ბოლო თავში ვამტკიცებდი, რომ
ორთოდოქსია არამარტო ზნეობისა
და წესრიგის საიმედო დამცველია,
არამედ თავისუფლების, განახლების
და წინსვლის ერთადერთი ლოგიკური
დამცველიც. ადამიანის სრულყოფის
თანამედროვე დოქტრინა არ
გამოგვადგება, თუ თავაშვებული
მჩაგვრელის დამხობა განვიზრახეთ;
აქ პირველქმნილი ცოდვის ძველი
დოქტრინაა საჭირო. თუ თანდაყოლილი
სისასტიკის აღმოფხვრა ან
შემცირებული მოსახლეობის
გაზრდა გვინდა, მატერიის
პირველადობის მეცნიერული
თეორია კი არა, სულის პირველადობის
ზებუნებრივი თეორია უნდა
მოვიშველიოთ. თუ ხალხის
საზოგადოებრივი თვალსაზრისით
გამოფხიზლება გვსურს, იმანენტური
ღმერთი და შინაგანი სინათლე
ვერ გვიშველის: ესენი კმაყოფილების
საუკეთესო წყაროა; აქ
ტრანსცენდენტული ღმერთი და
მოუხელთებელი ნათებაა
აუცილებელი: ესაა ღვთიური
უკმაყოფილება. თუ გულუხვი
წონასწორობის დამკვიდრებას
ვცდილობ საშინელი ავტოკრატიის
საპირისპიროდ, უნიტარიზმს
ინსტიქტურად ტრინიტარიელობას
ვამჯობინებ. თუ გვსურს ევროპულ
ცივილიზაციას მხსნელის ხასიათი
ჰქონდეს, უნდა დავიჟინოთ, რომ
სულს რეალური საფრთხე ემუქრება.
თუ გვსურს წაქცეულის და
ჯვარცმულის წამოყენება,
გვიჯობს ვიფიქროთ, რომ ჭეშმარიტი
ღმერთი ეცვა ჯვარს, და არა
უბრალოდ ბრძენი და გმირი.
უპოვართა დასაცავად უცვლელი
პრინციპები და ნათელი დოგმებია
საჭირო. კლუბის გადაწყვეტილება
დროდადრო ღარიბ წევრს წყალობს,
პასიურობა კი ყოველთვის
მდიდარს ახეირებს.
და აი, მივადექით საბოლოო და
გადამწყვეტ კითხვას. გონიერი
აგნოსტიკოსი, თუ ისე მოხდა,
რომ აქამდე ყველაფერში
დამეთანხმა, მობრუნდება და
მეტყვის: „ადამიანის დაცემაში
პრაქტიკული ფილოსოფია გიპოვია;
კეთილი. დემოკრატიის ამჟამად
უგულებელყოფილი მხარე ბრძნულადაა
გაცხადებული პირველქმნილ
ცოდვაში; ძალიან კარგი. ჯოჯოხეთის
დოქტრინაშიც ჭეშმარიტებას
მიაგენი; მომილოცავს. დარწმუნებული
ხარ, რომ პიროვნული ღმერთის
თაყვანისმცემელი გარეთ იყურება
და პროგრესულია; ვულოცავ.
ვთქვათ, ამ დოქტრინებში მართლაც
არის სიმართლე. რატომ არ
შეიძლება, ეს სიმართლე აიღო
და დოქტრინები უკუაგდო? თუ
თანამედროვე საზოგადოება
არ ითვალსიწინებს ადამიანის
სისუსტეს და მდიდრებს ზედმეტად
ენდობა, თუ რწმენის ეპოქას
დიდი უპირატესობა ჰქონდა ამ
სისუსტის გათვალისწინებით
(დაცემის რწმენის წყალობით),
იქნებ ადამიანის სისუსტე
გაითვალისწინო და დაცემის
რწმენას თავი დაანებო? თუ
აღმოაჩინე, რომ წარწყმედის
იდეა საფრთხის ჯანსაღ იდეას
შეიცავს, რატომ არ იღებ საფრთხის
იდეას, წარყმედის იდეის გარეშე?
თუ ქრისტიანული ორთოდოქსიის
კაკალში საღი აზრის გულს
ხედავ, რატომ არ გამოარჩევ
გულს? რატომ არ შეგიძლია
(ფარისევლური საგაზეთო ფრაზა
რომ გამოვიყენოთ, რისიც მე,
მაღალგანათლებულ მეცნიერ-აგნოსტიკოსს,
ცოტა მრცხვენია), უბრალოდ აიღო
ქრისტიანობისგან ყველაფერი
კარგი, ფასეული, გასაგები და
დანარჩენი – დოგმები, რომლებიც
თავისი ბუნებით მიუწვდომელია,
გადაყარო?“ ეს ნამდვილი კითხვაა
და ეს უკანასკნელი კითხვაა;
სიამოვნებით ვეცდები მასზე
პასუხის გაცემას.
პირველი: მე უბრალოდ რაციონალისტი
ვარ. მომწონს ჩემი მიგნების
გონებრივი დასაბუთება. თუ
ადამიანს , როგორც დაცემულს,
ისე ვექცევი, მირჩევნია ვიფიქრო,
რომ მართლაც დაეცა. უცნაური
ფსიქოლოგიური მიზეზით, ადამიანის
თავისუფალი ნების გამოვლინებას
უკეთესად ვეკიდები, თუ მჯერა,
რომ ასეთი რამ მართლაც აქვს.
ამ თვასაზრისით კიდევ უფრო
რაციონალისტი ვარ და არ ვაპირებ,
ეს წიგნი ჩვეულებრივი ქრისტიანული
აპოლოგეტიკის ნიმუშად ვაქციო.
სიამოვნებით შევხვდებოდი
ქრისტიანობის მტრებს ამ უფრო
აშკარა სარბიელზე. ეს კი მხოლოდ
საკუთარი სულიერი გარკვეულობის
ზრდის ანგარიშია. თუმცა
შევჩერდები და ვიტყვი: რაც
უფრო მეტ აბსტრაქტულ არგუმენტს
ვისმენ ქრისტიანული კოსმოლოგიის
წინააღმდეგ, მით უფრო ნაკლებს
ვფიქრობ მათზე. როდესაც
ხორცშესხმის მორალური
ატმოსფერო საღ აზრს ეთანადება,
მისი საწინააღმდეგო
ინტელექტუალური არგუმენტები
საღ უაზრობად იქცევა. და თუ
მსჯელობა მაინც ზარალდება
ჩვეულებრივი აპოლოგეტიკის
უქონლობით, მაშინ ძალიან
მოკლედ შევაჯამებ საკუთარ
არგუმენტებს და დასკვნებს
საკითხის წმინდა ობიექტურ
და მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე.
თუ მკითხავთ, წმინდა გონებრივი
თვალსაზრისით, რატომ მწამს
ქრისტიანობა, გიპასუხებთ:
„ზუსტად იმიტომ, რატომაც ის
არ სწამს ჭკვიან აგნოსტიკოსს.“
მე ის მწამს სავსებით რაციონალურად,
მტკიცებულებათა საფუძველზე.
თუმცა ჩემი მტკიცებულებანი,
მსგავსად გონიერი აგნოსტიკოსისა,
არაა ესა თუ ის სავარაუდო
დამტკიცება; ესაა მცირე და
უტყუარი ფაქტების უზარმაზარი
გროვა. სეკულარისტის ბრალი
არაა, რომ მისი საბუთები ჭრელი
და დაუკავშირებელია: გონებას
სწორედ ასეთი საბუთი არწმუნებს.
ოთხი წიგნიდან მოპოვებული
სიბრძნე ნაკლებად დამარწმუნებელია,
ვიდრე ერთი წიგნიდან, ერთი
ბრძოლისგან, ერთი პეიზაჟიდან
და ერთი ძველი მეგობრისგან
მიღებული. მტკიცებულებათა
განსხავებულობა მხოლოდ
აღრმავებს იმ ფაქტის მნიშვნელობას,
რომ მათ ერთ დასკვნამდე
მივყავართ. თანამედროვე,
საშუალოდ განათლებული ადამიანის
არაქრისტიანობა სწორედ ასეთ,
დაუკავშირებელ ცოცხალ
გამოცდილებას ეფუძნება.
ქრისტიანობის სასარგებლო
ჩემი მტკიცებულებები ზუსტად
ასეთივე ცოცხალი და სხვადასხვაგვარია.
თუმცა როდესაც ანტიქრისტიანულ
სიმართლეს ვსინჯავ, ხელთ
ყოველთვის ტყუილი შემრჩება
ხოლმე; ფაქტების ტალღა და ძალა
მუდამ საპირისპირო მხარესაა
მიმართული. ვნახოთ მაგალითები.
ალბათ მრავალ გონიერ თანამედროვე
ადამიანს მიატოვებინა
ქრისტიანობა სამმა კრებადმა
მტკიცებულებამ. პირველი:
ადამიანი ფორმით, აგებულებით,
სქესით, ძალიან ჰგავს ცხოველს,
ის უბრალოდ ცხოველთა სამეფოს
ერთერთი სახეობაა. მეორე:
პირველყოფილი რელიგია
უცოდინარობისა და შიშის
შექმნილია. მესამე:
ღვთისმსახურები საზოგადოებაში
სიმწარესა და დაღვრემილობას
თესავენ. ეს სამი ანტიქრისტიანული
არგუმენტი ძალიან განსხვავებულია,
მაგრამ სავსებით ლოგიკური
და ლეგიტიმურია, თანაც ერთ
წერტილში იყრის თავს. ერთადერთი
ნაკლი (რაც ვუპოვე) ისაა, რომ
არცერთი ჭეშმარიტი არაა. თუ
ადამიანისა და ცხოველის
შესახებ წიგნებს გვერდზე
გადადებ, და ორივეს შეხედავ
(თუ ოდნავ მაინც გაქვს იუმორის
გრძნობა და წარმოსახვის უნარი,
ბობოქარის ან სასაცილოს
განცდა), მიხვდები, რომ გასაოცარი მათ შორის მსგავსება კი არა,
სწორედ რომ განსხვავებაა. ამ
სხვაობის განუზომელობაა, რაც
ახსნას ითხოვს. ის, რომ ადამიანი
ცხოველს ჰგავს, გაცვეთილი
ჭეშმარიტებაა; რატომაა, რომ
ასეთი მსგავსების მიუხედავად,
ასეთი გიჟური სხვაობა არსებობს
– ესაა შემძვრელი და ამოუცნობი.
