უკიდურესად ამქვეყნიურ
ადამიანებს ამა ქვეყნისაც
კი არაფერი გაეგებათ; ისინი
მთლიანად რამდენიმე ცინიკურ
გამონათქვამს ეყრდნობიან,
რომელშიც სიმართლის ნატამალიც
კი არაა. გამახსენდა ერთი
წარმატებული გამომცემლის
მიერ სეირნობისას გამოთქმული
შენიშვნა. ეს ლამის თანამედროვე
მსოფლიოს დევიზია, რომელიც
მანამდეც ხშირად მსმენია,
თუმცა ახლა უეცრად მივხვდი,
რომ უაზრობაა. გამომცემელმა
ვიღაცაზე თქვა: „ეს კაცი
ყველაფერს მიაღწევს. მას სჯერა
საკუთარი თავის.“ მახსოვს,
მოსასმენად თავი ავწიე და
თვალი მოვკარი ომნიბუსს,
რომელსაც ეწერა „ჰანუელ“.
„გითხრათ, სადაა ხალხი, ვისაც
საკუთარი თავის სჯერა? ვიცი
ხალხი, რომელსაც კოლოსალურად
მეტად სწამს საკუთარი თავის,
ვიდრე ნაპოლეონს ან კეისარს.
ვიცი, სად ღვივის თვითდაჯერებულობისა
და წარმატების ვარსკვლავი.
შემიძლია ზეადამიანის ტახტთან
მიგაცილოთ. ყველა ადამიანი,
რომელსაც მართლაც სჯერა
საკუთარი თავის, შეშლილთა
თავშესაფარშია.“ მან რბილად
მიპასუხა, რომ საკმაოდ დიდია
იმ ხალხის რაოდენობა, რომელსაც
სჯერა საკუთარი თავის, მაგრამ
შეშლილთა თავშესაფრის გარეთ
იმყოფება. „რა თქმა უნდა“
ვუპასუხე, „და მათ ყველაზე
უფრო კარგად თქვენ უნდა
იცნობდეთ. გალეშილ პოეტს,
რომელსაც მოსაბეზრებელი
ტრაგედია არ გამოართვით, სჯერა
საკუთარი თავის. ეპოსის ავტორ
იმ მოხუც მღვდელსაც, უკანა
ოთახში რომ ემალებით, სჯერა
საკუთარი თავის. თუ საკუთარ
საქმიან გამოცდილებას
დაეკითხებით და არა მახინჯ
ინდივიდუალისტურ ფილოსოფიას,
მიხვდებით, რომ საკუთარი თავის
რწმენა არარაობის უზოგადესი
ნიშანია. უნიჭო მსახიობებს
და გადახდის უუნარო მოვალეებს
სჯერათ საკუთარი თავის. ბევრად
უფრო გამართლებულია, თუ ვიტყვით:
ეს ადამიანი აუცილებლად
ჩაფლავდება, რადგან სჯერა
საკუთარი თავის. სრული
თვითდაჯერებულობა არაა მხოლოდ
ცოდვა. სრული თვითდაჯერებულობა
სისუსტეა. მხოლოდ საკუთარი
თავის რწმენა, ისეთივე ისტერიული
და ცრუა, როგორც, მაგალითად,
ჯოანა საუთკოტი რომ ირწმუნო:
ასეთი რწმენის მქონე ადამიანს
ისევე ცხადად აწერია სახეზე
„ჰანუელ,“ როგორც აი იმ ომნიბუსს.“
ყველაფერ ამას ჩემმა მეგობარმა
გამომცემელმა ძალიან ღრმად
და ეფექტურად უპასუხა: „კი
მაგრამ, თუ საკუთარი თავის
არა, მაშ რისი უნდა სწამდეს
ადამიანს?“ ხანგრძლივი დუმილის
შემდეგ ვუთხარი: „ ახლა სახლში
წავალ და ამ კითხვის პასუხად
წიგნს დავწერ“. ესაა ის წიგნი,
რომელიც დავწერე.
წიგნს დავწყებ იქვე , სადაც
ჩვენი კამათი დაიწყო – საგიჟეთის
ახლომახლო. მეცნიერების
თანამედროვე მაგისტრი აღიარებს
ნებისმიერი კვლევის ფაქტით
დაწყების აუცილებლობას.
რელიგიის უძველესი მაგისტრებიც
იგივე აუცილებლობას აღიარებდნენ.
ისინი ცოდვის ფაქტით იწყებდნენ
– ფაქტით, რომელიც ისეთივე
ხელშესახებია, როგორც კარტოფილი.
განიბანება ადამიანი
სასწაულებრივად თუ ვერა,
დასაბანი რომაა, ამაში მაინც
არაფერი იყო საეჭვო. დღეს
გარკვეული ლონდონელი რელიგიური
ლიდერები – და არა უბრალოდ
მატერიალისტები - უარყოფენ
არა სადავო წყალს, არამედ
უდავო ჭუჭყს. ზოგიერთი ახალი
თეოლოგი უარყოფს პირველყოფილ
ცოდვას - ქრისტიანული
ღვთისმეტყველების ერთადერთ
საგანს, რომლის დამტიცებაც
რეალურადაა შესაძლებელი.
ღირსი ქემპბელის დახვეწილი
სულიერებით აღსავსე ზოგიერთი
მიმდევარი აღიარებს ღვთაებრივ
უცოდველობას, სიზმრადაც რომ
არ უნახავს, მაგრამ გადაჭრით
უარყოფს ადამიანურ ცოდვას,
რომლითაც სავსეა ქუჩა. რეალური
ბოროტების არსებობას მსჯელობის
ამოსავალ წერტილად ერთნაირად
იყენებდნენ დიდი წმინდანებიც
და დიდი სკეპტიკოსებიც. თუ
სიმართლეა (და მართლაც არის), რომ ადამიანს შეუძლია დახვეწილი
სიამოვნება განიცადოს კატის
გატყავებისას, მაშინ რელიგიურმა
ფილოსოფოსმა ორიდან ერთერთი
დასკვნა უნდა აირჩიოს: ან
უარყოს ღმერთის არსებობა,
როგორც ამას ყველა ათეისტი
აკეთებს, ან უარყოს ახლანდელი
კავშირის არსებობა ღმერთსა
და ადამიანს შორის, როგორც
ამას ყველა ქრისტიანი აკეთებს.
ახალ თეოლოგებს რაციონალურ
გადაწყვეტილებად კატის უარყოფა
მიაჩნიათ.
ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში
უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენი
წინაპრების მსგავსად, ცოდვის
ფაქტით დაწყება (საყოველთაო
გაგების მოპოვების იოტისოდენა
მოლოდინითაც კი). თვით ეს ფაქტი,
რომელიც მათთვის (და ჩემთვისაც)
დღესავით ნათელი იყო, საგანგებოდაა
გაზავებული ან უარყოფილი. და
მაინც, მიუხედავად იმისა, რომ
თანამედროვენი უარყოფენ
ცოდვის არსებობას, არა მგონია,
შეშლილთა თავშესაფრის არსებობაც
უარყონ. ჩვენ ჯერ კიდევ
ვთანხმდებით, რომ არსებობს
გონების რღვევა, ისეთივე
უდაო, როგორიც სახლის ნგრევაა.
ადამიანები უარყოფენ ჯოჯოხეთს,
მაგრამ არა ჰანუელს. ჩვენი
საწყისი მსჯელობისათვის ერთი
შეიძლება მეორეთი ჩავანაცვლოთ.
