VI ქრისტიანობის პარადოქსები

ვერ იტყვი, რომ ჩვენი სამყაროს არაგონივრულადაა მოწყობილი. ვერც იმას იტყვი, რომ ეს მოწყობა გონივრულია. საქმე ისაა, რომ მოწყობა თითქმის გონივრულია, მაგრამ არც თუ მთლად. ცხოვრება არაა ლოგიკას მოკლებული, თუმცა ლოგიკოსისთვის ნამდვილი მახეა: ოდნავ უფრო მათემატიკურად და მოწესრიგებულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. მისი სიზუსტე სახეზეა, უზუსტობა კი მიმალულია. ერთ უხეშ მაგალითს მოვიშველებ: წარმოიდგინეთ, რომ მთვარიდან მოსული რაღაც მათემატიკური არსება ადამიანის სხეულს სწავლობს; იმწამს შეამჩნევს, ყველაფერი რომ გაორებულია. ადამიანი ორი ადამიანისგან შედგება: მარცხენა ადამიანი ზუსტად იმეორებს მარჯვენას. მკლავი მარჯვნივ და მარცხნივ, ფეხი მარჯვნივ და მარცხნივ, თითების ერთნაირი რაოდენობა, წყვილი ყური, წყვილი თვალი, წყვილი ნესტო და წყვილი ტვინის ნახევარსფეროც კი. შემდეგ, გულის მარცხენა მხარეს პოვნისას, დედუქციით გამოიყვანს, რომ მარჯვნივ მეორე გული უნდა იყოს. და აი აქ, სადაც ყველაზე მეტადაა დარწუნებული თავის სიმართლეში, შეცდება.
სიზუსტისგან ერთი გოჯით ჩუმი ჩაცურებაა ის უცნაურობა, რასაც ყველგან ვაწყდებით. თითქოს ფარულ ღალატს ჰქონდეს ადგილი. ვაშლი და ფორთოხალი თითქოს საკმარისად მრგვალია, მაგრამ არც თუ მთლად. დედამიწასაც ფორთოხლის ფორმა მიუღია გულუბრყვილო ვასრკვლავთმრიცხველთა მოსატყუებლად – სფერო რომ დაერქვათ. ყველაფერშია ეს ფარული და ამოუცნობი ელემენტი. ის ხელიდან უსხლტება რაციონალისტს, თანაც ბოლო მომენტში. დედამიწის მოხაზულობის დიდი წირიდან შეიძლება დაასკვნა, რომ მისი ყველა გოჯი ერთნაირი სიმრუდისაა. გონივრულია იფიქრო, რომ რადგან ადამიანს ტვინი ორივე მხარეს აქვს, გულიც ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ჯიუტად ეძებენ ჩრილოეთ პოლუსს, რადგან უყვართ ბრტყელი ქვეყანა. ასევე ეძებენ ისინი ადამიანის გულსაც, და როგორც წესი, არასწორ მხარეს პოულობენ.
ხედვა თუ შთაგონება საუკეთესოდ სწორედ ამ ფარული უცნაურობათა ამოცნობის უნარით ფასდება. ჩვენი მთვარეული მათემატიკოსმა, რომელმაც ორი მხარი და ორი ყური ნახა, შეიძლება ორი ბეჭის ძვალი და ტვინის ორი ნახევარიც გამოიყვანოს დედუქციით. აი გულის ადგილმდებარეობას თუ ამოიცნობს, შეიძლება ვთქვათ, რომ მათემატიკოსზე უფრო მეტი ვინმეა. ზუსტად ესაა, რასაც ქრისტიანობაზე ვამბობ. მას უბრალოდ ლოგიკური ჭეშმარიტება კი არ გამოჰყავს, არამედ პოულობს ჭეშმარიტებას მაშინაც კი, როცა ის ალოგიკური ხდება. ის არამარტო სწორად ეძებს, არამედ არასწორადაც, როცა ეს საჭიროა. მისი გეგმა ერგება ფარულ გადახვევებს და ელოდება მოულოდნელობებს. ის მარტივია მარტივ ჭეშმარიტებასთან და ჯიუტი – მოუხელთებელთან. აღიარებს, რომ ადამიანს ორი ხელი აქვს და არ მიიღებს (თუმცა მოდერნისტები ამას გაჰკივიან) ნათელ დედუქციას ორი გულის არსებობის შესახებ. ამ თავის ერთადერთი მიზანი ამის ჩვენებაა: როცა გვეჩვენება, რომ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში რაღაც უცნაურადაა, საზოგადოდ ვპოულობთ, რომ ჭეშმარიტებაშიც უცნაურადაა რაღაც.