მაიმუნს ხელები რომ აქვს,
ბევრად უფრო ნაკლებად საინტერესოა
ფილოსოფოსისათვის, ვიდრე ის,
რომ ამ ხელებით თითქმის არაფერს
არ აკეთებს: არ კოჭაობს, არ
უკრავს ვიოლინოს, არ კვეთს
მარმარილოს და არ ჭრის ცხვრის
ხორცს. ხალხი უგემოვნო
არქიტექტურაზე და დაცემულ
ხელოვნებაზე კი წუწუნებს,
მაგრამ სპილოები არ აშენებენ
კოლოსალურ სპილოს ძვლის
ტაძრებს, თუნდაც როკოკოს
სტილში. აქლემები არ ხატავენ
თუნდაც ძალიან უხარისხო
ტილოებს, მიუხედავად იმისა,
რომ აქლემის ბეწვის ფუნჯებისათვის
შეუზღუდავად აქვთ ნედლეული.
ზოგიერთი თანამედროვე მეოცნებე
აცხადებს, რომ ჭიანჭველებს
და ფუტკრებს ჩვენზე უფრო
მაღალი საზოგადოებრივი
ორგანიზაცია აქვთ. მათ მართლაც
აქვთ ცივილიზაცია, მაგრამ ეს
მხოლოდ იმას გვიჩვენებს,
რამდენად არასრულფასოვანია
ეს ცივილიზაცია. ვის უნახავს
ცნობილი ჭიანჭველების
ქანდაკებებით დამშვენებული
ჭიანჭველების ბუდე? ან ფიჭაზე
გამოსახული წარსულის დიდი
დედოფალი? უფსკრული ადმიანსა
და სხვა ქმნილებებს შორის
იქნებ ბუნებრივადაც იხსნება,
მაგრამ ის მაინც უფსკრულია.
ჩვენ გარეულ ცხოველებზე
ვსაუბრობთ, მაგრამ ერთათერთი
გარეული ცხოველი ადამიანია;
მხოლოდ ადამიანია გაქცეული.
დანარჩენები შინაურები არიან,
ტომისა თუ სახის მკაცრი
პატივისცემის მიმდევარნი.
მხოლოდ ადამიანია მუდმივად
არაშინაური, ხან მრუში და ხან
ბერი. ასე რომ, ეს პირველი,
ზედაპირული მატერიალისტური
მტკიცებულება, თუ საერთოდ
არის ასეთი, საპირისპიროს
უფრო ამტკიცებს. ზუსტად აქაა,
ბიოლოგია რომ მთავრდება და
რელიგია იწყება.
მეორე მტკიცებულების საფუძველს
რომ მივადექი, აღმოვაჩინე,
რომ ასეთი რამ არ არსებობს.
ლაპარაკია თანამედროვე იდეაზე,
თითქოს ყველაფერი, რასაც
ღვთაებრივს ვუწოდებთ, სიბნელეში
და შიშში დაიწყო. მეცნიერებამ
არაფერი იცის პრეისტორიული
ადამიანის შესახებ იმ შესანიშნავი
მიზეზის გამო, რომ ის პრეისტორიულია.
რამდენიმე პროფესორს ურჩევნია
იფიქროს, თითქოს ადამიანის
მსხვერპლად შეწირვა ერთ დროს
საზოგადოდ იყო გავრცელებელი
და თანდათან შემცირდა. თუმცა
ამის პირდაპირი მტკიცებულება
არ არსებობს, მწირი ირიბი კი
საპირისპიროს ამტკიცებს.
ისააკისა და იფიგენიის ადრეულ
ლეგენდებში არ ჩანს, რომ
ადამიანის შეწირვა ძველი
ჩვეულებაა, უფრო პირიქით; ეს
ღმერთების მიერ გაურკვევლად
მოთხოვნილი უცნაური და
შემაშინებელი გამონაკლისია.
ისტორია არაფერს ამბობს,
ლეგენდები კი ამბობენ, რომ
დედამიწა ადრე უფრო კეთილგანწყობილი
იყო. პროგრესის შესახებ
გადმოცემა არ არსებობს, დაცემაზე
გადმოცემა კი საყოველთაოა.
ამ იდეის ფართოდ გავრცელებას
თავად იდეის ავთენტურობის
საწინააღმდეგოდ იყენებენ,
რაც ძალიან გასართობია.
განსწავლული ხალხი სიტყვასიტყვით
ამბობს: ეს პრეისტორიული
უბედურება არ მომხდარა, ვინაიდან
კაცობრიობის ყველა მოდგმას
ახსოვსო. ასეთ პარადოქსებს
მე ფეხს ვერ ავუწყობ.
მესამე მაგალითიც - აქაოდა
ღვთის მსახურებმა გაამწარეს
მსოფლიო - იგივე დასკვნამდე
მივყავართ. შევხედე მსოფლიოს
და უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ
ეს ასე არაა. ევროპის იმ
ქვეყნებში, რომლებიც ახლაც
ღვთისმსახურთა გავლენას
განიცდიან, ცეკვა, სიმღერა,
მხიარული ფერები და ქუჩის
ხელოვნებაა გამეფებული.
კათოლიკური დოქტრინა და
წესრიგი იქნებ ღობავს, მაგრამ
შემოღობილი - სათამაშო მოედანია.
ქრისტიანობა ერთადერთი ჩარჩოა,
რომელმაც წარმართული მხიარულება
შეინარჩუნა. წარმოიდგინეთ
მაღალი კუნძული ზღვაში, სწორ,
ბალახიან თხემზე მოთამაშე
ბავშვებით. ვიდრე თხემი კედლითაა
გარშემორტყმული, ბავშვები
ნებისმიერ ცელქობას ეძლევიან
და მათი ჟრიამულიც ცას წვდება.
მაგრამ უეცრად კედელი ინგრევა
და ღია უფსკრული გამოჩნდება.
ქვევით არავინ ვარდება, მაგრამ
შეშინებული ბავშვები კუნძულის
შუაგულში შეყუჟულან და სიმღერის
თავიც აღარავის აქვს.
ამდენად, ეს სამი ფაქტი, რომელიც
თითქოს აგნოსტიკოსს აძლევს
ხელს, პირიქით მოქმედებს.
უპასუხოდ რჩება ჩემი კითხვები:
„ახსენით ცხოველთა შორის
ადამიანის თვალშისაცემი
გამორჩეულობა; გარდასული
ბედნიერების ზოგადსაკაცობრიო
ტრადიცია; კათოლიკურ ქვეყნებში
წარმართული მხიარულების
შენარჩუნება.“ ერთი ახნა
ნამდვილად ფარავს სამივე
კითხვას: ბუნებრივი წესრიგი
ორჯერ იქნა შეწყვეტილი რაღაც
აფეთქებით თუ გამოცხადებით,
რომელსაც ახლა „psychic-ს“ უწოდებენ. ერთხელ ზეცა დედამიწაზე
დაეშვა ძალით თუ ბეჭდით,
რომელსაც ღმერთის ხატება
ჰქვია, რათა ადამიანი ბუნებაზე
გამეფებულიყო; და კვლავ (იმპერია
იმპერიას მისდევდა, ადამიანს
კი უჭირდა) ზეცა ადამიანის
ფორმით დაბრუნდა კაცობრიობის
გადასარჩენად. ეს ხსნის, რატომ
იყურება კაცობრიობა მუდამ
უკან, და რატომაა ერთადერთი
კუთხე, სადაც ის რამე თვალსაზრისით
წინ იყურება, პატარა კონტინენტი,
სადაც ქრისტეს თავისი ეკლესია
აქვს. ვიცი, მეტყვიან, რომ
იაპონია პროგრესული გახდა.
მაგრამ როგორ ჩავთვალო, რომ
ეს პასუხია, როცა თავად ნათქვამი
„იაპონია პროგრესულია“
გულისხმობს „იაპონია ევროპულია“?
ამას თავი დავანებოთ. აქ ჩემი
ახსნის სისწორეზე მეტად ჩემი
საწყისი შენიშვნის ჭეშმარიტებას
უფრო ვიცავ. ვეთანხმები
ჩვეულებრივ, ურწმუნო გამვლელს
იმაში, რომ შეიძლება სამ-ოთხ
უცნაური ფაქტზე დაყრდნობა,
თუ ყველა ერთ რამეზე მიანიშნებს.
უბრალოდ ამ ფაქტებს გასინჯვისას
ყოველთვის აღმოვაჩენ ხოლმე,
რომ ისინი სხვა რამეზე
მიანიშნებენ.
აქ ქრისტიანობის საწინააღმდეგო
ჩვეულებრივი არგუმენტების
სავარაუდო ტრიადა მოვიყვანე.
თუ ეს არასაკმარისი საფუძველია,
დაუყოვნებლივ მოვიყვან სხვას.
