VIII ორთოდოქსიის რომანტიკა

დაძაბულობასა და მოუცლელობაზე წუწუნი თანამედროვე ჩვეულებად იქცა. სინამდვილეში ეპოქის მთავარი ნიშანი სიზარმაცე და დაღლილობაა; მოჩვენებითი ფუსფუსის უკან მუდამ სიზარმაცე იმალება. ავიღოთ ერთი, გარეგნული მაგალითი: ქუჩები სავსეა ტაქსით და ავტომობილებით, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვსაქმიანობთ, არამედ იმიტომ, რომ ვისვენებთ. მეტი საქმიანობა და ნაკლები ფუსფუსი იქნებოდა, ადამიანები უბრალოდ ფეხით რომ დადიოდნენ. მსოფლიოც უფრო წყნარი იქნებოდა, მეტად დაძაბული რომ ყოფილიყო.
გონებრივი ფუსფუსიც ფიზიკურის მსგავსია. თანამედროვე ენის მექანიზმების უმეტესი წილი შრომის დამზოგავი მექანიზმია, რომელიც გონებრივ შრომას საჭიროზე უფრო მეტად ზოგავს. მეცნიერულ ფრაზებს ბორბლებივით და დგუშებივით ვიყენებთ, რათა უფრო სწრაფი და გლუვი გავხადოთ ისედაც კომფორტული გზა. გრძელი სიტყვები ირგვლივ მატარებლებივით დაგრიხინებენ. მათ ათასობით გადაჰყავთ ისეთი, ვისაც თავისით სიარული და ფიქრი ეზარება. კარგი ვარჯიში გამოგვივა, თუ მოვსინჯავთ დროდადრო მოკლე სიტყვებით აზრის გამოხატვას. როდესაც ამბობ: „ განუსაზღვრელი ვადით პატიმრობის სოციალური სარგებლიანობა აღიარებულია ყველა კრიმინოლოგის მიერ, როგორც ნაწილი ჩვენი სოციოლოგიური ევოლუციისა სასჯელის მიმართ უფრო ჰუმანური და მეცნიერული დამოკიდებულებისაკენ,“ შეგიძლია საათობით გააგრძელო და თან ნაცრისფერი ნივთიერების იოტისოდენა გატოკებაც კი არ დაგჭირდეს. მაგრამ თუ ასე დაიწყებ: „მინდა, რომ ჯონსი ციხეში ჩაჯდეს, ბრაუნმა კი თქვას, როდის უნდა გამოვიდეს“, შიშის კანკალით აღმოაჩენ, რომ ვალდებული ხარ, იფიქრო. გრძელი სიტყვა არაა ძნელი სიტყვა, მოკლე სიტყვაა ძნელი. „დალახვროს“ მეტაფიზიკურად უფრო ღრმაა, ვიდრე „დეგენერაცია.“
თუმცა ეს გრძელი და მოხერხებული სიტყვები, თანამედროვე ადამიანს აზროვნების მძიმე შრომისგან რომ ათავისუფლებს, განსაკუთრებით დამანგრეველი და დამაბნეველია ერთი თვალსაზრისით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი გრძელი სიტყვა სხვადასხვა ადგილას სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით იხმარება. კარგად ცნობილი მაგალითია „იდეალისტი,“ რომელიც ერთს ნიშნავს ფილოსოფიის თვალსაზრისით და სხვას ზნეობრივ რიტორიკაში. მატერიალისტი მეცნიერებიც ჩივიან, რომ ადამიანებi ურევენ „მატერიალისტის“ კოსმოლოგიურ მნიშვნელობას ზნეობრივი თვალსაზრისით მის დამცინავ მნიშვნელობაში. უფრო იაფფასიანი მაგალითი: ადამიანი, რომელსაც სძაგს „პროგრესულები“ ლონდონში, თავის თავს „პროგრესულს“ უწოდებს სამხრეთ აფრიკაში.
ასეთივე უაზრო დაბნეულობა უკავშირდება სიტყვა „ლიბერალის“ გამოყენებას, ერთი მხრივ, რელიგიური და მეორე მხრივ, პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. ითვლება, რომ ყველა ლიბერალი თავისუფლად მოაზროვნეა, რადგან მათ ყველაფერი უნდა უყვარდეთ, რაც თავისუფალია. ასეთივე წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა იდეალისტი მაღალი ეკლესიის მიმდევარი უნდა იყოს, რადგან ყველაფერი ამაღლებული უყვარს. შეგვიძლია გავაგრძელოთ და ვთქვათ, რომ დაბალი ეკლესიის მიმდევრებს დაბალი ფენა მოსწონთ, ფართო ეკლესიის მიმდევარს კი უხეში ხუმრობა ეს სიტყვათა უბრალო დამთხვევაა. თანამედროვე ევროპაში თავისუფლად მოაზროვნე არ აღნიშნავს ადამიანს, რომელიც რასაც უნდა იმას ფიქრობს. ესაა ადამიანი, რომელმაც რაც უნდოდა, ის იფიქრა და გარკვეული დასკვნები გააკეთა მოვლენათა მატერიალური საწყისის, სასწაულის შეუძლებლობის, პიროვნული უკვდავების წარმოუდგენლობის შესახებ და ა.შ.. არცერთი ეს იდეა არ გამოირჩევა განსაკუთრებული ლიბერალიზმით. მეტიც, თითქმის ყველა ეს იდეა ზედმიწევნით არალიბერალურია, რასაც ამ თავში ვეცდები, რომ დავასაბუთო.
მომდევნო რამდენიმე გვერდზე შეძლებისდაგვარად სწრაფად ვეცდები, რომ ვაჩვენო: უკლებლივ ყველა შეთავაზება, რომელსაც თეოლოგიის ლიბერალიზატორები დაბეჯითებით მოითხოვენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ანტილიბერალური შედეგის მომტანია. ეკლესიაში თავისუფლების შეტანის თითქმის ყველა თანამედროვე წინადადება საერო ცხოვრებაში ტირანიის შეტანის წინადადებაა. ეკლესიის გათავისუფლებაში არავინ გულისხმობს თავისუფლებას ყველა მიმართულებით. იგულისხმება დოგმათა გარკვეული კრებულის, რომელსაც არქმევენ მეცნიერულს, აგრეთვე მონიზმის, არიანიზმის პანთეიზმის და გარდუვალობის დოგმათა აშვებას. თვითეული ამათთაგანი (ცალკე განვიხილავთ) ჩაგვრის ბუნებრივი მოკავშირეა. ძალიან მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია, რომ საერთოდ, თითქმის ყველაფერი ჩაგვრის მოკავშირეა. ერთადერთი რამ, რაც ამ მიმართულებით გარკვეულ წერტილს არავითარ შემთხვევაში არ გასცდება, ორთოდოქსიაა. მართალია, შეიძლება მისი იმგვარად დამახინჯება, რომ მან ნაწილობრივ გაამართლოს ტირანი. თუმცა გარწმუნებთ, რომ გერმანული ფილოსოფიის მეშვეობით მას ძალიან ადვილად გავამართლებ სრულად.