აი რას ვგულისხმობ: თუ ოდესღაც
ამა თუ იმ აზრს თუ თეორიას
განსჯიდენ იმით, ხომ არ
აკარგვინებს ის ადამიანს
სულს, თანამედროვე აზრი ან
თეორია შეიძლება განვსაჯოთ
იმით, ხომ არ ართმევს ის ადამიანს
გონს.
ზოგი თავისუფლად და მსუბუქად
საუბრობს შეშლილობის შინაგან
მიმზიდველობაზე. მაგრამ
წამიერი დაფიქრებაც კი
საკმარისია იმის მისახვედრად,
რომ მშვენიერი დაავადება,
როგორც წესი, სხვისია. ბრმა
შეიძლება სახიერი იყოს, მაგრამ
ამის დანახვას ორი თვალი
სჭირდება. მსგავსად ამისა,
შეშლილობის ველურ პოეზიას
მხოლოდ ნორმალური თუ დაინახავს.
შეშლილობა შეშლილისათვის
სავსებით პროზაულია, იმიტომ
რომ სავსებით ჭეშმარიტია. თუ
ადამიანმა თავი წიწილად
წარმოიდგინა, არის კიდეც
ჩვეულებრივი წიწილა საკუთარი
თავისათვის. თუ ადამიანი
თვლის, რომ მინის ნატეხია, ის
ისევე მოსაბეზრებელია საკუთარი
თავისთვის, როგორც მინის
ნატეხი. გონების
ერთგვაროვნებაა,
რაც მას მოსაბეზრებელსა და
შეშლილს ხდის. ვინც ხედავს
ირონიას, მას იდეა გასართობად
ეჩვენება; ვინც ირონიას ვერ
ხედავს, მას ჰანუელში ათავსებენ.
მოკლედ, უცნაურობა მხოლოდ
ჩვეულებრივ ადამიანს აოცებს.
უცნაურობა არ გააოცებს თავად
უცნაურს. ამიტომაა, რომ
ჩვეულებრივი ადამიანი ერთობა,
უცნაური კი მუდამ მოწყენილობაზე
წუწუნებს. იგივე მიზეზითაა
გამოწვეული ის, რომ ახალი
რომანი ასე მალე კვდება, ძველი
ზღაპარი კი დაუსრულებლად
ცოცხლობს. ძველი ზღაპარი
ნორმალურ ბიჭს გმირად აქცევს;
მისი თავგადასავალი საოცარია;
ის გაოცებულია, რადგან ნორმალურია.
აი თანამედროვე ფსიქოლოგიურ
რომანში კი გმირია არანორმალური;
ცენტრი ცენტრში აღარაა. ბობოქარი
თავგადასავალიც კი ვერ მოქმედებს
მასზე ადეკვატურად და წიგნიც
მონოტონურია. შეიძლება შეთხზა
ამბავი გმირისა ურჩხულებს
შორის; მაგრამ არა უჩხულისა
ურჩხულებს შორის. ზღაპარი
გვიამბობს, რას იზამდა ნორმალური
ადამიანი შეშლილ სამყაროში.
დღევანდელი ფხიზელი, რეალისტური
რომანი კი იმას მოგვითხრობს,
რას აკეთებს შეშლილი მოსაწყენ
სამყაროში.
მოდი საგიჟეთს მივუბრუნდეთ
და ჩვენი ინტელექტუალური
მოგზაურობა ამ ავბედითი
ფანტასტიკური სასტუმროთი
დავიწყოთ. საღი აზროვნების
თვალის უბრალო შევლებითაც
კი შესამჩნევია ერთი უხეში
და გავრცელებული შეცდომა,
რომელიც პირველ რიგშია
გამოსასწორებელი. მოარული
აზრის თანახმად წარმოსახვა,
განსაკუთრებით კი მისტიკური
წარმოსახვა სახიფათოა ადამიანის
გონებრივი წონასწორობისათვის.
პოეტებს ხშირად მიაწერენ
ფსიქოლოგიურ გაუწონასწორებლობას.
დაფნის გვირგვინი თმაში
გახლართულ ჩალასთან ასოცირდება.
ისტორია და სინამდვილე ცალსახად
უარყოფენ ამ წარმოდგენას.
უდიდეს პოეტთა უმრავლესობა
არამარტო საღი, არამედ უკიდურესად
საქმიანი აზროვნებით გამოირჩეოდა;
თუ შექსპირი ოდესმე დარაჯობდა
კიდეც ცხენებს, ეს მხოლოდ მის
სანდოობას ამტკიცებს. წარმოსახვა
არ წარმოშობს შეშლილობას.
სწორედ განსჯითი გონია,
შეშლილობამდე რომ მიჰყავს.
პოეტი კი არ გიჟდება, არამედ
მოჭადრაკე; გიჟდება მათემატიკოსი
და მოლარე, ხელოვანი კი ძალზე
იშვიათად. არ ვაპირებ რაიმე
თვალსაზრისით შევუტიო ლოგიკას:
უბრალოდ ვამბობ, რომ საფრთხეს
ლოგიკა შეიცავს და არა წარმოსახვა.
შემოქმედებითი მამობა ისეთივე
კეთილისმყოფელია, როგორც
ფიზიკური. აღსანიშნავია, რომ
პოეტის პათოლოგიას ხშირად
მის ტვინში რაციონალურობის
სუსტი წერტილის არსებობა
იწვევს. მაგალითად, პოს
ავადმყოფურობა არა მისმა
პოეტურობამ, არამედ განსაკუთრებულმა
ანალიტიკურობამ განაპიროა.
მისთვის ჭადრაკიც კი გადაჭარბებულად
პოეტური იყო; მას არ უყვარდა
ჭადრაკი, რომელიც პოემის
მსგავსად, ნაირგვარი ფიგურებითაა
სავსე. ის შაშის შავ დისკოს
ამჯობინებდა, რადგან დიაგრამის
შავ წერტილს ჰგავს. ყველაზე
უფრო დამაჯერებელი კი ალბათ
ქოუპერის შემთხვევაა: დიდ
ინგლისელ პოეტებს შორის ის
ერთადერთია, ვინც შეიშალა და
ამის მიზეზი ნამდვილად ლოგიკაა
– ბედისწერის მახინჯი და უცხო
ლოგიკა. მისთვის პოეზია
დაავადება კი არა, წამალი იყო,
სწორედ პოეზია უნარჩუნებდა
მას ჯანმრთელობას ნაწილობრივ.
