IV ზნეობა ზღაპრეთში


 ახალგაზრდა თანამშრომლს საქმოსანი იდეალიზმის გამო ხშირად ასე უსაყვედურებს ხოლმე: „ახალგაზრდობა აბსტრაქტული იდეალებისა და ჰაეროვანი ციხე-კოშკების ტყვეობაში გამყოფებს; მოწიფულ ასაკში ეს ყველაფერი ღრუბელივით გაიფანტება, აითვისებ პოლიტიკურ ხრიკებს და შეეგუები სამყაროს ისეთს, როგორიცაა.“ ყოველ შემთხვევაში, მე ასე მმოძღვრავდნენ პატივცემული და კაცთმოყვარე, აწ განსვენებული მხცოვანნი ჩემს სიყმაწვილეში. შემდეგ გავიზარდე და და აღმოვაჩინე, რომ ეს კაცთმოყვარე მხცოვანნი ცრუობდნენ. ყველაფერი პირიქით მოხდა. მეუბნებოდნენ, რომ იდეალებს დავკარგავ და პოლიტიკოსთა მეთოდებს შევეგუები. იდეალებს იოტისოდენაც კი არ მოჰკლებია; ძირეულ ფასეულობათა რწმენა ისეთივე მყარია; პრაქტიკული პოლიტიკის ბავშვური რწმენა კი ნამდვილად დავკარგე. ძველებურად მაღელვებს არმაგედონის ბრძოლა; ბევრად უფრო ნაკლებად – საპარლამენტო არჩევნები. ბავშვობაში მათი ხსენებისას დედის კალთაში შევიკუნტრუშებდი ხოლმე. რაც არ უნდა თქვა, ოცნება ყოველთვის მყარი და სანდოა. ოცნება ყოველთვის რეალურია. რეალობაა ხშირად ყალბი. ისევე, როგორც ყოველთვის, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე, მჯერა ლიბერალიზმის; თუმცა იყო უმანკოების ვარდისფერი დრო, როცა მჯეროდა ლიბერალებისაც.
გამძლე რწმენის ამ მაგალითს იმიტომ ვიღებ, რომ ეს ერთადერთი მიკერძოებაა, რაც ჩემი აზროვნების ფესვებში შეიძლება იპოვო. მე აღმზარდეს ლიბერალად, და ყოველთვის მჯეროდა დემოკრატიის, მჯეროდა თვითმმართველი კაცობრიობის ფუძემდებლური ლიბერალური დოქტრინის. თუ ვინმე თვლის, რომ ეს ფრაზა ბუნდოვანი ან გაცვეთილია, წუთით შევყოვნდები და განვმარტავ, რომ დემოკრატიის პრინციპი, როგორც მე ის მესმის, შეიძლება ორ განცხადებაში ჩამოყალიბდეს. პირველი ესაა: ის რაც საერთოა ყველა ადამიანისათვის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც განსაკუთრებულია ერთ ადამიანში. ჩვეულებრივი უფრო ფასეულია, ვიდრე არაჩვეულებრივი; მეტიც, უფრო არაჩვეულებრივიცაა. ადამიანი უფრო დიდებულია, ვიდრე ადამიანები; უფრო უცნაურიცაა. ადამიანობის სასწაულის განცდა თავისთავად უფრო ცოცხალი უნდა იყოს ჩვენთვის, ვიდრე ძალის, ინტელექტის, ხელოვნების თუ ცივილიზაციის ნებისმიერი მარგალიტის. ჩვეულებრივი, ორ ფეხზე მდგარი ადამიანი, როგორც ასეთი, უფრო სუნთქვისშემკვრელი უნდა იყოს, ვიდრე მუსიკა, უფრო გამაოგნებელი, ვიდრე ნებისმიერი კარიკატურა. სიკვდილი უფრო ტრაგიკულია, ვიდრე შიმშილისაგან სიკვდილი. ცხვირი რომ გაქვს საერთოდ, უფრო სასაცილოა, ვიდრე ნორმანდიული ცხვირის ქონა.
აი დემოკრატიის პირველი პრინციპი: ადამიანში არსებითია ის, რაც საყოველთაოა და არა ის, რაც კერძო. მეორე კი უბრალოდ ასეთია: პოლიტიკრი ინსტინქტი თუ სურვილი საყოველთაოა. შეყვარება უფრო პოეტურია, ვიდრე პოეზიაში გადავარდნა. დემოკრატიის თვალსაზრისია, რომ მმართველობა უფრო შეყვარებაა, ვიდრე პოეზიაში გადავარდნა. ეს არ ჰგავს საეკლესიო ორგანის დაკვრას, პერგამენტზე ხატვას, ჩრდილოეთ პოლუსის ძიებას (რა მზაკვრული ჩვევაა), მარყუჟში ტრიალს, ან სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრობას და ა.შ. ანუ იმას, რაც ყველას საქმე არაა. ეს უფრო სასიყვარულო წერილის წერას, ან ცხვირის მოხოცვას გვაგონებს, ანუ იმას, რასაც ყველა თვითონ უნდა აკეთებს, მიუხედვად იმისა, კარგად გამოსდის, თუ არა. აქ არ ვაპირებ ამ დებულებათა ჭეშმარიტებაზე კამათს; ვიცი, რომ თანამედროვეთა ნაწილს უნდა, რომ ცოლი მეცნიერებმა შეურჩიონ და მალე იმასაც მოითხოვენ, რომ ცხვირი მომვლელმა მოსწმინდოს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კაცობრიობა აღიარებს საყოველთაო ადამიანურ ფუნქციებს, დემოკრატია კი მმართველობას მათ შორის მოიაზრებს. მოკლედ, დემოკრატიული რწმენა ესაა: საშინლად მნიშვნელოვანი საქმეები - დაწყვილება, შთამომავლობის აღზრდა, ქვეყნის კანონმდებლობა – თავად უბრალო ადამიანებს უნდა მივანდოთ. ესაა დემოკრატია, და ამის მწამდა ყოველთვის.
მაგრამ, სიყმაწვილიდან მოყოლებული, აი რა ვერ გამიგია: საიდან გაჩნდა ის აზრი, რომ ტრადიცია მაინცდამაინც კარგად ვერ ეწყობა დემოკრატიას? ტრადიცია ხომ დროში განფენილი დემოკრატიაა. ესაა ჩვეულებრივი ადამიანების თანხმობის და არა განცალკევებული და თვითნებური ჩანაწერის ნდობა. როდესაც, მაგალითად, გერმანელ ისტორიკოსს მოიშველებთ კათოლიკური ეკლესიის ტრადიციის წინააღმდეგ, უშუალოდ არისტოკრატიას უხმობთ: ერთი ექსპერტის აზრს მდაბიო ხალხის უზარმაზარ ავტორიტეტზე მაღლა აყენებთ. ადვილია იმის მიხვედრა, თუ რატომ ექცევიან – და თან დამსახურებულად - ლეგენდას უფრო მეტი პატივისცემით, ვიდრე ისტორიულ მატიანეს. ლეგენდას, ზოგადად, სოფლის საღად მოაზროვნე უმრავლესობა ქმნის, მატიანეს კი სოფლის ერთი გიჟი წერს. ვინც უარყოფს ტრადიციას, აქაოდა წარსულში ხალხი ბნელი იყოო, ეს აზრი კარლტონ-კლუბს შესთავაზოს და თან დააყოლოს, რომ ქოხმახებში ხალხი ბნელია და ხმის უფლებას არ იმსახურებს. ჩვენ ეს არ გვაწყობს. თუ ჩვეულებრივი ხალხის ერთსულოვნებას ყოველდღიურ საქმეებში დიდი გულისყურით ვეკიდებით, რატომ უნდა უგულებელვყოთ ის გადმოცემისა და ისტორიის შემთხვევაში? ტრადიცია ხომ საარჩევნო უფლების გაფართოებაა. ის ხმის უფლებას უხილავ კლასს – ჩვენს წინაპრებს ანიჭებს. ტრადიცია გარდასულთა დემოკრატიაა. ის უარს ამბობს ცოცხალთა მცირერიცხოვანი და ამპარტავანი ოლიგარქიის მორჩილებაზე. ყველა დემოკრატი აპროტესტებს ადამიანის უფლებათა შეზღუდვას დაბადების შემთხვევის გამო; ტრადიცია აპროტესტებს ადამიანის უფლებათა შეზღუდვას სიკვდილის შემთხვევის გამო. დემოკრატია გეუბნება, რომ უნდა გაითვალისწინო ადამიანის აზრი, თუნდაც ის შენი მეჯინიბე იყოს; ტრადიცია გთხოვს, არ უგულებელჰყო ადამიანის აზრი მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენი მამაა. მე ნამდვილად ვერ ვაცალკევებ დემოკრატიისა და ტრადიციის იდეებს; ჩემი აზრით, ეს ერთი იდეაა. ჩვენს სათათბიროში ყოველთვის იქნებიან გარდაცვლილები. ძველი ბერძნები კენჭს უყრიდნენ; ესენი საფლავის ქვით მისცემენ ხმას. ეს ჩვეულებრივი და კანონიერია, რადგან საფლავის ქვათა უმრავლესობაზე, საარჩევნო ბიულეტენის მსგავსად, ჯვარია გამოსახული.