თანმიმდევრობით განვიხილოთ ახალი თეოლოგიის თუ მოდერნისტული ეკლესიის ინოვაციები. ბოლო თავი ერთი ამათგანის აღმოჩენით დავასრულეთ. ყველაზე უფრო ძველმოდური დოქტრინა ახალი დემოკრატიის ერთადერთი საიმდო მცველი აღმოჩნდა. ყველაზე არაპოპულარული დოქტრინა თურმე ხალხის ძალის მთავარი წყაროა. მოკლედ, ვნახეთ, რომ ოლიგარქიის ლოგიკური უარყოფა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის აღიარებას მოსდევს. ასევეა, ვფიქრობ, სხვა შემთხვევებშიც.
დავიწყებ სასწაულის ყველაზე ნათელი შემთხვევის განხილვით. რაღაც გაუგებარი მიზეზით, მყარად ჩამოყალიბდა აზრი, რომ სასწაულის დაუჯერებლობა უფრო ლიბერალურია, ვიდრე დაჯერება. ვერ წარმოვიდგინე, რატომ, და ვერც ვერავინ ამიხსნა. სრულიად მიუწვდომელი მიზეზით „ფართო,“ ანუ „ლიბერალი“ სასულიერო პირი ყოველთვის აღნიშნავს ადამიანს, რომელიც, სულ ცოტა, ცდილობს სასწაულების რაოდენობის შემცირებას; არასდროს ეს არაა ადამიანი, რომელსაც სურს მათი რაოდენობის გაზრდა. ეს ყოველთვის ნიშნავს ადამიანს, რომელიც სარგებლობს თავისუფლებით არ სჯეროდეს ქრიტეს საფლავიდან გამოსვლა. ეს არასოდეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც სარგებლობს თავისუფლებით სჯეროდეს საკუთარი დეიდის საფლავიდან გამოსვლა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მრევლს პრობლემა ექმნება, რადგან მოძღვარს არ სჯერა, მაგალითად,  რომ წმ. პეტრემ წყალზე გაიარა. გსმენიათ, პრობლემა იმით იყოს გამოწვეული, რომ მოძღვარმა თქვა, თითქოს მამამისი სერპენტაინზე დასეირნობს? საქმე ის არაა (როგორც სხარტი სეკულარისტი მოკამათე მოგახლიდათ) რომ ჩვენს გამოცდილებაში სასწაულის დაჯერება შეუძლებელია. არც ის, რომ „სასწაული არ ხდება,“ როგორც იმ დოგმაშია, მეთიუ არნოლდი რომ იმეორებს მიამიტი რწმენით. ახლა უფრო მეტი ზებუნებრივი რამ „ხდება“ ვიდრე ოთხმოცი წლის წინ. მეცნიერებს ამ მარგალიტების ახლა უფრო სწამთ ვიდრე ადრე: თანამედროვე ფსიქოლოგია აჩენს გონების და სულის ახალ-ახალ, დამაბნეველ და საზარელ უცნაურობებს. იმას, რასაც ძველი მეცნიერება გულწრფელად უკუაგდებდა, როგორც სასწაულს, ახალი მეცნიერება ყოველ წუთს იღებს. ერთადერთი რამ, რაც იმდენად ძველმოდურია, რომ სასწაულს უარყოფს, ახალი თეოლოგიაა. თუმცა სასწაულების უარყოფის ამ „თავისუფლებას“ არაფერი ესაქმება მათ სასარგებლო თუ საწინააღმდეგო მტკიცებულებებთან. ესაა უსიცოცხლო სიტყვიერი ცრურწმენა, რომლის საწყისი თავისუფალ აზროვნებაში კი არა, მეტერიალისტურ დოგმებშია. მეცხრამეტე საუკუნის ადამიანმა აღდგომის რწმენაზე ხელი იმიტომ კი არ აიღო, რომ ლიბერალურმა ქრისტიანობამ დაეჭვების უფლება მისცა. მას ამ რწმენის უფლება მისმა უმკაცრესმა მატერიალიზმმა წაართვა. ტენისონმა, მეცხრამეტე საუკუნის ამ ზედმიწევნით ტიპურმა ადამიანმა, გამოხატა თანამედროვეთა განწყობა, როცა თქვა, რომ მათ გულწრფელ ეჭვში რწმენაა. მართლაც ასეა. ამ სიტყვებში ღრმა და სასტიკი სიმართლეა. სასწაულში მათი ეჭვი უძრავი და უღმერთო ბედისწერის რწმენაა, ღრმა და გულწრფელი რწმენა სამყაროს უკურნებელი ერთფეროვნებისა. აგნოსტიკოსის ეჭვები უბრალოდ მონისტის დოგმები აღმოჩნდა.
ზებუნებრივის ფაქტსა და მტკიცებულებაზე მოგვიანებით ვიტყვი. აქ მხოლოდ სიცხადე შეგვაქვს ერთ საკითხში: თუ თავისუფლების ლიბერალური იდეა სასწაულზე კამათში რომელიმე მხარეს შეიძლება მივაკუთვნოთ, აშკარად - სასწაულის მხარეს. რეფორმა ან პროგრესი (ერთადერთი ასატანი მნიშვნელობით) უბრალოდ ნიშნავს მატერიის გონების მართვის ქვეშ თანდათან მოქცევას. სასწაული კი უბრალოდ მატერიის გონების მართვის ქვეშ სწრაფ მოქცევააა. თუ ხალხის დაპურება გინდა, შეიძლება ფიქრობ, რომ უდაბნოში სასწაულებრივად ამის გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ ვერაფრით იფიქრებ, რომ ეს არალიბერალურია. თუ ღარიბთა პატარების ზღვის სანაპიროზე წაყვანა გსურს, ვერაფრით ვერ იტყვი რომ არალიბერალურია მათი იქ მფრინავი დრაკონებით გადაყვანა; უბრალოდ შეგიძლია იფიქრო, რომ ეს განუხორციელებელია. დღესასწაული, ლიბერალიზმის მსგავსად, მხოლოდ ადამიანის თავისუფლებას ნიშნავს. სასწაული მხოლოდ ღმერთის თავისუფლებას ნიშნავს. შეგიძლია პატიოსნად უარყო ეს ყველაფერი, მაგრამ შენს უარყოფას ლიბერალური იდეის ტრიუმფად ვერ მონათლავ. კათოლიკური ეკლესია თვლის , რომ ღმერთსაც და კაცსაც გარკვეული სულიერი თავისუფლება აქვს. კლავინიზმმა თავისუფლება ჩამოართვა ადამიანს, მაგრამ დაუტოვა ღმერთს. მეცნიერული მატერიალიზმმა თავად შემოქმედი დააბა. ის ხუნდებს ადებს ღმერთს, როგორც აპოკალიპსი ეშმაკს. ის არაფერს ტოვებს თავისუფალს მთელ სამყაროში. და მათ, ვინც ამ პროცესს ხელს უწყობს, „ლიბერალ თეოლოგებს“ უწოდებენ.