ადრე ვახსენე უაზრო ფრაზა, თითქოს ესა თუ ის მრწამსი ჩვენ დროში არ გამოდგება. ყველაფერი შეიძლება ყველა დროში ირწმუნო. თუმცა უცნაურია, რომ გარკვეული თვალსაზრისით მრწამსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რთულ საზოგადოებაში უფრო სარწმუნო ხდება, ვიდრე მარტივში. ქრისტიანობის ჭეშმარიტად მიჩნევას ბირმინგემში მეტი საფუძველი სჭირდება მერსიასთან შედარებით, რადგან რაც უფრო რთულია დამთხვევა, მით ნაკლებადაა ის დამთხვევა. თუ თოვლის ფიფქი, ვთქვათ, მიდლოთიანის გულის ფორმისაა, ეს ალბათ შემთხვევაა, მაგრამ თუ ის ზუსტად იმეორებს ჰემპტონ ქორთის ლაბირინთის ფორმას, ამას სასწაული უნდა ვუწოდოთ. ამის მსგავსი სასწაულის შეგრძნება მქონდა ქრისტიანობის ფილოსოფიასთან დაკავშირებით. თანამედროვე მსოფლიოს სირთულე მრწამსის ჭეშმარიტებას უფრო ადასტურებს, ვიდრე შუა საუკუნეების მარტივი პრობლემები. ქრისტიანობის ჭეშმარიტება პირველად ნოთინგ ჰილლსა და ბათერსიში შევიცანი. ამიტომაა რწმენა გართულებული დოქტრინებით და დეტალებით, რომლებიც თრგუნავს მათ, ვისაც მოწონს ქრისტიანობა, მაგრამ არ სწამს. როდესაც მრწამსს იჯერებ, ამაყიც ხდები მისი სირთულით – მეცნიერის მსგავსად, რომელსაც ეამაყება მეცნიერების სირთულე. ის აღმოჩენებით სიმდიდრის მაჩვენებელია. თუ მეცნიერება ჭეშმარიტია, მაშინ სირთულე მხოლოდ კომპლიმენტია. ჯოხი შეიძლება ხვრელს შემთხვევით მოერგოს. გასაღები და კლიტე - ორივე რთულია. და როცა გასაღები კლიტეს მოერგება, ვხვდებით, რომ ეს სწორი გასაღებია.
თუმცა ეს სიზუსტე ძალიან აძნელებს იმას, რასაც ახლა ვაპირებ – აღვწერო ეს დაგროვილი ჭეშმარიტება. ძალიან ძნელია დაიცვა ის, რაშიც მთლიანად დარწმუნებული ხარ. შედარებით ადვილია ამის გაკეთება, როცა სრულად არ ხარ დარწმუნებული: პოულობ ამა თუ იმ მტკიცებულებას და გადმოსცემ მას. მაგრამ ფილოსოფიური თეორიით ადამიანის სრულად დარწმუნებაში არაა საკმარისი რაღაც მტკიცებულებების პოვნა: ამისთვის აუცილებელია, რომ უკლებლივ ყველაფერი ამ თეორიის სისწორეს ამტკიცებდეს. და რაც უფრო დიდია ამ მტკიცებულებათა რაოდენობა, მით უფრო დამაბნეველია მათი შეჯამების მოულოდნელი მოთხოვნა. ჩვეულებრივ გონიერ ადამიანს უცებ რომ ჰკითხოთ, რატომ ურჩევნია ცივილიზაცია სიველურეს, ალბათ დაბნეულად მიაჩერდება გარემომცველ საგნებს და იტყვის: „რა ვიცი...აი ის წიგნების კარადა... ნახშირი... პიანინო... ჰო, და პოლიცია.“ ცივილიზაციის შემთხვევა იმითაა საინტერესო, რომ რთული შემთხვევაა. პასუხის უსასრულო მრავაფეროვნება მას უსასრულოდ ართულებს.