მდინარე უზის ფართო წყლებს და ბრტყელ თეთრ
შროშანებს შორის დროდადრო
დავიწყებას ეძლეოდა გავარვარებული
და მწყურვალი ჯოჯოხეთი, რომელშიც
ის საზიზღარმა დეტერმინიზმმა
ჩაითრია. ჟან კალვინის მიერ
დაწყევლილი, ლამის ჯონ გილპინმა
იხსნა. ყველგან და ყველაფერში
ვხედავთ, რომ ადამიანს ოცნება
არ აგიჟებს. კრიტიკოსები
ბევრად უფრო შეშლილები არიან,
ვიდრე პოეტები. ჰომეროსი
სრულია და წყნარი; აი კრიტიკოსები
კი ცდილობენ მის დაფლეთას
უაზრო ნაწილებად. შექსპირი
ხომ თითქოს შექსპირია? ნურას
უკაცრავად – ზოგიერთმა მისმა
კრიტიკოსმა აღმოაჩინა, რომ
ის ვიღაც სხვაა. წმ. იოანე
ღვთისმეტყველს რა უცნაური
ურჩხული არ უნახავს თავის
ხილვაში, მაგრამ ერთერთი
საკუთარი კომენტატორის მსგავსი
ველური არსება არსად ჰყავს
აღწერილი. საქმე მარტივადაა:
პოეზია საღ აზრზეა, რადგან
ის თავისუფლად ცურავს უსასრულო
ზღვაში; რაციონალური გონება
კი ცდილობს ის გადაცუროს, ანუ
სასრულად აქციოს. შედეგი
გონებრივი გამოფიტვაა, ბ-ნი
ჰოლბეინის ფიზიკური გამოფიტვის
მსგავსი. ყველაფრის მიღება
ვარჯიშია, ყველაფრის გაგება
– დაძაბვა. პოეტი ეძიებს
აღტაცებას და გაფართოებას,
სამყარო სჭირდება, რათა
გაიშალოს. პოეტს სურს ზეცაში
თავის მოქცევა. ლოგიკოსი კი
პირიქით - ცდილობს ზეცა მოაქციოს
თავში. ამიტომაც უსკდება
ხოლმე.
მცირე, მაგრამ დამახასიათებელი
დეტალი: ამ საოცარ შეცდომას
ხშირად საოცრად მცდარი ციტირებით
ამაგრებენ. ყველას გვსმენია,
როგორ მოიხმობენ ხოლმე თითქოს
და დრაიდენისეულ ცნობილ
სტრიქონს, „გენიოსი შეშლილობასთან
ახლოა“. მაგრამ დრაიდენს ასე
არ უთქვამს. დრაიდენი თავად
იყო გენიოსი და უკეთ იცოდა.
ადამიანებს შორის ძნელად
მოიძებნება მასზე უფრო დიდი
რომანტიკოსი ან საღად მოაზროვნე.
აი რა თქვა დრაიდენმა: „დიდი
გონება შეშლილობასთან ახლოა.“
და ეს მართლაც ასეა. ცარიელი
საზრიანობაა დაღუპვის პირას.
შესაძლებელია იმის გახსენებაც,
თუ როგორ ადამიანზე ლაპარაკობს
დრაიდენი: ვოგენის ან ჯორჯ
ჰერბერტის მსაგავს არაამქვეყნიურ
ნათელმხილველზე კი არა, არამედ
ცინიკურ, ამქვეყნიურ სკეპტიკოსზე,
დიპლომატზე, დიდ პრაქტიკოს
პოლიტიკოსზე. ასეთი ადამიანი
კი მართლაც „შეშლილობასთან
ახლოა.“ საკუთარი და სხვისი
ტვინის განუწყვეტელი გამოთვლები,
რასაც ამ ჯურის ხალხი მისდევს,
სახიფათო საქმეა. გონებისთვის
დამღუპველია თვითანგარიში.
ქარაფშუტას უკითხავს, საიდან
მოდის გამოთქმა „შეშლილი,
როგორც როგორც მექუდე“. უფრო
ქარაფშუტა აუხსნიდა: მექუდე
იმიტომაა შეშლილი, რომ მუდამ
ადამიანის თავის ზომვაშია.
და თუ დიდი მოაზროვნე ხშირად
მანიაკალურია, მანიაკებიც,
როგორც წესი, კარგად აზროვნებენ.
თავისუფალი ნების საკითხზე
„კლარიონთან“ პოლემიკაში
ვიყავი ჩართული, როდესაც ბ-ნმა
სუთერსმა, ნიჭიერმა მწერალმა,
განაცხადა, რომ თავისუფალი
ნება სიგიჟეა, რადგან უმიზეზო
ქმედებას აღნიშნავს, უმიზეზო
კი შეშლილის ქმედებაა. მე არ
შევჩერდები დეტერმინისტული
ლოგიკის ამ კატასტროფულ
შეცდომაზე. ცხადია, რომ
ნებისმიერი უმიზეზო ქმედება,
თუნდაც შეშლილის, დეტერმინიზმს
ბოლოს მოუღებდა: თუ მიზეზ-შედეგობრივი
ჯაჭვის გაწყვეტა დასაშვებია
შეშლილისთვის, ნორმალურმა
რა დააშავა? ჩემი მიზანი უფრო
პრაქტიკულია. იქნებ ბუნებრივიცაა,
თანამედროვე მარქსისტ -
სოციალისტმა რომ არაფერი
იცოდეს თავისუფალ ნებაზე,
მაგრამ ნამდვილად საკვირველია,
რომ არაფერი იცის შეშლილებზე.
არადა ნათელია, რომ ბ-ნ სუთერსს
არაფერი სცოდნია შეშლილების
შესახებ. შეშლილის ქმედება
ყველაფერია, უმიზეზოს გარდა.
თუ რამე სახის ადამიანურ
ქმედებას უმიზეზო შეიძლება
დაერქვას, ეს ჯანსაღი ადამიანის
უმნიშვნელო საქციელია: სტვენა
სეირნობისას, ბალახის კაფვა
ჯოხით, ქუსლების ბაკუნი ან
ხელების ფშვნეტა. კმაყოფილი
ადამიანი უსარგებლო საქმიანობითაა
დაკავებული; დაავადებულ
ადამიანს უსაქმურობის ძალა
არ შესწევს. ზუსტად ეს უმიზეზო
და უზრუნველი მოქმედებაა ის,
რასაც შეშლილი ვერასოდეს
გაიგებს; შეშლილი (დეტერმინისტის
მსგავსად) ყველაფერში ზედმეტ
მიზეზს ხედავს. შეშლილი ამ
ცარიელ ქმედებებს შეთქმულებისათვის
დამახასიათებელ ნიშნებს
მიაწერდა. ის იფიქრებდა, რომ
ბალახის კაფვა კერძო საკუთრებაზე
მიტანილი შეტევაა, ქუსლების
ბაკუნი – თანამზრახველისთვის
მიცემული ნიშანი. შეშლილმა
წამითაც რომ მოახერხოს
უზრუნველობა, გამოჯანმრთელდებოდა.
ყველამ, ვისაც კი სულიერი
აშლილობის ან მის ზღვარზე
მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის
უბედურება ჰქონია, იცის, რომ
მათში ყველაზე დამთრგუნველი
წვრილმანების საშინელი
სიცხადეა: ყველაფრის
ურთიერთდაკავშირება სქემით,
რომელიც თავსატეხზე უფრო
ჩახლართულია. თუ შეშლილთან
იკამათებ, აუცილებლად დამარცხდები.
მის გონებას არ აფერხებს
არაფერი, რაც საღ განსჯას
უკავშირდება. მას არ შეაფერხებს
არც იუმორის გრძნობა, არც
გულმოწყალეობა და არც გამოცდილების
მოსაწყენი გარემოებანი.
ჯანსაღი ზემოქმედების გაქრობა
მის აზროვნებას უფრო ლოგიკურს
ხდის. შეშლილობის აღმწერი
ზოგადი გამოთქმა ამ თვალსაზრისით
დამაბნეველია. შეშლილი ის კი
არაა, ვინც აზროვნების უნარი
დაკარგა, შეშლილი ისაა, ვინც
ყველაფერი დაკარგა აზროვნების
უნარის გარდა.