ჩემი აზრით, ეს ყველაზე მარტივი და აშკარა შემთხვევაა. ვარაუდი, თითქოს სასწაულის ეჭვქვეშ დაყენებაში რამე ლიბერალური ან რეფორმისმაგვარია, სიმართლეს ეწინააღმდეგება. თუ ადამიანს სასწაულის არ სჯერა, საქმე დახურულია; ეს ადამიანი არაა განსაკუთრებული ლიბერალი, მაგრამ პატივსაცემი და ლოგიკურია, რაც ბევრად უფრო კარგია. მაგრამ თუ მას ძალუძს ირწმუნოს სასწაულები, ის ნამდვილად უფრო ლიბერალურად არის განწყობილი, რადგან ისინი გულისხმობენ სულის თავისუფლებას და მის მიერ შემთხვევითობის ტირანიის კონტროლს. ამას ხშირად განსაკუთრებული გულუბრყვილობით უარყოფენ თვით უნიჭიერესი ადამიანები. ბ-ნი ბერნარდ შოუ გულიანი ძველმოდური ამრეზით ლაპარაკობს სასწაულის იდეაზე, თითქოს ეს ბუნების მხრიდან პირის გატეხვა იყოს. ის ვერ ხვდება, რომ სასწაული მისი საყვარელი ნების ყოვლისშემძლეობის ხის ბოლო ყვავილია. ზუსტად ასევე, ის უკვდავების სურვილს უბადრუკ ეგოიზმად ნათლავს, ის კი ავიწყდება, რომ სიცოცხლეს ჯანმრთელი და გმირული ეგოიზმი უწოდა. თუ ადამიანის სიცოცხლის უსასრულოდ გახანგრძლივება კეთილშობილი საქმეა, უკვდავება უბადრუკი რამ როგორღაა? ნურას უკაცრავად. თუ სასურველია ადამიანის გამარჯვება ბუნებისა და ჩვეულების სისასტიკეზე, სასწაული ნამდვილად სასურველია; შესაძლებელია თუ არა, მოგვიანებით განვსაჯოთ.
ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვან მაგალითებს მივხედოთ იმ საკვირველი შეცდომისა, თითქოს რელიგიის „ლიბერალიზაცია“ რამენაირად ხელს უწობდეს მსოფლიოს ლიბერალიზაციას. მეორე ასეთი მაგალითი პანთეიზმის პრობლემაა – უფრორე კი გარკვეული თანამედროვე მიდგომა, რომელსაც იმმანენტიზმს უწოდებენ, სინამდვილეში კი  ბუდიზმია. თუმცა ეს ბევრად უფრო ძნელი შემთხვევაა, რომლისთვისაც მეტი მომზადება დამჭირდება.
დაწინაურებული ადამიანების მიერ მრავალრიცხოვანი მსმენელისათვის დიდი დამაჯერებლობით წარმოთქმული სიტყვები, როგორც წესი, ფაქტებს ეწინააღმდეგება. ჩვენი ამბანური ჭეშმარიტებანი სულაც არაა ჭეშმარიტი. აი ერთი მაგალითი. ზედაპირული ლიბერალურობის ამ ნიმუშს გაუთავებლად იმეორებენ ეთიკურ საზოგადოებებსა და რელიგიურ პარლამენტებში: „რელიგიები განსხვავდებიან რიტუალებით და ფორმით, მაგრამ ერთნი არიან სწავლებაში.“ ეს სიცრუეა. ეს ფაქტის საპირისპიროა. სხვადასხვა რელიგია დიდად არ განსხვავდება რიტუალების და ფორმის მიხედვით; დიდი განსხვავება სწორედ სწავლებაშია. ეს დაახლოებით ჰგავს იმას, ვინმემ რომ თქვას: „ ნუ დაგაბნევთ, რომ CHURCH TIMES და FREETHINKER ესოდენ განსხვავებულად გამოიყურება: ერთი პერგამენტზეა დაბეჭდილი, მეორე კი მარმარილოზეა ნაკვეთი, ერთი სამკუთხედია, მეორე – ექვსკუთხედი. წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ ორივე ერთსა და იმავეს ამბობს.“ სიმართლე, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ყველაფერი ერთნაირია, გარდა იმისა, რომ სულ სხვადასხვა რამეს ამბობენ. სერბიტონელი ათეისტი ბროკერი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც უიმბლდონელი ბროკერი, რომელიც სვედენბორგიანელია. შეგიძლია ირგვლივ უარო და პიროვნულად შეისწავლო ორივე, მაგრამ ვერაფერს სვედენბორგიანულს ან განსაკუთრებულად უღმერთოს ვერ აღმოაჩენ ერთის ქუდში და მეორის ქოლგაში. მათ სულშია მოქცეული ის, რაც მათ განასხვავებს. ასევეა აქაც: განსხვავებულ რწმენათა სირთულე არაა ის, რასაც ეს იაფფასიანი გამოთქმა ვარაუდობს: თითქოს ისინი თანხმდებიან არსში და განსხვავდებიან მექანიზმით. საქმე პირიქითაა. ისინი თანხმდებიან მექანიზმში: თითქმის ყველა დიდი რელიგია ერთნაირ გარეგნულ ხერხებს იყენებს – მოძღვრებით, წმინდა წიგნებით, საკურთხევლებით, შეფიცული საძმოებით, საგანგებო დღესასწაულებით. ისინი თანხმდებიან, როგორ ასწავლონ; განსხვავება იმაშია, რასაც ასწავლიან. ტაძრები წარმართ ოპტიმისტებსაც ჰქონდათ და აღმოსავლელ პესიმისტებსაც, ზუსტად ისევე, როგორც ლიბერალებს და კონსერვატორებს – გაზეთები. რელიგიები, რომლებსაც ერთმანეთის განადგურებაზე უჭირავთ თვალი, ერთნაირად ფლობენ წმინდა წიგნებს; ისევე, როგორც არმიები, რომლებიც ემზადებიან ერთმანეთის გასანადგურებლად, ერთნაირად იარაღდებიან ზარბაზნებით.
რელიგიათა ამ გამოგონილი იდენტურობის შესანიშნავი მაგალითი ბუდიზმისა და ქრისტიანობის სულიერი ერთიანობაა. ამ თეორიის მიმდევარნი, როგორც წესი, გვერდს უვლიან სხვა რელიგიების ეთიკას, გარდა კონფუციანიზმისა, რომელიც მოწონებით სარგებლობს, რადგან არაა რელიგია. მუჰამედის მიმდევართა ქებას ესენი ფრთხილად ეკიდებიან და მათ ზნეობას მხოლოდ დაბალი ფენების მიერ სასმელების გამოყენებაზე ავრცელებენ. იშვიათად განიხილება მაჰმადიანთა შეხედულება ქორწინებაზე (რომელზეც ბევრი რამაა სათქმელი), ხოლო თაგებისა და ფეტიშისტების მიმართ მათ დამოკიდებულებას ცივიც კი შეიძლება ეწოდოს. აი გაუტამას დიდ რელიგიაში კი გულწრფელად ხედავენ მსგავსებას.
