტყვებით,
როგორც, მაგალითად, არისტოტელეს,
კალვინს და კარლ მარქსსაც კი
– მტკიცე და უშიშარ მოაზროვნეებს.
ნიცშე, მხიარული და უმნიშვნელო პოეტის მსგავსად, ყოველთვის გაურბის
შეკითხვას ფიზიკური მეტაფორის
საშუალებით.
ის ამბობს: „ბოროტისა და
კეთილის მიღმა“, რადგან არ
ჰყოფნის გამბედაობა თქვას
„უფრო კარგი, ვიდრე ბოროტი და კეთილი“, ან „უფრო ცუდი, ვიდრე
ბოროტი და კეთილი.“ თავისი
აზრებისთვის მეტაფორა რომ
ჩამოეცილებინა, ხელში უაზრობა შერჩებოდა. როცა თავის
გმირს აღწერს, ვერ ბედავს
თქვას „უფრო სუფთა ადამიანი,“
ან „უფრო ბედნიერი ადამიანი,“
ან „უფრო უბედური ადამიანი,“
რადგან ეს ყველაფერი იდეის
შემცველია, იდეა კი სახიფათო
რამაა. ამიტომ ის ამბობს
„ზეადამიანი,“ რაც აკრობატის
ან მთამსვლელის ფიზიკური
მეტაფორაა. ნიცშე ძალიან
მხდალი მოაზროვნეა. მას ისიც
კი არ წარმოუდგენია, როგორი
ადამიანი უნდა, ევოლუციამ
რომ შექმნას. და თუ მან არ
იცის, ჩვეულებრივ ევოლუციონისტს
მითუმეტეს არ ესმის,
რას ნიშნავს ის, რასაც „უმაღლესს“
უწოდებს.
სხვები წყნარად სხედან და
სრულ მორჩილებას მისცემიან, აქაო და ბუნება ოდესმე რასმე მოიმოქმედებს,
ოღონდ არავინ იცის, რას, და
არავინ იცის, როდის. არც
მოქმედების, არც უმოქმედობის
არავითარი საფუძველი არ
არსებობს. თუ რამე მოხდა,
სწორია, თუ რამე შეფერხდა,
არასწორი ყოფილა. ზოგიერთები
ცდილობენ, დაასწრონ ბუნებას
რამის გაკეთება ან ყველაფრის
გაკეთება. იმის გამო, რომ
შესაძლოა, ფრთები ამოგვივიდეს,
ფეხებს იჭრიან. თუმცა ბუნება
მათგან იქნებ სულაც ტუჩფეხიანთა
გამოყვანას აპირებს.
არსებობს კიდევ ერთი წყება
ადამიანებისა, რომლებმაც
იციან, რა სურთ და ამას ევოლუციის
საბოლოო მიზნად აცხადებენ.
ეს ერთადერთი გონიერი ხალხია.
ეს ერთადერთი ჯანსაღი
დამოკიდებულებაა სიტყვა
ევოლუციის მიმართ – აკეთო
ის, რაც გინდა და ამას ევოლუცია
უწოდო. პროგრესის და წინსვლის
ერთადერთი აზრიანი მნიშვნელობა
ისაა, რომ გაქვს გარკვეული
ხედვა და ცდილობ, მსოფლიო ამ
ხედვას დაამსგავსო. გნებავთ,
ასე ვთქვათ: ის, რაც ჩვენ
გვაკრავს, სამზადისი და მეთოდია
რაღაცის შესაქმნელად. ეს არაა
სამყარო, ეს უფრო სამყაროს
მასალაა. ღმერთმა მოგვცა არა
სურათი, არამედ უფრო პალიტრა.
მაგრამ ამასთან ერთად მოგვცა
სუბიექტი, მოდელი, ხედვა. ჩვენ
უნდა ვიცოდეთ, რას ვხატავთ.
ეს ჩვენს სიას ერთ ახალ პრინციპს
უმატებს: ადრე ვთქვით, რომ თუ გინდა რომ შეცვალო, ეს სამყარო
უნდა გიყვარდეს. ახლა ვამბობთ:
უნდა გიყვარდეს სხვა სამყარო
(რეალური თუ წარმოსახვითი), რომ იცოდე, რისკენ
შევცვალო.
აქ იწყება მთელი თანამედროვე კოლაფსი
და უზარმაზარი შეცდომა. ჩვენ
ერთმანეთში ორ განსხვავებულ,
საპირისპირო რასმე ვურევთ. პროგრესი ხედვის მიხედვით სამყაროს მუდმივ ცვლილებას უნდა ნიშნავდეს, ჩვენ კი სამყაროს ნაცვლად ხედვის გაუთავებელ ცვლაში ვართ. ნაცვლად იმისა, რომ ნელა, მაგრამ დაბეჯითებით
ვამკვიდრებდეთ სამართლიანობას
და მოწყალებას ადამიანთა
შორის, სწრაფად ვაყენებთ ეჭვქვეშ თვით სამართლიანობისა და მოწყალების სასურველობას: ამაში ნებისმიერი
პრუსიელი სოფისტის შემთხვევით
გადაშლილი
გვერდი დაგარწმუნებთ. პროგრესი უნდა გულისხმობდეს ახალ იერუსალიმთან შეუჩერებელ მიახლოებას, და არა იმას, რომ ახალი იერუსალიმი
გამუდმებით გაგვირბის. ჩვენ
არ ვცლით რეალურს იდეალურისკენ.
ჩვენ ვცვლით იდეალს: ეს უფრო
ადვილია.
სულელური მაგალითი იოლი
მოსაფიქრებელია: წარმოვიდგინოთ
ადამიანი, რომელსაც გარკვეული
სახის სამყარო სურს, მაგალითად
– ლურჯი. მის წინაშე დიდი და
ხანგრძლივი ამოცანაა. წელში
უნდა გაწყდეს, ვიდრე ყველაფერს
გაალურჯებს; შეხვდება ბევრი
გმირული თავგადასავალი - ლურჯი
ვეფხვის ბოლო ზოლები. ექნება
ზღაპრული ხილვები - ლურჯი
მთვარის ამოსვლა. ბეჯითი
შრომით ამაღლებული განწყობის
ამ რეფორმატორს ნამდვილად
ხელეწიფება (როგორც თვითონ
მიაჩნია) სამყაროს გაუმჯობესება
და ნაწილობრივ მაინც გალურჯება.
თუ ყოველდღე ბალახის თითო
ღეროს მაინც შეცვლის, ნელ-ნელა
წინ წაიწევს. მაგრამ თუ ამის
მაგივრად ყოველდღე საყვარელ
ფერს შეცვლის, საერთოდ არაფერი არ
გამოუვა. თუ ყოველი ახალი
ფილოსოფოსის წაკითხვის შემდეგ
ლურჯიდან წითელზე, ან ყვითელზე
გადაინაცვლებს, მისი შრომა
წყალში ჩაიყრება. საჩვენებელიც
არაფერი დარჩება, გარდა მისი
წარუმატებელი ადრეული ხელწერის
ნიმუშად შემორჩენილი ერთი-ორი
ლურჯი ვეფხვისა, რომელიც
ირგვლივ დაძრწის. ესაა საშუალო
თანამედროვე მოაზროვნის
პოზიცია. მეტყვიან, რომ ხაზგასმით
აბსურდული მაგალითია. რეალურად
ეს უახლესი ისტორიის ფაქტია.
ჩვენს პოლიტიკურ ცივილიზაციაში
უდიდესი და უმძიმესი ცვლილებები
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში
მოხდა. ესაა შავ-თეთრი ეპოქა,
როდესაც ადამიანებს ბრმად
სჯერათ ტორიზმის, პროტესტანტიზმის,
კალვინიზმის, რეფორმისა და
ხშირად, რევოლუციისაც. ვისაც
რა სწამდა, იმას დაუფიქრებლად,
ყოველგვარი სკეპტიციზმის
გარეშე მისდევდა, ამიტომაც სახელმწიფო რელიგია კინაღამ დაემხო და ლორდთა
პალატა თითქმის დაემხო. ამის
მიზეზი ის იყო, რომ რადიკალები
თანმიმდევრულად და შეუჩერებლად
მოქმედებდნენ; რადიკალებს
ეყოთ ჭკუა, კონსერვატორები
ყოფილიყვნენ. ახლანდელი
ატმოსფერო ისეთია, რომ რადიკალებს
არც დრო აქვთ და არც ტრადიცია,
რომ რამე დაამხონ. ლორდი ჰიუ
სესილის მშვენიერ სიტყვაში
გამოთქმული ვარაუდი, თითქოს
ცვლილებათა ეპოქა დამთავრდა
და შენარჩუნების და დასვენებისა დაიწყო, დიდწილად მართალია.