შეშლილის მიერ შემოთავაზებული
ახსნა მუდამ სრული და ხშირად,
წმინდა რაციონალური თვალსაზრისით,
დამაკმაყოფილებელია, ანუ
უფრო მკაცრად, თუ დამაჯერებელი
არა, სულ მცირე, გამართულია.
აი ორი-სამი გავრცელებული
მაგალითი: თუ ადამიანი თვლის,
რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებაა,
ამ აზრს ვერ გაუქარწყლებ იმით,
რომ შეთქმულებაში მონაწილეობას
ყველა უარყოფს: ზუსტად ასე
მოიქცეოდა ნამდვილი შეთქმული.
მისი ახსნა ისეთივე ზუსტია,
როგორც შენი. ან, თუ ადამიანი
ინგლისის კანონიერ მეფობას
იჩემებს, ის, რომ არსებული
ხელისუფლება მას შეშლილად
აცხადებს, ამომწურავი პასუხი
ვერ იქნება, რადგან მართლა
მეფე რომ იყოს, ხელისუფლების
ასეთი რეაქცია ყველაზე უფრო
ჭკვიანური იქნებოდა. ან, თუ
ადამიანი ამბობს, რომ იესო
ქრისტეა, ვერფერი პასუხია
ის, რომ მის ღვთაებრიობას არ
ცნობენ, რადგან წუთისოფელმა
არც ქრისტე იცნო.
რა თქმა უნდა, ის ცდება. მაგრამ
თუ მისი შეცდომის ზუსტად
ჩამოყალიბებას ვეცდებით,
დავინახავთ, რომ ეს არც ისე
ადვილია. ალბათ ყველაზე
მიახლოებული ამის თქმაა: მისი
გონება სრულყოფილ, მაგრამ
ვიწრო წრეში ტრიალებს. მცირე
ზომის წრე ზუსტად ისევე
უსასრულოა, როგორც დიდი ზომის;
და მაინც ის მცირე ზომისაა.
ზუსტად ასევე, შეშლილის ახსნა
ისეთივე სრულია, როგორც საღად
მოაზროვნის, მაგრამ არაა
ასეთივე ზომის. ტყვია ისეთივე
მრგვალია, როგორც მსოფლიო,
მაგრამ ტყვია არაა მსოფლიო.
არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა
ვიწრო საყოველთაოობა, პატარა
და შეზღუდული მარადისობა;
ამის დანახვა შესაძლებელია
მრავალ თანამედროვე რელიგიაში.
გარეგნული და ემპირიული
თვალსაზრისით, შეშლილობის
უტყუარი ნიშანი ლოგიკური
სისრულე და სულიერი სივიწროვეა.
შეშლილის თეორია ხსნის ბევრს,
მაგრამ ხსნის ვიწროდ. თუ
ავადმყოფურ გონებასთან გვიწევს
ურთიერთობა, არგუმენტებზე
უფრო მნიშვნელოვანი სუფთა
ჰაერის მიწოდებაა, დარწმუნება
იმაში, რომ არსებობს რაღაც,
უფრო სუფთა და გრილი, ვიდრე
ერთი კამათის სულისშემხუთველი
გარემო. დავუბრუნდეთ ჩემს
მიერ მოყვანილ პირველ, ტიპურ
მაგალითს - ადამიანს, რომელიც
განურჩევლად ყველას მის
წინააღმდეგ შეთქმულებაში
მონაწილეობას აბრალებს. მისი
აკვიატების საწინააღმდეგო
პროტესტის გრძნობის გამოსახტავად
ვეტყოდი რაიმეს ამის მსგავსს:
„გეთანხმებით, რომ ძალიან
ბევრი დამთხვევაა და იქნებ
თქვენეული ახსნა ბევრ რამეს
ნათელს ჰფენს, მაგრამ რამდენი
რამ გრჩებათ წყვდიადში! განა
არ არსებობს ამ ქვეყანაზე
სხვა ამბავი, გარდა თქვენისა?
ნუთუ ყველა ადამიანი თქვენითაა
დაკავებული? დავუშვათ, ქუჩაში
იმ კაცმა შეგნებულად აგარიდათ
თვალი, პოლიციელმა განგებ
გკითხათ სახელი, თუმცა გიცნობდათ.
მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად
უფრო ბედნიერი იქნებოდით, თუ
გეცოდინებოდათ, რომ ამ ხალხს
თქვენთან არაფერი ესაქმება!
როგორ გაიშლებოდა თქვენი
ცხოვრება, თუ საკუთარ „მეს“
დააპატარავებდით; იქნებ სხვა
ადამიანებს უბრალო ცნობისმოყვარეობით
და სიამოვნებით შეხედოთ;
დაინახოთ, რა ენერგიული
განურჩევლობით და მზიანი
ეგოიზმით აღსავსენი დასეირნობენ!
თქვენ იგრძნობდით მათ მიმართ
ინტერესს, რადგან მათ თქვენ
არ აინტერესებთ. თავს დააღწევდით
ამ ციცქნა, ყალბ თეატრს, სადაც
გაუთავებლად თამაშდება თქვენი
ციცქნა ამბავი, და აღმოჩნდებოდით
თავისუფალი ცის ქვეშ, ქუჩაში,
რომელიც სავსეა შესანისნავი
უცნობებით.“ ან, წარმოვიდგინოთ
მეორე მაგალითი – ის კაცი,
რომელიც გვირგვინს იჩემებს.
თქვენ ეტყოდით: „კეთილი,
ვთქვათ, მართლაც ინგლისის
მეფე ხარ, მაგრამ რა თავში
იხლი? ერთი ღონიერი გაბრძოლება
და ჩვეულებრივი ადამიანი
იქნები, რომელიც ზემოდან
დასცქერის ქვეყნიერების
ყველა მეფეს.“ მესამე შემთხვევაში,
შეშლილს რომელიც თავს ქრისტეს
უწოდებს, თუ გულწრფელნი
ვიქნებოდით, ვეტყოდით: „ მაშ
შენ ყოფილხარ სამყაროს შემქნელი
და მხსნელი, მაგრამ რა პატარაა
ეგ სამყარო! რა პატარაა შენი,
პეპელასხელა ანგელოზებიანი
ზეცა! ალბათ, რა მოსაწყენია
ღმერთობა, არაადეკვატური
ღმერთობა! ნუთუ არ არსებობს
შენს ცხოვრებაზე უფრო სავსე
ცხოვრება, შენს სიყვარულზე
უფრო მშვენიერი სიყვარული?
ნუთუ ყველა არსება შენი მცირე
და ავადმყოფური სინანულის
იმედად უნდა იყოს? რამდენად
უფრო ბედნიერი იქნებოდი,
უზენაესი ღმერთის ურომ რომ
დაამსხვრიოს შენი მცირე
სამყარო, მძივივით გაგიფანტოს
ვარსკვლავები და გაგათავისუფლოს,
რათა შეძლო არამარტო ქვევით
ყურება, არამედ სხვა ადამიანების
მსგავსად, ზევით ახედვაც!“
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე
უფრო პრაქტიკულ მეცნიერებას
სწორედ ასეთი დამოკიდებულება
აქვს გონებრივ აშლილობასთან:
ის არ ეკამათება მას, როგორც
მწვალებლობას, არამედ განდევნის,
როგორც ჯადოს. არც თანამედროვე
მეცნიერებას და არც უძველეს
რელიგიას სჯერა სრულად
თავისუფალი აზროვნების.