ამიტომაც ვამბობ, რომ თუ რამ მიკერძოება მაქვს, ეს დემოკრატიის, და შესაბამისად, ტრადიციის სასარგებლო მიკერძოებაა. ვიდრე რაიმე სახის თეორიულ თუ ლოგიკურ საწყისებს ჩამოვაყალიბებ, თავს უფლებას მივცემ, განვმარტო, რას ვგულისხმობ: ყოველთვის მეტად ვენდობოდი მუშა ხალხის ჯგროს, ვიდრე განსაკუთრებულ და გამაღიზიანებელ ლიტერატორთა ფენას, რომელსაც ვეკუთვნი. ვინც ცხოვრებას შიგნიდან ხედავს, იმის ფანტაზია და ახირებაც კი მირჩევნია გარედან დამკვირვებლის გამართულ მტკიცებებს. ბებერი ცოლის ზღაპრები სჯობს შინაბერას ფაქტებს. ვიდრე აზრი საღია, იგიჟოს, როგორც უნდა.
ახლა ზოგადი პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბო. რადგან მსგავსი რამ ჩემთვის არ უსწავლებიათ, უბრალოდ ჩამოვწერ იმ სამ-ოთხ ფუძემდებლურ იდეას, რომლებსაც მივაგენი, იმ თანმიმდევრობით, როგორც მივაგენი; შემდეგ თავს მოვუყრი მათ ჩემ პირად ფილოსოფიაში თუ ბუნებრივ რელიგიაში; საბოლოოდ კი აღვწერ, თუ რა გაოცება დამეუფლა, როცა მივხვდი, რომ აღმოჩენა მე კი არა, ქრისტიანობას ეკუთვნის. ამ ღრმა ზეგავლენათაგან უპირველესი სახალხო ტრადიციის ელემენტმა მოახდინა. ამიტომ ტრადიციასა და დემოკრატიასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული განმარტების გარეშე ჩემი სულიერი გამოცდილების გადმოცემა გამიჭირდებოდა. არც ვიცი, საერთოდ შევძლებ თუ არა ამას, თუმცა ვეცდები.
ჩემი პირველი და უკანასკნელი ფილოსოფია, რომლის უცვლელი და შეუვალი რწმენა მაქვს, ბავშვობაში, ჩემი გადიისაგან, დემოკრატიისა და ტრადიციის ამ ღირსეული და ვარსკლავური ქურუმისაგან შევითვისე. ის, რისიც ყველაზე მეტად მჯეროდა მაშინ და მჯერა ახლაც, ზღაპრებია. ვთვლი, რომ ზღაპარი სრულიად გონივრული რამაა და არა ფანტაზიის ნაყოფი: ზღაპართან შედარებით სხვა ყველაფერი უფროა ფანტაზია. ზღაპართან შედარებით რელიგიაც და რაციონალიზმიც ანომალურია, თუმცა რელიგია ანომალურად მართალია, რაციონალიზმი კი ანომალურად ტყუის. ზღაპრეთი საღი აზრის მზიური ქვეყანაა. მიწა კი არ განსჯის ზეცას, არამედ პირიქით; ჩემთვის ზღაპრეთი იყო დედამიწის საზომი. ჯადოსნურ ლობიოს მანამდე ვიცნობდი, ვიდრე ლობიოს გავსინჯავდი, მთვარის კაცზე მანამდე მსმენია, ვიდრე მთვარის არსებობას გავაცნობიერებდი. ეს ყველაფერი ხალხურ ტრადიციას მიჰყვებოდა. უმნიშვნელო თანამედროვე პოეტები ნატურალისტები არიან – ბუჩქს და წყაროს უმღერენ, ძველი ეპოსის და იგავის მომღერლები – ბუჩქის და წყაროს ღმერთებს. ესაა ის, რასაც თანამედროვენი გულისმობენ, როცა ამბობენ, რომ ძველები არ „აფასებდნენ ბუნებას“- იმიტომ, რომ ღვთაებრივად მიაჩნდათ. ძველი გადიები ბავშვებს ბალახზე კი არა, ბალახში მოცეკვავე ფერიებზე უყვებოდნენ, ძველი ბერძნები კი დრიადების მიღმა ხეებს ვერ ხედავდნენ.
საინტერესოა, როგორ ეთიკას და ფილოსოფიას ასაზრდოებს ზღაპარი? დაწვრილებით აღწერისას ბევრ კეთილშობილ და ჯანსაღ პრინციპს ჩამოვთვლიდი. „ჯეკი - გოლიათების მკვლელი“ რაინდობის გაკვეთილია; გოლიათი უნდა მოკვდეს იმიტომ, რომ დიდია. ეს ამპარტავნობის წინააღმდეგ მიმართული ამბოხია. მეამბოხე ხომ ყველა სამეფოზე უფრო ასაკოვანია, იაკობინელი კი - მეტი ტრადიციის მატარებელი, ვიდრე იაკობიტი. „კონკია“ იგივეს გვასწავლის, რასაც „ადიდებს სული ჩემი უფალსა...“ - „აამაღლა თავმდაბალნი.“ დიდ გაკვეთილს შეიცავს „მზეთუნახავი და მხეცი“: შეიყვარე, ვიდრე საყვარელი გახდება. საშინელი გაკვეთილია „მძინარე მზეთუნახავში“: დაბადებით მრავალი სიკეთით მიმადლებული ადამიანი სიკვდილით რომაა დაწყევლილი; რომ იქნებ შესაძლებელიცაა სიკვდილის ძილამდე შემსუბუქება. აქ განვიხილავ არა ზღაპრეთის ცალკეულ კანონებს, არამედ მათ საერთო სულისკვეთებას, რომელიც შევითვისე, ვიდრე ენას ავიდგამდი და შევინარჩუნებ წერის უნარის დაკარგვის შემდეგაც; ცხოვრების გარკვეულ აღქმას, რომელიც ზღაპრებმა მომცა, შემდგომში კი რეალობამ მორჩილად განამტკიცა.
აი ეს ხედვაც: არსებობს გარკვეული თანმიმდევრობა თუ განვითარება, რომელიც გონივრულია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს აუცილებელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთია მათემატიკური და უბრალოდ ლოგიკური თანმიმდევრობა. ზღაპრეთში ვაღიარებთ ამ გონივრულობას და აუცილებლობას (ჩვენ ხომ ყველა არსებაზე უფრო გონიერნი ვართ). მაგალითად, თუ ბოროტი დები კონკიაზე უფროსები არიან, გარდუვალია (რკინის საშინელი გარდუვალობით), რომ კონკია ბოროტ დებზე უმცროსი იყოს. აქედან გამოსავალი არ არის. ჰეკელს რამდენიც ესიამოვნება, იმდენი ილაპარაკოს ფატალიზმზე ამ ფაქტთან დაკავშირებით: მართლაც ასეა. ჯეკი თუ მეწისქვილის შვილია, მეწისქვილე მისი მამაა. ცივი გონება ამას თავისი საშინელი ტახტიდან გვიცხადებს: ზღაპრეთში ამას ვემორჩილებით. თუ სამი ძმა ცხენზეა ამხედრებული, ექვსი არსება და თვრამეტი ფეხი ყოფილა საქმეში: ეს ჭეშმარიტი რაციონალიზმია, ზღაპრეთი კი ამით პირამდე სავსეა. მაგრამ ზღაპრეთის ღობიდან ბუნებრივ სამყაროსკენ გამოხედვისას არაჩვეულებრივი რამ შევამჩნიე. სათვალიანი სწავლულები ისე საუბრობენ სინამდვილეზე – აისზე, სიკვდილზე და ა.შ. - თითქოს ის რაციონალური და გარდაუვალი იყოს. თითქოს ის, რომ ხე ნაყოფს ისხამს, ისეთივე გარდაუვალია, როგორც ორი ხე და ერთი ხე რომ სამი ხეა. მაგრამ ასე არაა. სულ სხვა შედეგს მოგვცემს ზღაპრეთის გამოცდა – გამოცდა წარმოდგენით. ვერ წარმოიდგენ, რომ ორს რომ ერთი მივუმატოთ, სამი არაა. მაგრამ იოლი წარმოსადგენია, რომ ხეს ხილი კი არა, ოქროს სასანთლეები ან კუდით დაკიდებული ვეფხვები ასხია. სათვალიანები ბევრს ლაპარაკობენ კაცზე, რომელსაც ნიუტონი ერქვა, ვაშლი დაეცა და კანონი აღმოაჩინა, მაგრამ მათ ვერ დაანახებ განსხვავებას ჭეშმარიტ კანონს, გონების კანონს და ვაშლის ჩამოვარდნის უბრალო ფაქტს შორის. თუ ვაშლი მოხვდა ნიუტონის ცხვირს, ნიუტონის ცხვირიც მოხვდა ვაშლს. ეს ჭეშმარიტად გარდაუვალია, ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია; სამაგიეროდ შესანიშნავად წარმოვიდგენთ, რომ ვაშლი მის ცხვირს კი არ დაეცა, არამედ იფრინა, იფრინა და ეტაკა სხვა ცხვირს, რომლის ატანა არ ჰქონდა. ზღაპრებში ყოველთვის მკვეთრად ვასხვავებთ გონებრივ დამოკიდებულებათა მეცნიერებას, რომელშიც მართლაც არის კანონები, ფიზიკური ფაქტების მეცნიერებისგან, სადაც კანონები კი არა, უცნაური გამეორებებია. ჩვენ გვჯერა ბუნებრივი სასწაულების, მაგრამ არა გონებრივი შეუსაბამობების. გვჯერა, რომ ლობიოს ღერო ზეცას მისწვდა, თუმცა ეს ხელს არ შეგვიშლის სწორად ვუპასუხოთ ფილოსოფიურ კითხვას: რამდენი ლობიოს მარცვალი უნდა შევკრიბოთ, ხუთი რომ მივიღოთ.