თუმცა ლორდ სესილს ალბათ გული
დაწყდება, თუ მიხვდება, რომ
ეს შენარჩუნება სრული ურწმუნობის
შედეგია. რწმენათა სწრაფი
ცვლა და მინავლება კარგია,
თუ გსურს ინსტიტუტების უცვლელად
შენარჩუნება. ყველა ჩვენი
პოლიტიკური წამოწყების –
კოლექტივიზმის, ტოლსტოელობის,
ნეო-ფეოდალიზმის, კომუნიზმის,
ანარქიზმის, მეცნიერული
ბიუროკრატიზმის - ჯამური
შედეგი ისაა, რომ მონარქიას
და ლორდთა პალატას შევინარჩუნებთ. კენტერბერის არქიეპისკოპოსის ტახტი კარლ მარქსის, ნიცშეს, ტოლსტოის,
კანინგამ გრეჰემის, ბერნარდ
შოუს და ობერონ ჰერბერტის
გოლიათურ მოხრილ ზურგებს
ეყრდნობა .
ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ თავისუფალი აზროვნება
თავისუფლების საწინააღმდეგო
საუკეთესო საშუალებაა.
თამამედროვე სტილით მოახდინეთ
მონის ტვინის ემანსიპაცია,
თუ გსურთ მონის ემანსიპაცია
აიცდინოთ თავიდან. შთააგონეთ,
რომ ღელავდეს იმაზე, სურს თუ
არა თავისუფალი იყოს და თავს
აღარ გაითავისუფლებს. იტყვიან,
რომ ეს შორეული და უკიდურესი
შემთხვევაა. თუმცა ზუსტად
იგივე ითქმის ჩვენს ირგვლივ
ქუჩის გამვლელებზე. ზანგი
მონა - დამცირებული ველური,
ალბათ ან ერთგულებისაკენ
იქნება მიდრეკილი, ან
თავისუფლებისაკენ; მაგრამ
ბ-ნი გრედგრაინდის მუშები და
კლერკები – ხალხი, რომელსაც
ყოველ დღე ვხედავთ – სულიერად
დათრგუნულია იმისათვის, რომ
თავისუფლების სჯეროდეს. მათ
რევოლუციური ლიტერატურა
აჩუმებს. მათ უმოქმედობას ბობოქარ ფილოსოფოსთა გამუდმებული ცვლა უზრუნველყოფს. ერთ დღეს
მარქსისტი, მეორე დღეს ნიცშეანელი,
მესამე დღეს (ალბათ) ზეადამიანი
– ყოველ დღე მონაა. ერთადერთი,
რაც ამ ფილოსოფიების შემდეგ
რჩება, ფაბრიკაა. ერთდათერთი,
ვინც ამ ფილოსოფიებით ხეირობს,
გრედგრაინდია. ალბათ უღირს,
რომ თავისი ჰელოტები სკეპტიკური
ლიტერატურით მოამარაგოს.
მართლაც, მახსენდება, გრენდგრაინდმა
ხომ ბიბლიოთეკებით გაითქვა
სახელი! კაცმა ჭკუა გამოავლინა.
ყველა თანამედროვე წიგნი
მის მხარესაა. ცას თუ გამუდმებით
ცვლი, მიწას უცვლელად შეინარჩუნებ. ვერცერთი იდეალი იმდენ ხანს
ვერ ძლებს, რომ განხორციელდეს,
თუნდაც ნაწილობრივ. თანამედროვე
ახალგაზრდა ვერასდროს შეცვლის
გარემოს, ის მხოლოდ აზრს იცვლის.
ჩვენი პირველი მოთხოვნაც ესაა: იდეალი, რომლისკენაც პროგრესია
მიმართული, უცვლელი უნდა იყოს.
უისლერი ბევრ ესკიზებს
აკეთებდა; ოცი პორტრეტიც რომ
დაეხია, არაფერი დაშავდებოდა,
მაგრამ წარმოვიდგინოთ, რა
მოხდებოდა, თავის ყველა აწევაზე
ახალი ნატურა რომ დაენახა.
არაა საშიში, თუ საკუთარი
იდეალის ბაძვისას კაცობრიობა
ჩაფლავდა. ყველა წარსული
ჩავარდნა ნაყოფიერია. იდეალის
ცვლა – აი რაა საშიში, რადგან
ყველა წარსულ ჩავარდნა უნაყოფო
ხდება. კითხვა ასე უნდა დავსვათ;
როგორ შეიძლება ხელოვანი
უკმაყოფილო დარჩეს ტილოებით,
მაგრამ არ ჰქონდეს საკუთარი
ხელოვნების მიმართ არსებითი
უკმაყოფილება? როგორ შევუთავსოთ
შრომის შედეგით დაუკმაყოფილებლობა
შრომის სიყვარულს? როგორ
მივაღწიოთ, რომ პორტრეტისტმა
ფანჯრიდან პორტეტი მოისროლოს
და არა თავად ადამიანი? ეს ხომ უფრო ბუნებრივი და ადამიანურია?
მკაცრი წესი არა მხოლოდ
მართვისთვის, არამედ ჯანყისთვისაც
აუცილებელია. ნებისმიერი ამბოხების საფუძველი უცვლელი და
ნაცნობი იდეალებია. ხშირად
ახალი იდეა ადამიანს ანელებს,
ძველი იდეებით კი ის ყოველთვის სწრაფად
მოქმედებს. დინებით,
ჭკნობით ან ევოლუციით ანარქიისკენ
თუ ვიმოძრავებ. ამბოხებისათვის
კი რესპექტაბელური მიზეზი
მჭირდება. ეს პროგრესის და
ზნეობრივი ევოლუციის გარკვეული
სკოლების ძირითადი სისუსტეა.
მათი ვარაუდით ზნეობისაკენ
ძნელად აღსაქმელი, ეთიკური
გარდაქმნის მცირე ნაბიჯებით
ვმოძრაობთ ყოველწლიურად თუ
ყოველწამიერად. ამ თეორიას
ერთი დიდი ნაკლი აქვს. ის
სამართლიანობისკენ ნელ
მოძრაობაზე ლაპარაკობს, მაგრამ
სწრაფ მოძრაობას კრძალავს.
ადამიანს არ აქვს უფლება
წამოხტეს და განაცხადოს, რომ
ესა თუ ის მდგომარეობა არსებითად
მიუღებელია. ავიღოთ კერძო
მაგალითი: გარკვეული იდეალისტი
ვეგეტარიანელი, მაგალითად
ბ-ნი სოლტი თვლის, რომ დადგა
დრო, ხორცის ჭამაზე ხელი ავიღოთ;
იგულისხმება, რომ ერთდროს ეს
გამართლებული იყო, და ის დროც
მოვა, როცა კვერცხისა და რძის
მიღებაც არასწორი გახდება.
აქ არ ვაპირებ იმის გარჩევას,
რა არის სამართლიანი
ცხოველებისათვის. მე მხოლოდ
იმის თქმა მსურს, რომ სამართალი
დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
თუ ცხოველს არასწორად ექცევიან,
უნდა გავეშუროთ მის დასახმარებლად.
მაგრამ როგორ ვიჩქარო – იქნებ
დროს გავასწარი? როგორ დაეწევი
მატარებელს, რომელიც რამდენიმე
საუკუნის შემდეგ აპირებს
ჩამოდგომას? როგორ შემიძლია
დავგმო ადამიანი, რომელი კატას
ატყავებს, თუ ის ახლა ისაა,
რადაც შესაძლოა, მე ვიქცე მომავალში ჭიქა
რძის დალევით? შესანიშნავი
და შეშლილი რუსული სექტა
დარბის და საქონელს უღლისაგან
ათავისუფლებს. როგორ გამოვიხსნა
ცხენი ეტლიდან, თუ არ ვიცი,
ჩემი ევოლუციური საათი გარბის,
თუ მეეტლისა ჩამორჩა? მეწარმეს
რომ ვუთხრა: „მონობა სხვა
ეტაპზე იყო დასაშვები,“ მან
კი მიპასუხოს: „ახლა ქანცის
წყვეტაა დასაშვები,“ როგორ
უნდა გავცე პასუხი, თუ დროში
უცვლელი გამოცდა არ არსებობს?
თუ მეწარმეს შეუძლია, დროს
ჩამორჩეს, რატომ არ შეიძლება,
რომ ფილანტროპმა გაუსწროს
დროს? სხვა რა უნდა იყოს ეს
მიმდინარე ზნეობა გარდა იმისა,
რაც არის პირდაპირი გაგებით
– რაღაც, რაც მუდამ გაგვირბის?
ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ,
რომ მარადიული იდეალი
განმაახლებლისთვის ისეთივე
აუცილებელია, როგორც
კონსერვატორისათვის; უმისოდ
ვერც მეფის ბრძანებას აღასრულებ
და ვერც მეფეს. გილიოტინას
ბევრი ცოდვა აწევს, მაგრამ
სამართლიანობა მოითხოვს, რომ
ვაღიაროთ – ევოლუციისა არაფერი
სცხია. ცნობილი ევოლუციური
არგუმენტის საუკეთესო პასუხი
ნაჯახია. ევოლუციონისტი
კითხულობს: „სად გადის ზღვარი?“
მეამბოხე პასუხობს: „აი აქ,
ზუსტად თქვენს თავსა და სხეულს
შორის.“ თუ საჭიროა დარტმის განხორციელება, ნებისმიერი მოცემული
მომენტისათვის უნდა არსებობდეს
აბსტრაქტული „სწორია –
არასწორია“; უეცარისათვის
მუდმივია აუცილებელი. ყოველგვარი
გონივრული ადამიანური
მიზნისათვის, ცვლილებისათვის
და შენარჩუნებისათვის, სისტემის
სამუდამო, ჩინური სახეობის
შესაქმნელად თუ მისი ყოველთვიური
ცვლილებისათვის, მსგავსად
საფრანგეთის რევოლუციის
დასაწყისისა, ერთნაირად
სავალდებულოა, რომ ხედვა
უცვლელი იყოს. ესაა ჩვენი
პირველი პირობა.
ეს დავწერე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ კამათში თითქოს გარეშე რამ მონაწილეობდა: ასე გაიგონებ ეკლესიის
ზარებს ქუჩის ხმაურის მიღმა.
თითქოს რაღაც მეუბნებოდა:
„ჩემი იდეალი უცვლელია, რადგან
ის სამყაროს შექმნამდე შეიქმნა.
სრულყოფილების ჩემეული ხედვის
შეცვლა შეუძლებელია, რადგან
მას ედემი ჰქვია. შეიძლება
შეცვალო ადგილი, სადაც მიდიხარ,
მაგრამ ვერ შეცვლი ადგილს,
საიდანაც მოდიხარ. ორთოდოქსისთვის
ყოველთვის არსებობს ამბოხების
მიზეზი, რადგან ადამიანთა
გულში ღმერთი სატანას დაუთრგუნავს.
ზენა სამყაროში ჯოჯოხეთი
ერთხელ აუჯანყდა ზეცას. ამ
სამყაროში ზეცა უჯანყდება
ჯოჯოხეთს. ორთოდოქსისთვის
ამბოხება ყოველთვის შესაძლებელია,
რადგან ამბოხი აღდგენაა.
ყოველთვის შეგიძლია ხელი
გამოიღო სრულყოფილებისათვის,
რომელიც ადამიანს ადამის
შემდეგ აღარ ღირსებია. არც
უცვლელ ჩვეულებას, არც ცვალებად
ევულუციას არ ძალუძს საწყისი
სიკეთე რამე სხვად გადააქციოს.
ადამიანს იმდენივე ხანია ხარჭა ჰყავს, რაც ძროხას რქები აქვს,
მაგრამ თუ ეს ცოდვაა, ეს არაა მისი ნაწილი. ადამიანი იჩაგრება
მას შემდეგ, რაც თევზი წყალშია,
და თუ ჩაგვრა ცოდვაა ეს ასე არ უნდა იყოს. ჯაჭვი მონისთვის,
ან უმარილი მეძავისთვის
ისეთივე ბუნებრივია, როგორც
ბუმბული ფრინველისთვის ან
კუდი მელიასთვის, და მაინც
არაა, თუ ეს ცოდვაა. მაღლა
ვწევ ჩემს პრეისტორიულ ლეგენდას,
რათა დავგმო მთელი თქვენი
ისტორია. შენი ხედვა უბრალოდ
აკვიატება არაა: ეს ფაქტია.“
ესეც ქრისტიანობასთან კიდევ ერთი, ახალი
დამთხვევა.
მივუბრუნდეთ პროგრესის ნებისმიერი
იდეალის შემდეგ თვისებას.
ზოგიერთს ავტომატური და
უპიროვნო პროგრესის სწამს.
თუმცა ნათელია, ვერანაირ
პოლიტიკურ ქმედებას ვერ
წაახალისებ, თუ იტყვი, რომ
პროგრესი ბუნებრივი და
გარდაუვალია; ეს უმოქმედობის
მიზეზი უფროა, ვიდრე ქმედების.
თუ განწირულები ვართ
გაუმჯობესებისათვის, რა აზრი
აქვს წვალებას. პროგრესის
წმინდა თეორია არაპროგრესულობის
საუკეთესო მიზეზია. თუმცა ამ
თავისთავად მოსაზრებაზე არ
ვამახვილებ ყურადღებას.
აი რა არის მნიშვნელოვანი:
თუ ვივარაუდებთ, რომ გაუმჯობესება
ბუნებრივია, ის ძალიან მარტივი
უნდა იყოს. სამყარო ალბათ
ერთი მიმართულებით უნდა
მუშაობდეს, და არა მრავალი
თვისების კონკრეტული
შეხამებისათვის. ავიღოთ მარტივი
შედარება: თავისთავად ბუნება
შეიძლება ლურჯდებოდეს. ეს
იმდენად მარტივი პროცესია,
რომ შეიძლება უპიროვნო იყოს.
მაგრამ ბუნებას არ შეუძლია
გარკვეული მრავალფერი სურათისკენ
სწრაფვა, თუ ის გაპიროვნებული
არაა. თუ სამყაროს მიზანი
უბრალოდ სიბნელე ან სინათლეა,
ეს გარდაუვლად მოვა აისის ან
დაისის მსგავსად, მაგრამ თუ
მიზანი რთული და ოსტატური
შუქჩრდილია, მასში ჩანაფიქრია,
ადამიანური ან ღვთაებრივი.
სამყარო თავისთავად შეიძლება ან გამუქდეს, როგორც ძველი სურათი,
ან სითეთრემდე გახუნდეს,
როგორც ძველი მოსასხამი,
მაგრამ შავ-თეთრი ხელოვნების
ნიმუშად თუ გადაიქცა, ამაში
ხელოვანის ხელი ურევია.
თუ განსხვავება ჯერ კიდევ
გაუგებარია, ჩვეულებრივ
მაგალითს მოვიყვან. ჩვენ
გამუდმებით გვესმის თანამედროვე
ჰუმანისტების განსაკუთრებული
სამყაროსეული მრწამსი;
ჰუმანისტს ამ სიტყვის ჩვეულებრივი
მნიშვნელობით ვიყენებ, ანუ
იმ ადამიანის აღსანიშნავად,
რომელიც ყველა არსების უფლებას
ადამიანის უფლებებზე მაღლა
აყენებს. ისინი ვარაუდობენ,
რომ დროთა განმავლობაში
თანდათან უფრო ადამიანურები
ვხდებოდით და არსებათა
ახალ-ახალი წყება: მონები,
ბავშვები, ქალები, ძროხები
და ასე შემდეგ ექცევა მოწყალების
თუ სამართლიანობის ზემოქმედების
ქვეშ. ამბობენ, რომ ერთ დროს
სამართლიანად გვეჩვენებოდა
ადამიანის შეჭმა (ასე არაა);
მაგრმ აქ არ ვიხილავ მათ
ისტორიას, რომელიც ანტიისტორიულია.
ფაქტია, რომ ანტროპოფაგია
არა პრიმიტიული, არამედ
დეკადენტური რამაა. უმალ
დავიჯერებ იმას, რომ თანამედროვე
ადამიანი მიმართავს კანიბალიზმს
აფექტაციის გამო, ვიდრე იმას,
რომ პრიმიტიული ადამიანი
ოდესმე გააკეთებდა ამას
უცოდინარობის გამო. აქ მხოლოდ
მივყვები მათ არგუმენტაციას,
რომელიც ამტკიცებს, რომ
ადამიანის შემწყნარებლობა
პროგრესულად იმატებს, ჯერ
მოქალაქის, შემდეგ ცხოველის
და შემდეგ (სავარაუდოდ) მცენარის
მიმართ. ვთვლი, რომ არასწორია
ადამიანზე ჯდომა. მოკლე ხანში
ჩავთვლი, რომ არასწორია ცხენზე
ჯდომა. საბოლოოდ (სავარაუდოდ)
ჩავთვლი, რომ არასწორია სკამზე
ჯდომა. ესაა მათი მსჯელობის
მიმართულება. ამ მსჯელობის
განხილვაც შესაძლებელია
ევოლუციისა და უცილობელი
პროგრესის ჩარჩოში. მუდმივი
ტენდენცია, შეეხო რაც შეიძლება
ნაკლებ რასმე, შესაძლოა
არაცნობიერი მიდრეკილებაა,
მსგავსად ზოგიერთი სახეობის მიერ სულ უფრო ნაკლები ბავშვების
დაბადებისა. ეს წანაცვლება
მართლაც შეიძლება ევოლუციური
იყოს, რადგან სულელურია.
დარვინიზმი ზურგს უმაგრებს
ორ არანორმალურ (და არცერთ
ნორმალურ) ზნეობრივ სისტემას.
ცოცხალ არსებათა მსგავსება
და შეჯიბრება შეიძლება საფუძველი
გახდეს ცხოველების მიმართ
ანომალურად სასტიკი ან მგრძნობიარე
დამოკიდებულების, მაგრამ -
არა ჯანსაღი სიყვარულის.