ყველა სისრულეს ახლავს უმწეობის ეს განცდა. რწმენა იმდენად დიდია, რომ ასამოქმედებლად დრო სჭირდება. ისიც გაბნევს, რომ ვერ გარკვეულხარ, საიდან უნდა დაიწყო . ყველა გზა რომში მიდის, ეს ერთი-ერთი მიზეზია იმისა, ბევრი ადამიანი რომში საერთოდ რომ ვერ ხვდება. გამოგიტყდებით, რომ ჩემთვის სულ ერთია ქრისტანული რწმენის დაცვას რომელი არგუმენტით დავიწყებ: ეს შეიძლება იყოს თალგამი ან ტაქსი. მაგრამ თუ მაინცდამაინც ვეცდები სიმწყობრის შენარჩუნებას, ჭკვიანური იქნება წინა თავის არგუმენტებს გავყვე, რომლებიც მისტიკურ თანხვედრებს, თუ უფრო დადასტურებებს ეხებოდა. ყველაფერი, რაც მანამდე მსმენია ქრისტიანულ თეოლოგიაზე, ჩემს გაუცხოებას იწვევდა. თორმეტი წლის - წარმართი ვიყავი, თექვსმეტის კი – ჩამოყალიბებული აგნოსტიკოსი, და ძნელად წარმომიდგენია ვინმე, ვინც ჩვიდმეტს გადააბიჯა და თავის თავს ესოდენ მარტივი შეკითხვა არ დაუსვა. მართალია, შემრჩა კოსმიური ღვთაების ბუნდოვანი პატივისცემა და მძაფრი ისტორიული ინტერესი ქრისტიანობის დამფუძნებლის მიმართ, მაგრამ მას ნამდვილად ადამიანად ვთვლიდი. თუმცა მაშინაც კი მიმაჩნდა, რომ ის აღმატებულია მის ბევრ თანამედროვე კრიტიკოსზე. წავიკითხე იმდროინდელი სამეცნიერო და სკეპტიკური ლიტერატურა და სხვა არაფერი; არაფერში ფილოსოფიურ ხასიათისას ვგულისხმობ. იაფფასიანი საგადასავლო წიგნები, რომლებსაც აგრეთვე ვკითხულობდი, ჯანსაღი და გმირული ქრისტიანულ ტრადიციის გაგრძელება იყო, თუმცა მაშინ ეს არ მესმოდა. სტრიქონიც კი არ წამიკითხავს ქრისტიანული აპოლოგეტიკიდან და ახლაც ცოტას ვკითხულობ. ჰაქსლი, ჰერბერტ სპენსერი და ბრედლოუ – აი ვინ მომაქცია ორთოდოქსული თეოლოგიისაკენ. მათ დათესეს ჩემს ტვინში ბობოქარი ეჭვთა ეჭვი. სრულ სიმართლეს ამბობდნენ ჩვენი ბებიები: ტომ პეინმა და თავისუფალმა მოაზროვნეებმა ხალხს ტვინი აურიესო. მე მართლა ამირიეს ტვინი, თანაც საშინლად. რაციონალიზმმა დამაეჭვა, საჭიროა თუ არა აზროვნება საერთოდ; ჰერბერტ სპენსერი რომ დავასრულე, იქამდე მივედი, რომ ევოლუციაში შევიტანე ეჭვი (პირველად). კოლონელ ინგერსოლის ბოლო ათეისტური ლექცია რომ დავხურე, საშინელმა აზრმა გამიელვა: „მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად.“ უსასოობაში ჩავვარდი.