ღვთისმეტყველება გმობს
გარკვეულ აზრებს და მკრეხელობად
აფასებს. მეცნიერება გმობს
გარკვეულ აზრებს და მათ
ავადმყოფურად თვლის. მაგალითად,
ზოგიერთი რელიგიური საზოგადოება
ურჩევდა ადამიანებს ნაკლები
ეფიქრათ სქესზე. თანამედროვე
სამეცნიერო საზოგადოება
დაჟინებით ურჩევს ადამიანებს
ნაკლები იფიქრონ სიკვდილზე,
რომელიც რეალობაა, მაგრამ
მასზე ფიქრი ავადმყოფურად
ითვლება, და თუ ავადმყოფურობას
მანიის ელფერი დაჰკრავს,
თანამედროვე მეცნიერებას
ლოგიკა ისევე აინტერესებს,
როგორც მოცეკვავე დარვიშს.
ამ შემთხვევებში არასაკმარისია
უბედური ადამიანის ჭეშმარიტებისკენ
სწრაფვა; აუცილებელია, რომ
მას ჯანმრთელობა სწყუროდეს.
მას ვერაფერი გადაარჩენს,
გარდა ნორმალურობის ბრმა,
ცხოველურისმაგვარი მოთხოვნილებისა.
ადამიანს არ ძალუძს შეშლილობის
გადაფიქრება, რადგან ფიქრის
ორგანო აქვს დაზიანებული,
უმართავი და თითქოს დამოუკიდებელი.
მას მხოლოდ ნება ან რწმენა
თუ უშველის. მისი ამოძრავებული
გონება იმწამსვე ძველ, წრიულ
კალაპოტში ვარდება და გაუთავებლად
ტრიალებს ლოგიკურ წრეზე,
მესამე კლასის ვაგონის
მგზავრივით, რომელიც შიდა
წრეზე მოძრაობს, ვიდრე
გოვერ-სტრიტზე ამოსვლის
ნებელობით, ენერგიულ და მისტიკურ
აქტს არ განახორციელებს. საქმე
გადაწყეტილების მიღებაა;
კარი სამუდამოდ უნდა დაიხუროს.
ყველა წამალი უშედეგოა, ყველა
განკურნება - სასწაულებრივი.
შეშლილის მკურნალობა ფილოსოფიური
კამათი კი არა, ეშმაკის განდევნაა.
რაც არ უნდა მშვიდად მუშაობდეს
ექიმი და ფსიქოლოგი, მათი
დამოკიდებულება არსებითი
შეუწყნარებლობაა – ისეთივე
შეუწყნარებელი, როგორც სისხლიანი
მერი. მათი ნამდვილი მიდგომა
ასეთია: ადამიანმა უნდა
შეწყვიტოს ფიქრი, თუ სურს
სიცოცხლის გაგრძელება. მათი
რჩევა ინტელექტუალური
ამპუტაციაა. თუ შენი თავი
გაცდუნებს, მოიკვეთე იგი,
რადგან ცათა სასუფეველში
ბავშვად კი არა, გონებასუსტად
შესვლა გიჯობს, მთელი შენი
ჭკუა-გონებიანად ჯოჯოხეთში
– ან ჰანუელში მოხვედრას.
ასეთია შეშლილი ცხოვრებაში:
ჩვეულებრივად ის აზროვნებს,
ხშირად – საკმაოდ კარგადაც.
ეჭვგარეშეა, შესაძლებელია
მისი დამარცხება მსჯელობით
და ლოგიკური არგუმენტაციით.
მაგრამ შესაძლებელია უფრო
ზუსტი მიდგომაც, ზოგადი, და
მე ვიტყოდი, ესთეტიკური ხერხის
გამოყენებით. ის ხომ ერთი
აზრის სუფთა და კარგად განათებული
საკნის ტყვეობაშია, ერთ,
მტკივნეულ წერტილზეა მომართული,
ჯანსაღი სირთულისა და მერყეობის
გარეშე. როგორც შესავალში
ვთქვი, საწყისი თავები არა
იმდენად დოქტრინის, არამედ
თვალსაზრისის ზოგიერთი სურათის
გადმოცემას დავუთმე. შეშლილის
ჩემეული ხედვის ასე დეტალურად
აღწერა კი იმიტომ გადავწყიტე,
რომ თანამედროვე მოაზროვნეთა
უმრავლესობა ჩემზე ზუსტად
ისევე მოქმედებს, როგორც
შეშლილი. ის ტონი და განწყობა,
რომელიც ჰანუელის უტყუარი
ნიშანია, დღეს სამეცნიერო
კათედრებისა და სასწავლებლებიდან
მესმის, მკურნალთა უმრავლესობას
კი მკურნალობა თავად სჭირდება.
ამათ ყველას ზუსტად ის ნაზავი
აქვს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ:
გაფართოებული, გამოფიტული
გონება და შეკუმშული საღი
აზრი. მათი უნივერსალიზმი
მხოლოდ იმაში გამოიხატება,
რომ ყველაფერს ერთ, მჭლე ახსნას
არგებენ. ვიწრო სქემა, უსასრულოდ
გაჭიმულიც კი, მაინც ვიწრო
სქემად რჩება. ჭადრაკის დაფა
მათთვის შავ-თეთრია, და მთელ
სამყაროსაც რომ ფარავდეს,
ასეთად დარჩება. შეშლილის
მსგავსად, მათ არ ძალუძთ
თვალსაზრისის შეცვლა; გონებრივი
ძალისხმევა, რომელიც დაფას
უეცრად თეთრ-შავად დაანახებს,
მათთვის მიუწვდომელია.
მოდი მატერიალიზმის თვალსაჩინო
შემთხვევა ავიღოთ. სამყაროს
მატერიალისტური ახსნა სიგიჟემდე
მარტივია. ის შეშლილის
არგუმენტაციის თვისებას
ამჟღავნებს; ყველაფერი
ერთდროულად გათვალისწინებულია
და თან გამოტოვებული. დააკვირდით,
მაგალითად, ნიჭიერ და გულწრფელ
მატერიალისტს, ბ-ნ მაკკეიბს,
და ზუსტად ეს განუმეორებელი
განცდა დაგეუფლებათ. მას
ყველაფერი ესმის, და ეს ყველაფერი
გაგებადაც არ ღირს. მისი კოსმოსი
სრულია მოქლონიდან კბილანამდე,
და მაინც, ჩვენს მსოფლიოზე
უფრო პატარაა. მისი სქემა,
შეშლილის ნათელი სქემის
მსგავსად, ვერ ამჩნევს დედამიწის
უცნაურ ენერგიას და განურჩევლობას;
არ იაზრებს დედამიწის რეალურ
ამბებს, მებრძოლ ხალხებს თუ
ამაყ დედებს, პირველ სიყვარულს
თუ ზღვის შიშს. დედამიწა
უზარმაზარია, მისი
კოსმოსი კი პაწაწინა,
დაახლოებით მცირე ორმოს
ზომისა, რომელშიც კაცი თავს
თუ დამალავს.
აქ ამ სწავლებებს განვიხილავ
მხოლოდ ჯანმრთელობის და არა
ჭეშმარიტების თვალსაზრისით.