ევოლუციის საფუძველზე შეიძლება
იყო არაჰუმანური, აბსურდულად
ჰუმანური, მაგრამ არა უბრალოდ
ადამიანური. იმან, რომ შენ და
ვეფხვი ერთი ხართ, შეიძლება
ვეფხვის მიმართ ნაზი გრძნობა
გაგიჩინოს, ან ვეფხვივით
სასტიკი გაგხადოს. ერთი გზაა
ვეფხვს ასწავლო ადამიანობა,
უფრო მოკლე – ვეფხვთან
დამსგავსებაა. არცერთ შემთხვევაში
ევოლუცია არ გეტყვის, როგორ
უნდა მოეკიდო ვეფხვს გონივრულად - მოგწონდეს ზოლები
და ერიდო კლანჭებს.
თუ გინდა ვეფხვს გონივრულად
მოექცე, ედემის ბაღში დაბრუნდი.
ჯიუტი შემხსენებელი აგრძელებს
გამეორებას: მხოლოდ ზებუნებრივი
ხედავს ბუნებას საღად. ყველანაირი
პანთეიზმის, ევოლუციონიზმის და თანამედროვე კოსმოსური
რელიგიის არსი ესაა: ბუნება
ჩვენი დედაა. სამწუხაროდ, თუ
ამას დაეთანხმები, მალე
აღმოაჩენ, რომ დედინაცვალი
გყოლია. ქრისტიანობის მთავარი
აზრი ეს იყო: ბუნება დედა არაა,
ის დაა. შეგვიძლია ვიამაყოთ
მისი მშვენიერებით, რადგან
ერთი მამა გვყავს, მაგრამ
ადამიანებს ის არ განაგებს;
აღტაცების მომგვრელია, მაგრამ
არა მისაბაძი. ეს ანიჭებს
ამქვეყნიურ ქრისტიანულ
სიამოვნებას უცნაურ სიმსუბუქეს
და თითქმის ქარაფშუტობის
ელფერს სძენს.
ბუნება ისიდას და კიბელეს
თაყვანიმცემელთა მედიდური
დედაა. ბუნება ვორდსუორთის
და ემერსონის მედიდური დედაა.
მაგრამ ფრანცისკო ასიზელისთვის
და ჯორჯ ჰერბერტისთვის ის
არაა მედიდური. წმ. ფრანცისკოსთვის
ის დაა, თანაც უმცროსი: პატარა,
მოცეკვავე და, რომელსაც
სიყვარულით შეიძლება დასცინო
კიდეც.
თუმცა ეს არაა მთავარი; უბრალოდ
მინდოდა კიდევ ერთხელ მეჩვენებინა,
როგორ ერგება მუდმივად ეს
გასაღები უმცირეს კარებსაც
კი. დედააზრი რომელსაც
ვამკვიდრებდი ესაა: ბუნებაში
გაუმჯობესების უპიროვნო
ტენდენცია რომ არსებობდეს,
ეს, სავარაუდოდ, მარტივი
გამარჯვების მიღწევის მარტივი
ხერხი იქნებოდა. წარმოიდგინეთ,
რომ მარტივი ბიოლოგიური
ტენდენცია ავტომატურად ზრდის
ცხვირის ზომას. გვინდა კი, რომ
სულ უფრო გრძელი ცხვირები
გვქონდეს? ვფიქრობ, არა. მგონია,
რომ უმრავლესობა ჩვენგანი
ეტყოდა ცხვირს: „აქამდე, გესმის? ესაა შენი
მედიდურობის ბოლო წერტილი.“ ჩვენ
გვჭირდება ისეთი ზომის ცხვირი,
რომელიც სახეს საინტერესოს
გახდის. მაგრამ აბა ვინ
წარმოიდგენს, რომ ბიოლოგიური
ტენდენცია საინტერესო სახის
შექმნისკენაა მიმართული.
საიტერესო სახე თვალების,
ცხვირის პირის საგანგებო
განლაგებაა რთული
ურთიერთდამოკიდებულებებით.
პროპორციულობა არ მიიღწევა
დინებით, ის ან შემთხვევის,
ან განზრახვის შედეგია. ასევეა
ადამიანური ზნეობის და მისი
ჰუმანისტებთან და ანტიჰუმანისტებთან
მიმართების საკითხიც. როგორც
ჩანს, ჩვენ სულ უფრო ნაკლებად
შევეხებით საგნებს: აღარ
მოვაჯდებით ცხენს, არ მოვწყვეტთ
ყვავილს. საბოლოოდ, ალბათ
აიკრძალება კამათით ადამიანის
ტვინის აფორიაქება, მძინარე
ჩიტის ძილის დაფრთხობა
დახველებით. აპოთეოზი კი
იქნება ადამიანი, რომელიც
გაუნძრევლად ზის, ბუზი რომ
არ დააფრთხოს და არ იკვებება,
მიკრობი რომ არ შემოეჭამოს.
ამ უაზრო დასასრულისკენ
შესაძლოა არაცნობიერად
ვმოძრაობდეთ. უნდა კი ვინმეს
ასეთი დასასრული? ან იქნებ
არაცნობიერი ევოლუცია ნიცშეს
ხაზს მიჰყვება – ზეადამიანები
ცალ-ცალკე ერთმანეთს ანადგურებენ,
ერთად კი სამყაროს. გვინდა
კი განადგურებული სამყარო?
ძნელი მისახვედრია, მაგრამ
ის რაც ჩვენ გვსურს, ამ ორი
შედეგის გარკვეული ნაზავია;
ერთგვარი შეზღუდვის და
პატივისცემის, ერთი მხრივ,
გარკვეული ენერგიისა და
ბატონობის - მეორე მხრივ. თუ
ოდესმე ჩვენი ცხოვრება ზღაპრულად
მშვენიერი იქნა, უნდა გავიხსენოთ,
რომ ზღაპრის მთელი მშვენიერება
ესაა: პრინცის გაოცება შიშის
სიახლოვესაა. თუ მას გოლიათის
შეეშინდა, მისი საქმე წასულია,
მაგრამ თუ მას გოლიათის სიდიდე
არ აოცებს, მაშინ ზღაპრის
საქმეა წასული. პრინცი ერთდროულად
თავმდაბალიც უნდა იყოს და
ქედმაღალიც, რადგან გაოცებაც
უნდა შეძლოს და გოლიათის
გამოწვევაც. ჩვენი დამოკიდებულებაც
ასეთი უნდა იყოს გოლიათური
სამყაროს მიმართ: არც მზარდი
სინაზე და არც გადაჭარბებული
ქედმაღლობა, არამედ მათი
გარკვეული და ზუსტი ნაზავი.
ჩვენს შიგნით უნდა იყოს ისეთი
მოწიწება გარე სამყაროს
მიმართ, რომელიც ბალახზე ფეხს
ფრთხილად დაგადგმევინებს,
და ისეთი ქედმაღლობაც, რომელიც,
საჭირო თუ გახდა, ვარსკვლავებისკენ
გადაგაფურთხებინებს. და ეს
ორი რამ უნდა შეერთდეს, თანაც
გარკვეული თანაფარდობით.
კაცობრიობის სრულყოფილი
ბედნიერება დედამიწაზე (თუ
ოდესმე დადგა) ვერ იქნება
ბრტყელი და მყარი, ცხოველური
კმაყოფილების მსგავსად. ეს
იქნება ზუსტი და სახიფათო
წონასწორობა; ისეთი, როგორც
თავგანწირული რომანტიკაა.
ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი
თავის საკმარისი რწმენა, რომ
თავგადასავალში ჩაებას, და
საკმარისი ეჭვი, რომ მისგან
სიამოვნება მიიღოს.
აი ჩვენი მეორე მოთხოვნაც,
რომელსაც პროგრესის იდეალს
ვუყენებთ: ის უცვლელი
უნდა იყოს და თანაც შედგენილი. ის არ უნდა იყოს
უბრალო გამარჯვება, როცა ერთი
რამ შთანთქავს ყველაფერ
დანარჩენს, სიყვარულს, ან
სიამაყეს, ან მშვიდობას, ან
თავგადასავალს; ეს უნდა იყოს
განსაზღვრული სურათი, რომელიც
ამ ელემენტებისგანაა შექმნილი
საუკეთესო თანაფარდობით და
დამოკიდებულებით. აქ არ
უარვყოფ, რომ ეს შესანიშნავი
კულმინაცია, შესაძლოა, დაჯავშნულია
კაცობრიობისთვის. უბრალოდ
ვამბობ, რომ თუ ეს შედგენილი
ბედნიერება მართლაც მომზადებულია
ჩვენთვის, ის გონების ნაყოფია,
რადგან მხოლოდ გონებას შეუძლია
ზუსტ თანაფადობათა დაწესება.
სამყაროს გამშვენიერება
ბუნების შრომის შედეგი რომ
იყოს, ის მარტივი რამ იქნებოდა,
მაგალითად, გაყინვა, ან დაწვა.