დიდმა აგნოსტიკოსებმა საკუთარზე უფრო ღრმა ეჭვები აღმიძვრეს. ამ უცნაური შედეგის საილუსტრაციო ბევრი გზა არსებობს. მხოლოდ ერთს ავირჩევ. რწმენის არაქრისტიანული თუ ანტიქრისტიანული ახსნების კითხვისა და გადაკითხვისას, ჰაქსლიდან ბრედლოუმდე, თანდათან საშინელი შთაბეჭდილება მექმნებოდა – შთაბეჭდილება, რომ ქრისტიანობა ყველაზე უჩვეულო რამაა, რადგან არამარტო საშინელი მანკიერებითაა სავსე, არამედ ერთმანეთთან შეუთავსებელ მანკიერებათა გაერთიანების იდუმალ ნიჭსაც ფლობს. მას უტევდნენ ყოველი მხრიდან და ყველანაირი უთიერთგამომრიცხავი მიზეზით. ერთ რაციონალისტს ჯერ დამტკიცებული არ ჰქონდა, რომ ის ძალიან შორსაა წასული აღმოსავლეთით, მეორე არანაკლები დამაჯერებლობით უკვე მის ზედმეტად დასავლეთისკენ გადახრას ამტკიცებდა. მისი მოუხეშავი და აგრესიული კუთხოვანების გამო ჩემს აღშფოთებას ჯერ ჩაცხრობა ვერ მოესწრო, რომ უკვე მომიწოდებდნენ მის გამაღიზიანებელი და სენსუალისტური სიგლუვე დამეგმო. თუ მკითხველი მსგავსს არაფერს გადაჰყრია, ამ შეტევის ურთიერთგამომრიცხავი ხასიათის რამდენიმე შემთხვევით მაგალითს მოვიყვან. ავიღებ ოთხ-ხუთს; ორმოცდაათზე მეტი დარჩება.
მახსოვს, როგორ შემძრა ქრისტიანობის არაადამიანური ნაღვლიანობის მჭევრმეტყველმა გმობამ, რადგან ვთვლიდი (და ვთვლი), რომ გულწრფელი პესიმიზმი მიუტევებელი ცოდვაა. არაგულწრფელი პესიმიზმი საზოგადოებრივი ვალდებულებაა და მისაღები უფროა, ვიდრე დასაგმობი; საბედნიეროდ, პესიმიზმი მეტწილად არაგულწრფელია. მაგრამ თუ ქრისტიანობა, როგორც ეს ხალხი ამბობდა, წმინდად პესიმისტურია და სიცოცხლესთანაა დაპირისპირებული, მზად ვიყავი წმ. პავლეს ტაძარი ამეფეთქებინა. თუმცა აი რა იყო აუხსნელი: პირველ თავში მიმტკიცებდნენ (სრულიად დამაჯერებლად), რომ ქრისტიანობა ზედმატად პესიმისტურია; და იქვე, მეორე თავში, იწყებოდა იმის მტკიცება, რომ ზედმეტად ოპტიმისტურია. ერთი ბრალდება ამბობდა, რომ ქრისტიანობა ავადმყოფური გლოვითა და დაშინებით აბრკოლებს ადამიანის სწრაფვას ბუნებაში მოიპოვოს სიამოვნება და თავისუფლება. იქვე მეორე ბრალდება აცხადებდა, რომ გამოგონილი განგების საშუალებით ის აწყნარებს ადამიანს და ვარდისფერ ბავშვობაში ამყოფებს მას. ერთი დიდი აგნოსტიკოსი კითხულობდა, რატომ არაა ქრისტიანისთვის ბუნება საკმარისად მშვენიერი, და