ობიექტური ჭეშმარიტების
საკითხს მოგვიანებით შევეჭიდები;
აქ კი მხოლოდ ფსიქოლოგიურ
მოვლენაზე ვილაპარაკებ. მე
არ ვუმტკიცებ ჰეკკელს, რომ
მატერიალიზმი ცრუ სწავლებაა,
ისევე როგორც ადამიანს, რომელიც
თავს ქრისტედ თვლის, მისი
გარჯის ამაოებას. უბრალოდ
ავღნიშნავ, რომ ორივე შემთხვევა
ერთნაირად სრული, და ამავე
დროს, არასრულია. ინდიფერენტული
საზოგადოების მიერ ადამიანის
მოთავსება ჰანუელში შეგიძლიათ
მონათლოთ, როგორც ჯვარცმა
ღმერთის, რომლის ღირსიც არაა
ეს წუთისოფელი; თქვენი ნებაა.
მსგავსად ამისა, სამყაროს
მოწყობასაც ახსნით, თუ იტყვით,
რომ ყველაფერი, მათ შორის
ადამიანის სულიც, გარდაუვალობის
უაზრო, ნივთიერი ხის მიერ
გამოღებული ფოთოლია. ესეც
ახსნაა, თუმცა სისრულით
შეშლილისას ვერ შეედრება.
საქმე ისაა, რომ ნორმალური
ადამიანური გონება ორივეს
ეწინააღმდეგება, და თანაც
ერთნაირად. ეს წინააღმდეგობა
დაახლოებით ასე გამოიყურება:
თუ ჰანუელელი ადამიანი
ჭეშმარიტი ღმერთია, ვერაფერი
ღმერთი გვყოლია. მსგავსად
ამისა, მატერიალისტის სამყაროც
დიდი ვერაფერი სამყაროა. აქ
ყველაფერი დაპატარავებულია:
ღმერთი ადამიანზე ნაკლებად
ღვთიურია, სიცოცხლე კი (ჰეკკელის
მიხედვით), ბევრად უფრო
ნაცრისფერი, ვიწრო და ტრივიალურია,
ვიდრე მისი ბევრი ცალკეული
ასპექტი. ნაწილი მეტია, ვიდრე
მთელი.
ერთი რამ უდაოა: მატერიალიზმი
(მიუხედავად იმისა, ჭეშმარიტია
თუ არა) ბევრად უფრო შემზღუდველია
ვიდრე ნებისმიერი რელიგია.
გარკვეული თვალსაზრისით,
ყველა აზრიანი იდეა ვიწროა.
ის თავის თავს ვერ გასცდება.
ქრისტიანს მხოლოდ ერთი რამ
ზღუდავს: ის ვეღარ იქნება
ქრისტიანი თუ ჩათვალა, რომ
ქრისტიანობა ცრუა. ასევეა
ათეისტიც. მაგრამ როგორც ხდება
ხოლმე, მატერიალიზმის შეზღუდვები
უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე
სპირიტუალიზმისა. ბატონი
მაკკეიბი მონად მთვლის, რადგან
არ მაქვს უფლება დეტერმინიზმი
ვირწმუნო. მე მას ვთვლი მონად,
რადგან არ შეუძლია ფერიების
არსებობა დაუშვას. თუ ამ ორ
აკრძალვას გამოვიკვლევთ,
გამოჩნდება, რომ მისი აკრძალვა
ბევრად უფრო მეტად ამართლებს
სახელს. ქრისტიანს შეუზღუდავად
შეუძლია იფიქროს, რომ სამყაროს
დიდწილად დამყარებული წესრიგი
და გარდაუვალი განვითარება
ახასიათებს. აი მატერიალისტს
კი სასტიკად ეკრძალება თავის
უნაკლო მანქანაზე სულიერების
ან სასწაულის უმცირესი ლაქის
არსებობა აღიაროს. საბრალო
მაკკეიბთან ციცქნა ჭინკაც
კი ვერსად დაიმალება. ქრისტიანი
აღიარებს, რომ სამყარო მრავალსახა
და წინააღმდეგობრივიც კია,
ზუსტად ისევე, როგორც ნორმალურმა
ადამიანმა იცის, რომ მრავალსახაა:
მხეცისაც სცხია და ეშმაკისაც,
წმინდანისაც და მოქალაქისაც.
მეტიც, მართლა ნორმალურმა
ადამიანმა ისიც იცის, რომ
სიგიჟეც ურევია. მატერიალისტის
სამყარო კი ისეთივე მარტივი
და მყარია, როგორც საკუთარი
ნორმალურობის რწმენა შეშლილში.
მატერიალისტს სჯერა, რომ
ისტორია მხოლოდ და მთლიანად
მიზეზშედეგობრივი ჯაჭვია –
ისევე, როგორც ზემოხსენებულ
საინტერესო პიროვნებას სჯერა,
რომ ის მთლიანად და მარტივად
წიწილია. მატერიალისტები და
შეშლილები არასდროს ეჭვობენ.
სულიერი მრწამსი არსებითად
არ ზღუდავს აზროვნებას,
მატერიალისტური უარყოფისაგან
განსხვავებით. უკვდავების
რწმენა არ მაიძულებს მასზე
ვიფიქრო, მაგრამ თუ უკვდავება
არ მწამს, მეკრძალება მასზე
ფიქრი. პირველ შემთხვევაში
გზა ხსნილია: ვივლი იქამდე,
სადამდეც მსურს. მეორე შემთხვევაში
გზა დაკეტილია. ეს შემთხვევა
კიდევ უფრო ძლიერია და მსგავსება
შეშლილობასთან - კიდევ უფრო
უცნაური. ჩვენ ვამტკიცებდით,
რომ შეშლილის ლოგიკური თეორია,
მიუხედავად იმისა, მართალია
თუ არა, ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს
მის ადამიანობას. მატერიალისტის
ძირითადი დასკვნები, მიუხედავად
იმისა, ჭეშმარიტია თუ არა,
ანგრევს მასში ადამიანურს;
არ ვგულისხმობ მხოლოდ სიკეთეს,
ვგულისხმობ იმედს, სიმამაცეს,
პოეტურობას, წამოწყებას –
ყველაფერს, რაც ადამიანურია.
ფუჭი თვალთმაქცობაა, რაიმე
თვალსაზრისით განმათავისუფლებელ
ძალად წარმოვაჩინოთ მატერიალიზმი,
რომელსაც სრულ ფატალიზმამდე
მივყავართ (ზოგადად ასეც
ხდება). აბსურდულია იმის
მტკიცება, რომ თავისუფლების
წინსვლას უწყობ ხელს, როდესაც
თავისუფალი აზროვნებით
თავისუფალ ნებას ანგრევ.
დეტერმინისტი მოდის დასაბმელად
და არა ასახსნელად. რამდენიც
არ უნდა ეძახონ „მიზეზშედეგობრივი“,
ეს მაინც ყველაზე საშინელი
ჯაჭვია, რომლითაც ადამიანი
ოდესმე დაუბამთ. თუ გსურთ,
იხმარეთ თავისუფლების ენა,
როცა მატერიალიზმზე საუბრობთ,
მაგრამ ეს ისეთივე უადგილო
იქნება, როგორც საგიჟეთში
გამომწყვდეული შეშლილის
შემთხვევაში. შეგიძლიათ,
მაგალითად, განაცხადოთ, რომ
ადამიანი თავისუფალია თავი
თოხლო კვერცხად წარმოიდგინოს.
მაგრამ ამას თავისთავად
მოსდევს უფრო წონადი და
მნიშვნელოვანი შედეგი: თოხლო
კვერცხად ქცეული ადამიანი
კარგავს კვების, სმის, ძილის,
სეირნობის ან სიგარეტის
გაბოლების თავისუფლებას.