აი როგორ ვლინდება ზღაპრის სიმართლე და განწყობის სრულყოფილება: მეცნიერი ამბობს: „გაწყვიტე ყუნწი და ვაშლი ჩამოვარდება“, თან ამბობს წყნარად, თითქოს ერთ იდეას მართლაც მივყავდეთ მეორემდე. გრძნეული ზღაპარში ამბობს: „ჩაბერე ბუკს და კაციჭამია გოლიათის ციხე-კოშკი დაინგრევა“, მაგრამ ისე არა, თითქოს არსებობს რამე, რაც შედეგს აუცილებლად გამოიყვანს მიზეზიდან. უდავოა, რომ მას ბევრი რაინდისთვის მიუცია ეს რჩევა და დანგრეული ციხე-კოშკიც ბევრჯერ უნახავს, მაგრამ არც გაოცება ტოვებს და არც გონიერება. ის არ აიტკივებს თავს ბუკსა და წაქცეულ კოშკს შორის გონებრივი კავშირის ძიებით. მეცნიერები კი თავს იმტვრევენ, ვიდრე მოწყვეტილ ვაშლსა და დაცემულ ვაშლს შორის გონებრივ კავშირს არ წარმოიდგენენ. თან ისე ლაპარაკობენ, თითქოს არა მარტო შესანიშნავი ფაქტების კრებული აღმოაჩინეს, არამედ მათი დამაკავშირებელი ჭეშმარიტებაც; თითქოს ორი უცნაურობის ფიზიკურად დაკავშირება მათ ფილოსოფიურადაც აკავშირებს. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ერთი იდუმალება მუდმივად მოსდევს მეორეს, ორივე ერთად როგორღაც გასაგები ხდება. ორი ბნელი თავსატეხის შეკრებით ერთ ნათელ პასუხს იღებენ.
ზღაპრეთი გაურბის სიტყვა „კანონს“, მეცნიერების ქვეყანა კი განსაკუთრებით სწყალობს. ერთ საინტერესო ვარაუდს იმის შესახებ, თუ როგორ გამოთქვამდა ანბანს მივიწყებული ხალხი, გრიმის კანონი უწოდეს, მაგრამ გრიმის კანონზე ბევრად უფრო ჭკვიანური გრიმის ზღაპრებია. ზღაპარი ნამდვილად ზღაპრია, რასაც კანონზე ვერ იტყვი. კანონი გულისხმობს განზოგადების და ამოქმედების ბუნების ცოდნას და არა უბრალოდ რაღაც შედეგების შემჩნევას. კანონი თუ ჯიბგირს ციხეში აგზავნის, არსებობს წარმოსახვითი აზრობრივი კავშირი ციხის და სხვის ჯიბეში ხელის ფათურის იდეებს შორის. ჩვენ გვესმის, რა იდეაა ეს. შეგვიძლია ავხსნათ, რატომ ვართმევთ თავისუფლებას ადამიანს, ვინც თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით კვერცხის წიწილად გადაქცევას უკეთესად, ვიდრე დათვის მშვენიერ პრინცად გადაქცევას. კვერცხის და წიწილის იდეებ შორის მეტი მანძილია, ვიდრე დათვისა და პრინცის; მართლაც, კვერცხი არაფრით ჰგავს წიწილს, ზოგი პრინცი კი ძალიანაც ჰგავს დათვს. გამოდის, რომ თუ გარკვეული ცვლილებები ხდება, არსებითია მათი განხილვა ზღაპრის ფილოსოფიური და არა მეცნიერების და „ბუნების კაონების“ არაფილოსოფიური მიდგომით. როდესაც გვეკითხებიან, რატომ გადაიქცევა კვერცხი ფრინველად, ან რატომ ცვივა ხილი შემოდგომაზე, ზუსტად ისევე უნდა ვუპასუხოთ, როგორც ნათლია ფერია უპასუხებდა კონკიას, რომ ეკითხა, რატომ გადაიქცნენ თაგვები ცხენებად, ან რატომ გაქრა მისი მშვენიერი სამოსი ნაშუაღამევს. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს გრძნეულებაა. ეს არაა კანონი“, რადგან ვერ ვიგებთ მის ზოგად ფორმულას. ეს არაა გარდაუვალი, რადგან მიუხედავად გამეორებისა, არ გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, რომ მუდამ ასე იქნება. უცვლელი კანონისათვის არაა საკმარისი (როგორც ჰაქსლის წარმოუდგენია) მოვლენათა ჩვეულებრივ მიმდინარეობაზე დაყრდნობა. ეს დაყრდნობა კი არა, ფსონის დადებაა. ჩვენ ალალბედზე ვმოქმედებთ, რადგან სასწაულს გამოვრიცხავთ, ისევე, როგორც მოწამლულ ბლითს ან გამანადგურებელ კომეტას. ჩვენ არ ვითვალისწინებთ სასწაულს - იმიტომ კი არა, რომ შეუძლებელია - არამედ იმიტომ, რომ გამონაკლისია. მეცნიერული წიგნების ტერმინოლოგია: „კანონი,“ „გარდაუვალი,“ „წესრიგი,“ „ტენდენცია“ და ა.შ. სინამდვილეში აზრს მოკლებულია, რადგან შინაგან სინთეზს გულისხმობს, რომელიც არ გვაქვს. ბუნების აღწერისას ჩემთვის მისაღები მხოლოდ ზღაპრების წიგნის სიტყვებია: „ხიბლი,“ „გრძნეულება,“ „ჯადოსნური...“ ეს სიტყვები ასახავს ფაქტის შემთხვევითობას და იდუმალებას. ხე ისხამს ნაყოფს, რადგან ჯადოსნურია. წყალი დაღმართში მიედინება, მზე კი ანათებს, რადგან ორივე მოჯადოებულია.
მე უარვყოფ, რომ ეს ფანტასტიკური ან კიდევ მისტიკურია. ჩვენ მისტიკას მოგვიანებით მივუბრუნდებით. ზღაპრის ენა კი უბრალოდ რაციონალური და აგნოსტიკურია. ეს ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ სიტყვებით გამოვხატო ჩემი ცხადი და განსაზღვრული აღქმა: ერთი საგანი მეორისგან სავსებით განსხვავებულია; არ არსებობს ლოგიკური კავშირი კვერცხის დებას და ფრენას შორის. მისტიკოსი ისაა, ვინც საუბრობს „კანონზე“, რომელიც არასდროს უნახავს. მეტიც, ჩვეულებრივი მეცნიერი სენტიმენტალისტია. ის უბრალო ასოციაციების ტყვეობაშია. იმდენჯერ უნახავს, რომ ჩიტები დაფრინავენ და კვერცხებს დებენ, რომ ჰგონია, თითქოს ამ ორ იდეას შორის რაღაც ბუნდოვანი და ნაზი კავშირი არსებობს. არადა, არ არსებობს. მიტოვებულ მიჯნური ვერ აცალკევებს მთვარეს უარყოფილი სიყვარულისგან, მატერიალისტი კი მოქცევისაგან. არცერთ შემთხვევაში კავშირი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით, რომ ისინი ერთად უნახავთ. გრძნობებს აყოლილი ადამიანი ცრემლებს ღვრის ვაშლის ყვავილობისას, რადგან ეს, უნდოვანი პირადი ასოციაციით, სიყმაწვილეს აგონებს. პროფესორი-მატერიალისტი (თუმც მალავს ცრემლებს) ასევე სენტიმენტალურია, რადგან ვაშლის ყვავილობა, ბუნდოვანი პირადი ასოციაციით, ვაშლს აგონებს. აი ზღაპრეთის გაწონასწორებული რაციონალისტი ვერ ხედავს, თეორიულად რატომაა შეუძლებელი, ვაშლის ხემ წითელი ტიტები რომ მოისხას; მის ქვეყანაში ასეთი რამ დროდადრო ხდება.