არსებობს გარკვეული სახის
მოსაზრებები, რომლებიც
ერთობლივად ქმნიან ქრისტიანობის
სისუსტისა და დაავადებულობის
განცდას. ერთის მიხედვით,
ქრისტე ნაზი არსებაა, არაამქვეყნიური
და კრავისმაგვარი, და დარჩა
უშედეგო მოწოდებად. მეორე
ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა
უმეცრების ბნელ ეპოქაში
წარმოიშვა და გაიფურჩქნა,
შესაბამისად, ეკლესია უკან
მიგვათრევს. მესამეს მიხედვით,
ხალხი, რომელიც უფრო რელიგიურია
ან (თუ გნებავთ) ცრუმორწმუნე
– ირლანდიელების მსგავსად
– სუსტი, არაპრაქტიკული და
ჩამორჩენილია. ეს იდეები იგივე
მიზეზით ვახსენე: როცა მათ
ცალკე განიხილავ, ხვდები: განა
დასკვნებია არაფილოსოფიური,
არა, უბრალოდ ფაქტები არაა
ფაქტები. ახალი აღთქმის შესახებ
წიგნების და სურათების ნაცვლად
თავად ახალ აღთქმას მივმართე.
აღმოვაჩინე შუაში თმაგაყოფილი
და ვედრებით გულხელდაკრეფილი
ადამიანისაგან ძალიან
განსხვავებული არსება, მქუხარე
ბაგით და ცეცხლოვანი
გადაწყვეტილებებით, რომელიც
მაგიდებს აყირავებს, ეშმაკს
განდევნის, მთაში განმარტოებიდან
ქარის სისწრაფით გადადის
საშინელ დემაგოგიაზე; არსება,
რომელიც ხშირად - განრისხებული
ღმერთივით, და ყოველთვის -
ღმერთივით მოქმედებს. ქრისტეს
ლიტერატურული სტილიც კი
განუმეორებელია - A FORTIORI-ს ბობოქარი
გამოყენებით. მისი ეს „რამდენად
უფრო“ ერთმანეთზე ისე ეწყობა,
როგორც კოშკი კოშკზე ღრუბლებში.
მასზე ტკბილად და მორჩილად
ლაპარაკობენ - ალბათ ბრძნულადაც,
თავად მისი მეტყველება კი
ბუმბერაზულია, სავსე ნემსის
ყუნწში ჩამხტარი აქლემებით
და ზღვაში ნასროლი მთებით.
ზნეობრივი თვალსაზრისით ის
ძრძწოლისმომგვრელია; თავს
მახვილს უწოდებს, და სხვებსაც
მოუწოდებს მოსასხამი გაყიდონ
და მახვილი იყიდონ. ბოროტების
წინააღუდგომლობის სასარგებლოდ
კიდევ უფრო მძაფრ სიტყვებს
იყენებს, რაც ზრდის განუზომლად
იდუმალებას, მაგრამ თუ კიდევ
რასმე - ძალას. ამ არსებას
შლეგიც რომ უწოდო, მაინც
ვერაფერს ახსნი, რადგან სიშლეგე
ყოველთვის ერთ, თანმიმდევრულ
კალაპოტს მიჰყვება ხოლმე.
მანიაკი, როგორც წესი, მონომანიაკია.
აქ უნდა გავიხსენოთ ქრისტიანობისთვის
მიცემული ძნელი განმარტება:
ზეადამიანური პარადოქსი,
სადაც საპირისპრო ვნებანი
გვერდიგვერდ გიზგიზებენ.
სახარებისეული ენის ერთი
ახსნა, რომელიც მართლა ხსნის,
ასეთია: ესაა ხედვა იმისა,
ვინც ზებუნებრივი სიმაღლიდან
კიდევ უფრო გასაოცარ სინთეზს
აკვირდება.
შემდეგ მაგალითზე გადავალ:
თითქოს ქრისტიანობის იდეა
ბნელ ეპოქას ეკუთვნის. აქ ვერ
დავკმაყოფილდი მხოლოდ
თანამედროვე განზოგადოებების
კითხვით და ცოტაოდენი ისტორიაც
გადავიკითხე. ისტორიაში კი
ვიპოვე, რომ ქრისტიანობა,
რომელიც ასე შორსაა ბნელი
ეპოქისაგან, ერთადერთი ბილიკია,
ბნელ ეპოქას რომ გასდევს, და
თავად ბნელი არაა. ესაა მანათობელი
ხიდი, რომელიც ორ მანათობელ
ცივილიზაციას აკავშირებს.
თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა
აღმოცენდა უმეცრებასა და
სიველურეში, პასუხი მარტივია:
არა. ის ხმელთაშუა ზღვის
ცივილიზაციაში აღმოცენდა
რომის იმპერიის სრული
გაფურჩქვნისას. ქვეყნიერება
- სკეპტიკოსებით გადავსებული,
პანთეიზმი კი მზესავით ნათელი
იყო , როდესაც კონსტანტინემ
ჯვარი ანძას მიაჭედა. სრული
სიმართლეა, ხომალდი ჩაიძირა, მაგრამ ბევრად უფრო
არაჩვეულებრივი ისაა, რომ
შემდეგ ამოტივტივდა – შეღებილი
და ბრწყინვალე, ისევ ჯვრით
დამშვენებული. ეს სასწაულია,
რომელიც რწმენამ მოიმოქმედა:
მან ჩაძირული ხომალდი წყალქვეშა
ნავად აქცია. კიდობანი ცოცხლობდა
წლის ტვირთქვეშ. დინასტიების
და კლანების ნამსხვრევების
ქვეშ დამარხულნი ჩვენ წამოვდექით
და რომი გავიხსენეთ. თუ ჩვენი
რწმენა მიმქრალი იმპერიის
ფანტაზია იყო, იმპერიასავით
ჩაქრებოდა და თუ ოდესმე ისევ
აღმოცენდებოდა (ბევრი ასეთი
კი აღარ არმოცენებულა), რამე
სხვა წარმართულ დროშას
აღმართავდა. მაგრამ ქრისტიანული
ეკლესია იყო ძველი საზოგადოების
უკანასკნელი და ახალი სასოგადოების
პირველი სიცოცხლე. მან ხალხს,
რომელსაც თაღის აშენება
ავიწყდებოდა, გოთიკური თაღის
აშენება ასწავლა. მოკლედ,
ყველაზე აბსურდული, რაც
ეკლესიაზე შეიძლება ითქვას,
ისაა, რაც გამუდმებით გვესმის:
როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ
ეკლესიას სურს ბნელ ეპოქაში
ჩვენი დაბრუნება, როდესაც
ერთადერთი, რამაც ბნელი ეპოქიდან
გამოგვიყვანა, ეკლესიაა?
წინააღმდეგობათა მეორე ტრიადას
იმ ხალხში მოარული აზრი
დავამატე, ვინც თვლის, რომ
ცრურწმენის გამო ირლანდიელების
მსგავსი ხალხი დასუსტებული
ან შეფერხებულია. ეს შემთხვევა
იმითაა საინტერესო, რომ სიცრუის
განცხადება ფაქტის განცხადებად
საღდება. მუდმივად გვესმის,
რომ ირლანდიელები არაპრაქტიკული
ხალხია. მაგრამ თუ იმის ნაცვლად,
რომ ვუსმინოთ, რას ამბობენ
მათზე, შევხედავთ, რას უკეთებენ
მათ, მივხვდებით, რომ ირლანდიელები
არა მარტო პრაქტიკული, არამედ
მტკივნეულად წარმატებული
ხალხია. სიღარიბე და მცირერიცხოვნებაა
ის პირობები, რომელშიც მათ
მუშაობას აიძულებენ; მაგრამ
ბრიტანეთის იმპერიაში არცერთ
სხვა ჯგუფს ასეთ პირობებში
ამდენისთვის არ მიუღწევია.
ნაციონალისტები ერთადერთი
უმცირესობაა, რომელსაც ოდესმე
მოუხერხებია ბრიტანეთის
პარლამენტის კალაპოტიდან
სრულად ამოგდება. ირლანდიელი
გლეხი ამ კუნძულების ერთადერთი
ღარიბი მოსახლეა, რომელმაც
ბატონს სამაგიერო აზღვევინა.
ეს ხალხი, ვისაც ჩვენი თქმით,
მღვდელი დააჭენებს, ერთადერთია
ბრიტანეთში, ვისაც მემამულე
ვერ დააჭენებს. და თუ ჭეშმარიტ
ირლანდიურ ხასიათს დავაკვირდებით,
იგივეს შევამჩნევთ: ირლანდიელი
საუკეთესოა განსაკუთრებით
მძიმე საქმიანობაში – რკინის
ხელობებში, კანონსა და სამხედრო
საქმეში. ყველა ამ შემთხვევაში,
შესაბამისად, ძველ დასკვნას
ვუბრუნდები: სკეპტიკოსი
ფაქტებს კარგად მისდევს ,
მაგრამ ცუდად აკვირდება.
სკეპტიკოსი გულუბრყვილოა:
ენდობა გაზეთებს და თვით
ენციკლოპედიებსაც კი. და
კვლავ, სამივე კითხვამ პირი
იბრუნა. საშუალო სკეპტიკოსი
მთხოვდა ამეხსნა სახარების
სენტიმენტალური ტონი, რწმენის
კავშირი შუასაუკუნოებრივ
სიბნელესთან და კელტი ქრისტიანების
პოლიტიკური არაპრაქტიკულობა.