დეტერმინისტი თავისუფალია
არ სჯეროდეს ნებელობის არსებობა,
შედეგად კი ის კარგავს აღზრდის,
ლანძღვის, მადლიერების,
გამართლების, დარწმუნების,
დასჯის, ცდუნების დაძლევის,
ბრბოს წაქეზების, საახალწლო
სამზადისის, ცოდვათა მიტევების,
ტირანთა გმობის, მიწოდებული
მდოგვისთვის მადლობის თქმის
თავისუფლებას.
ვიდრე სხვა საკითხზე გადავალ,
აღვნიშნავ ერთ უცნაურ სიყალბესაც:
თითქოს მატერიალისტური
ფატალიზმი შეწყალების, სასტიკი
საჯელის ან ზოგადად სასჯელის
გაუქმების ხელშემწობი იყოს.
ეს ჭეშმარიტების საოცარი
გაუკუღმართებაა. სავსებით
ლოგიკურია, რომ აუცილებლობის
დოქტრინისთვის სულერთია
ყველაფერი, ამიტომაც ჯალათი
ისევ შოლტავს, მოყვასი კი
კვლავ შეაგონებს. თუ რამ
ფერხდება, ეს კეთილი შეგონებაა.
დანაშაულის გარდაუვალობა
არ აგვარიდებს სასჯელს, ის
აგვარიდებს შეგონებას.
დეტერმინიზმს მივყავართ
სისასტიკემდე და ლაჩრობამდე.
დეტერმინიზთან არაა შეუთავსებელი
დამნაშავესთან ულმობელი
მოპყრობა, მასთან შეუთავსებელი
დამნაშავის მიმართ გამოჩენილი
გულმოწყალება, მასში უკეთესი
გრძნობების გაღვივება და
მისი ზნეობრივი ბრძოლის
მხარდაჭერა უფროა. დეტერმინისტს
სჯერა არა ნებელობის, არამედ
გარემოს ცვლილების, ამიტომ
ის არ ეტყვის ცოდვილს, „წადი
და აღარ სცოდო“, რადგან ცოდვილს
ეს არ ძალუძს. სამაგიეროდ მას
შეუძლია ის ადუღებულ ზეთში
მოათავსოს, რადგან ადუღებული
ზეთი გარემოა. მატერიალისტის
პიროვნება შეშლილის პიროვნების
გროტესკული მონახაზია. ორივეს
პოზიცია ერთდროულად შეუვალიცაა
და შეუწყნარებელიც.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ
მატერიალისტს არ ეხება, იგივე
ითქმის სპეკულაციური ლოგიკის
მეორე უკიდურესობაზე. არსებობენ
ბევრად უფრო უარესი სკეპტიკოსები,
ვიდრე ისინი, ვისაც სწამს, რომ
ყველაფერი მატერიით იწყება.
შესაძლოა გინახავთ კიდეც
ისეთი, რომელსაც სწამს, რომ
ყველაფერი მასში დაიწყო. ეს
ანგელოზების და ეშმაკების
არსებობას კი არა, ადამიანების
და ძროხების არსებობას ეჭვობს,
საკუთარ მეგობრებს მისივე
შექმნილ მითებად თვლის. მან
შექმნა საკუთარი დედ-მამა.
ეს საშინელი ფანტაზია
მიმზიდველობის მატარებელიც
კია დღევანდელი მისტიკური
ეგოიზმისთვის. ის გამომცემელი,
რომელიც თვლიდა, რომ წარმატებისთვის
საჭიროა საკუთარი თავის
რწმენა, ზეადამიანს მიდევნებული
ადამიანი, რომელიც მას სარკეში
ეძებს, მწერალი, ვინც საკუთარი
პიროვნების აღბეჭდვითაა
დაკავებული ნაცვლად იმისა,
რომ შექმნას სიცოცხლე
სამყაროსათვის - ყველა ამ
ადამიანს ერთ გოჯი აშორებს
საშინელ სიცარიელეს. და როდესაც
ამ ადამიანის გარემომცველი
ეს კეთილი სამყარო ჩაბნელდება,
როგორც გამოგონილი, როდესაც
მეგობრები აჩრდილებად იქცევიან
და სამყაროს საფუძველი
დაინგრევა, როდესაც ეს ადამიანი,
არავინ და არაფერი რომ არ
სწამს, მარტო დარჩება საკუთარ
ზმანებაში, ვარსკვლავები
წერტილებად იქცევა მისი
საკუთარი ტვინის სიბნელეში,
დედის სახე - მისივე ფანქრის
შეშლილ ჩანახატად საკნის
კედელზე, მის ზემოთ კი
შურისმაძიებელი ირონიით,
ინდივიდუალიზმის დიადი დევიზი
გამოისახება: „ მას სწამს
საკუთარი თავის.“
ყველაფერ ამაში ჩვენთვის იმის
აღნიშვნაა მნიშვნელოვანი,
რომ პანეგოისტური აზროვნების
უკიდურესობა იგივე პარადოქსს
შეიცავს, რასაც მატერიალისტური;
თეორიულად ისეთივე სრულია,
პრაქტიკულად კი ისეთივე გონჯი.
სიმარტივისათვის შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ადამიანს შეიძლება
სწამდეს, რომ მუდმივად სიზმარშია.
ნათელია, რომ საპირისპიროს
მას ვერ დაუმტკიცებთ, იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ არ არსებობს
მტკიცება, რომლის განხორციელება
შეუძლებელია სიზმარში. მაგრამ
ეს ადამიანი ლონდონის გადაწვას
თუ შეეცდება და ამბობს, რომ
დიასახლისი მას საუზმეს
უმზადებს, უნდა მოვკიდოთ ხელი
და სხვა ლოგიკოსებთან ერთად
მოვათავსოთ იმ ადგილას,
რომელზეც უკვე არაერთხელ
მივანიშნეთ. ადამიანი, რომელიც
არ ენდობა საკუთარ შეგრძნებებს
და ადამიანი, რომელიც არაფერს
სხვას არ ენდობა, ორივე შეშლილია,
მაგრამ მათი აშლილობა მტკიცდება
არა მათი მსჯელობის შეცდომებით,
არამედ მთელი მათი სიცოცხლის
გაცხადებული მცდარობით. ორივეს
თავი ჩაუკეტავს ყუთში, რომლებიც
შიგნიდან მზით და ვარსკვლავებითაა
მოხატული; არც ერთს არ შეუძლია
გარეთ გამოღწევა, ერთს ზეციურ
ჯანმრთელობასა და ბედნიერებაში,
მეორეს – მიწიერშიც კი. ორივეს
პოზიცია გონიერია, დიახ,
უსასრულოდ გონიერი, ისევე,
როგორც სამპენსიანი მონეტაა
უსასრულოდ მრგვალი. მაგრამ
არსებობს უბადრუკი უსასრულობა
და მდაბიო, მონური მარადისობა.
სასაცილოა, როგორ აუტაცებია
ბევრ თანამედროვე სკეპტიკოსსა
თუ მისტიკოსს საკუთარ ნიშნად
გარკვეული აღმოსავლური
სიმბოლო, რომელიც ამ არარაობის
სიმბოლოა სწორედ: როდესაც
მარადისობის წარმოდგენა
სურთ, მას პირში საკუთარი
კუდჩადებული გველით გამოსახავენ.