ს უმარტივესი სასწაული არაა ზღაპრიდან მოტანილი ფანტაზია, პირიქით - ზღაპრის მთელი ცეცხლოვანება აქ იღებს სათავეს. ყველას გვიყვარს სასიყვარულო ზღაპრები, რადგან აქ სქესის ინსტიქტია, ზუსტად ასევე გვიყვარს საოცრებათა ზღაპარი, რადგან გაოცების უძველეს ინსტიქტს ახმიანებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ძალიან პატარებს არ სჭირდებათ ზღაპრული ამბები, უბრალო ამბებიც აინტერესებთ. შვიდი წლის ბავშვს აინტერესებს ტომის ამბავი, რომელმაც კარი გამოაღო და ურჩხული დაინახა. სამი წლის ბავშვისთვის კი საინტერესოა, რომ ტომიმ უბრალოდ კარი გამოაღო. ყმაწვილს რომატიული ამბები უყვარს, ბავშვს – ნამდვილი ამბები, რადგან რომანტიულად ეჩვენება. ვფიქრობ, ბავშვი ერთადერთია, ვინც არ მოიწყენს, თუ თანამედროვე რეალისტური რომანს წაუკითხავ. ეს ამტკიცებს, რომ გადიის ზღაპრებიც კი მხოლოდ გამოძახილია ინტერესისა და გაოცების ნახტომისა, რომელიც ლამის დაბადებამდე წარმოიქმნება. ზღაპრისეული ოქროს ვაშლები მხოლოდ გვახსენებენ წამს, როდესაც მათი სიმწვანე აღმოვაჩინეთ. ღვინო, რომელიც მდინარედ მოედინება, წამით შეგვახსენებს, რომ მდინარე წყალია. უკვე გითხარით, რომ ეს სავსებით აზრიანი და აგნოსტიკურიც კია. დიახ, ამ თვალსაზრისით მაღალი აგნოსტიციზმის მომხრე ვარ; უკეთესი იქნება, თუ მას არცოდნას დავარქმევთ. მეცნიერულ წიგნებშიც და ლამის ყველა რომანში შეგვხვედრია იმ კაცის ამბავი, საკუთარი სახელი რომ დაავიწყდა: დადის ეს კაცი ქუჩაში, ყველაფერს ხედავს და ცნობს, საკუთარი თავის გარდა. ყველა ჩვენგანი ამ ამბის გმირია. ყველას დაგვავიწყდა საკუთარი ვინაობა. უმალ სამყაროს ჩაწვდები, ვიდრე ეგოს. „მე“ უფრო შორსაა, ვიდრე ნებისმიერი ვარსკვლავი. გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი; მაგრამ არ იცნო საკუთარი თავი. ერთ გასაჭირში ჩავვარდნილვართ: საკუთარი სახელი დაგვავიწყდა. დაგვავიწყდა, რანი ვართ. ყველაფერი, რასაც საღ აზრს, რაციონალურობას, პოიტივიზმს და პრაქტიკულობას ვეძახით, ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების გარკვეულ, მკვდარ ეტაპებზე არ გვახსოვს ის, რაც დავივიწყეთ; სული, ხელოვნება და აღმაფრენა კი სხვა არაფერია, თუ არა მივიწყებულის წამიერი გახსენება.
იუხედავად იმისა, რომ მეხსიერებადაკარგული კაცის მსგავსად, ქუჩებში სულელურად გაოცებულნი დავეხეტებით, ეს მაინც გაოცებაა, გაოცებული კი ადიდებს. დიდება საოცრების თანმდევი ელემენტია. ეს ზღაპრეთში ჩვენი მოგზაურობის შემდეგი ნიშნულია. შემდეგ თავში ვილაპარაკებ ოპტიმისტის და პესიმისტის ინტელექტუალურ მხარეზე, თუკი აქვთ ასეთი. აქ კი მხოლოდ იმ უსაზღვრო ემოციების აღწერას ვცდილობ, რომელთა აღწერაც შეუძლებელია. უძლიერესი კი ეს ემოცია იყო: ცხოვრება იმდენად ფასეულია, რამდენადაც ჩახლართული. ის აღმაფრენაა, რადგან თავგადასავალია; თავგადასავალია, რადგან შესაძლებლობაა. ზღაპრის სიკეთე ვერ ილახებოდა იმით, რომ იქ პრინცესებზე უფრო მეტად ურჩხულები გვხდებოდა; კარგი იყო ზღაპარში ყოფნა. ყველა ბედნიერების საზომი მადლიერებაა; მე ვიყავი მადლიერი, მაგრამ არ ვიცი, ვისი. ბავშვი მადლიერი, როცა სანტა კლაუსი წინდაში სათამაშოებს და ტკბილეულს უდებს. როგორ შეიძლება, სანტა კლაუსს არ ვემადლიერებოდე იმის გამო, რომ წინდებში საჩუქრად ორი სასწაულებრივი ფეხი ჩამიდო? ჩვენ ვმადლობთ ხალხს დაბადების დღისთვის ნაჩუქარი სიგარებისა და ჩუსტებისათვის. ვის გადავუხადო მადლობა დაბადების დღეს ნაჩუქარი დაბადებისათვის?
ამას მოჰყვა ორი გრძნობა, რომელსაც ვერც დაამტკიცებ და ვერც უარყოფ. სამყარო ძვრაა, მაგრამ არა მიწისძვრა; არსებობა გასაოცარია, მაგრამ გაოცებს სასიამოვნოდ. ჩემი პირველი შეხედულებები ზუსტადაა გამოთქმული ერთ გამოცანაში, რომელიც ბიჭობიდან თავში გამეჭედა. კითხვა: „რა თქვა პირველმა ბაყაყმა?“ პასუხი: „ღმერთო, რა მახტუნავებს!“ ღმერთმა აიძულა ბაყაყი რომ ეხტუნავა, მაგრამ ბაყაყს უყვარს ხტუნვა. ახლა, როცა ეს საკითხი მოვაგვარეთ, ზღპრის ფილოსოფიის მეორე დიად პრინციპს გავეცნოთ.
ის ადვილი მისაგნებია ძმები გრიმების ზღაპრებში ან ენდრიუ ლნგის მშვენიერ კრბულებში. პედანტური სიამოვნებით ვარქმევ მას პირობითი სიხარულის დოქტრინას. თაჩსთოუნი „თუს“ მრავალ სიქველეზე საუბრობს; ზღაპრეთის ზნეობა მთლიანად „თუს“ ეფუძნება. ზღაპარში მუდამ ისმის: „ოქროს სასახლეში იცხოვრებ, თუ არ იტყვი „ძროხა;“ ან „შეგიძლია მეფის ასულთან ბედნიერად გაატარო ცხოვრება, თუ მას ხახვს არ აჩვენებ.“ ოცნება ყოველვის აკრძალვაზეა ჩამოკიდებული. თავბრუდამხვევი და უზარმაზარი გეძლევა უმცირესი პირობის სანაცვლოდ. ყველაფერი თავისუფლადაა მიშვებული, მაგრამ ერთ აკრძალულ წვრილმანზეა დამოკიდებული. ბატონი იეიტსი, მის გამორჩეულ და ნატიფ ლექსებში ელფებს ურჩებად ხატავს; უმანკო ანარქიაში ისინი უბელო ჰაეროვან ცხენებს დააქროლებენ:
"Ride on the crest of the dishevelled tide, And dance upon the mountains like a flame."