მე კი მინდა ვიკითხო გულწრფელობით,
რომელიც დაჟინებას უახლოვდება:
„რაა ეს შეუდარებელი ენერგია,
რომელიც ჯერ ცოცხალი სამართალივით
დააბიჯებს დედამიწაზე, შემდეგ
მომაკვდავ ცივილიზაციასთან
ერთად კვდება, მაგრამ აიძულებს
მას მკვდრეთით აღდგეს; ეს
ენერგია, რომელიც გაკოტრებულ
გლეხობას სამართალის განცდას
უღვივებს ისე, რომ მიაღწევინებს
საწადელს მაშინ, როდესაც
სხვები პირში ჩალაგამოვლებულები
რჩებიან; ისე, რომ მთელ იმპერიაში
ყველაზე უსაშველო კუნძული
საკუთარ თავს შველის?“
აი პასუხიც: ეს ენერგია
ამქვეყნიურის მიღმა იღებს
სათავეს; ის სულიერია, ან სულ
მცირე, რეალური სულიერი
შეშფოთების ერთერთი შედეგია.
უდიდეს პატივისცემას და
მადლიერებას იმსახურებენ
კაცობრიობის დიდი ცივილიზაციები,
როგორიცაა ძველი ეგვიპტური
თუ არსებული ჩინური. თუმცა
მათ მიმართ უსამართლო არ
იქნება, თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ
თანამედროვე ევროპა ავლენს
უწყვეტი განახლების ძალას,
დროის უმცირეს შუალედებში
და უმცირეს დეტალებში –
შენობებისა და ჩაცმულობის
ჩათვლით. ყველა სხვა საზოგადოება
ღისრეულად და საბოლოოდ კვდება.
ჩვენ ყოველდღე ვკვდებით და
ისევ ვიბადებით უხამსობამდე
მისული რაღაც მეანობით.
გადაუჭარბებლად შეიძლება
ითქვას, რომ ისტორიულ ქრისტიანობაში
არის არაბუნებრივის მაგვარი
სიცოცხლე. ესაა ზებუნებრივი
სიცოცხლე, ესაა გალვანური
გაცოცხლება იმისა, რაც უნდა
ყოფილიყო გვამი, რადგან ყველა
პარალელით, ყველა სოციოლოგიური
ალბათობით, ჩვენი ცივილიზაცია
უნდა მომკვდარიყო რომის
იმპერიის რაგნორაკით დასრულებას.
ესაა ჩვენი მდგომარეობის
უცნაური შთაგონება; ჩვენ აქ
საერთოდ არაფერი გვესაქმება;
ჩვენ დაბრუნებულები ვართ;
ყველა ქრისტიანი მოსიარულე
მკვდარი წარმართია. ზუსტად
მაშინ, ასურეთსა და ბაბილონს
რომ უნდა შეერთდებოდა სიჩუმეში,
ევროპის სხეულში რაღაც შევიდა.
იქედან მოყოლებული ევროპა
უცნაური სიცოცხლით ცოცხლობს
– შეიძლება ითქვას, კრთის.
ეჭვის ამ ტიპურ ტრიადებს
ამდენი დრო იმიტომ დავუთმე,
რომ მთავარი წინააღმდეგობა
აღმეწერა; ჩემი საკუთარი
დამოკიდებულება ქრისტიანობის
მიმართ რაციონალურია და არც
თუ მარტივი. აქაც სხვადასხვაგვარი
ფაქტების გროვაა, როგორც
ჩვეულებრივი აგნოსტიკოსის
შემთხვევაში. თუმცა ჩვეულებრივი
აგნოსტიკოსი თავის ფაქტებს
არასწორად იგებს. მის ურწმუნობას
მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ
ყველა არასწორია. მას ჰგონია,
რომ შუა საუკუნეები ველური
იყო, მაგრამ არ იყო; ჰგონია,
რომ დარვინიზმი დამტკიცებულია,
მაგრამ არაა; ჰგონია, რომ
სასწაული არ ხდება, მაგრამ
ხდება; ჰგონია, რომ ბერები
ზარმაცობდნენ, მაგრამ ისინი
შრომისმოყვარენი იყვნენ;
ჰგონია, რომ მონაზვნები
უბედურები იყვნენ, მაგრამ
ისინი განსაკუთრებული
მხიარულებით გამოირჩეოდნენ;
ჰგონია, რომ ქრისტიანული
ხელოვნება სევდიანი და უფერულია,
მაგრამ ის განსაკუთრებულად
ხასხასა ფერებით და ოქროს
ბრწყინვალებითაა გამორჩეული;
ჰგონია, რომ თანამედროვე
მეცნიერება შორდება ზებუნებრივს,
სინამდვილეში კი მას ჩქარი
მატარებლის სისწრაფით
უახლოვდება.
თუმცა ამ მილიონ ფაქტს შორის,
რომლებიც ერთი მიმართულებით
მიედინება, არის ერთი სერიოზული
საკითხი, რომელიც მოკლე, მაგრამ
მაინც ცალკე განხილვის ღირსია.
ვგულისხმობ ზებუნებრივის
ობიექტურ გამოვლინებას. ადრე
უკვე ავღნიშნე: ის მოსაზრება,
რომ სამყარო მოწესრიგებულია
და ამის გამო – უპიროვნო,
არასწორია. პიროვნებას შესაძლოა
წესრიგიც მოსწონდეს და
უწესრიგობაც. თუმცა ჩემთვის
პიროვნული ქმნილება უფო
გასაგებია, ვიდრე მატერიალური
ბედისწერა და ვაღიარებ, რომ
ამის დამტკიცება, ალბათ,
შეუძლებელია. მე ამას არ ვარქმევ
არც რწმენას და არც ინტუიციას,
რადგან ორივე ამ ცნებას უბრალო
ემოციაში ურევენ ხოლმე. ეს
მკაცრად ინტელექტუალური
მრწამსია, მაგრამ პირველადი
- მე-ს არსებობის
და სიცოცხლის სიკეთის მსგავსი.
თუ ვინმეს მოსწონს, შეუძლია
ღმერთის ჩემს
რწმენას მისტიკური უწოდოს,
ამის გამო კამათიც არ ღირს,
მაგრამ მე
მჯერა რომ კაცობრიობის ისტორიაში
მომხდარა სასწაული, და ამ
რწმენაში
მისტიკური არაფერია: მე
ვეყრდნობი ადამიანთა მოწმობებს,
ზუსტად ისევე, როგორც ამერიკის
აღმოჩენის შემთხვევაში. აქ
ყველაფერი ძალიან მარტივი
გასარკვევია: რატომღაც ითვლება,
რომ ის, ვისაც სასწაულის არ
სჯერა, მათ პატიოსნად და
მიუკერძოებლად განიხილავს,
ხოლო ვისაც სჯერა, მათ დოგმასთან
ერთად
იღებს. სინამდვილეში ყველაფერი
უკუღმაა:
სასწაულს აღიარებენ (სწორად
თუ არასწორად) იმიტომ, რომ
ამის საბუთი აქვთ, უარყოფენ
(სწორად თუ არასწორად) კი
საწინააღმდეგო დოქტრინის
გამო. ღია,
აშკარა და დემოკრატიულია, თუ
ვთვლით, რომ
მოხუცი ვაშლის გამყიდველის
ჩვენება სასწაულის შესახებ
ისეთივე სანდოა, როგორც მის
მიერ მკვლელობის
შესახებ მიცემული ჩვენება;
გლეხის სიტყვა
მოჩვენებაზე ისეთივე სანდოა,
როგორც მისი სიტყვა მემამულეზე.
გლეხს ხომ
ორივეს მიმართ
ჯანსაღი ურწმუნობის
საკმარისი მარაგი
აქვს. მიუხედავად ამისა,
ბრიტანულ მუზეუმს გაავსებდა
მოჩვენების სასარგებლო გლეხური
მოწმობები.
ადამიანურ მოწმობაზე თუ მიდგა,
ზებუნებრივის
სასარგებლო მოწმობები
ნიაღვარივითაა.
ამის უარყოფა მხოლოდ ორ რასმე
შეიძლება ნიშნავდეს: მოჩვენების
ამბავს უარყოფ ან იმიტომ, რომ
გლეხის მონაყოლია, ან იმიტომ,
რომ მოჩვენების ამბავია.
შესაბამისად, ან დემოკრატიის
მთავარ პრინციპს უარყოფ, ან
მატერიალიზმის მთავარ პრინციპს
- სასწაულის აბსტრაქტულ
შეუძლებლობას ადასტურებ. რა
თქმა უნდა, ამის სრული უფლება
გაქვს, მაგრამ
მაშინ დოგმატიკოსი შენ
გამოდიხარ. ეს ჩვენ ვართ –
ქრისტიანები, ვინც რეალურ
საბუთებს ვითვალისწინებთ.
ეს თქვენ ხართ – რაციონალისტები
– ვინც რეალურ
საბუთებს უარყოფთ საკუთარი
მრწამსის
შეზღუდულობის გამო. მე არანაირი
რწმენით არ ვიზღუდები და როცა
მიკერძოების გარეშე ვაკვირდები
ზოგიერთ შუასაუკუნოებრივ
და თანამედროვე
სასწაულს,
ვასკვნი, რომ ეს მართლაც მოხდა.