ამ ძალიან არადამაკმაყოფილებელი
კერძის გამოსახულება გასაოცარ
სარკაზმს შეიცავს. მატერიალისტი
ფატალისტების, აღმოსავლეთელი
პესიმისტების, ამპარტავანი
თეოსოფებისა დღევანდელი
მაღალი მეცნიერების მარადიულობა
მართლაც შესანიშნავადაა
გამოსახული გველში, რომელიც
საკუთარ კუდს ჭამს, ამ გადაგვარებულ
ცხოველში, რომელიც საკუთარ
თავსაც კი ანადგურებს.
ეს თავი წმინდა პრაქტიკული
ხასიათისაა და განიხილავს
შეშლილობის ძირითად ნიშანს
და ელემენტებს; შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ესაა უფესვოდ
დარჩენილი, სიცარიელეში მყოფი
გონება. ადამიანი, რომელიც
იწყებს ფიქრს არასწორი საწყისი
პრინციპებით, გიჟდება. ის
იწყებს ფიქრს არასწორი ბოლოდან,
დარჩენილი ფურცლები კი სწორედ
იმის ძიებას უნდა მოვახმაროთ
თუ რომელია სწორი ბოლო. უნდა
ვიკითხოთ: თუ ესაა ის, რაც
ადამიანს აგიჟებს, რაღაა ის,
რაც საღ გონს უნარჩუნებს? ამ
წიგნის ბოლოს, იმედია, ამ
კითხვას ზუსტად (ზოგიერთის
აზრით, ალბათ ზედმეტად ზუსტადაც)
ვუპასუხებ. ამჯერად კი ზოგადად
ვიტყვი: ის, რასაც კაცობრიობის
ისტორიის განმავლობაში
ადამიანს საღ აზროვნებას
უნარჩუნებს, მისტიციზმია.
თუ გაქვს საიდუმლო – გაქვს
ჯანმრთელობაც. ამსხვრევ
იდუმალებას – ქმნი დაავადებას.
ჩვეულებრივი ადამიანი ყოველთვის
ნორმალურია, რადგან ჩვეულებრივი
ადამიანი მისტიკოსია. ის
უშვებს გაურკვევლობას, ერთი
ფეხით მიწაზეა, მეორით კი
ზღაპრეთში. ის იტოვებს ღმერთში
დაეჭვების თავისუფლებას,
მაგრამ (დღევანდელი აგნოსტიკოსისგან
განსხვავებით) რწმენის
თავისუფლებასაც ინარჩუნებს
. მას ჭეშმარიტება მეტად
აინტერესებს, ვიდრე თანმიმდევრულობა.
თუ ის ხედავს ორ სიმართლეს
და მათ შორის არსებულ
წინააღმდეგობას, ის იღებს
ორივეს, წინააღმდეგობიანად.
მისი სულიერი ხედვა, მსგავსად
ფიზიკურისა, სტერეოსკოპულია:
ის ერთდროულად ორ განსხვავებულ
სურათს ხედავს, და მაინც, ხედავს
უკეთესად ამის გამო. ამიტომ
სჯეროდა ყოველთვის, რომ არსებობს
ბედისწერაც და თავისუფალი
ნებაც; სჯეროდა, რომ ბავშვები
ცათა სასუფეველია, მაგრამ
მიწიერ წესებსაც უნდა
ემორჩილებოდნენ; უყვარდა
ყმაწვილობა, რადგან ახალგაზრდაა
და ასაკი, რადგან არაა ახალგაზრდა.
ზუსტად ამ ცხადი წინააღმდეგობების
გაწონასწორებაშია ჯანსაღი
ადამიანის ხალისის წყარო.
მისტიციზმის მთელი საიდუმლოც
ესაა: გაუგებარის დახმარებით
ადამიანს შეუძლია ყველაფერი
გაიგოს. ავადმყოფური ლოგიკა
ყველაფრის ახსნას ცდილობს,
შედეგი კი ყველაფრის გაიდუმალებაა.
მისტიკოსი იდუმალებას უნარჩუნებს
ერთს, და ეს ნათელს ხდის მრავალს.
დეტერმინისტი ნათლად აყალიბებს
მიზეზ-შედეგობრივ თეორიას,
მაგრამ აღმოაჩენს, რომ ვეღარ
ეუბნება „გეთაყვას“ მოსამსახურეს.
ქრისტიანი თავისუფალ ნებას
წმინდა საიდუმლოდ ტოვებს;
ამის გამო მისი ურთიერთობა
მოსამსახურე ქალთან ბროლივით
გამჭვირვალეა. სიბნელეში
დატოვებული დოგმის მარცვალი
ყოველმხრივ გაიშლება ბუნებრივი
ჯანმრთელობით. წრე აზროვნების
და შეშლილობის სიმბოლოდ
გამოვიყენეთ, ჯვარი კი შეიძლება
ერთდროულად იდუმალებისა და
ჯანმრთელობის სიმბოლოდ
ვაქციოთ. ბუდიზმი ცენტრისკენულია,
ქრისტიანობა კი ცენტრიდანული:
ეს გარეთ გამოღწევაა. წრე
ბუნებით სრულყოფილი და
უსასრულოა, მაგრამ ზომაშეუცვლელი:
ვერც გაიზრდება და ვერც
შემცირდება. ჯვარს კი, სიღრმეში
დაჯახებისა და წინააღმდეგობის
შემცველს, ოთხივე მხრივ გაშლა
შეუძლია უსასრულოდ, ფორმის
უცვლელად. ცენტრალური პარადოქსის
წყალობით მას შეუძლია ზრდა
ცვლილების გარეშე. წრე თავის
თავს უბრუნდება და ბმულია.
ჯვარს მხრები გაუშლია ოთხი
ქარისთვის: ის თავისუფალ
მოგზაურთა გზის მაჩვენებელია.
ფიზიკური სამყაროდან მოხმობილი
კიდევ ერთი სიმბოლო საკმარისად
ნათლად გამოხატავს მისტიციზმის
ჭეშმარიტ მნიშვნელობას
კაცობრიობისათვის. ის, რასაც
ვერ ვუყურებთ, არის ის, რისი
სინათლის წყალობითაც ვხედავთ
ყველაფერს. მსგავსად შუადღის
მზისა, მისტიციზმი ხსნის
ყველაფერს უჩინარი კაშკაშით.
განყენებული იტელექტუალიზმი
მთვარის ნათებაა, უსიცოცხლო
სამყაროს ცივი და მეორადი
ანარეკლი. ბერძნებმა სწორად
აღიარეს აპოლონი - მკურნლთა
და პოეტთა მფარველი - ერთდროულად
საღი აზრისა და წარმოსახვის
ღმერთად. აუცილებელ დოგმებზე
და მრწამსზე მოგვიანებით
ვისაუბრებ, თუმცა ის მიუწვდომელი,
რითაც ადამიანები სულდგმულობენ,
მზის მსგავს მდგომარეობაშია;
ჩვენ ვაცნობიერებთ მას, როგორც
დიდებულ დაბნეულობას; ის
ერთდოულად მანათობელიცაა
და უფორმოც, ნათებაცაა და
ლაქაც. მთვარის წრე ცხადი და
შეუმცდარია, გამეორებადი და
გარდაუვალი, დაფაზე გამოსახული
ევკლიდეს წრის მსგავსად.
მთვარე უკიდურესად აზრიანია,
ის მთვარეულთა დედაა და მათთვის
საკუთარი სახელის დამრქმევი.
No comments:
Post a Comment