(„აწეწილ ტალღის თხემს მიაჭენებენ, ცეცხლის ალივით როკავენ კლლეზე“)
შინელი სათქმელია, რომ ბატონ იეიტს არ ესმის ზღაპრეთი... და მაინც ვიტყვი. ის ირონიული ირლანდიელია, თანაც ინტელექტუალური რეაქციით აღსავსე. ის არასაკმარისად უჭკუო იმისათვის, რო ზღაპრეთს გაუგოს. ფერიები ჩემისთანა გაგრიას ამჯობინებენ; პირღიასა და დაკრეჭილს, საითაც ეტყვი, იქით რომ წავა. ბატონი იეიტსი ელფებს საკუთარი მოდგმის მართალ ჯანყს მიაწერს. მაგრამ ირლანდიური ურჩობა ქრისტიანული ურჩობაა, გონებასა და სამართლიანობაზე დამყარებული. ფენიანი უჯანყდება იმას, რასაც ზედმიწევნით კარგად იცნობს; ზღაპრეთის ჭეშმარიტი მოქალაქე კი ემორჩილება იმას, რის წარმოდგენაც კი არ აქვს. ზღაპარში წარმოუდგენელი ბედნიერება წარმოუდგენელ პირობას ეყრდნობა. ყუთ ხსნიან და ყველა ბოროტება თავისუფლდება. სიტყვას ივიწყებენ და ქალქები იღუპება. ლამპარს ანთებენ და სიყვარული ქრება. ყვავილს წყვეტენ და ადამიანის სიცოცხლე სრულდება. ვაშლს ჭამენ და ღმერთის იმედი იკარგება.
საა ზღაპრის განწყობა. აქ არც უკანონობაა და და არც თავისუფლება, თუმცა თანამედროვე ტირანიის ქვეშ მყოფს შეიძლება თავისუფლებად მოეჩვენოს. პორტლანდის ციხის ტუსაღს ეგონება, რომ ფლიტ სტრიტი თავისუფალია, მაგრამ ახლო დაკვირვებით გამოჩნდება, რომ ფერიაც და ჟურნალისტიც ვალდებულების მსახურია. ნათლია ფერია როგოც ჩანს,ისეთივე მკაცრია, როგორც სხვა ნათლიები. კონკიამ მიიღო ეტლი საოცრებათა ქვეყნიდან, მეეტლე არსაიდან, რაც შეეხება თორმეტზე დაბრუნების განკარგულებას – ის თავისუფლად შეიძლება ბრიქსტონიდან მოსულიყო. მინის ქოშიც არაა შემთხვევითი: მინა ხომ ასე ხშირია ფოლკლორში. ერთი პრინცესა მინის კოშკში ცხოვრობს, მეორე – მინის ბორცვზე; ეს კიდევ ყველაფერს ხედავს სარკეში. ამათ ყველას შეუძლიათ მინის სახლებში ცხოვრება, ქვების სროლას თუ არ დაიწყებენ. მინის საყოველთაო ელვარება იმის გამომხატველია, რომ ბედნიერება ბრწყინვალე, მაგრამ მყიფეა, იმ ნივთიერების მსგავსად, რომლის დამსხვრევა ადვილად შეუძლია მოახლეს ან კატას. ზღაპრის ეს განწყობაც დამეუფლა და სამყაროს მიმართ ჩემს დამოკიდებულებად ჩამოყალიბდა. ვგრძნობდი და ვგრძნობ, რომ სიცოცხლე ისეივე კაშკაშაა, როგორც ალმასი, მაგრამ ისეთივე მყიე, როგორც ფანჯრის მინა; და როდესაც ზეცას ბროლს ადარებდნენ, მახსოვს, ძრძწოლას ავუტანივარ; მეშინოდა, ღმერთს სამყარო არ დაემსხვრია.
თუმცა გვახსოვდეს, რომ მსხვრევადი არ ნიშნავს დაღუპვისათვის განწირულს. დაჰკარი მინას და წამსაც ვერ გაძლებს, ნუ დაჰკრავ და ათას წელს გაატანს. ასეთია ადამიანის ბედნიერება ზღაპრეთშიც და მიწაზეც; ის დამოკიდებულია თავის შეკავებაზე იმისაგან, რაც ყოველ წამს შეიძლება გააკეთო და რაც, ძალიან ხშირად, სრულიადაც არაა გასაგები, თუ რატომ არ უნდა გააკეთო. აქ ვიტყვი, რომ მე ეს უსამართლოდ არ მეჩვენება. თუ მეწისქვილის მესამე ვაჟი ჰკითხავს ფერიას: „ამიხსენი, რატომ არ შეიძლება, რომ თავდაყირა დავდგე ზღაპრულ სასახლეში,“ შეიძლება პატიოსნად უპასუხონ: „მაგაზე თუ მიდგა საქმე, ამიხსენი, რას ნიშნავს ზღაპრული სასახლე.“ თუ კონკია იტყვის: „ რატომ უნდა წამოვიდე მეჯლისიდან თორმეტზე,“ ნათლიამ, შესაძლოა, უპასუხოს „რატომ უნდა იყო იქ თორმეტამდე?“ თუ კაცს ათ მოლაპარაკე სპილოს და ას ფრთოსან რაშს ვუანდერძებ, არ უნდა იწუწუნოს იმის გამო, რომ საჩუქრის მცირეოდენი არაჩვეულებრივობა პირობითაა დატვირთული: არ გაუსინჯოს რაშს კბილები. მაშინ მივხვდი, რომ არსებობა თავისთავად არაჩვეულებრივი მემკვიდრეობაა; ვერ ვიწუწუნებ, რომ არ მესმის, რატომ ზღუდავენ ოცნებას, რადგან არ მესმის თავად ოცნებაც, რომელიც შეზღუდეს. ჩარჩო არ შეიძლება ნახატზე უცნაური იყოს. აკრძალვა შეიძლება იყოს ისეთივე ველური, როგორიც ოცნებაა, გასაოცარი, როგორც მზე, მოუხელთებელი, როგორც წყალი, ფანტასტიკური და მრისხანე, როგორც ზეაღმართული ხეების ტევრი.
ესაა მიზეზი (შეგვიძლია ფერია ნათლიას ფილოსოფია დავარქვათ), რის გამოც ჩემი დროის ახალგაზრდებმეამბოხე სულისკვეთება არასდროს გამიზიარებია. იმედი ვიქონიოთ, რომ შევეწინააღმდეგებოდი ბოროტ წესებს (მათზე სხვაგან ვიტყვი), მაგრამ არ ვყოფილვარ მიდრეკილი რამე წესის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმიტომ რომ ის იდუმალია. მამული ხანდახან ჯოხის გატეხვის ან პილპილის მარცვლის გადახდის ფორმით გადადის ფლობაში: მე დედმიწის და ცის ფლობა ნებისმიერი ასეთი ფეოდალური ფანტაზიის ფასად მიღირდა. ვერ იქნებოდა ბევრად უფრო უცნაური, ვიდრე თავად ჩემი მფლობელობის ფაქტი. ამ ეტაპზე ერთ ეთიკურ მომენტს მოვიყვან ჩემი შეხედულების საილუსტრაციოდ: ვერასოდეს შევერეოდი იმ ჩემი თაობის საერთო ბუზღუნს მონოგამიის წინააღმდეგ, რადგან სქესზე დადებული არანაირი შეზღუდვა არ მეჩვენებოდა უცნაურად და მოულოდნელად თავად სქესთან შედარებით. ენდიმიონივით მთვარის სიყვარულის ნებას რომ დაგრთავენ, არ უნდა იწუწუნო, იუპიტერ რატომ ჰყავს საკუთარი მთვარეები ჰარემში გამომწყვდეული. ენდიმიონის მსგავს ზღაპრებზე გაზრდილს, ეს ვულგარულ ანტიკულმინაციად მეჩვენებოდა. ერთი ქალის ერთგულება უმნიშვნელო ფასია ერთი ქალის ნახვისათვის. ერთი ქორწინების უფლებაზე წუწუნი ერთხელ დაბადებაზე წუწუნს ჰგავს. ეს სრულიად არათანაზომადია იმ განუზომელ აღტაცებასთან შედარებით, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს სქესის მიმართ დაქვეითებული მგრძნობიარობის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე გადაჭარბებულის. სისულელეა, როცა ედემში ერთდროულად ხუთი კარიდან ცდილობ შეღწევას. პოლიგამია სქესის გაუგებრობაა: გონებაგაფანტული კაცი ერთდროულად ხუთ მსხალს რომ მოწყვეტს. ესთეტებმა გამოხატვის უკანასკნელ, გიჟურ საზღვრებს მიაღწიეს მშვენიერების ხოტბაში: ბაბუაწვერაზე ქვითინებენ, ბრჭყვიალა ხოჭო კი მუხლებზე დასცემთ ხოლმე. მაგრამ მათი ემოცია წუთითაც კი არ მაღელვებს, რადგან არასდროს თავში აზრადაც კი არ გაივლებენ, სიამოვნებას რამე, თუნდაც სიმბოლური, შეწირონ. კაცმა ორმოც დღე უნდა იმარხულ შაშვის გალობის მოსასმენად, ცეცხლში უნდა გაიარო ფურისულა რომ მოაპოვ. ეს მშვენიერების ტრფიალნი კი შაშვის ხათრით სიმთვრალისაგანაც არ შეიკავებენ თავს, ფურისულას მოსაპოვებლად ჩვეულებრივი ქრისტიანული ქორწინების გავლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. განა ბუნებრივი არ არის, რომ არაჩვეულებრივი სიხარულის საფასურად ჩვეულებრივ ზნეობას მისდიო? ოსკარ უაილდმა თქვა, რომ დაისს არ აფასებენ, რადგან უფასოა. თუმცა ოსკარ უაილდი შეცდა: შეგიძლია გადიხადო დაისში. გადაიხადო იმით, რომ არ იყო ოსკარ უაილდი.