თავისუფლება ადვილი. მეორე დიდი აგნოსტიკოსი კი ქრისტიანულ ოპტიმიზმს „ ღვთისმოსავი ხელით ნაქსოვ ცრუ სამოსელს“ უწოდებდა, რომელიც ფარავს ბუნების სიმახინჯეს და თავისუფლების შეუძლებლობას. ერთ რაციონალისტს ჯერ მაჯლაჯუნას ძახილი არ გაეთავებინა, მეორე ბრიყვის სამოთხეს რომ არქმევდა. ბრალდებათა არათანმიმდევრულობამ დამაბნია. არ შეიძლებოდა, რომ ქრისტიანობა ერთდროულად თეთრი სამყაროს შავი და შავი სამყაროს თეთრი ნიღაბი ყოფილიყო. ქრისტიანის მდგომარეობა ვერ იქნებოდა ერთდროულად იმდენად სასიამოვნო, რომ ის ლაჩრულად ჩასჭიდებოდა მას და იმდენად უსიამოვნო, რომ ბრიყვულად გაეძლო მისთვის. თუ ეს დამახინჯებული ადამიანური ხედვაა, ან ასე უნდა ამახინჯებდეს და ან ისე. ერთდროულად მწვანე და ვარდისფერი სათვალის ტარება არ გამოდის. ყველა იმდროინდელი ჭაბუკივით მეც საშინელი სიამოვნებით მიტრიალებდა ენაზე სუინბერნის დამცინავი ბწკარი:
"Thou hast conquered, O pale Galilaean, the world has grown gray with Thy breath."
(„შენ გაიმარჯვე, ფერმკრთალო გალილეველო, სამყარო განაცრისფრდა შენი სუნთქვისგან“)
შემდეგ წავიკითხე იგივე პოეტის მიერ წარმართობის აღწერა (მაგალითად „ატალანტაში“) და აღმოვაჩინე, რომ სამყარო გალილეველამდე უფრო ნაცრისფერი ყოფილა. პოეტი მართლაც თვლიდა, რომ ცხოვრება უკუნეთია, და მაინც, ქრისტიანობამ როგორღაც მოახერხა მისი კიდევ უფრო ჩაბნელება. ის ადამიანი, ვინც ქრისტიანობას პესიმიზმის გამო ჰკიცხავდა, თავად იყო პესიმისტი. მივხვდი, რომ აქ რაღაც ვერაა რიგზე. და უცებ ამ აზრმა გამიელვა: იქნებ არცაა ანგარიშგასაწევი რწმენისა და ბედნიერების ურთიერთდამოკიდებულებაზე იმ ადამიანთა მსჯელობა, რომლებსაც საკუთარი მტკიცებით, არც ერთი გააჩნიათ და არც მეორე.
არ გეგონოთ, თითქოს ნაჩქარევად გადავწყვიტე, რომ ბრალდებები ცრუა და ბრალმდებლები ბრიყვები არიან. ჩავთვალე, რომ ქრისტიანობა კიდევ უფრო უცნაური ბოროტებაა ვიდრე მათ ჰგონიათ – რაღაც, რაც საპირისპირო მანკიერებებს შეიცავს, თუმცა ძალიან უცნაური რამ კი უნდა იყოს. ადამიანი შეიძლება ძალიან მსუქანი იყოს ერთგან და ძალიან გამხდარი მეორეგან, მაგრამ ძალიან უცნაური ფორმის იქნება. ამ დროს ჩემი ფიქრი მხოლოდ ქრისტიანობის უცნაურ ფორმას უტრიალებდა; რაციონალური ტვინის უცნაური ფორმა აზრად არ მომსვლია.