პოპულარული მეცნიერების ბ-ნი ბლეჩფორდის მსგავსი  შემსწავლელნი ძალიან ამსგავსებენ ქრისტიანობას ბუდიზმს - განსაკუთრებით ბუდიზმს. ეს ფართოდაა გავრცელებული და მეც მჯეროდა, რომ ასეა, ვიდრე ამის დამასაბუთებელი წიგნი არ წავიკითხე. საბუთი ორი სახისა იყო: მსგავსება, რომლებიც არაფრისმთქმელია, რადგან ყველაფერი ადამიანურისთვისაა დამახასიათებელი, და მსგავსება, რომელიც ყველაფერია, მსგავსების გარდა. ავტორი ზარ-ზეიმით ამტკიცებდა, რომ ორი რწმენა ჰგავს იმით, რითაც ნებისმიერი რწმენა ერთნაირია; ან კიდევ მსგავსებას პოულობდა იქ, სადაც სრული განსხვავებულობაა. პირველი სახის მაგალითია ის, რომ თურმე ქრისტეც და ბუდაც ზეციდან გამომავალი ღვთაებრივი ხმით იქნენ მოწოდებულნი, თითქოს ვინმე ელოდებოდეს ზეციურ ხმას ქვანახშირის სარდაფიდან. ასეთივე ხასიათისაა მომაკვდინებელი სერიოზულობით იმის მტკიცება, რომ თურმე ორივე ეს აღმოსავლელი მასწავლებელი ფეხის დაბანასთანაა დაკავშირებული. ასეთივე წარმატებით შიძლებოდა იმ მსგავსების ხაზგასმა, რომ ორივეს ჰქონდა ფეხები. მეორე სახის მსგავსებები კი საერთოდ არაა მსგავსი. ორი რელიგიის შემრიგებელი გულწრფელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ზოგიერთ დღესასწაულზე ლამას სამოსს ხევენ და პატივისცემით ინაწილებენ, მაგრამ ეს შებრუნებული შედარებაა, რადგან ქრისტეს სამოსის დანაწილება პატივისცემით კი არა, დაცინვით მოხდა. იგივეა, ორ ხმლიან რიტუალს შორის მსგავსება რომ აღმოაჩინო: ერთში ადამიანს ხმალს მხარზე დაჰკრავენ ხოლმე, მეორეში კი კისერზე. ეს ყველაფერი ბავშვური მეწვრილმანეობა იქნებოდა, ფილოსოფიურ მსგავსებათა ძიებაც ზუსტად ასეთივე ხასიათისა რომ არ იყოს: ან არაფერს ამტკიცებს, ან ამტკიცებს ყველაფერს ერთად. ბუდიზმი რომ თვით-შეზღუდვას და მიმტევებლობას ახალისებს, არაა მაინცდამაინც ქრისტიანობასთან სიახლოვის მაჩვენებელი, რადგან ეს ზოგადსაკაცობრიო უფროა, ვიდრე საგანგებოდ ქრისტიანული. თეორიულად ბუდისტები გმობენ სისასტიკეს და ზედმეტობებს, რადგან თეორიულად ყველა საღი აზროვნების ადამიანიც გმობს სისასტიკეს და ზედმეტობებს. თუმცა იმის თქმა, რომ ბუდიზმი და ქრისტიანობა ერთ ფილოსოფიას გვაძლევს ამ საკითხებზე, უბრალოდ არასწორია. მთელი კაცობრიობა თანხმდება იმაზე, რომ ცოდვის ქსელში ვართ გაბმულნი. კაცობრიობის დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რაშია გამოსავალი, არა მგონია, სამყაროში ორი რამ ამას უფრო განსხვავებულად ხედავდეს, ვიდრე ბუდიზმი და ქრისტიანობა.
მაშინაც კი, როცა სხვა, კარგად გაცნობიერებული, თუმცა არამეცნიერი ადამიანების მსგავსად ვფიქრობდი, რომ ბუდიზმს და ქრისტიანობას მსგავსება აკავშირებს, ერთი რამ მაბნევდა: ესაა რელიგიური ხელოვნების თვალშისაცემი განხვავებულობა. ვგულისხმობ არა გადმოცემის ტექნიკას, არამედ გადმოსაცემის რაობას. გოთიკურ ტაძრის ქრისტიანი წმინდანი და ჩინური ტაძრის ბუდისტი წმინდანი – რა უნდა იყოს ამაზე უფრო საპირისპირო. წინააღმდეგობას წააწყდებით ყველა წერტილში, თუმცა მისი გამოსახვის უმოკლესი გზა იქნებ ესაა: ბუდისტს წმინდანს თვალები ყოველთვის დახუჭული აქვს, ქრისტიან წმინდანს კი ფართოდ გახელილი. ბუდისტი წმინდანის სხეული გლუვი და ჰარმონიულია, თვალები კი ძილით დამძიმებული და დაბეჭდილი. ქრისტიანი წმინდანის სხეული ძვლებამდეა დასული, მაგრამ თვალებია შემაძრწუნებლად ცოცხალი. გამორიცხულია, რომ ესოდენ განსხვავებული სიმბოლოების შემქმნელ ძალებს შორის რამენაირი ერთიანობა არსებობდეს. ორივე ხატი გადაჭარბებად და მრწამსის დამახინჯებადაც რომ ჩავთვალოთ, მაინც საცნაურია ის განსხვავება, რომელიც ასეთი საპირისპირო გადაჭარბებებით გამოისახება. ბუდისტის მზერა შეგნებულად შიგნითაა მიმართული, ქრისტიანი კი მგზნებარე დაჟინებით გარეთ იყურება. ამ ამოხსნას თუ მივყვებით, ბევრ საინერესო რასმე მივაკვლევთ.
ახლახან ქ-ნმა ბეზანტმა ერთ საინტერესო ესსეში განაცხადა, რომ მსოფლიოში ერთადერთი რელიგია არსებობს და ყველა რწმენა ამ რელიგიის ვერსია ან პერვერსიაა. ქ-ნი ბეზანტის თანახმად, მსოფლიო ეკლესია უბრალოდ მსოფლიო მეა. ესაა რწმენა, რომ ყველა ერთი პიროვნება ვართ; რომ ადამიანებს შორის ინდივიდუალობის გამყოფი კედლები არ არსებობს. ის არ მეუბნება, რომ უნდა მიყვარდეს მოყვასი, ის მეუბნება, რომ მე უნდა ვიყო ჩემივე თავის მოყვასი. ასეთია ქ-ნი ბეზანტის მიერ შემოთავაზებული რელიგიის დაფიქრებული აღწერა, რომელშიც კაცობრიობამ თანხმობა უნდა ჰპოვოს. უნდა ვთქვა, რომ არცერთ სხვა შეთავაზებას არ გამოუწვევია ჩემში ასეთი მძლავრი წინააღმდეგობა. მოყვასის სიყვარული იმიტომ კი არ მინდა, რომ ის მე ვარ, არამედ იმიტომ, რომ ის მე არ ვარ. მინდა მიყვარდეს სამყარო არა ისე, ზოგიერთს სარკე რომ უყვარს, არამედ ქალივით, რადგან ის სრულიად განსხვავებულია. სიყვარული შესაძლებელია, სულები თუ ცალკეა. თუ სულებს გავაერთიანებთ, სიყვარული აშკარად შეუძლებელი გახდება. ადამიანზე კი იტყვიან ხოლმე, საკუთარი თავი უყვარსო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცს საკუთარი თავი გულში ჩაუვარდა - წარმომიდგენია, რა მოსაწყენი მიჯნურობა იქებოდა. ცალკე პიროვნებებით სავსე ქვეყანაზე თვითეულის არათავკერძობაა შესაძლებელი. ქ-ნი ბეზანტის ერთიანი კოსმოსური მე განუზომელი ეგოიზმისთვისაა განწირული.