ამ შიშველი ფაქტების წინააღმდეგ
გამართული კამათი, ყოველთვის
ციკლიურია. თუ ვამბობ: „შუასაუკუნოვანი
წყაროები ადასტურებენ გარკვეულ
სასწაულებს ზუსტად ისევე,
როგორც გარკვეულ ბრძოლებს,“
მპასუხობენ: „შუა საუკუნეებში
ხალხი ცრუმორწმუნე იყო.“ თუ
დავინტერესდი, საიდან ვიცით
მათი ცრუმორწმუნეობა, მპასუხობენ:
„ მათ სასწაულების სწამდათ.“
თუ ვიტყვი: „გლეხმა მოჩვენება
ნახა,“ მიპასუხებენ: „გლეხი
გულუბრყვილოა.“ თუ ვიკითხავ:
„რატომ?“ ერთადერთი პასუხია:
„იმიტომ, რომ მოჩვენებებს
ხედავს.“ ისლანდია არ არსებობს,
იმიტომ რომ ის მხოლოდ ბრიყვ
მეზღვაურებს უნახავთ. ბრიყვები
კი იმიტომ არიან, რომ ისლანდია
აქვთ ნანახი. პატიოსნად უნდა
ითქვას, რომ სასწაულების
საწინააღმდეგო სხვა, რაციონალური
არგუმენტიც არსებობს, მაგრამ
ურწმუნოს მისი გამოყენება
იშვიათად ახსენდება.
არადა შეუძლია თქვას, რომ ბევრ
სასწაულს ახლავს სულიერი
მზადყოფნის ელემენტი: სასწაული
მხოლოდ მას შეემთხვევა, ვისაც
მისი სჯერა. ეს იქნებ ასეცაა,
მაგრამ როგორ შევამოწმოთ? თუ
იმას ვიკვლევთ, მოსდევს თუ
არა რწმენას გარკვეული შედეგი,
აზრი ეკარგება დამღლელ
გამეორებას, რომ მოსდევს. თუ
რწმენა ერთერთი პირობაა,
ურწმუნოს სრული და ჯანსაღი
უფლება აქვს იცინოს. სამაგიეროდ,
არ აქვს უფლება განსაჯოს.
შეიძლება თვლი, რომ მორწმუნეობა
ლოთობასავით ცუდია, მაგრამ
თუ ლოთებთან დაკვშირებული
ფსიქოლოგიურ ფაქტებს იკვლევ,
უაზრობა იქნება მათთვის
მუდმივად იმის შეხსენება,
რომ მთვრალები არიან. ვთქვათ,
ვიკვლევთ, მართლა ხედავს თუ
არა განრისხებული ადამიანი
ყველაფერს წითელ ბურუსში
გახვეულს. წარმოიდგინეთ, რომ
სამოცი, უძრავი ქონების მფლობელი
პატიოსანი ადამიანი იფიცება,
რომ გაბრაზებისას მეწამულ
ღრუბელს ხედავს. რა თქმა უნდა,
უაზროა თქმა: „მაგრამ თქვენ
ხომ აღიარეთ, რომ გაბრაზებული
იყავით.“ ამაზე გაბრაზებული
გუნდი გიპასუხებთ: „გაბრაზების
გარეშე როგორ აღმოვაჩენდით,
რას ხედავს გაბრაზებული
ხალხი?“ ასევე რაციონალურად
შეიძლება გიპასუხოს წმინდანმა
ან ასკეტმა: „წარმოიდგინეთ,
რომ საკითხი ასე დგას: აქვს
თუ არა მორწმუნეს ხილვა – ამ
შემთხვევაშიც, თუ თქვენ ხილვა
გაინტერესებთ, მორწმუნეობას
ვერ გააპროტესტებთ.“ ეს ისევ
წრიული კამათია – იმ შეშლილ
წრეზე მოძრაობაა, რომლითაც
ეს წიგნი დაიწყო.
ხდება თუ არა სასწაული, საღი
აზრის და ჩვეულებრივი ისტორიული
წარმოსახვის გადასაწყვეტია
და არა რაღაც დასკვნითი ფიზიკური
ცდის. აქ ნამდვილად უნდა
უკუვაგდოთ უტვინო მეწრილმანეობა,
რომელიც „მეცნიერულ პირობებზე“
საუბრობს სავარაუდოდ სულიერი
ხასიათის მოვლენებთან
დაკავშირებით. თუ გვაინტერესებს,
შესაძლებელია თუ არა ცოცხალსა
და მკვდარ სულს შორის ურთიერთობა,
სასაცილოა ისეთ პირობებში
ამის მოთხოვნა, სადაც არცერთი
ჭკუათამყოფელი ცოცხალი სული
არ მოისურვებს მეორესთან
ურთიერთობას. ის ფაქტი, რომ
სულები უპირატესობას სიბნელეს
ანიჭებენ, ისევე აკნინებს
მათ არსებობას, როგორც ფაქტი,
რომ შეყვარებულებს უყვართ
სიბნელე – სიყვარულის არსებობას.
თუ თქვენ იტყვით: „მე ვირწმუნებ,
რომ მის ბრაუნმა თავის საქმროს
ბაჭია ან რამე სხვა მოსაფერებელი
სახელი უწოდა, თუ ის ამას
ჩვიდმეტი ფსიქოლოგის თანდასწრებით
გაიმეორებს,“ მე გიპასუხებთ:
„კეთილი, თუ ესაა თქვენი პირობა,
სიმართლეს ვერასდროს შეიტყობთ,
რადგან ის ამას არ იტყვის.“
იმის მოლოდინი, რომ გარკვეული
არაჩვეულებრივი სიმპათია
არასიმპათიურ გარემოში
აღმოცენდება, არამეცნიერულიცაა
და არაფილოსოფიურიც. იგივეა
რომ ვთქვა: „არ ვიცი ნისლია
თუ არა, რადგან ამისთვის ჰაერი
არასაკმარისად გამჭვირვალეა,“
ან მზის დაბნელების დასანახად
მზის სინათლე რომ მოვითხოვო.
მე ვასკვნი, რომ სასწაული
ხდება (საღი აზრით ნაკარნახევი
ეს დასკვნა ითვალისწინებს,
რომ ბევრი დეტალი საკუთარი
ბუნების გამო დაფარულია,
როგორც, მაგალითად, სიყვარულის
შემთხვევაში). ამას მაიძულებს
ფაქტების შეთქმულება: ადამიანები,
რომლებიც ამტკიცებენ, რომ
ანგელოზები თუ ელფები უნახავთ,
არც მისტიკოსები არიან და არც გულჩათხრობილი მეოცნებენი,
არამედ მეთევზეები და ფერმერები,
ანუ ერთდროულად მარტივი და
ფრთხილი ხალხი; ადამიანები,
რომლებიც სულიერი ხასიათის
მოვლენების არსებობას
ამტკიცებენ, არ არიან
სპირიტუალისტები; თავად
მეცნიერებაც სულ უფრო მეტად
აღიარებს ასეთ მოვლენებს.
მეცნიერება აღიარებს ამაღლებას,
თუ მას ლევიტაციას დაარქმევთ,
და ალბათ აღდგომასაც დაეთანხმება,
როცა სხვა სახელს მოუძებნის.
მე ვთავაზობ რეგალვანიზაციას.
თუმცა ამაში ყველაზე უფრო
საინტერესო ის დილემაა, რომელსაც
უკვე შევეხე: ზებუნებრივის
უარყოფა მხოლოდ ანტიდემიკრატიულობის,
ან მატერიალისტური დოგმატიზმის
– მე ვიტყოდი მატერიალისტური
მისტიციზმის - საფუზველზე
ხდება. სკეპტიკოსი ყოველთვის
ამ ორიდან ერთერთს ირჩევს:
ან ჩვეულებრივი ადამიანის არ
სჯერა, ან არაჩვეულებრივი
მოვლენის. ვიმედოვნებ, შეგვიძლია
თაღლითური სასწაულების საკითხი
საერთოდ გამოვტოვოთ, რადგან
ეს არც კარგი არგუმენტია და
არც ცუდი. ცრუ სული ისევე
გამორიცხავს სულების არსებობას,
როგორც გაყალბებული ფულის
ნიშანი – ინგლისის ბანკის
არსებობას. და თუ ამტკიცებს
რამეს, უფრო არსებობას, ვიდრე
არარსებობას.
თუ სულიერი მოვლენების
არსებობაზე დამეთანხმებით
(ჩემი მტკიცებულებები რთულია,
მაგრამ რაციონალური), იმწამსვე
ჩვენი დროის უმძიმეს სულიერ
პრობლემას შევეჯახებით.
მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი
ბოროტება ისაა, რომ ადამიანებმა
სიტყვა „სულიერს“ სიტყვა
„კარგის“ მნიშვნელობა მიანიჭეს.
ჩათვალეს, რომ დახვეწილობა
და უსხეულბა სიქველის ნიშანია.
როდესაც მეცნიერული ევოლუცია
გამოცხადდა, ბევრს შეეშინდა,
რომ ის წმინდა ცხოველურს
წაახალისებდა. მოხდა უარესი
- წმინდა სულიერის წახალისება.
მან შთააგონა ადამიანს, რომ
მაიმუნისგან დაშორება ანგელოზთან
აახლოვებს. რეალურად შეიძლება
დაშორდე მაიმუნს, მაგრამ
ეშმაკს დაუახლოვდე. იმ დაბნეული
დროის ტიპურმა წარმომადგენელმა
და ბრძენმა კაცმა, ეს სრულყოფილად
გამოხატა. ბენჯამინ დიზრაელი
მართალი იყო, როცა ამბობდა,
რომ ანგელოზთა მხარესაა. ის
არ იყო უბრალოდ ცხოველური
მადის ან სისასტიკის მომხრე;
სამაგიეროდ იმპერიალიზმის
და წყვდიადის მთავართა მხარი
ეჭირა; ის იყო ქედმაღლობისა
და იდუმალების მხარეს, სიკეთის
მიმართ ზიზღის მხარეს. ამ
დაცემულ სიამაყეს და ზეცად
ამღლებულ სიმდაბლეს შორის
ალბათ უამრავი ფორმის და ზომის
სულია. მათთან შეხვედრისას
ადამიანი ისეთივე შეცდომებს
უშვებს, როგორც სხვა კონტინენტზე
განსხვავებულ ტიპებთან
შეხვედრისას. ერთი შეხედვით
ძნელია იმის განსაზღვრა, ვინაა
უფროსი და ვინ – ხელქვეითი.