ოკლედ, რაც ზღაპრების წიგნი საბავშვო ოთახის იატაკზე დავტოვე, უფრო გონიერი აღარაფერი მინახავს. დამტოვა ტრადიციისა და დემოკრატიის მცველმა ჩემმა გადია, და აღარავინ შემხვედრია მასზე უფრო ჭკვიანურად, რადიკალური და საღად კონსერვატული. მაგრამ აი რა არის მნიშვნელოვანი: როდესაც თანამედროვე სამყაროს სულიერი ატმოსფერო შევიგრძენი, დავინახე, რომ ის ჩემი ზღაპრეთის ორ მთავარ საყრდენ წერტილს ეწინააღმდეგებოდა. დიდი დრო დამჭირდა იმის მისახვდრა, რომ გადია მართალია, სამყარო კი ტყუის. უკვე აგიხსენით, რომ ზღაპრებმა ორი რამის რწმენა ჩამომიყალიბა. პირველი: სამყარო გასაოცარი ადგილია, რომელიც შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. მეორე: ამ საკვირველების და სიამოვნების წინაშე - კრძალვა, ხოლო უცნაური შეზღუდვების მიმართ, რომელიც კიდევ უფრო უცნაური სიკეთის თანმდევია - მორჩილება გმართებს. სინამდვილე ჩემს ორივე ამ რწმენას ტალღასავით ეძგერა და დაჯახების სიმძაფრემ ორი უეცარი გრძნობა წარმოქმნა. მას შემდეგ ის ორი, მაშინ ნედლი შეგრძნება მკვიდრ მრწამსად ჩამოიყალიბდა.
პირველი, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ მთელი თანამედროვე მსოფლიო მეცნიერული ფატალიზმითაა შეპყრობილი; ამბობენ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და ასე ვითარდება შეუფერხებლად დასაბამიდან. ფოთოლი მწვანეა, და სხვა რამ გამორიცხულია. ზღაპრეთის ფილოსოფოს მოსწონს ეს სიმწვანე, რადგან იცის, მის ნაცვლად შეიძლება სიწითლე ყოფილიყო; ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ფოთოლი წამით ადრე გამწვანდა, ვიდრე ის თვალს შეავლებდა; მას ახარებს თოვლის სითეთრე, რადგან მკაცრად რაციონალურ საფუძველზე იცის, რომ ის შეიძლება შავი ყოფილიყო. ნებისმიერი ფერი გაბედული არჩევანის მატარებელია: წითელი ვარდი არამარტო დამაჯერებელი, არამედ მოულოდნელიცაა, უეცრად დაღვრილი სისხლივით. ზღაპრელი თვლის, რომ რაღაც მოხდა. მეცხრამეტე საუკუნის დიდი დეტერმინისტები მკაცრად დაუპირისპირდნენ ამ ბუნებრივ შეგრძნებას, რომ რაღაც ხდება. მათ მიაჩნიათ, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ აღარაფერი მომხდარა. არაფერი მომხდარა მას შემდეგ, რაც არსებობა მოხდა. ამაზეც მაინცდამაინც ზუსტი წარმოდგენა არ აქვთ.
მსოფლიო, რომელიც მე აღმოვაჩინე, თანამედროვე კალვინიზმის, ანუ გარდუვალობის მყარი მხარდამჭერია, თუმცა არანაირი მტკიცებულება გამეორებადობის გარდუვალობისა ვერ მოვიპოვე – გარდა იმისა, რომ გამეორებას მართლაც აქვს ადგილი. ჩემთვის უბრალო გამეორება უცნაური უფროა, ვიდრე რაციონალური. ქუჩაში უცნაური ფორმის ცხვირი რომ ნახო, უბრალო შემთხვევითობად ჩათვლი, მაგრამ ექვსი მომდევნო ცხვირი რომ იგივე ფორმის აღმოჩნდეს, ადგილობრი საიდუმლო საზოგადოებას წარმოიდგენ. ერთი სპილოს ხორთუმი უცნაურობაა; ყველა სპილოს რომ ხორთუმი აქვს, ამას უკვე შეთქმულების სუნი ასდის. აქ მხოლოდ შეგრძნებაზე ვსაუბრობ - ერთ დროს ძალიან გამჭოლ და აბეზარ შეგრზნებაზე. ბუნებაში არსებული გამეორება დროდადრო აგზნებულ გამეორებად მეჩვენებოდა – გაბრაზებული მასწავლებლის გამეორების მსგავსი, ერთსა და იმავეს გაუთავებლად რომ უბრუნდება. მეჩვენებოდა, რომ ბალახი გაუთავებლად რაღაცას მანიშნებს ერთდროულად ყველა თითით, რომ ვარსკვლავები მოგროვებულან და გადმოხრილან გაგების მოლოდინში, რომ მზე ათასჯერ ამოსვლით მაიძულებს, ყურადღება მივაქციო. სამყაროს გამეორების რიტმი შელოცვის გიჟურ რიტმში გადაიზარდა და თითქოს იდეაც გამოჩნდა.
თელი ეს ყალყზე შემდგარი მატერიალიზმი, რომელიც თანამედროვე გონებას დაუფლებია, ერთ და თანაც მცდარ ვარაუდს ეყრდნობა. ვარაუდი კი ასეთია: თავისთავს რაც იმეორებს, მკვდარი უნდა იყოს, საათის მექანიზმივით. ადამიან ფიქრობს, სამყარო რომ გაპიროვნებული იყოს, ცვალებადი იქნებოდა; თითქოს მზე რომ ცოცხალი იყოს, იცეკვებდა. ეს არასწორია ცნობილ ფაქტებთან მიმართებითაც კი. ცხოვრებისეულ ამბებში ცვლილება არა სიცოცხლეს, არამედ სიკვდილს შეაქვს, სურვილისა და ღონის დაკნინებას. ადამიანი მოძრაობას წარუმატებლობის ან დაღლილობის გამო ცვლის; ომნიბუსში იმიტომ ჯდება, რომ სიარულისგან დაიღალა, ან იწყებს სიარულს იმიტომ, რომ წყნარად ჯდომა მობეზრდა. თუ მისი მხიარულება და სიცოცხლისუნარიანობა ისეთი, რომ აისლინგტონში წასვლა არ ღლის, ის ისეთივე რეგულარულობით ივლის აისლინგტონში, როგორც ტემზა მიდის შირნესსში. მისი ცხოვრების სიჩქარე და აღტაცება სიკვდილის სიწყნარეს შეიძენ. მზე ყოველ დილას ამოდის. მე ყოველ დილას არ ვდგები, მაგრამ ეს ცვლილება აქტიურობით კი არა, უმოქმედობითაა გამოწვეული. მზე ამოდის ყოველ დილას, რადგან არ იღლება ამოსვლით. ეს ყოველდღიურობა შესაძლოა უსიცოცხლობით კი არა, მოჭარბებული სიცოცხლითაა გამოწვეული. ის, რასაც ვგულისხმობ, ბავშვებში ვლინდება, როცა განსაკუთრებულად სასიამოვნო თამაშს ან ხუმრობას მიაგნებენ ხოლმე: ბავშვი ფეხებს რითმულად აბაკუნებს სიცოცხლის მოზღვავების და არა უსცოცხლობის გამო. ჭარბი ენერგიის გამო, თავისუფალი და დაუოკებელი სულის გამო, ბავშვს მოწონს უცვლელი გამეორება. ბავშვი ყოველთვის ამბობს „კიდევ, კიდევ“; და უფროსები ამას იმეორებენ არაქათის გამოლევამდე. ზრდასრული ადამიანი სუსტია იმისათვის, რომ მონოტონურით გაიხაროს. იქნებ ღმერთი საკმარისად ძლიერია, რომ მონოტონური გაიხაროს? ალბათ ღმერთი ეუბნება მზეს ყოველ დილას: „კიდევ“, და ყოველ საღამოს მთვარეს: „კიდევ“; იქნებ ავტომატური აუცილებლობა არ განაპირობებს გვირილების მსგავსებას; იქნებ ღმერთი ყველა გვირილას ცალკე ამზადებს და ამისგან არასდროს იღლება. იქნებ მას ბავშვობის დაუსრულებელი სურვილი აქვს. ეს ჩვენ ვცოდეთ და დავბერდით, მამაჩვენი კი ჩვენზე ახალგაზრდაა. იქნებ გამეორება ბუნებაში უბრალო გამეორება კი არა, ბისზე გამოძახებაა. იქნებ ზეცა ბისზე იძახებს ჩიტს, რომელმაც კვერცხი დადო. იქნებ როდესაც ადამიანი ადამიანს შობს, და არა თევზს, ან ღამურას, ან ურჩხულს, მიზეზი ის კი არაა, რომ ჩაკირულები ვართ ჩვენს ცხოველურ ბედში უსიცოცხლოდ და უმიზნოდ; იქნებ ჩვენი პატარა ტრაგედია შეეხო ღმერთებს, ააღელვა ისინი ვარსკვლავურ გალერეებში და ყველა ადამიანური დრამის დასასრულს მას ისევ და ისევ იძახებენ ფარდასთან. გამეორება შეიძლება მილიონობით წელი გაგრძელდეს, ან ნებისმიერ წამს შეწყდეს. ადამიანი დგას დედამიწაზე, თაობა თაობას მოსდევს, მაგრამ ნებისმიერი დაბადება, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს.