მაგრამ თუ ეს ბუნების მოქმედება
კი არა, შემოქმედებაა, ის
გულისხმობს შემოქმედს. აქ
ჩემი ფიქრი ისევ უძველესმა
ხმამ გახლიჩა: „ამას ყველაფერს
ხომ დიდი ხნის წინ გეტყოდი. თუ
რამენაირი პროგრესი არსებობს,
ეს ჩემებური პროგრესია, პროგრესი
წყალობათა და ძალთა სრული
ქალაქისაკენ, სადაც სიმართლე
და მშვიდობა ახერხებენ
ერთმანეთის ამბორს. უპიროვნო
ძალა მხოლოდ უდაბნოს სრულყოფილ
სიბრტყელესთან ან მწვერვალის
სრულყოფილ სიმაღლესთან თუ
მიგიყვანს. მხოლოდ პიროვნულ
ღმერთს შეუძლია წაგიძღვეს
(თუ მართლაც მიგიძღვება რამე)
ქალაქში, სადაც სწორი ქუჩები
და არქიტექტურული პროპორციებია,
სადაც თითოეულ თქვენგანს
შეუძლია საკუთარი ელფერის
ზუსტად საჭირო რაოდენობა
შემატოს იოსების მრავალფეროვან
მოსასხამს.“
უკვწ მეორედ, ქრისტიანობამ
ზუსტად ის პასუხი გამცა, რომელიც
მჭირდებოდა. მე ვთქვი: „იდეალი
უცვლელი უნდა იყოს“ და ეკლესიამ
მიპასუხა: „ჩემი - უცვლელია,
რადგან ყველაფერზე უფრო ადრე
არსებობდა.“ „ის, სურათის
მსგავსად, ხელოვნებით უნდა
იყოს შედგენილი,“ ვთქვი შემდეგ.
„ ჩემი – სურათია, რადგან ვიცი,
ვისი დახატულია.“ ამის შემდეგ
ურთულეს საგანს მივადექი,
რომელიც, ვფიქრობ, უტოპიას
ანუ პროგრესის მიზანს სჭირდება.
სამიდან ესაა ურთულესი
გამოსახატი. იქნებ ასე ვცადო:
უტოპიასაც კი სჭირდება სიფხიზლე,
თორემ უტოპიიდანაც ისე
გადმოვვარდებით, როგორც
ედემიდან.
როგორც უკვე შევნიშნე, ერთი
მიზეზი, რატომაც გვთავაზობენ
პროგრესულობას ისაა, რომ
თითქოს ყველაფერი თავისთავად
გაუმჯობესებისაკენაა მიდრეკილი.
თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის
გამოც შეიძლება პროგრესული
იყო ისაა, რომ ყველაფერი
თავისთავად გაუარესებისკენაა
მიდრეკილი. გაუარესება არამარტო
პროგრესულობის სასარგებლო
ერთადერთი არგუმენტია, ის
კონსერვატიზმის წინააღმდეგ
მიმართული ერთადერთი არგუმენტიცაა.
ეს ფაქტი რომ არა, კონსერვატიზმი
უნაკლო და დამაჯერებელი თეორია
იქნებოდა. კონსერვატიზმი
ეფუძნება მტკიცებას, რომ თუ
ყველაფერს ხელუხლებლად
დატოვებ, არაფერი შეიცვლება.
მაგრამ ეს ასე არაა. პირიქით,
ეს გამოიწვევს ცვლილებათა
ნაკადს. თუ თეთრ ბოძს ხელუხლებლად
დატოვებ, ცოტა ხანში შავი ბოძი
დაგხვდება. თუ გინდა მისი
სითეთრე შეინარჩუნო, მუდმივად
უნდა ათეთრო, ანუ მუდმივი
რევოლუცია გჭირდება. მოკლედ,
თუ ძველი თეთრი ბოძი გსურს,
ახალი უნდა გქონდეს. ეს, რაც
უსულო საგნებისთვისაა
სამართლიანი, განსაკუთრებული
და სასტიკი სიმართლის მატარებელია
ადამიანური თვალსაზრისით.
თითქმის ზებუნებრივი სამოქალაქო
სიფხიზლეა საჭირო, რადგან
ადამიანური ინსტიტუტები
საშინელი სისწრაფით ძველდება.
ჩვეულებად იქცა ძველი ტირანიების
ჩაგვრაზე საუბარი. თუმცა
ადამიანები ძირითადად ახალი
ტირანიებისაგან იჩაგრებიან - იმ ტირანიებისაგან, რომლებიც
ოციოდ წლის წინ საჯარო უფლებებს
ასახიერებდნენ. ელისაბედის
პატრიოტული მონარქიით აღტაცებული
ინგლისი თითქმის დაუყოვნებლად
ჩარლზ პირველის აღმაშფოთებელმა
ტირანიამ შეშალა. საფრანგეთშიც,
მონარქიის აუტანელობა მის
ატანას კი არ მოსდევს, არამედ
გაღმერთებას. ლუი-საყვარელის
შვილია, ლუი-გილიოტინირებული.
მსგავსად ამისა, მეცხრამეტე
საუკუნის ინგლისში რადიკალი
მეწარმე ლამის სახალხო ტრიბუნის
რეპუტაციით სარგებლობდა,
ვიდრე სოციალისტების ყიჟინა
არ მოგვესმა, რომლის მიხედვითაც
ის ხალხის ცოცხლადმჭამელი
ტირანია. გაზეთებიც ლამის
ბოლო დრომდე საზოგადოებრივი
აზრის ორგანოებად მიგვაჩნდა.
ახლა კი ბევრი ჩვენგანი
(თანდათან კი არა, უცებ) ხედავს,
რომ ნურას უკაცრავად – რამდენიმე
მდიდარი ადამიანის გასართობთან
გვაქვს საქმე. არვითარი
საჭიროება არ გვაქვს სიძველეეთა
წინააღმდეგ ამბოხებისა; ჩვენ
სიახლეებს უნდა ავუჯანყდეთ.
ახალი მმართველები – კაპიტალისტი
და რედაქტორი – ატრიალებენ
თანამედროვე მსოფლიოს. არავითარი
საშიშროება არ არსებობს, რომ
თანამედროვე მეფემ კონსტიტუცია
გათელოს; უფრო სავარაუდო ისაა,
რომ გვერდი აუაროს და მის
ზურგს უკან იმოქმედოს; ის ვერ
გამოიყენებს ბოროტად სამეფო
ძალაუფლებას, უფრო სამეფო
უსუსურების გამოყენებას
ეცდება, იმ ფაქტის გამოყენებას,
რომ კრიტიკისა და საჯაროობის
მიღმაა დარჩენილი. აღარავის სჭირდება პრესის ცენზურასთან
ბრძოლა. ცენზურას თავად პრესა
ახორციელებს.
გასაოცარი სისწრაფე, რომლითაც
პოპულარული სისტემა მჩაგვრელად
გადაიქცევა, იქნება მესამე
ფაქტი, რომლის ახსნასაც ჩვენ
მოვთხოვთ პროგრესის ჩვენს
სრულყოფილ თეორიას. ის ყოველთვის
გაფაციცებით უნდა ადევნებდეს
თვალყურს ყველა ბოროტად
გამოყენებულ პრივილეგიას,
ყველა მოქმედ წესს, რომელიც
უწესობად იქცა. ამ საკითხში
მთლიანად ამბოხებულთა მხარეს
ვარ. გამართლებულია, როცა
ყველა ადამიანურ ინსტიტუტს
ეჭვის თვალით უცქერ. გამართლებულია,
როცა არც უფლისწულზე ამყარებ
ნდობას და არც რომელიმე
ადამიანის შვილზე; ბელადი,
რომელსაც ხალხის მეგობრად
ირჩევენ, მტრად იქცევა; გაზეთი,
რომელიც სიმართლის თქმით
დაიწყო, ახლა სიმართლის თქმას
აბრკოლებს. ამაში, როგორც
ვთქვი, ბოლოს და ბოლოს ამბოხებულთა
მხარეს აღმოვჩნდი. და ისევ
სუნთქვა შემეკრა, რადგან
გამახსენდა რომ კიდევ ერთხელ
ორთოდოქსთა მხარეს ვარ.
ქრისტიანობა კვლავ ამეტყველდა:
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ
ადამიანი ბუნებრივად მიდრეკილია
ქვევით ჩაცურებისაკენ; ადამიანის
სიქველე თავისთავად იჟანგება
ან ლპება. ადამიანს, განსაუთრებით
- კმაყოფილ ადამიანს, განსაკუთრებით
- ამაყ და დალხენილ ადამიანს,
გზა აებნევა ხოლმე. ამ მუდმივ
ამბოხებას, ამ საუკუნეებით
ნატარებ ეჭვს შენ (ბუნდოვანი
თანამედროვე) პროგრესის
დოქტრინას უწოდებ. ფილოსოფოსი
რომ ყოფილიყავი, მას ჩემსავით
პირველქმნილ ცოდვას დაარქმევდი.