აქაა ბუდიზმი თანამედროვე პანთეიზმის და იმანენტიზმის მხარეს, ქრისტიანობა კი ჰუმანიზმის, თავისუფლებისა და სიყვარულის მხარეს. სიყვარული პიროვნულობას მოითხოვს; ამიტომ სიყვარულს განცალკევებულობა სჭირდება. ქრისტიანული ბუნება ხარობს იმით, ღმერთმა სამყარო მცირე ნაწილებად რომ დაყო, რადგან ეს ცოცხალი ნაწილებია. ქრისტიანული ბუნება ამბობს „ბავშვებო გიყვარდეთ ერთმანეთი,“ და არა იმას, რომ ერთ დიდ პიროვნებას უყვარდეს საკუთარი თავი. ესაა გონებრივი უფსკრული ბუდიზმსა და ქრისტიანობას შორის; ბუდისტისთვის და თეოსოფოსისთვის პიროვნება ადამიანის დაცემაა, ქრისტიანისთვის კი - ღმერთის მიზანი და მისი კოსმოსური იდეის არსი. თეოსოფოსის სამყარო-სული მოითხოვს ადამიანისაგან სიყვარულს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი მასში გადაეშვას. ქრისტიანობის ღვთაებრივი შუაგული აგდებს ადამიანს გარეთ, რათა მან შეძლოს მისი სიყვარული. არმოსავლური ღვთაება ჰგავს გიგანტს, რომელსაც ხელი თუ ფეხი დაუკარგავს და გამუდმებით დაეძებს; ქრისტიანული ძალა ჰგავს გიგანტს, რომელმაც უცნაური გულუხვობით საკუთარი ხელი მოიჭრა, რათა მისთვის ხელის ჩამორთმევის სიამოვნება ეგრძნო. ჩვენ ვუბრუნდებით ქრისტიანობის იმ თვისებას, რომელსაც დაუღალავად ვიმეორებთ: ყველა თანმედროვე ფილოსოფია ჯაჭვია, რომელიც აერთებს და აბამს, ქრისტიანობა კი მახვილია, რომელიც აცალკევებს და ათავისუფლებს. არც ერთ სხვა ფილოსოფიაში არ ხარობს ღმერთი სამყაროს ცოცხალ სულებად დაყოფით. ორთოდოქსული ქრისტიანობის თანახმად ეს გაყოფა ღმერთსა და ადამიანს შორის წმინდაა, რადგან მუდმივია. იმისთვის, რომ ადამიანს უყვარდეს ღმერთი, აუცილებელია არა მარტო საყვარელი ღმერთის, არამედ მოყვარული ადამიანის არსებობაც. ბუნდოვანი თეოსოფიური ცნობიერება, რომლისთვისაც სამყარო უზარმაზარი სადნობი ქვაბია, ინსტინქტურად შეცბება ჩვენი სახარების მიწისშემძვრელი სიძლიერის სიტყვების გაგონებაზე, რომ ძე ღვთისა მოვიდა არა მშვიდობით, არამედ მახვილით. ეს ზარივით წკრიალა სიმართლეა, თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით გაგებული: ყველა, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ქადაგებს, სიძულვილს წარმოშობს. ეს ერთნაირად მართალია როგორც დემოკრატიული საძმოსთვის, აგრეთვე ღვთიური სიყვარულისთვის. მოჩვენებითი სიყვარული კომპრომისით და საერთო ფილოსოფიით სრულდება, ჭეშმარიტი კი სისხლისღვრით. უფლის ამ ნათქვამის პირდაპირი მნიშვნელობის მიღმა კიდევ უფრო საშინელი სიმართლე იმალება: ძე მახვილია, რომელიც ძმას ძმისგან აშორებს სამუდამო სიძულვილით, მაგრამ მამაც მახვილია, რომელმაც ბნელი დასაბამიდან ძმა ძმისგან განაცალკევა, რათა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის სიყვარული შეძლონ.
ამაშია თითქმის შეშლილი ბედნიერების არსი, შუასაუკუნოვანი წმინდანის მზერაში რომ გამოსჭვივის. არაჩვეულებრივი ბუდისტური გამოსახულების დაბეჭდილი თვალების მნიშვნელობაც ესაა. ქრისტიანი წმინდანი ბედნიერია, რადგან ჭეშმარიტად მოკვეთილია სოფლისგან. ის გაცალკევებულია საგანთაგან და მათ გაოცებით უმზერს. ბუდისტ წმინდანს კი საგნები აბა როგორ გააოცებს, როცა ერთადერთი საგანია, და ისიც უპიროვნო; საკუთარ თავზე ხომ ვერ გაოცდება? ბევრი პანთეისტური პოემა გვთავაზობს გაოცებას, მაგრამ წარუმატებლად. პანთეისტს ეს არ შეუძლია, რადგან ხოტბას ვერ აღავლენს ვერც ღმერთის, ვერც სხვა რამის მიმართ, რაც მისგან ცალკეა. ჩვენი უშუალო ამოცანაა, ვნახოთ, რა შედეგი მოაქვს ამ ქრისტიანულ აღტაცებას (რომელიც მიმართულია გარეთ, თაყვანისმცემლისგან განცალკევებულ ღვთაებისაკენ) ეთიკური საქმიანობის და საზოგადოებრივი გარდაქმნის თვალსაზრისით. პანთეიზმიდან ზნეობრივი ქმედებისათვის აუცილებელი ბიძგის მიღება წარმოუდგენელია, რადგან პანთეიზმის ბუნება გულისხმობს, რომ ერთი რამ ისეთივე კარგია, როგორც მეორე. სუინბერნი, საკუთარი სკეპტიციზმის ზენიტში, ამაოდ ცდილობდა, ამ სისუსტეს გამკლავებოდა. თავის "Songs before Sunrise," რომელიც გარიბალდის და იტალიური ამბოხების შთაგონებითაა შექმნილი, მან ახალი რელიგია და უფრო სუფთა ღმერთი გამოაცხადა, რომლებიც მსოფლიოს ყველა ღვთისმსახურს გაანადგურებენ.
"What doest thou now Looking Godward to cry I am I, thou art thou, I am low, thou art high, I am thou that thou seekest to find him, find thou but thyself, thou art I." 
("ღმერთს რატომ შეჰღაღადებ: „მე მე ვარ, შენ კი შენ, მე დაბალი ვარ, შენ მაღალი,“ მე ვარ შენ, რომელიც მეძებ, და იპოვი მხოლოდ საკუთარ თავს, შენ ხარ მე“)
აქედან გამომდინარეობს, რომ ტირანი ისეთივე ღვთის შვილია, როგორც გარიბალდი, ხოლო ნეაპოლის „მეფე ბომბა“ რომელიც წარმატებულად „პოულობს საკუთარ თავს,“ უმაღლესი სიკეთის იდენტურია, რომელიც ყველაფერშია. სიმართლე კი ისაა, რომ დასავლური ენერგია, რომელიც ამხობს ტირანს, დასავლური თეოლოგიის უშუალო შედეგია, რომლისთვისაც „ მე მეა, შენ კი შენ.“ ერთი და იგივე სულიერი განცალკევება, რომელმაც მაღლა აიხედა და დაინახა კეთილი მეფე სამყაროში, დაინახა უვარგისი მეფე ნეაპოლშიც. ბომბას ღმერთის თაყვანისმცემლებმა ბომბა დაამხეს. სუინბერნის ღმერთის თაყვანიმცემლებს, რომლებსაც აზია დაუფარავთ, საუკუნეთა განმავლობაში არცერთი ტირანი არ დაუმხიათ. ინდოელი წმინდანი გონივრულად ხუჭავს თვალებს, რადგან რასაც ის უყურებს, არის მე და შენ და ჩვენ და ისინი და ეს. ეს გონივრული საქციელია. მაგრამ არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ ეხმარება ინდოელს ლორდ კერზონს ადევნოს თვალი. გარეგანი სიფხიზლე, რომელიც ქრისტიანობის ნიშანი იყო მუდამ (იფხიზლეთ და ილოცეთ), დასავლურ ღვთისმეტყველებაში და დასავლურ პოლიტიკაში ერთნაირად გამოიხატა. ორივე დამოკიდებულია მიუწვდომელ, ჩვენგან განცალკევებულ ღვთაებაზე, რომელიც ქრება. ყველაზე ბრძნული რწმენა შეიძლება გვთავაზობდეს, ვეძიოთ ღმერთი საკუთარი ეგოს უფრო და უფრო ღრმა ლაბირინთებში. მაგრამ მხოლოდ ჩვენ, ქრისტიანები, ვეძებთ ღმერთს მთის წვერზე, არწივივით, და ამ ძებნაში ყველა ურჩხულს ვკლავთ.