ქვესკნელიდან პიკადილიზე
ამოსულ აჩრდილს დახურული
ეტლის იდეაში გარკვევა
გაუჭირდება. ალბათ ჩათვლის,
რომ მეეტლე ტრიუმფალური
დამპყრობელია, რომელიც ყუთში
გამოკეტილ ტყვეს მიათრევს.
თუ სულიერ ფაქტებს პირველად
ხვდები, შეიძლება აგერიოს,
რომელია უმაღლესი. არაა
საკმარისი ღმერთების პოვნა,
ეს ისედაც აშკარაა. ჩვენ უნდა
ვიპოვოთ ღმერთი - ღმერთების
მთავარი. ზებუნებრივი მოვლენების
დიდი ისტორიული გამოცდილებაა
საჭირო იმისათვის, რომ მიხვდე,
რომელია მათ შორის ბუნებრივი.
ამ თვალსაზრისით ქრისტიანობის
და თვით მისი ებრაული წარმოშობის
ისტორია სავსებით პრაქტიკული
და ნათელია. მე არ დამაბრკოლებს
თუ მეტყვიან, რომ ებრაელთა
ღმერთი ერთი მრავალთაგანია.
ვიცი, რომ ასეა, ყოველგვარი
კვლევის გარეშე. იაღვე და
ბაალი თითქოს ერთნაირად
მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც
მზე და მთვარე ჩანს ერთი ზომის.
ნელ-ნელა ვიგებთ, რომ მზე ჩვენი
განუზომლად დიდი ბატონია,
მთვარე კი მხოლოდ ჩვენი
თანამგზავრია. მწამს, რომ
არსებობს სულეთი და იქ ისე
ვივლი, როგორც კაცთა შორის,
მოვძებნი იმას, რაც მომწონს
და ვთვლი, რომ კარგია. ისევე,
როგორც უდაბნოში დავიწყებდი
სუფთა წყლის ძიებას, ან ჩრდილოეთ
პოლუსზე დავშვრებოდი კომფორტული
კოცონის გასაჩაღებლად, ასევე
დავძებნი სიცარიელისა და
ხილვის ქვეყანას, ვიდრე არ
მივაგნებ იმას, რაც წყალივით
ანკარაა და ცეცხლივით მყუდრო;
ვიდრე არ ვიპოვი ადგილს
მარადისობაში, სადაც შინ ვარ.
ასეთი ადგილი კი მხოლოდ ერთია.
ახლა უკვე საკმარისი ვთქვი
იმის საჩვენებლად (თუ ვინმესთვის
ეს ახსნა არსებითია), თუ რა
აპოლოგეტიკური საფუძველი
აქვს ჩემს რწმენას. მიუკერძოებელი
მიდგომა გვიჩვენებს: არსებობს
მტკიცებულება იმისა, რომ
სასწაული ხდება, მათგან
უკეთილშობილესი კი - ჩვენი
ტრადიციის საკუთრებაა. თავს
ვერ მოვიკატუნებ, თითქოს ამ
მოკლე დასკვნამ განაპირობა
ჩემი გაქრისტიანება. ხომ
შემეძლო, მისგან მხოლოდ
ზნეობრივი სარგებლობა მიმეღო,
როგორც, მაგალითად, კონფუციანიზმიდან.
ჩემს რწმენას ბევრად უფრო
მყარი საფუძველი გააჩნია:
ქრისტიანული ეკლესია ჩემი
სულის ცოცხალი მასწავლებელია.
მან არა მარტო გუშინ მასწავლა;
დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც
მასწავლის. ოდესღაც უეცრად
ჯვრის ფორმის მნიშვნელობას
ჩავწვდი; ოდესმე მიტრის ფორმის
მნიშვნელობასაც დავინახავ.
ერთ მშვენიერ დილას მივხვდი,
რატომაა სარკმელი წაწვეტებული;
რომელიმე მშვენიერ დილას
მივხვდები, რატომ არის
ღვთისმსახური გაპარსული.
პლატონი სიმართლეს გვეუბნებოდა,
მაგრამ პლატონი მკვდარია.
შექსპირის მხატვრული სახეები
გვაოცებდა, მაგრამ შექსპირი
ვეღარ გაგვაოცებს. წარმოიდგინეთ,
რა იქნებოდა ასეთ ადამიანებთან
ცხოვრება, ცოდნა იმის, რომ
ხვალ პლატონი ლექციით გამოვა,
ან შექსპირი ნებისმიერ მომენტში
ყველაფერს ერთი ლექსით
დაამსხვრევს. ადამიანი, რომელიც
ცოცხალ ეკლესიასთან ურთიერთობით
ცხოვრობს, ხვალ დილით პლატონთან
და შექსპირთან საუზმეზე
შეხვედრას მოელის. ის ყოველთვის
ახალი ჭეშმარიტების გაგების
მოლოდინშია. ამ მდგომარეობას
მხოლოდ ერთი პარალელი აქვს
- ჩვენი ცხოვრების დასაწყისი.
როდესაც ბაღში სეირნობისას
მამა გეუბნება, რომ ფუტკარს
მწარე ნესტარი აქვს, ვარდს
კი საამო სუნი, არ ფიქრობ ამ
ფილოსოფიიდან საუკეთესოს
ამოკრებაზე. როცა ფუტკარი
დაგნესტრავს, ამას საინტერესო
დამთხვევას არ არქმევ. როცა
ვარდის საამო სურნელს გრძნობ,
არ ამბობ: „მამაჩემი უხეში
ბარბაროსული სიმბოლოა, რომელმაც
(ალბათ არაცნობიერად) ყვავილთა
კეთილსურნელოვნების ღრმა
და დახვეწილი სიმართლე
შემოინახა.“ არა, შენ გჯერა
მამის, რადგან ის ფაქტების
ცოცხალი შადრევანია, მას შენზე
ბევრად დიდი ცოდნა აქვს, ის
ხვალაც ბევრ სიმართლეს გეტყვის.
დედის მისამართით ეს კიდევ
უფრო მეტად სამართალიანია.
ყოველ შემთხვევაში, ასეა
ჩემთვის, ვისაც ეს წიგნი
ეძღვნება. ახლა, როცა საზოგადოება
ამაოდ ფუსფუსებს ქალების
დამორჩილებული მდგომარეობის
გამო, არავინ იტყვის, რამდენად
დავალებულია ყველა კაცი ქალთა
ტირანიის და პრივილეგიისგან,
იმ ფაქტისგან, რომ მხოლოდ
ქალები განაგებენ განათლებას,
ვიდრე განათლება ფუჭი არ
ხდება: სკოლაში ხომ მაშინ
გვაგზავნიან, როცა სწავლა
უკვე დაგვიანებულია. ნამდვილი
საქმე უკვე გაკეთებულია, და
მადლობა ღმერთს, თითქმის
ყოველთვის - ქალის მიერ. თუ
ოდესმე კაცები ქალთა ამ პრივილეგიის
გასაპროტესტებლად ვესტმინსტერისკენ
დაიძრებიან, მე მათ მსვლელობას
არ შევუერთდები.
ზუსტად მახსოვს: ის დრო, როდესაც
ქალთა გამგებლობაში ვიყავი,
აღსავსე იყო ცეცხლითა და
თავგადასავლით. ზუსტად მაშინ,
როცა დედა მეუბნებოდა, რომ
ჭიანჭველა იკბინება, მკბენდნენ.
და თოვლიც ზამთარში მოდიოდა,
როგორც ის ამბობდა. მთელი
სამყარო საოცარი ახდენების
ზღაპრულ ქვეყანად იქცა. ეს
იმ ებრაულ ეპოქაში ცხოვრებას
ჰგავდა, ყველა წინასწარმეტყველება
ერთმანეთის მიყოლებით რომ
სრულდება. ბავშვობის ბაღი
ხიფათიანი თავგადასავლით
იყო სავსე, რადგან ბაღის
გამოცანის გასაღები მქონდა.
უამისოდ ბაღი საშინელის
ნაცვლად თვინიერია. უაზრო
ბუნება ხომ ვერავითარ
შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.
ბავშვობის ბაღი კი შთამბეჭდავი
იყო ზუსტად იმიტომ, რომ ყველაფერს
თავისი მნიშვნელობა ჰქონდა,
რასაც თანდათან ვპოულობდი.
ფოცხის სახელით ცნობილი
მახინჯი ფორმის საგნის ყველა
გოჯი ცალ-ცალკე აღმოვაჩინე;
თანდათან ვაყალიბებდი ჰიპოთეზა
იმის შესახებ, თუ რა მიზნით
გაიჩინეს მშობლებმა კატა.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა
მივიღე, როგორც დედა, და არა
როგორც შემთხვევითი მაგალითი,
ევროპაც და მსოფლიოც ჩემთვის
ისევ პატარა ბაღად გადაიქცა,
სადაც პირველად დავინახე
კატის და ფოცხის სიმბოლური
ფორმები; ყველაფერს ისევ
ჯადოსნური უცოდინრობითა და
მოლოდინით დავაკვირდი. ესა
თუ ის დოქტრინა თუ რიტუალი
შეიძლება ფოცხივით უჩვეულო
ან უშნო მოგეჩვენოს, თუმცა
გამოცდილება გკარნახობს, რომ
ასეთი რამ ყოველთვის ყვავილებს
და ბალახს უკავშირდება.