შეგიძლია მას აგრეთვე კოსმოსური
წინსვლა უწოდო; მე მას ვარქმევ,
რაც არის: დაცემა.
აკი ვამბობდი, ორთოდოქსია ხმალივით
გაიელვებს-მეთქი; აქ კი, უნდა
ვაღიარო, საბრძოლო ცულივით
შემოიჭრა. მართლაც, რეალურად,
ქრისტიანობა ერთადერთი რამაა,
რასაც კიდევ დარჩა უფლება
ეჭვქვეშ დააყენოს კარგად
გამოკვებილთა და კარგად
აღზრდილთა ძალაუფლება.
საკმარისზე უფრო მეტად მსმენია
სოციალისტებისგან და
დემოკრატებისგანაც კი, რომ
ღარიბთა ფიზიკური პირობები
მათი გონებრივი და ზნეობრივი
გადაგვარების მიზეზია.
მეცნიერებისგან მსმენია (ჯერ
კიდევ არსებობენ მეცნიერები,
რომლებიც დემოკრატიას არ
ეწინააღმდეგებიან), რომ თუ
ღარიბებს ჯანსაღ პირობებს
შევუქმნით, ბოროტება და
მანკიერება გაქრება. ამას
საშინელი ყურადღებით და ბოროტი
აღტაცებით ვუსმენდი. ეს ჰგავდა
იმის ყურებას, თუ როგორ ხერხავს
ენერგიულად ადამიანი ტოტს,
რომელზეც ზის. თუ ეს კმაყოფილი
დემოკრატები თავის სიმართლეს
დაამტკიცებენ, ეს დემოკრატიისათვის
სასიკვდილო დარტყმა იქნება.
თუ ღარიბები ამდენად უზნეონი
არიან, მათი გაუმჯობესება
პრაქტიკული თვალსაზრისით
სათუო საქმეა. აი რა არაა სათუო
და მათი სასწრაფო გამოთიშვა.
თუ ცუდი საძინებლის პატრონი
ხმას კარგად ვერ აძლევს, პირველი
და უსწრაფესი პრაქტიკული
გადაწყვეტილება ხმის უფლების
ჩამორთმევაშია. მმართველი
კლასი არც თუ უსაფუძვლოდ
იტყოდა: „საძინებლის გაუმჯობესებას
დრო დასჭირდება. მაგრამ თუ ის
ისეთი პირუტყვია, როგორც თქვენ
ამბობთ, მოკლე დროში ქვეყანას
დააქცევს. თქვენს აზრს
ვითვალისწინებთ და მას ამის
საშუალებას არ მივცემთ.“ ბოროტ
კმაყოფილებას ვგრძნობ, როცა
ვხედავ, როგორ რუდუნებით უყრის
საძირკველს არისტოკრატიას
გულწრფელი სოციალისტი, როცა
ღარიბთა მართვის უუნარობაზე
მსჯელობს. წარმოიდგინეთ,
საღამოს წვეულებაზე რომ
მოვიდეს სტუმარი და მოიბოდიშოს
იმის გამო, რომ შესაფერისად
ჩაცმული არაა, თან დაამატოს,
რომ ცოტა ხნის წინ გაილეშა,
რომ ჩვევად აქვს ქუჩაში
ტანსაცმლის გახდა და საერთოდ,
დიდი დრო არაა გასული, რაც
ციხის უნიფორმა გამოიცვალა.
არავის გაუკვირდება, თუ
მასპინძელი იტყვის, რომ თუ
ასეა საქმე, იქნებ სჯობდა, რომ
ასეთი სტუმარი საერთოდ არ
მოსულიყო წვეულებაზე. ასეა,
როცა ჩვეულებრივი სოციალისტი
გაბრწყინებული სახით ამტკიცებს,
რომ უქონელნი, მათი გამანადგურებელი
ცხოვრებისეული გამოცდილების
გამო, არ არიან სანდო. ნებისმიერ
მომენტში მდიდრებს შეუძლიათ
თქვან: „კეთილი, თუ ასეა, არც
ვენდობით,“ და კარი ცხვირწინ
მიუჯახუნონ. გარემოსა და
მემკვიდრეობითობაზე ბ-ნი
ბლეჩფორდის შეხედულებების
ფონზე არისტოკრატიის საქმე
უტყუარი ჩანს. თუ სუფთა სახლი
და სუფთა ჰაერი სუფთა სულის
წინაპირობაა, რატომ არ უნდა
გადაეცეს ხელისუფლება (ყოველ
შემთხვევაში, ამ დროისათვის)
მათ ვინც სუფთა ჰაერს სუნთქავს?
თუ უკეთესი პირობები გააუმჯობესებს
ღარიბთა თვითმართვის უნარს,
რატომ არ აძლევს არსებული
უკეთესი პირობები დაუყოვნებლივ
უპირატესობას მდიდართ ღარიბთა
მართვაში? ისეთი პირი უჩანს,
რომ კომფორტული კლასი ჩვენი
ავანგარდი იქნება უტოპიაში.
რა პასუხი არსებობს იმაზე,
რომ ის, ვინც უკეთეს შესაძლებლობებს
ფლობს, ალბათ უკეთესად
გაგვიძღვება? რომ ის, ვინც
სუფთა ჰაერს სუნთქავს, უკეთესად
განაგებს მათ, ვინც ცუდს
ისუნთქავს? ჩემი ჭკუით, პასუხი
ერთადერთია და ეს პასუხი
ქრისტიანობაა. მხოლოდ ქრისტიანული
ეკლესია გვთავაზობს გონიერ
პასუხს მდიდართა სრული
უპირატესობის საწინააღმდეგოდ,
რადგან ამტკიცებს, რომ საფრთხე
ადამიანის გარემოში კი არა,
თავად ადამიანშია. მეტიც, თუ
გარემოზე ვისაუბრებთ, ყველაზე
საშიში გარემო სწორედ
უზრუნველყოფილი გარემოა.
ვიცი, რომ უთანამედროვესი
მრეწველობა ცდილობს არანორმალურად
დიდი ნემსის დამზადებას. ისიც
ვიცი, თანამედროვე ბიოლოგები
ძირითადად უმცირესი ზომის
აქლემის აღმოჩენას ცდილობენ.
მაგრამ თუ აქლემის შემცირებას
და ნემსის ყუნწის გაზრდას
მოვახერხებთ, მოკლედ, ქრისტეს
სიტყვების მნიშვნელობას
მაქსიმალურად შევამცირებთ,
დარჩება ის, რომ მდიდარი
ადამიანი ზნეობრივად მაინცდამაინც
სანდო არაა. ქრისტიანობა,
მაქსიმალურად განელებულიც
კი, საკმარისად ცხელია, რათა
თანამედროვე საზოგადოება
ძონძებამდე მოხარშოს. ეკლესიის
უმცირესი მოთხოვნაც კი
მსოფლიოსთვის მომაკვდინებელი
ულტიმატუმი იქნებოდა. თანამედროვე
მსოფლიო მთლიანად ეფუძნება
არა იმას, რომ მდიდარი აუცილებელია
(ეს ასატანია), არამედ იმას
რომ მდიდარი სანდოა, რაც
მიუღებელია (ქრისტიანისთვის).
ყველა კამათში გაზეთების,
კომპანიების, არისტოკრატიის
თუ პარტიული პოლიტიკის ირგვლივ,
გამუდმებით ისმის, რომ მდიდარს
ვერ მოქრთამავ. ფაქტი ისაა,
რომ მდიდარი იქრთამება; ის
უკვე მოქრთამულია. ამიტომაცაა
მდიდარი. ქრისტიანობისთვის
მთავარი ისაა, რომ ადამიანი,
რომელიც სიმდიდრეზეა დამოკიდებული,
უკვე წამხდარია. წამხდარია
სულიერად, პოლიტიკურად და
ფინასურად. ერთი რამ, რასაც
ქრისტე და ყველა ქრისტიანი
წმინდანი მონოტონურად იმეორებენ,
მდიდარი ადამიანის ზნეობრივი
გატეხვის საფრთხეა. საჩვენებლად
ანტიქრისტიანული არაა მდიდრის
მოკვლა განსაზრვრული სამართალის
დარღვევისათვის. საჩვენებლად
ანტიქრისტიანული არაა მდიდრის
საზოგადოების მოხერხებულ
მმართველად კურთხევა. საჩვენებლად
ანტიქრისტიანული არაა მდიდართა
წინააღმდეგ აჯანყება, ან მათი
მორჩილება. მაგრამ საჩვენებლად
ანტიქრისტიანულია მდიდართა
ნდობა, მათი ზნეობრივი
თვალსაზრისით ღარიბებზე უფრო
სანდოდ აღიარება. ქრისტიანს
შეუძლია თანმიმდევრულდ თქვას:
„ამ ადამიანის მდგომარეობას
პატივს ვცემ, მიუხედავად
იმისა, რომ ის მექრთამეა.“
მაგრამ ქრისტიანი ვერ იტყვის
იმას, რასაც ყველა თანამედროვე
ადამიანი საუზმიდან ვახშმამდე
იმეორებს: „ამ მდგომარეობის
ადამიანი ქრთამს არ აიღებს,“
რადგან ქრისტიანული რწმენის
ნაწილია, რომ ნებისმიერი
წოდების ნებისმიერი ადამიანი
შესაძლოა იყოს მექრთამე.