ს იყო პირველი დასკვნა, რომელიც ბავშვური ემოციების თანამედროვე მრწამსთან შეტაკებამ გამაკეთებინა. ბუნდოვან შეგრძნებას, რომ ყველაფერი სასწაულია, რადგან არაჩვეულებრივია, დაემატა მეორე – რადგან განზრახულია. ვგულისხმობ რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, რაღაც ნების გამეორებადი გამოვლინება იყოს. მოკლედ, ყოველთვის მწამდა, რომ სამყარო ჯადოსნურია და ახლა ამას ჯადოქარი დაემატა. ამან გაამძაფრა ღრმა განცდა, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქვეცნობიერად: ჩვენს სამყაროში არის მიზანი; და თუ არის მიზანი, არის პიროვნება. სიცოცხლეს ყოველთვის ამბად აღვიქვამდი; სადაც ამბავია, იქ მთხრობელიცაა.
თანამედროვე აზრმა ჩემს მეორე ადამიანურ ტრადიციასაც დაარტყა. ის მკაცრი შეზღუდვებისა და პირობების ზღაპრისეულ განცდასაც დაუპირისპირდა. ერთი რამ, რაზეც განსაკუთრებით უყვართ საუბარი, გაფართოება და სიდიდეა. ჰერბერტ სპენსერისთვის იმპერიალისტი რომ ეწოდებინათ, ძალიან გაღიზიანდებოდა, ამიტომაც ძალიან საწყენია, რომ ეს არავის გაუკეთებია, რადგან უმდაბლესი ტიპის იმპერიალისტი გახლდათ. მან გაავრცელა საძაგელი იდეა: მზის სისტემის ზომამ ადამიანის სულიერების რწმენა უნდა დათრგუნოსო. რატომ უნდა დათმოს ადამიანმა ღირსება მზის სისტემის წინაშე მეტად, ვიდრე ვეშაპის წინაშე? თუ ზომის სიმცირე ამტკიცებს, რომ ადამიანი ღმერთის ხატი არაა, მაშინ ვეშაპი ყოფილა ხატი - ცოტა უფორმო; შეგვიძლია ამას იმპრესიონისტული პორტრეტი ვუწოდოთ. ამაოა მტკიცება, რომ ადამიანი მცირეა კოსმოსთან შედარებით, ის ხომ ისედაც მცირე იყო უახლოეს ხესთან შედარებითაც კი. მაგრამ ჰერბერტ სპენსერი მისი აღვირახსნილი იმპერიალიზმით გააგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ ასტრონომიულმა სამყარომ გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი ანექსია მოახდინა. ის ადამიანზე და მის იდეალებზე ზუსტად ისე საუბრობს, როგორც ყველაზე თავხედი უნიონისტი ირლანდიელებზე და მათ იდეალებზე. მან კაცობრიობა მცირე ერად აქცია და მისი უარყოფითი გავლენა შესამჩნევია ყველაზე უფრo გაბედულ და საპატივცემულო სამეცნიერო ავტორებთან, განსაკუთრებით ბატონი უელსის ადრეულ რომანებში. ბევრ მორალისტს გაუზვიადებია მიწიერი ბოროტება, ბატონმა უელსმა და მისმა სკოლამ კი ზეცა გააბოროტეს. ვარსკვლავებისკენ თავს უკვე შიშით ვწევთ მოსალოდნელი განადგურების მოლოდინში.
ველაფერ ამაზე უფრო ცუდი ის გაფათოებაა, რომელიც ვახსენე. როგორც ვთქვი, მატერიალისტი, შეშლილის მსგავსად, ტყვეობაშია, თანაც ერთი აზრის ტყვეობაში. ამ ხალხს განსაკუთრებულად შთამაგონებლად ეჩვენება იმის გამეორება, რომ საკანი ძალიან დიდია. მეცნიერული სამყაროს ზომა არც ახალია და არც შვების მომგვრელი. კოსმოსი დაუსრულებლად ვრცელდება, მაგრამ ყველაზე უფრო უცნაურ თანავარსკვლავედშიც კი არაფერია მართლაც საინტერესო, მაგალითად, თავისუფალი ნების ან მიტევების მსგავსი. ამ საიდუმლოს უასრულობას კოსმოსი ვერაფერს უმატებს. იგივეა  რედინგის ტუსაღს ახარო,  რომ ციხე ახლა უკვე ნახევარ ქვეყანას ფარავს. რა უნდა ანახოს მას მცველმა ახალი, გარდა დაუსრულებელი ქვის დერეფნისა, რომელიც ოდნავაა განათებული და დაცლილია ყველაფერი ადამიანურისაგან? სამყაროს ეს გამაფართოვებელნიც ვერაფერს გვთავაზობენ, გარდა სივრცის დაუსრულებელი დერეფნებისა, რომლებიც უსიცოცხლო მზეებითაა განათებული და დაცლილია ყველაფერი ღვთაებრივისგან.
ზღაპრეთის კანონი მართლა კანონი იყო - კანონი, რომელიც იღვევა. განმარტებაც ხომ ესაა - ის, რისი დარღვევაც შესაძლებელია. აი კოსმიური საპყრობილის მექანიზმი კი ისაა, რასაც ვერ დაარღვევ; თავად ჩვენც ამ მექანიზმის ნაწილები ვართ. ან არ ძალგვიძს რამის კეთება, ან განწირულები ვართ რამის კეთებისათვის. მისტიკური პირობა სავსებით გაქრა; არც კანონის დაცვის ძალა გაქვს და არც მისი დარღვევის ხალისი. ამ სამყაროს სიდიდეში არაფერია იმ სიახლისა და ჰაეროვანი ამოფრქვევისა, რაც ასე ვაფასებდით პოეტურ სამყაროში. ეს თანამედროვე სამყარო იმპერიაა პირდაპირი მნიშვნელობით: უზარმაზარია, მაგრამ არა თავისუფალი. უფანჯრო ოთახების ზომა გაუთავებლად იზრდება, ოთახები დიდია ბაბილონური თვალსაზრისით, მაგრამ უმცირეს სარკმელსაც კი ვერსად ნახავ, გარედან შემოსულ სიოს ვერსად იგრძნობ.
მათი ჯოჯოხეთური პარალელები, როგორც ჩანს, შორდება ერთმანეთს, ჩემთვის კი ყველაფერი კარგი წერტილში იყრის თავს, მაგალითად ხმლები. კოსმოსისიდიდით კვეხნა იმდენადიუღებელი იყო, რომ ნელნელა შეკამათება დავუწყე და მალევე აღმოვაჩინე, რომ მთელი ეს ამბავი კიდევ უფრო წყალწყალა ყოფილა, ვიდრე ველოდი. ამათ რომ ჰკითხო, კოსმოსი ერთია, რადგან ერთიან დაურღვეველ წესს ექვემდებარება, და რადგან ერთია, ერთადერთიცაა. თუ ასეა, რატომ იწუხებთ თავს მის სიდიდეზე ლაპარაკით? რას ადარებთ? იგივე წარმატებით შეიძლება ითქვას რომ მცირე ზომისაა. შეიძლება ვინმემ თქვას: „მომწონს ეს დაუსრულებელი კოსმოსი, ვარსკვლავთა ჯარითა და მრავალფეროვან ქმნილებათა სიმრავლით.“ მაგრამ აბა რითაა უარესი ასეთნაირად თქმა: „მომწონს ეს პაწაწინა, მყუდრო კოსმოსი, ვარსკვლავთა ჯეროვანი რიცხვით და ცოცხალ არსებათა ჩემთვის სასურველი რაოდენობით?“ ორივე უბრალოდ ემოციური განცხადებაა. შეიძლება გიხაროდეს, რომ მზე დედამიწაზე დიდია. ზუსტად ასევე შეიძლება გიხაროდეს, რომ მზე იმ ზომისაა, რა ზომისაც არის. ერთ ადამიან ურჩევნია უხაროდეს, რომ სამყაროს დიდია. რატომ არ შეიძლება, რომ სხვამ მისი სიმცირით სიხარული აირჩიოს?