ღვთისმსახური, შესაძლოა,
კატასავით უსარგებლო გეგონოს,
მაგრამ ასეთივე შთამბეჭდავია,
რადგან მის არსებობას რაღაც
უცნაური მიზეზი აქვს. ასიდან
ერთ მაგალითს მოვიყვან: ფიზიკური
უბიწოებით აღტაცება, რაც
ისტორიული ქრისტიანობის
ნიშანია, ჩემში არანაირ
ინსტიქტურ კეთილგანწყობას
არ იწვევს. თუმცა ქვეყნიერებას
თუ ვუცქერ და არა საკუთარ
თავს, ვხვდები, რომ ეს აღტაცება
მხოლოდ ქრისტიანობის კი არა,
წარმართობის ნიშანიცაა და
სერთოდ ადამიანის მაღალი
ბუნების მრავალი სფეროს
დამახასიათებელია. ბერძნები
უბიწობას გრძნობდნენ, როცა
არტემიდეს აქანდაკებდნენ,
რომაელები – როცა ვესტალებს
მოსავდნენ. ელისაბედის ეპოქის
დიდ დრამატაურგთა შორის
უარესნი და აღვირახსნილნიც
კი ქალის უბიწოებას ქვეყნიერების
საყრდენ სვეტად მიიჩნევდნენ.
ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე
საზოგადოებაც (მაშინაც კი,
როცა სქესობრივ უბიწობას
დასცინის) უბიწობის კერპთმსახურებას
ეძლევა – ბავშვების დიდი,
თანამედროვე თაყვანისცემის
ფორმით; ნებისმიერი ადამიანი,
ვისაც ბავშვი უყვარს, დაგეთანხმებათ,
რომ მისი განსაკუთებული ხიბლი
ილახება სქესის ფიზიკური
გამოვლინებით. მთელი ამ
ადამიანური გამოცდილების
საფუძველზე, რომელსაც ქრისტიანობის
ავტორიტეტი ამაგრებს, ვასკვნი,
რომ მე ვცდები, ეკლესია კი
მართალია; მე ზადი მაქვს,
ეკლესია კი უზადოა. ის ყველანაირ
ადამიანს იერთებს და არ ითხოვს
ჩემგან ცელიბატს. იმ ფაქტს,
რომ მე ღირსეულად ვერ ვაფასებ
ცელიბატს, ისევე ვუყურებ,
როგორც მუსიკალური სმენის
უქონლობას. ბახთან მიმართებით
კაცობრიობის მთელი გამოცდილება
მე მიპირისპირდება. ცელიბატი
მამაჩემის ბაღის ერთი ყვავილია,
რომლის მშვენიერი თუ საშინელი
სახელი ჩემთვის ჯერ არ უთქვამთ,
მაგრამ ნებისმიერ დღეს შეიძლება
გამანდონ.
აი მიზეზი, რომლის გამოც ვიღებ
რელიგიას, და არა მისგან
ამოღებულ და მიმობნეულ სეკულარულ
ჭეშმარიტებებს. ასე იმიტომ
ვიქცევი, რომ ის ამა თუ იმ
სიმართლეს კი არ მეუბნება,
არამედ საზოგადოდ სიმართლის
მთქმელი გამოდგა. ყველა სხვა
ფილოსოფია ამბობს სიმართლეს,
რომელიც ისედაც ჰგავს სიმართლეს.
მხოლოდ ეს ფილოსოფია ამბობს
ისევ და ისევ იმას, რაც არ ჰგავს
სიმართლეს, მაგრამ სიმართლეა.
ერთადერთი რწმენათა შორის,
ის დამაჯერებელია იქ, სადაც
არაა მიმზიდველი; ის მართალი
აღმოჩნდება ხოლმე - ბაღში
მამაჩემის მსგავსად. თეოსოფოსები,
მაგალითად, იქადაგებენ
რეინკარნაციის აშკარად
მიმზიდველ იდეას; თუმცა ლოგიკური
ანალიზის შედეგად გამოჩნდება,
რომ ეს სულიერი ზედაპირულობის
და კასტური სისასტიკის
მაგალითია: თუ ადამიანი წინა
ცხოვრების ცოდვათა გამოა
მათხოვარი, ეს სხვებს მის
მიმართ ზიზღით განაწყობს.
ქრისტიანობა პირველქმნილი
ცოდვის აშკარად არამიმზიდველ
იდეას ქადაგებს, მაგრამ მისი
შედეგი თანაგრძნობა და ძმობაა,
გულიანი სიცილი და სინანულია,
რადგან მხოლოდ პირველქმნილი
ცოდვაა, რაც ერთდროულად
შესაძლებელს ხდის მათხოვრის
სიბრალულს და მეფის უნდობლობას.
მეცნიერები ჯანმრთელობას
გვთავაზობენ, რაც აშკარა
სარგებელია; თუმცა მერე
აღმოჩნდება, რომ ჯანმრთელობა
მათი გაგებით სხეულის მონობას
და სულიერ მოწყენილობას
გულისხმობს. ორთოდოქსია
უცაბედად გამოჩენილ ჯოჯოხეთის
ზღვართან შეგვახტუნებს; მხოლოდ
შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე,
რომ ხტომა ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო ათლეტური ვარჯიშია;
მხოლოდ შემდეგ ვიგებთ, რომ
საფრთხე დრამატულის და
რომანტიკულის საფუძველია.
ღვთის წყალობის უძლიერესი
არგუმენტი მისი უმოწყალობაა.
ქრისტიანობის არაპოპულარული
ნაწილების გასინჯვისას
აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ეს
ადამიანთა მთავარი დასაყრდენია.
ქრისტიანობის გარე რგოლი
ზნეობრივ უარყოფათა და პროფესიულ
ღვთისმსაურთაგან შედგენილი
მკაცრი დაცვაა; მაგრამ ამ
არაჰუმანური რგოლის შიგნით
ძველ, მხიარულ ცხოვრებას
იპოვით, რომელიც ბავშვივით
ცეკვავს და კაცივით სვამს
ღვინოს, რადგან ქრისტიანობა
წარმართული თავისუფლების
ერთადერთი ჩარჩოა. თანამედროვე
ფილოსოფიაში ყველაფერი
პირიქითაა: გარე რგოლი არტისტული
და თავისუფალია; შიგნითაა,
მისი უიმედობა რომ დაბუდებულა.
უიმედობა კი ესაა: არ სჯერა,
რომ სამყაროში რამე აზრია,
ამიტომ იმედი არ აქვს, რომ
რომანტიკას აღმოაჩენს; მის
რომანებს სიუჟეტი არ გააჩნია.
ადამიანს ანარქიის სამფლობელოში
არანაირი თავგადასავალი არ
ელის. თავგადასავალი ისეთ
ქვეყანაშია შესაძლებელი,
ხელისუფალი რომ ჰყავს.
სკეპტიციზმის ჯუნგლში არანაირი
აზრი არ დევს, აი დოქტრინების
ტყეში სიარულით სულ უფრო მეტ
მნიშვნელობებს აღმოაჩენ. აქ
ყველაფერს კუდზე საკუთარი
ამბავი აქვს გამობმული,
მამაჩემის სახლის ხელსაწყოებისა
და სურათების მსგავსად, რადგან
ეს მამის სახლია. ვამთავრებ
იქ, სადაც დავიწყე – სწორ
მხარეს; როგორც იქნა, „ყველაფერი
კარგადაა“ ფილოსოფიის კარიბჭეში
შევაბიჯე; მეორე ბავშვობაში
დავბრუნდი.
ეს, უფრო დიდი და თავგადასავლებით
აღსავსე ქრისტიანული სამყარო,
კიდევ ერთი ნიშნითაა აღბეჭდილი,
რომელიც ძნელი გამოსახატია;
მაინც ვეცდები და ამით დავასრულებ.
ყველა რეალური კამათი რელიგიაზე
საბოლოოდ ერთ შეკითხვაზე
დაიყვანება: როგორ უნდა შეძლოს
ადამიანმა, რომელიც თავდაყირა
დაიბადა, სწორად განსაზღვროს
ზევით აღმავალი გზა. ქრისტიანობის
პირველადი პარადოქსი ისაა,
რომ ადამიანის ჩვეულებრივი
მდგომარეობა არაა მისი საღი
და გონიერი მდგომარეობა; რომ
ნორმალურობა თავისთავად
არანორმალურია. ესაა დაცემის
უღრმესი ფილოსოფია. სერ ოლივერ
ლოჯის საინტერესო ახალ
კატექიზმოს პირველი ორი
შეკითხვაა: „ვინ ხარ?“ და „რას
ნიშნავს ადამიანის დაცემა?“
მახსოვს, როგორ ვერთობოდი
პასუხების წერისას. მალევე
აღმოვაჩინე, რომ პასუხები
მოუხეშავი და აგნოსტიკურია.
პირველზე მხოლოდ ამის თქმა
შევძელი: „ღმერთმა უწყის,“
მეორეს კი სრული გულწრფელობით
ვუპასუხე: „ რაც არ უნდა ვიყო,
საკუთარი თავი არ ვარ.“ ესაა
ჩვენი რელიგიის უმაღლესი
პარადოქსი; რაღაც, რაც არასდროს
გვიცნია სრულად , არამარტო
ჩვენზე უკეთესია, არამედ
ჩვენთვის საკუთარ თავზე უფრო
ბუნებრივია. ამის შემოწმება
კი მართლაც შეუძლებელია, თუ
არ ჩავთვლით ცდას, რომლითაც
ეს წიგნი დაიწყო – რბილკედლებიანი
საკნის და ღია კარის ცდას.
მხოლოდ ორთოდოქსიის გაცნობით
გავთავისუფლდი სულიერად.