საინტერესო დამთხვევაა, რომ
ეს აგრეთვე კაცობრიობის
ისტორიის ნაწილიცაა. როცა
იტყვიან, რომ „ამ მდგომარეობის“
ადამიანი მოუსყიდველია, არაა
აუცილებელი ქრისტიანობას
მოვუხმოთ. იქნებ ლორდი ბეკონი
იყო ფეხსაცმლის მწმენდავი,
ან ჰერცოგი მარლბორო მეეზოვე?
საუკეთესო უტოპიაში მზად
უნდა ვიყო ნებისმიერი მდგომარეობის
ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ
მომენტში ზნეობრივი დაცემისთვის;
პირველ რიგში კი საკუთარი
დაცემისთვის.
ჟურნალისტიკა სავსეა ქრისტიანობისა
და დემოკრატიის მსგავსებზე
ბუნდოვანი და სენტიმენტალური
პუბლიკაციებით, თუმცა ძნელად
მოძებნით ისეთს, რომელიც ამ
ორს შორის დაპირისპირების
არსებობის ფაქტის გასაქარწყლებად
საკმარისი სიცხადე და სიძლიერე
მოეპოვება. სინამდვილეში
ქრისტიანობისა და დემოკრატიის
ერთიანობა ბევრად უფრო ფართო
საფუძველს ეყრდნობა. ერთი,
განსაკუთრებით არაქრისტიანული
იდეა კარლაილს ეკუთვნის –
იდეა რომლის მიხედვითაც ის
უნდა მართავდეს, ვინც გრძნობს,
რომ შეუძლია მართვა. ეს წმინდა
წყლის წარმართობაა. თუ ჩვენი
რწმენა საერთოდ რამეს ამბობს
მართვაზე, ამბობს, რომ უნდა
მართავდეს ის, ვინც არ ფიქრობს,
რომ შეუძლია მართვა. კარლაილის
გმირს შეუძლია თქვას: „მე
ვიქნები მეფე,“ მაგრამ ქრისტიანმა
წმინდანმა უნდა თქვას „nolo
episcopari.“ თუ ქრისტიანობის დიდი
პარადოქსი რამეს ნიშნავს,
ესაა: უნდა ავიღოთ გვირგვინი
და დედამიწის ყველა კუნჭული
მოვიაროთ, ვიდრე არ ვიპოვით
ადამიანს, რომელიც თვლის, რომ
არ შეუძლია მართვა. კარლაილი
ცდება; გვირგვინი უნდა დავადგათ
არა იმ გამორჩეულ ადამიანს,
რომელმაც იცის, რომ შეუძლია
მართვა, არამედ იმ გამორჩეულ
ადამიანს, რომელმაც იცის, რომ
მართვა არ შეუძლია.
ესაა მომუშავე დემოკრატიის
ორი-სამი სასიცოცხლო თავდაცვათაგან
ერთ-ერთი. უბრალო კენჭისყრის
მექანისზმი არაა დემოკრატია,
მაგრამ ამჟამად უფრო მარტივი
მეთოდის განხორციელება
შეუძლებელია. თუმცა ეს მექანიზმი
ღრმად ქრისტიანულია იმ
პრაქტიკული თვალსაზრისით,
რომ ითვალისწინებს მათ აზრს,
ვინც ზედმეტად თავმდაბალია
იმისთვის, რომ ეს აზრი თავად
მოგაწოდოთ. ეს მისტიკური
თავგადასავალია; ეს ნდობაა
მათი, ვინც საკუთარ თავს არ
ენდობა. ეს საიდუმლო მკაცრად
ქრისტიანობისთვისაა
დამახასიათებელი. ბუდისტის
გარიყულობას თავმდაბლობის
არაფერი სცხია. რბილი ინდუსი
რბილია, მაგრამ არა თვინიერი.
არის რაღაც ფსიქოლოგიურად
ქრისტიანული თვალსაჩინოთა
აზრის მიღების ჩვეული გზით
სიარულის ნაცვლად უმიშვნელოთა
აზრის ძიებაში. იმის თქმა, რომ
კენჭისყრა განსაკუთრებულად
ქრისტიანული რამაა, შეიძლება
ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს.
იმის თქმა, რომ აგიტაცია
ქრისტიანული რამაა, შეიძლება
სრულიად გიჟურად გამოიყურება.
თუმცა აგიტაცია თავის პირველადი
თვალსაზრისით ჭეშმარიტად
ქრისტიანულია. ეს თავმდაბალთა
წახალისებაა; ეს ნიშნავს
მათთვის თქმას: „მეგობარო,
ადი ზევით.“ თუ რამ უმნიშვნელო
ნაკლი აქვს აგიტაციას, ანუ
მის სრულყოფილ და დახვეწილ
ღვთისმოსავობას, ესაა: თავად
აგიტატორის თავმდაბლობას
არ ახალისებს.
არისტოკრატია არაა ინსტიტუტი:
არისტოკრატია ცოდვაა და
ზოგადად არც თუ მძიმე. ადამიანს
გაიტაცებს ხოლმე ბუნებრივი
სწრაფვა პომპეზურობისა და
ძლიერთა თაყვანისცემისაკენ.
ეს ჩვეულებრივი და იოლი მიწიერი
ამბავია.
ასობით შესაძლოდან ერთი
პასუხი თანამედროვე „ძალის“
წარმავალ უკუღმართობაზე
ისაა, რომ ყველაფერი, რაც სწრაფი
და გაბედულია, ამავე დროს ნაზი
და მგრძნობიარეცაა. ფრინველი
აქტიურია, იმიტომ რომ რბილია.
ქვა უსუსურია, რადგან მყარია.
ქვას ბუნება ქვევით ექაჩება,
რადგან სიმყარე სისუსტეა.
ფრინველის ბუნება ზევით
სწრაფვაა, რადგან სირბილე
ძალაა. სრულყოფილ ძალაში არის
თავისუფლება და ჰაეროვნება,
რომელსაც ჰაერში თავის შეკავების
უნარი აქვს. სასწაულის თანამედროვე
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ
დიდი წმინდანები ლევიტაციის
უნარს ფლობდნენ. შეიძლება
უფრო შორსაც წასულიყვნენ:
დიდი წმინდანების დამახასიათებელი
თვისებაა საკუთარი თავის
მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება.
ანგელოზებს შეუძლიათ იფრინონ,
რადგან საკუთარ თავს მსუბუქად
უყურებენ. ეს ზოგადად ქრისტიანული
და განსაკუთრებით ქრისტიანული
ხელოვნების ინსტიქტი იყო.
გაიხსენეთ, როგორ წარმოგვიდგენს
ფრა ანჯელიკო თავის ანგელოზებს:
ფრინველებივით, უფრორე კი
პეპლებივით. გაიხსენეთ, რაოდენ
აღსავსეა გულწრფელი შუასაუკუნოებრივი
ხელოვნება მსუბუქი და ფრიალა
ქსოვილით, სწრაფად მონავარდე
ფეხებით. ეს ერთადერთი რამაა,
რაც თანამედროვე პრე-რაფაელიტებმა
ვერ გადმოიღეს ნამდვილი
პრე-რაფაელიტებისგან. ბერნ-ჯონსმა
ვერ აღადგინა შუა საუკუნეების
ღრმა სიმსუბუქე. ძველ ქრისტიანულ
მხატვრობაში ცა ლურჯ ან
ოქროსფერ პარაშუტს ჰგავს.
ყველა სხეული თითქოს მზადაა
აფრენისა და ზეცაში ცურვისთვის.
გლახაკის დაფლეთილი მოსასხამი
მას ანგელოზის ფრთასავით
აიტაცებს. მეფეთა მძიმე ოქრო
და ამაყი მეწამული სამოსი კი
თითქოს ძირავს მათ, რადგან
სიამაყე ვერ ამაღლდება
სიმსუბუქესა და ფრენამდე.
ამპარტავნება დაბლა, იოლი
მედიდურობისკენ ექაჩება
ყველაფერს. თვითდაინტერესებული
სერიოზულობა „ლექავს;“
მხიარული თვითდავიწყება კი
ატივტივებს. სერიოზულობა
სიქველე არაა. ერესი იქნება,
მაგრამ ბევრად უფრო შესამჩნევი
ერესი, თუ ვიტყვით, რომ სერიოზულობა
მანკიერებაა. საკუთარი მეს
მძიმედ აღქმა ბუნებრივი
მიდრეკილებაა, რადგან ძალიან
ადვილია. „ტაიმსის“ მეწინავეს
შეთხზვა ბევრად უფრო იოლია,
ვიდრე კარგი ხუმრობის მოფიქრება
„პანჩისთვის,“ რადგან მედიდურობა
ადამიანიდან თავისით გამოედინება,
სიცილი კი ნახტომია. იოლია
იყო მძიმე: სიმსუბუქეა ძნელი.