ისე მოხდა, რომ მე ეს ავირჩიე. როდესაც რაღაც გიყვარს, კნინობითით მიმართავ, თუნდაც სპილო იყოს. მიზეზი ისაა, რომ რაგინდ დიდი ზომის იყოს, ყველაფერი, რაც შეგიძლია მთლიანად აღიქვა, შეგიძლია მცირედაც წარმოიდგინო. როცა სპილოს მთლიანად ხედავ, შეგიძლია „ციცქნა“ უწოდო. თუ შეგიძლია რამე გამოაქანდაკო, ქანდაკება შეიძლება მინიატურულიც იყოს. ამ ხალხს სჯერა, რომ სამყარო თანმიმდევრულია; მაგრამ მათ ის არ უყვართ. მე სამყარო ძალიან მიყვარდა და ამიტომ კნინობითით ხშირად მიმიმართავს; უკმაყოფილება არასდროს შემიმჩნევია. ვგრძნობდი, რომ ცხოველმყოფელობის ბუნდოვან რწმენას მცირე სამყარო უფრო შეესაბამება, ვიდრე დიდი. უსასრულობას თან სდევს გულგრილობა, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა ჩემს დაუოკებელ და ამაღლებულ ზრუნველობასთან, რასაც ჩემში სიცოცხლის ფასდაუდებელ და სახიფათო ბუნება აღძრავდა. ისინი მხოლოდ დამთრგუნველ ფლანგვას მაჩვენებდნენ, მე კი წმინდა მომჭირნეობას ვხედავდი. მომჭირნეობა ხომ ფლანგვაზე უფრო რომატიკულია. მათთვის ვარსკვლავები ნახევაპენსიანების გაუთავებელი ნაკადი იყო. მე კი ოქროს მზს და ვერცხლის მთვარმიმართ იგივეს ვგრძნობდი, რასაც ერთი სოვერენისა და ერთი შილინგის მფლობელი ბიჭუნა განიცდის.
ეს ქვეცნობიერი მრწამსი კარგადაა დაჭერილი ზოგიერი ზღაპრის ტონით და შეფერილობით. უკვე ვთქვი, რომ მხოლოდ ზღაპარი გამოხატავს ჩემს გრძნობას: სიცოცხლე არამარტო სიამოვნებაა, არამედ უცნაური პრივილეგიაცაა. კოსმოსის სიმყუდროვშეგრძნებას, რომელზეც ვისაუბრე, „რობინზონ კრუზო“ ეხმაურება - წიგნი, რომელსაც გამუდმებით ვკითხულობდი ბიჭობისას და დღემდე ვკითხულობ; წიგნი, რომელიც მარადიულ სიცხოველეს ინარჩუნებს, რადგან ხოტბას ასხამს საზღვრების პოეზიას და კეთილგონიერების რომანტიკას. კრუზო პატარა კლდეზე აღმოჩენილი ადამიანი ზღვას რომ მცირეოდენი სიკეთები გამოსტაცა: წიგნის საუკეთესო ადგილი გადარჩენილი საგნების ჩამონათვალია. პოემათა შორის უდიდესი - ნუსხაა. სამზარეულოს ნებისმიერი საგანი სრულყოფილი ხდება, რადგან შეიძლებოდა კრუზოს ზღვაში ჩავარდნოდა. უღიმღამო განწყობისას სასარგებლოა ნახშირის ყუთისთვის ან წიგნის თაროსთვის თვალის შევლება და გაფიქრება, თუ როგორ გამოგადგებოდა უკაცრიელ კუნძულზე. კიდევ უფრო სასრგებლოა იმის გახსენებ, სასწაულებრივად რომ გადარჩა ეს ყველაფერი გემის ჩაძირვას. ყველა ადამიანს საშინელი განსაცდელი აქვს გამოვლილი: შესაძლოა, არც ენახა დღის სინათლე. ჩემს ბავშვობაში ბევრს ლაპარაკობდნენ ადამიანის შეზღუდულ თუ განადგურებულ გენიაზე, იმაზე, ესა თუ ის ადამიანი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემთვის უფრო მყარი და საკვირველი ის ფაქტი იყო, რომ ქუჩის ნებისმიერი გამვლელი უბრალოდ შეიძლება არ ყოფილიყო.
მართლა მიგრძვნია (სისულელედ მოგეჩვენებათ), რომ ირგვლივ ყველაფერი კრუზოს გემის რომატიკული ნარჩენებია. აქ ორი სქესი გვაქვს და ერთი მზე, წიგნში - ორ თოფია და ერთ ნაჯახ. უმნიშვნელოვანესია, რომ არაფერი დაიკარგოს, თან სასაცილოა, რომ რამის დამატება შეუძლებელია. ხეები და პლანეტები გადარჩენილ საგნებს მოგვაგონებს, და როცა მატერჰორნი ვნახე, გამიხარდა, რომ სიჩქარეში არც ის დავიწყებიათ. ვარსკვლავებს მომჭირნედ ვუცქერდი, როგორც საფირონისას (ასე ერქვათ მილტონის ედემში), ბორცვებს კი ვაგროვებდი. სამყარო ერთი ძვირფასი ქვაა, ძვირფას ქვაზე კი „უბადლოს“ და „ფასდაუდებელს“ იტყვიან ხოლმე, რაც ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ამ სამყაროს, მართლაც, არც ბადალი ჰყავს და არც ფასი გააჩნია, რადგან სხვა არ არსებობს.
ასეთი გარდაუვალი შეუსაბამობით სრულდება გამოუთქმელის გამოთქმის მცდელობა. ესაა ჩემი ცხოვრებისეული მიდგომა - მრწამსის მარცვლებისათვის გამზადებული ნიადაგი. ამას, რაღაც მანქანებით, ვფიქრობდი, ვიდრე წერას ვისწავლიდი, და ვგრძნობდი, ვიდრე ფიქრს დავიწყებდი. იმისთვის, რომ გაგრძელება გაგვიადვილდეს, მოკლედ გავიმეორებ. პირველი: ტანით ვგრძნობდი, რომ ეს სამყარო არ ხსნის საკუთარ თავს. შეიძლება სასწაულია და ზებუნებრივი ახსნა აქვს, ან ოინია და ბუნებრივად აიხსნება. თუმცა ოინის ახსნა რომ მივიღო, იმაზე უკეთესი უნდა იყოს, რას დღემდე მსმენია. მოკლედ, ნამდვილია თუ ცრუ, მაგიასთან გვაქვს საქმე. მეორე: მაგიას აქვს ჩანაფიქრი, ჩანაფიქრს კი ჰყავს ჩამფიქრებელი. არის სამყაროში რაღაც პიროვნული, როგორც ხელოვნების ნიმუშში; რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებული, ჩაფიქრებული იყო აშკარად. მესამე: ჩანაფიქრი მომწონდა პირვანდელი სახით, მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, როგორიცაა, მაგალითად, დრაკონები. მეოთხე: მადლიერების სწორი ფორმა გარკვეული სახის თავმდაბლობასა და თავშეკავებას გულისხმობს: ვმადლობდეთ უფალს ლუდისა და ბურგუნდიულისათვის მათი თავშეკავებულად მირთმევით. გვმართებს აგრეთვე მორჩილება იმის მიმართ, რამაც შეგვქმნა. ყველაზე ბოლო და უცნაური, რაც თავში მომივიდა, ის ბუნდოვანი და უზარმაზარი განცდაა, რომ რაღაცნაირად ყველა სიკეთე პირველყოფილი რღვევისგან გადარჩენილი და წმინდად შენახული რამაა. ადამიანმა სიკეთე ისე გადაარჩინა, როგორც კრუზომ თავისი საგნები. ყველაფერი ეს ვიგრძენი, თუმცა დრომ არ თანამიგრძნო. მთელი ამ დროის განმავლობაში ქრისტიანული ღვთისმეტყველება თავში აზრადაც კი არ გამივლია.


No comments:

Post a Comment