აქ კიდევ ერთხელ ვპოულობთ, რომ თუ დასავლეთის დემოკრატიას და თვითგანახლების ენერგიას ვაფასებთ, მათი პოვნა ძველ თეოლოგიაშუ უფროა შესაძლებელი, ვიდრე ახალში. თუ გარდაქმნა გვსურს, ორთოდოქსიას უნდა მივდიოთ. განსაკუთრებით იმანენტური თუ ტრანსცენდენტური ღმერთის საკითხში (რაზეც ამდენს კამათობდა ბ-ნი ქემფბელი). იმანენტური ღმერთის არჩევით ვიღებთ ინტროსპექციას, თვითიზოლაციას, კვიეტიზმს, სოციალურ ინდიფერენტულობას – ტიბეტს. ტრანსცედენტული ღმერთს ავირჩევთ და მივიღებთ ინტერესს, ზნეობრივ და პოლიტიკურ თავგადასავალს, მართალ აღშფოთებას – ქრისტიანობას. თუ ღმერთს ჩვენ შიგნით მოვაქცევთ, ჩვენც საკუთარი თავის შიგნით ჩავიკეტებით. თუ მიუწვდომელ ღმერთს ვაღიარებთ, საკუთარ თავს გავცდებით.
ნებისმიერი სხვა, ძველმოდურად მონათლულ დოქტრინაზეც იგივე ითქმის. ავიღოთ, მაგალითად, სამების უღრმესი საკითხი. უნიტარიანელები (სექტა, რომელზეც შეუძლებელია ილაპარაკო განსაკუთრებული პატივისცემის გარეშე გამორჩეული ინტელექტუალური ღირსებისა და პატიოსნებისათვის) ისევე, როგორც სხვა მრავალი მცირე სექტის რეფორმატორობა შემთხვევითია, რადგან სამების სუფთა მონოთეიზმით ჩანაცვლებაში არაფერია ლიბერალიზმის ან რეფორმის მსგავსი. ათანასეს მრწამსის შედგენილი ღმერთი გამოცანაა ინტელექტისთვის, სამაგიეროდ ბევრად ნაკლებადაა მიდრეკილი სულთნის იდუმალებისა და სისასტიკისაკენ, როგორც ომარისა თუ მუჰამედის მარტოხელა ღმერთი. ღმერთი, რომელიც უბრალოდ ერთიანობაა, მეფე კი არა, აღმოსავლელი მეფეა. ადამიანის გულს, განსაკუთრებით ევროპელისა, ბევრად უფრო აკმაყოფილებს უცნაური მინიშნებები და და სიმბოლოები, რომლებიც ტრინიტარიული იდეის ირგვლივ იყრის თავს: საბჭოს ხატება, სადაც მოწყალება სამართალთან ერთად შუამდგომლობს; აზრი, რომ თავისუფლება და მრავალფეროვნება სამყაროს უღრმეს პალატაშიც კი არსებობს. დასავლური რელიგია ყოველთვის მკვეთრად გრძნობდა, რომ „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა.“ სოციალურმა ინსტინქტმა ყველგან დაიმკვიდრა თავი, თვით მეუდაბნოვეთა აღმოსავლური იდეის ბერების დასავლური იდეით ჩანაცვლებისას. ასკეტიზმიც კი საძმოსმიერი გახდა. ტრაპისტების დუმილიც კი ურთიერთობაა. თუ შემოწმებას საფუძვლად ცხოველი სირთულის სიყვარულს დავუდებთ, ტრინიტარული რელიგია უფრო ჯანმრთელი აღმოჩნდება, ვიდრე უნიტარული. ჩვენთვის, ტრინიტარიანელებისთვის (ამას პატივიცემით ვამბობ) – ღმერთი თავისთავად საზოგადოებაა. თეოლოგიის ამ უძირო საიდუმლოს, საკმარისად კარგი თეოლოგიც რომ ვიყო, აქ მაინც არ შევეჭიდებოდი. მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს სამმაგი გამოცანა ღვინოსავით დამამშვიდებელი და ინგლისური კერასავით ფართოა. ის, რაც სრულიად აბნევს გონებას, ამშვიდებს გულს. უდაბნოდან, მშრალი ადგილებიდან და მომაკვდინებელ მზეთაგან მოემართებიან ჭეშმარიტი უნიტარიელები - მარტოხელა ღმერთის სასტიკი შვილები, იატაგანით მსოფლიო რომ მოაოხრეს, რამეთუ არა არს კეთილ ყოფნა ღმერთისა ამის მარტოსა.
იგივე ითქმის სულის გადარჩენის ძნელ საკითხზე, რომელმაც ბევრი სამართლიანი გონება ააფორიაქა. ყველა სულის გადარჩენის იმედი სავალდებულოა. სავსებით მისაღებია, რომ მათი გადარჩენა გარდაუვალია; მისაღებია, მაგრამ საქმიანობისა და წინსვლისთვის მაინცდამაინც ნაყოფიერი ვერაა. ჩვენი მებრძოლი და შემოქმედი საზოგადოება უნდა აღიარებდეს საყოველთაო საშიშროებას, ფაქტს, რომ ყველა ადამიანი ძაფზე კიდია ან უფსკრულის პირს ებღაუჭება. თქმა იმისა, რომ ყველაფერი ისედაც კარგად იქნება, მისაღებია, თუმცა ბუკის ხმას არ ჰგავს. ევროპამ დაღუპვის საფრთხეს უნდა გაუსვას ხაზი, ის ყოველთვის ამას აკეთებდა. ამაში ერთიანდება მისი უმაღლესი რელიგია და უიაფესი რომანები. ბუდისტის ან აღმოსავლელი ფატალისტის არსებობა მეცნიერება და გეგმაა, რომელიც განსაზღვრული წესით უნდა დასრულდეს. ქრისტიანული არსებობა ამბავია, რომელიც ყველანაირად შეიძლება დასრულდეს. სათავგადასავლო რომანში (რაც წმინდად ქრისტიანული პროდუქტია) გმირს არ ჭამენ კანიბალები, მაგრამ თავგადასავალი მოითხოვს ასეთი შესაძლებლობის არსებობას. გმირი, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეჭმადი გმირი უნდა იყოს. ქრისტიანული ზნეობა ყოველთვის ეუბნებოდა ადამიანს არა იმას, რომ ის სულს დაკარგავს, არამედ იმას, რომ მან სულზე უნდა იზრუნოს, რათა არ დაკარგოს. მოკლედ, ქრისტიანული ზნეობით ბოროტებაა, ადამიანს წაწყმედილი უწოდო, მაგრამ წაწყმედის შესაძლებლობა სავსებით რელიგიური და ფილოსოფიურია.