სატანა სიმძიმის ძალამ დასცა.
ქრისტიანული ევროპის
განსაკუთრებული ღირსება
ისაა, რომ თუმცა კი ჰყავდა
არისტოკრატია, გულის სიღრმეში
მას ყოველთვის თუმცა მისატევებელ, მაგრამ მაინც სისუსტედ თვლიდა. თუ ვინმეს ამის
გასინჯვა სურს, ქრისტიანობის
გარეთ, განსხვავებულ ატმოსფეროში
გავიდეს. შეიძლება, მაგალითად,
ევროპული კლასების შედარება
ინდოეთის კასტებთან. იქ
არისტოკრატია ბევრად უფრო
საშინელია, რადგან ბევრად
უფრო ინტელექტუალურია. სერიოზული
შეგრძნებაა იმისა, რომ კლასების
სკალა სულიერ ღირებულებათა
სკალაა; რომ ხაბაზი სჯობს
ყასაბს უხილავი და საკრალური
თვალსაზრისით. ქრისტიანობაში
კი ყველაზე უფრო უცოდინარსა
და გადაგვარებულსაც კი არ
მოუვა აზრად, რომ ბარონეტი
ყასაბს ამჯობინოს სულიერი
თვალსაზრისით. არცერთ ქრისტიანს,
რა გინდა რა უცოდინარსა და
ახირებულს, აზრად არ მოუვა
ამტკიცოს, რომ ჰერცოგი არ
წაწყდება. არ ვიცი, წარმართულ
საზოგადოებაში იქნებ იყო
ასეთი სერიოზული განსხვავება
თავისუფალ ადამიანს და მონას
შორის. ქრისტიანობაში
თავადაზნაურობა ყოველთვის
გარკვეული სახის ხუმრობად
აღიქმებოდა, თუმცა დიდ ჯვაროსნულ
ლაშქრობებსა და სათათბიროებზე
ამ ხუმრობამ პრაქტიკულის
სახელი შეიძინა. მხოლოდ ზოგიერთი არაევროპელი
უცხოელი (მაგ. დოქტორი ოსკარ
ლევი, ერთადერთი გონიერი
ნიცშეანელი) აღიქვამს
არისტოკრატიას სერიოზულად.
შეიძლება პატრიოტულ მიკერძოებად
ჩამეთვალოს, მაგრამ მეჩვენება,
რომ ინგლისური არისტოკრატია
არისტოკრტათიათა გვირგვინი
და ყვავილია. მას ოლიგარქიის
ყველა სიქველე და მანკიერება
აქვს. ის უბრალოა და კეთილი,
ჩვეულებრივ ამბებში - საკმაოდ
გაბედულიც; მაგრამ ყველა
ზემოთჩამოთვლილს ფარავს ერთი
მთავარი ღირსება – მას არავინ
სერიოზულად არ აღიქვამს.
მოკლედ, როგორც ყოველთვის,
გაჭირვებით გამოვიყვანე
უტოპიის თანასწორობის კანონი
და მერამდენედ აღმოვაჩინე,
რომ ქრისტიანობა აქ უკვე
ნამყოფი იყო. ჩემი უტოპიის
ამბავი ასეთი წყენანარევი
სიხარულითაა სავსე. გამოვვარდები
გარეთ ახალი კოშკის გეგმის
მონახაზით და რას ვხედავ:
კოშკი უკვე ათასი წელია ადგილზეა
– მზის სინათლით გასხივოსნებული.
კვეხნის გარეშე ვამბობ, იყო
დრო, როცა ახლოს ვიყავი საქორწინო
აღთქმის გამოგონებასთან,
მაგრამ შემდეგ ნაწყენმა
აღმოვაჩინე, რომ ჩემამდე
გამოუგონებიათ. ვინაიდან
მთელი ეს ისტორია, თუ როგორ
ნაბიჯ-ნაბიჯ ვპოულობდი ჩემი
უტოპიის პასუხებს ახალ
იერუსალიმში, გაუთავებელი
იქნება, ამ ერთ, ქორწინების
შემთხვევას ავიღებ, რათა
სხვების თანხვედრა აღვწერო.
როდესაც სოციალიზმის ჩვეულებრივი
ოპონენტები ადამიანის ბუნების
უცვლელობაზე და შეუსაბამობებზე
საუბრობენ, მნიშვნელოვანი
განსხვავება გამორჩებათ
ხოლმე. იდეალური საზოგადოების
თანამედროვე კონცეფციებს
შორის არსებობს სურვილები,
რომლებიც შესაძლოა, მიუღწეველია;
მაგრამ არსებობს ისეთი
სურვილებიც, რომლებიც საერთოდ
არასასურველია. ის, რომ ყველა
ადამიანი ერთნაირად მშვენიერ
სახლში უნდა ცხოვრობდეს,
ოცნებაა, რომელიც ან ასრულდება,
ან არა. მაგრამ ის, რომ ყველა
ადამიანი ერთ მშვენიერ სახლში
უნდა ცხოვრობდეს, ოცნება კი არა, შემაძრწუნებელი სიზმარია.
ადამიანს ყველა მოხუცი ქალი
რომ უნდა უყვარდეს, ძნელად
მისაღწევი იდეალია; მაგრამ
ყველა მოხუცი ქალის მიმართ
იგივე დამოკიდებულება რომ
უნდა ჰქონდეს, როგორიც დედის
მიმართ აქვს, ისეთი იდეალია,
რომლის მიღწევა საჭირო საერთოდ
არ არის. არ ვიცი, მეთანხმება
თუ არა მკითხველი ამ მაგალითებში;
მაგრამ კიდევ ერთს მოვიყვან,
რომელიც ჩემზე ყველაზე დიდ
ზემოქმედებას ახდენდა ყოველთვის.
ვერასდროს წარმოვიდგენ და
შევიწყნარებ ისეთ უტოპიას,
რომელიც არ დამიტოვებს
თავისუფლებას, რომელსაც
ყველაზე მეტად ვაფასებ –
თავისუფლებას ვიყო მიბმული.
სრული ანარქია შეუძლებელს
ხდის ყოველნაირ წესრიგს და
ერთგულებას; ის აგრეთვე
შეუძლებელს ხდის ყოველგვარ
სიამოვნებას. მარტივი მაგალითი:
ყველანაირ ფსონს აზრი ეკარგება,
თუ ფსონი არ ავალდებულებს.
თუ ყველა შეთანხმება გაუქმდა,
ეს ზნეობასაც დაანგრევს და
სპორტსაც. ფსონები და სპორტი
ადამიანის თავგადასავალის
და რომანტიკის თანდაყოლი
ინსტინქტის შემცირებული და
დეფორმირებული გამოხატულებაა.
საფრთხე, ჯილდო, სასჯელი და
მიღწევა რეალური თუ არაა,
თავგადასავალი ცვალებადი
და უგულო კოშმარია. თუ ფსონს
ჩადიხარ - გადაიხადე, სხვანაირად
თამაშის პოეზია გაქრება. თუ
გამოიწვევ – იბრძოლე, თორემ
გამოწვევის პოეზია გაქრება.
თუ ერთგულება აღვუთქვი, უნდა
დავიწყევლო კიდეც ღალატისათვის,
თორემ აღთქმის სიამოვნება
დაიკარგება. ქრისტიანული
ქორწინება რეალური და შეუქცევადი
შედეგის შესანიშნავი მაგალითია;
ამიტომაცაა ის ჩვენი რომანიკული
თხზულების ცენტრალური და
მთავარი საგანი. და ესაა
უკანასკნელი რამ, რასაც
იმპერატიულად ვითხოვ ყველანაირი
სოციალური სამოთხისაგან;
მომთხოვონ ჩემი შეთანხმების
შესრულება, სერიოზულად აღიქვან
ჩემს მიერ მიცემული სიტყვა
და ჩემი ვალდებულებები.
მოვითხოვ, რომ უტოპიამ დაიცვას
ჩემი ღირსება ჩემგან.
ჩემი თანამედროვე უტოპიელი
მეგობრები ერთმანეთს ეჭვის
თვალით უცქერენ, რადგან მათი
უკანასკნელი იმედი ყველა
კერძო კავშირის დარღვევაა.
და ისევ ჩამესმის ექოსმაგვარი
მიღმისეული პასუხი: „გექნება
ნამდვილი ვალდებულებები და
შესაბამისად, ნამდვილი
თავგადასავალიც, როცა ჩემს
უტოპიაში მოხვდები. მაგრამ
ყველაზე ძნელი ვალდებულება
და წარმოუდგენელი თავგადასავალი
იქ მოხვედრაა.“
.
No comments:
Post a Comment