დაბოლოს, ეს პარადოქსი საგანგებო
კავშირშია სიხარულის უზენაეს
იდეასთან.
ამბობენ, რომ წარმართობა
სიხარულის, ქრისტიანობა კი
მწუხარების რელიგიაა; ასეთივე
ადვილი იქნება იმის დამტკიცება,
რომ რომ წარმართობა წმინდა
წყლის მწყხარება, ქრისტიანობა
კი სიხარულია. ასეთი წინააღმდეგობა
არაფრისმთქმელია და უშედეგო.
ყველაფერი ადამიანური სიხარულსაც
შეიცავს და მწუხარებასაც.
საიტერესო ისაა, როგორაა ეს
ორი რამ გაწონასწორებული და
განცალკევებული. წარმართი
მით უფრო მხიარულია, რაც უფრო
ახლოა მიწასთან და მით უფრო
მოწყენილი, რაც უფრო უახლოვდება
ზეცას. საუკეთესო წარმართობის
სიხარული, კატულუსისა თუ
თეოკრიტეს მხიარულება,
ჭეშმარიტად მარადიულია და
მას მადლიერი კაცობრიობა
არასოდეს დაივიწყებს. თუმცა
ეს სიხარული მთლიანად ცხოვრებას
ეკუთვნის და მის წყაროსთან
არაა დაკავშირებული. წარმართისთვის
მცირე რამ ისეთივე ტკბილია,
როგორც მთიდან გამომავალი
პატარა ნაკადული, დიდი კი
ზღვასავით მლაშე. როცა წარმართი
სამყაროს გულს აკვირდება,
სასიკვდილო სიცივე იპყრობს.
ღმერთების უკან, რომლებიც
უბრალოდ დესპოტები არიან,
სხედან მომაკვდინებელი
მოირები. არა, ესენი მომაკვდინებელზე
უარესნი – უბრალოდ მკვდრები
არიან. მართალია, რაციონალისტები
რომ ამბობენ, ძველი მსოფლიო
ქრისტიანობაზე უფრო განათლებული
იყოო, რადგან ესენი როცა
„განათლებულს“ ამბობენ,
უკურნებელი უსასოობით
ჩაბნელებულს გულისხმობენ.
ღრმა სიმართლეა იმაში, რომ
ძველი მსოფლიო უფრო თანამედროვე
იყო, ვიდრე ქრისტიანული, რადგან
ძველიც და თანამედროვეც
ერთნაირად უბედურია არსებობასთან
დაკავშირებით, ყველაფერთან
დაკავშირებით, განსხვავებით
შუასაუკუნოვანი ქრისტიანებისგან,
რომლებიც აქ მაინც იყვნენ
ბედნიერნი. მე ვამტკიცებ, რომ
წარმართები, თანამედროვეთა
მსგავსად, მხოლოდ ყველაფერში
იყვნენ უბედურნი, ყველაფერ
დანარჩენში კი საკმაოდ მხიარულად
გრძნობდნენ თავს. ვაღიარებ,
რომ შუასაუკუნოვანი ქრისტიანები
მხოლოდ ყველაფერთან იყვნენ
მშვიდობაში, ყველაფერ დანარჩენს
კი ეომებოდნენ. მაგრამ თუ
საქმე სამყაროს პირველად
საყრდენზე მიდგება, ფლორენციის
ვიწრო და სისხლიან ქუჩებში
მეტი სამყაროსეული თანმხმობა
სუფევდა, ვიდრე ათენის თეატრში
და ეპიკურეს ღია ბაღში. ჯოტოს
ქალაქი ევრიპიდეს ქალაქზე
უფრო მოღუშულია, სამაგიეროდ
ჯოტოს სამყაროა უფრო მხიარული.
ადამიანების უმრავლესობა
იძულებულია მცირედში გაიხაროს,
დიდში კი მოიწყინოს. მიუხედავად
ამისა (მე ჯიუტად გთავაზობთ
უკანასნელ დოგმას) ადამიანისთვის
ეს უცხოა. ადამიანი უფრო ახლოა
საკუთარ თავთან, ადამიანი
უფრო ადამიანურია, როდესაც
სიხარული მასში საფუძვლიანია,
მწუხარება კი ზედაპირული.
მელანქოლია უწყინარი შესავალი
უნდა იყოს, სულის ნაზი და
მოუხელთებელი განწყობა; ხოტბა
- სულის განუწყვეტელი ფეთქვა.
პესიმიზმი, უკეთეს შემთხვევაში,
ემოციური ნახევრადუქმეა,
სიხარული კი ხმაურიანი შრომა,
რომლითაც ყველაფერი ცოცხლობს.
აგნოსტიკოსის და წარმართის
მიერ დანახულ ადამიანის
მდგომარეობაში ამ პირველად
მოთხოვნილებას დაკმაყოფილება
არ უწერია. სიხარული უნდა
ფართოვდებოდეს, აგნოსტიკოსი
კი მას კუმშავს და სამყაროს
ერთ კუთხეში აქცევს. მწუხარება
კონცენტრირებული უნდა იყოს,
აგნოსტიკოსი კი მის უსასოობას
უსასრულობაზე ავრცელებს.
ესაა, რასაც თავდაყირა დაბადება
ჰქვია . სკეპტიკოსი მართლა
უკუღმართი ადამიანია: მისი
მაღლა აშვერილი ფეხები უაზროდ
ცეკვავენ, ტვინი კი უფსკრულშია.
თანამედროვე ადამიანისთვის
ზეცა მიწაზე დაბლაა. ახსნა
მარტივია: ის დგას თავზე,
რომელიც ძალიან სუსტი სადგამია.
მაგრამ როცა ფეხებს კვლავ
პოულობს, ამას გრძნობს.
ქრისტიანობა უეცრად და
სრულყოფილად აკმაყოფილებს
სწორად დგომის მემკვიდრეობით
ინსტინქტს. აკმაყოფილებს
ზედმიწევნით ამაში: მისი
მრწამსის წყალობით სიხარული
უზარმაზარი ხდება, სევდა კი
განსაკუთრებული და მცირე.
თაღი ჩვენს ზემოთ აღარაა ყრუ,
სამყაროს იდიოტიზმის გამო;
სიჩუმე აღარაა უსაზღვრო და
უმიზნო სამყაროს უგულო დუმილი.
ის უფრო თანაგრძნობის სიწყნარის
მსგავსია, ავადმყოფის ოთახს
რომ შეეფერება. იქნებ ჩვენი
ნებადართული ტრაგედია კომედიის
გულმოწყალე ნაირსახეობაა?
იქნებ ღვთიურის უჩვეულო,
დაუოკებელი ენერგია დაბლა
დაგვცემდა, როგორც მთვრალ
ფარსში? იქნებ ჩვენთვის საკუთარი
ცრემლები უფრო იოლი ასატანია,
ვიდრე ანგელოზთა წარმოუდგენელი
თავქარიანობა? იქნებ სიჩუმის
ვარსკვლავურ ოთახში მოგვათავსეს
დროებით, ვიდრე ზეციური სიცილი
ჩვენთვის ზედმეტად ხმამაღალია?
სიხარული, რომელიც წარმართისთვის
მცირე იყო და საჯარო, ქრისტიანისთვის
უზარმაზარია და საიდუმლო.
ვასრულებ ამ ქაოტურ ნაშრომს
და ისევ იმ მცირე ზომის უცნაურ
წიგნს ვშლი, საიდანაც მთელი
ქრისტიანობა მოვიდა. და ისევ
თან მდევს დასტურის მსგავსი
რამ. სულისშემძვრელი ხატება,
რომლითაც აღსავსეა სახარება,
ამ თვალსაზრისით და ყველა
სხვა თვალსაზრისითაც, ამაღლებულა
ყველა მოაზროვნეზე, ვისაც კი
ოდესმე თავი მაღლად უცნია.
მისი თანაგრძნობა ბუნებრივია,
თითქმის ჩვეულებრივი. სტოიკოსები,
ძველი და ახალი, ამაყობენ, რომ
შეუძლიათ ცრემლის დამალვა.
მას არასოდეს დაუმალავს
ცრემლი: ღია სახეზე ამის დანახვა
ყოველდღიურად შეიძლებოდა,
მის შორსმხედველ მშობლიურ
ქალაქშიც კი. და მაინც ის
რაღაცას მალავდა. მნიშვნელოვანი
ზეადამიანები და მედიდური
დიპლომატები ამაყობენ, რომ
შეუძლიათ რისხვა მოთოკონ.
მას არასდროს მოუთოკავს
რისხვა: მაგიდები და დასასხდომლები
ტაძრის შესასვლელი კიბის
საფეხურებზე გადმოყარა და
ეკითხებოდა ადამიანებს, როგორ
აპირებენ ჯოჯოხეთში წარწყმედისგან
თავის დაღწევას. და მაინც ის
რაღაცას თოკავდა. ამას კრძალვით
ვამბობ: იყო ამ გამაოგნებელ
პიროვნებაში რაღაც, რასაც
რიდი ჰქვია. იყო რაღაც, რაც
მან ყველა ადამიანს დაუმალა,
როდესაც მთაზე სალოცავად
ავიდა. იყო რაღაც, რასაც ის
მუდმივად ფარავდა მოულოდნელი
დუმილით ან უეცარი განმარტოებით.
იყო ერთი რამ, რაც შეუსაბამოდ
დიდია იმისათვის, რომ ღმერთს
ჩვენთვის ეჩვენებინა, როდესაც
დედამიწაზე დააბიჯებდა.
დროდადრო წარმოვიდგენ ხოლმე,
რომ ეს სიხარულია.
No comments:
Post a Comment