მთელი ქრისტიანობა გზაჯვარედინზე მყოფ ადამიანზეა კონცენტრირებული. უზარმაზარი და ცარიელი ფილოსოფიები ლაყბობენ ეპოქებზე, ევოლუციაზე და საბოლოო შედეგებზე. ჭეშმარიტ ფილოსოფიას მყისი აინტერესებს: რომელ გზას აირჩევს ადამიანი? - ესაა ერთადერთი საფიქრალი, ადამიანს თუ ფიქრი უყვარს. ეპოქებზე ფიქრი ადვილია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. აი მყისია მართლაც საშინელი. იმის გამო, რომ ჩვენი რელიგია მძაფრად გრძნობს მყისს, ლიტერატურაში ბევრი ბრძოლაა, ღვთისმეტყველებაში კი - ჯოჯოხეთი. ის საყმაწვილო წიგნივით აღსავსეა ხიფათით. ეს გაუთავებელი გარდატეხაა. დასავლეთის პოპულარულ ლიტერატურასა და რელიგიას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. თუ ფიქრობ, რომ პოპულარული ლიტერატურა უბრალო და უგემოვნოა, ფიქრობ იგივეს, რასაც მოსაწყენი და კარგად ინფორმირებული ხალხი – კათოლიკური ეკლესიის ხატებზე. ცხოვრება (რწმენის მიხედვით) ძალიან ჰგავს ჟურნალის სერიულ თხრობას გაგრძელებებით. ცხოვრება მთავრდება დაპირებით (თუ მუქარით) „გაგრძელება იქნება:“ ცხოვრება კეთილშობილი უბრალოებით ბაძავს სერიულ თხრობას იმაშიც, რომ საინტერესო ადგილზე წყდება, რადგან სიკვდილი გამორჩეულად საინტერესო მომენტია.
ამბავი კი იმიტომაა საინტერესო, რომ მასში ნების ძლიერი ელემენტია – ის, რასაც თეოლოგია თავისუფალ ნებას უწოდებს. შეკრების არითმეტიკულ მოქმედებას ისე ვერ დაასრულებ, როგორც გსურს – განსხვავებით ამბისაგან. როდესაც დიფერენციალური აღრიცხვა აღმოაჩინეს, იქ მხოლოდ ერთი დიფერენციალური აღრიცხვა იყო აღმოსაჩენი, აი შექსპირს კი შეეძლო (თუ საჭიროდ ჩათვლიდა), რომეო კი არ მოეკლა, არამედ ჯულიეტას ძიძისთვის შეერთო. ქრისტიანობაში თხრობითი რომანის განვითარება თეოლოგიაში თავისუფალი ნების დამკვიდრების შედეგია. ეს საგანი მეტად დიდი მოცულობისაა აქ ღირსეულად განხილვისთვის. თუმცა ეს რეალურ წინააღმდეგობაშია თანამედროვე მიდგომასთან, რომელიც დანაშაულს დაავადებად განიხილავს და ციხეს - საავადმყოფოსმაგვარ ჰიგიენურ დაწესებულებად, სადაც ცოდვას მეცნიერული მეთოდებით კურნავენ. მთელი ამ მიდგომის სიყალბე ისაა, რომ ბოროტება დაავადება კი არა, აქტიური არჩევანია. თუ აპირებ გარყვნილებას ასთმასავით უმკურნალო, ჩემი უფასო რჩევა იქნება, ჯერ ასთმის იმდენივე მსურველი ოპოვო, რამდენიც გარყვნილების მსურველია. ადამიანი შეიძლება წყნარად იწვეს და დაავადებისგან განიკურნოს, მაგრამ თუ ცოდვისგან კურნებას ელის, წყნარად წოლა არ გამოადგება: პირიქით, უნდა წამოდგეს და იკუნტრუშოს. დედააზრი ნათლადაა გამოხატული თვით სიტყვაში, რომელსაც ვიყენებთ: ადამიანი საავადმყოფოში „პაციენტია“ ანუ დამთმენი. თუ ის გრიპისგან უნდა ვიხსნათ, უნდა ითმინოს, მაგრამ თუ ყალბისმქნელობისაგან უნდა თავის დაღწევა, მოუთმენელი უნდა გახდეს. მას პიროვნული მოუთმენლობა უნდა დაემართოს ყალბისმქნელობის მიმართ. ზნეობრივ გარდაქმნას აქტიური ნება იწყებს.
აქაც იგივე მნიშვნელოვან დასკვნასთან მივდივართ. თუ ძირეული გარდაქმნები და საშიში რევოლუციები გვსურს, რომლებიც ევროპულ ცივილიზაციას განასხვავებს, არ უნდა შეგვაშინოს შესაძლო ნგრევის ფიქრმა, პირიქით, ეს ფიქრი უნდა წავახალისოთ კიდეც. თუ გვინდა, რომ აღმოსავლელი წმინდანის მსგავსად უბრალოდ ვუჭვრეტდეთ, როგორია სწორი მოწყობა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი სწორად მიდის. მაგრამ თუ გვსურს, რომ ჩვენ წავიყვანოთ სწორად, უნდა დავიჟინოთ, რომ არსებული მიმდინარეობა, შესაძლოა, არასწორიც იყოს.
ყველაფერი ზემოხსენებული სამართლიანია ქრისტეს ღვთაებრიობის დაკნინების თუ უარყოფის თანამედროვე მცდელობებთან მიმართებაშიც. ღვთაებრიობა ან ჭეშმარიტია, ან არა; ამაზე ვიტყვი, ვიდრე დავასრულებ. მაგრამ თუ ღვთაებრიობა ჭეშმარიტია, ეს მართლაც რევოლუციურია. კარგი ადამიანის ზურგით კედელთან მიყენებაში ახალი არაფერია, მაგრამ ის, რომ ღმერთია ზურგით კედელთან მიყენებული, ყველა მეამბოხეს ეყოფა მუდმივად სატრაბახოდ. ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა ამქვეყნად, რომელმაც იგრძნო, რომ ყოვლისშემძლეობა ღმერთს არასრულს ხდის. მხოლოდ ქრისტიანობამ იგრძნო, რომ ღმერთს სისრულისათვის არა მარტო მეფობა, არამედ მეამბოხეობაც სჭირდება. რწმენათა შორის ერთადერთმა – ქრისტიანობამ შემატა შემოქმედის ღირსებებს სიმამაცე, რადგან ერთადერთი სიმამაცე, რომელიც სახელს ამართლებს, ნიშნავს სულის გამტეხი გამოცდის გავლას - და სულის უტეხად შენარჩუნებას. ახლა ვუახლოვდები უმძიმეს საგანს, რომელსაც უდიდესი წმინდანები და მოაზროვნეები სამართლიანად ერიდებოდნენ და წინასწარ ვიხდი ბოდიშს, თუ რომელიმე ჩემი ფრაზა მცდარია ან არასაკმარის პატივისცემას შეიცავს, მაგრამ ვნებათა საშინელი ამბავი ცხად ემოციურ მინიშნებას შეიცავს, რომ ყველაფრის ავტორმა (რაღაც წარმოუდგენელი გზით) არა მარტო აგონია, არამედ ეჭვიც გაიარა. წერილ არს: „არა განსცადო შენ უფალი ღმერთი შენი.“ არა, მაგრამ უფალსა ღმერთსა შენსა შეუძლია განსცადოს საკუთარი თავი; და, როგორც ჩანს გეთსიმანიაში ეს მოხდა. ბაღში სატანამ განსცადა ადამიანი; და ბაღში ღმერთმა განსცადა ღმერთი. მან რაღაც ზეადამიანური გზით პესიმიზმის ადამიანური საშინელება გაიარა. სამყაროს რყევა და მზის დაბნელება მოჰყვა არა ჯვარცმას, არამედ ჯვრიდან ხმის-ყოფას, რომ ღმერთი მიტოვებულია ღმერთის მიერ. ახლა მოდი, მეამბოხემ აირჩიოს რწმენა რწმენათაგან და ღმერთი ღმერთთაგან. ისინი ვერ ნახავენ სხვა ღმერთს, რომელიც თავად იყო მეამბოხე. მოდი (ძნელად გამოსახატი ხდება ადამიანის ენისათვის) ათეისტებმა თავად აირჩიონ ღმერთი. ნახავენ ერთადერთ ღვთაებას, რომელმაც ოდესმე მათი მარტოობა გამოთქვა; ერთადერთ რელიგიას, რომელშიც ღმერთი წამით თითქოს ათეისტი იყო.
ესაა ძველი ოთოდოქსიის არსი, რომლის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ამბოხისა და გარდაქმნის მუდმივი წყაროა; ნაკლი კი აბსტრაქტულობაა. ეს ყველაზე უფრო გაბედული თეოლოგიაა. ამის გამო ყოველთვის შეიძლება დაადანაშაულონ, რომ ჰაერშია გამოკიდებული. თუმცა არც ისე მაღლაა რომ ისარი არ ესროლო და მართლაც, საუკეთესო მშვილდოსნები მთელი ცხოვრება ისრებს უშენენ – ახლა უკვე უკანასკნელ ისრებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი თავი და ცივილიზაციაც დანგრიონ, ოღონდ კი ეს ძველი ჯადოსნური ზღაპარი გაანადგურონ. ესაა უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ფაქტი ამ რწმენის შესახებ: მტერი ყველანაირ იარაღს იყენებს მის წინააღმდეგ: ხმალს, რომელიც ხელებს უსერავს, ნაკვერჩხალს, რომელიც საკუთარ სახლს უწვავს. ადამიანები, რომლების ეკლესიას ომს უცხადებენ ჰუმანიზმისა და თავისუფლების სახელით, ორივეს მალე მოისვრიან ხოლმე, ოღონდ კი ბრძოლის გაგრძელება შეძლონ. ეს არაა გადაჭარბება. მაგალითებით შემიძლია წიგნი ავავსო. ბატონმა ბლეჩფორდმა, ბიბლიასთან ჩვეულებრივი მებრძოლივით, ადამის ცოდვისგან გამართლებით დაიწყო. ამ აზრის გასამტკიცებელ მანევრებს გვერდით მოვლენად კაცობრიობის წინაშე ყველა ტირანის გამართლება მოჰყვა, ნერონიდან ვიდრე მეფე ლეოპოლდამდე. ვიცნობ ადამიანს, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიკვდილის შემდეგ პიროვნული არსებობა არ ექნება. ამისთვის კი ამტკიცებს, რომ პიროვნული არსებობა არც ახლა გააჩნია. ის უხმობს ბუდიზმს და ამბობს, რომ ყველა სული ერთმანეთთანაა შერწყმული. იმის დასამტკიცებლად, რომ სამოთხეში ვერ მოხვდება, ჰართლპულში მოხვედრაზე აუღია ხელი. მინახავს ხალხი, რომლებიც ღვთიური განსჯის უარსაყოფად ადამიანურ განსჯასაც უარყოფენ, პრაქტიკული მიზნებისთვისაც კი. ისინი წვავენ საკუთარ ყანას, რათა ეკლესიას ცეცხლი გაუჩინონ, ამტვრევენ საკუთარ იარაღს, რათა ეკლესია დაამტვრიონ, ყველა ჯოხს იყენებენ მის საცემად, თუნდაც ეს მათი საკუთარი დაშლილი ავეჯის უკანასკნელი ჯოხი იყოს. ჩვენ არ ვეთაყვანებით, ჩვენ არ ვამართლებთ ფანატიკოსს, ვინც ამ სოფელს სხვა სოფლის სიყვარულით წირავს. მაშ რაღა ვთქვათ ადამიანზე, ვინც ამას სხვა სოფლის სიძულვილით აკეთებს? ის კაცობრიობის არსებობას ღმერთის არარსებობას ანაცვალებს. მისი მსხვერპლშეწირვა საკურთხეველს კი არა, მის უმოქმედობას და ტახტის სიცარიელეს ეძღვნება. ის მზადაა, დაანგრიოს ყოველივე არსებულის საფუძველი - პირველადი ზნეობა, მისი აზრით არარსებულის მიმართ უცნაური და მარადიული შურისძიების სახელით.
და ის მაინც ზეცაში კიდია ხელუხლებლად. მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ იმის განადგურება მოახერხეს, რაც თავად სამართლიანად ეძვირფასებოდათ. მათ ვერ შემუსრეს ორთოდოქსია. მათ შემუსრეს პოლიტიკური და საერთო გამბედაობის გრძნობა. მათ ვერ დაამტკიცეს, რომ ადამი არ იყო ღვთის წინაშე პასუხისმგებელი. ამას როგორ დაამტკიცებდნენ? მათ დაამტკიცეს რომ მეფე არაა რუსეთის წინაშე პასუხისმგებელი. მათ ვერ დაამტკიცეს, რომ ადამი არ იმსახურებდა ღმერთისგან დასჯას. მათ დაამტკიცეს, რომ სისხლისმწოველი ბობოლა არ იმსახურებს ადამიანებისგან დასჯას. პიროვნების არსებობაში აღმოსავლური დაეჭვებით მათ ვერ დაამტკიცეს, მიღმისეული ცხოვრების არარსებობა, მათ აქაური ცხოვრება გააუფერულეს. მათი დამბლადამცემი მინიშნებები, თითქოს ყველა დასკვნა არასწორია, ცოდვა-მადლის წიგნს ვერაფერს დააკლებს, დიდი-დიდი მარშალის და სნელგროვის სააღრიცხვო წიგნის წარმოება გააძნელოს. რწმენა თუ ყველა ამქვეყნიური ენერგიის დედაა, მისი მტრები ამქვეყნიური დაბნეულობის მამები არიან. სეკულარისტებმა ვერაფერი დააკლეს ღვთიურს, სეკულარული კი ძლიერად დააზიანეს, თუ ეს რამე შვებას მოჰგვრით. ტიტანები ზეცას ვერ მიწვდნენ, დედამიწა კი მოაოხრეს.






No comments:

Post a Comment