აი იგივე სახის მეორე მაგალითიც. ვგრძნობდი, რომ არის რაღაც საფუძვლიანი იმ ბრალდებაში, რომ „ქრისტიანული“ რაღაცნაირად შიშნარევი, ბერული და არავაჟკაცურია, განსაკუთრებით, როცა საქმე ბრძოლას და წინააღმდეგობას ეხება. მეცხრამეტე საუკუნის დიდი სკეპტიკოსები თავად შეუპოვარი ხალხი იყო, ბრედლოუ გამოხატულად, ჰაქსლი კი თავშეკავებულად. ამასთან შედარებით ქრისტიანული რჩევები სისუსტის და ზედმეტი თმენის განცდას ტოვებდა. სახარებისეული მეორე ლოყის პარადოქსი, ის რომ მღვდლები არ იბრძოდნენ, ასი სხვა რამ ამაგრებდა ბრალდებას, რომ ქრისტიანობა ცდილობს ადამიანი ცხვარს დაამსგავსოს. წავიკითხე და დავიჯერე, და ასეც დავრჩებოდი, სხვა არაფერი რომ არ წამეკითხა. ეს სხვა რამ ძალიან განსხვავებული გამოდგა. ჩემი აგნოსტიკური სახელმძღვანელოს ფურცელი გადავშალე და ტვინი თავდაყირა დამიდგა. აღმოჩნდა, რომ ქრისტიანობა უნდა მძულდეს არა იმიტომ, რომ არ იბრძვის, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად იბრძვის. აღმოჩნდა, რომ ქრისტიანობა ომების დედაა. თურმე ქრისტიანობას მსოფლიო სისხლით წაულეკავს. ვბრაზობდი, რომ ქრისტიანი არასდროს ბრაზდება, თურმე იმაზე უნდა გავბრაზებულიყავი, რომ მისი მრისხანება ყველაზე დიდი და საზარელი რამ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დედამიწა დაალბო და მზე გამჭვარტლა. ის ვინც ქრისტიანობას მონასტრულ მორჩილებას და წინააღმდეგობის გაუწევლობას საყვედურობდა, ახლა ჯვაროსნობის ძალადობასა და გაბედულებას უკიჟინებდა. ედვარდ აღმსარებელი რომ არ იბრძოდა და რიჩარდ ლომგული რომ იბრძოდა, საბრალო ბებერ ქრისტიანობას დაბრალდა ერთნაირად. კვაკერი (გვეუბნებოდნენ) ერთადერთი ტიპური ქრისტიანია; და მაინც, კრომველისა და ალბას მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა ტიპური ქრისტიანული დანაშაულია. რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა არის ეს ქრისტიანობა ასეთი, რომ თან კრძალავს და თან იწყებს ომს? რა ბუნებისაა ის, რასაც ჯერ გმობენ იმისთვის რომ არ იბრძვის, და მერე იმისთვის, რომ გამუდმებით იბრძვის? გამოცანათა რა სამყაროშია წარმოქმნილი მკვლელობისა და სიმშვიდის ეს ნაზავი? ქრისტიანობა უფრო და უფრო უცნაურ ფორმას იძენდა.
ახლა მესამე მაგალითს მივმართავ – ყველაზე უცნაურს, რადგან ის რწმენის საწინააღმდეგო რეალურ მოსაზრებას შეიცავს. აი ეს მოსაზრება: ქრისტიანობა უბრალოდ ერთ-ერთი რელიგიაა. მსოფლიო დიდია და მრავალი განსხვავებული ხალხითაა სავსე. ქრისტიანობა კი ერთ, გარკვეულ ხალხს უკავშირდება; ის დაიწყო პალესტინაში და პრაქტიკულად ევროპაში შეჩერდა. ამ მოსაზრებამ ახალგაზრდობაში ჩემზე ძალიან იმოქმედა და იმ დოქტრინისაკენ მიმაბრუნა, რომელსაც ეთიკური საზოგადოებები  ქადაგებენ – რომ არსებობს ერთი, გაუცნობიერებელი ზოგადსაკაცობრიო ეკლესია, რომელიც საყოველთაო სინდისს ეფუძნება. მრწამსი ყოფს ადამიანებს, ზნეობა კი აერთიანებს. რაგინდა რა შორეულ ქვეყნებსა და ეპოქებში სული მიაგნებს ზნეობრივ საღ აზრს. ეს იქნება კონფუცი აღმოსავლური ხის ქვეშ, რომელიც წერს; „არა იპარო.“ ეს შეიძლება იყოს პირველყოფილი უდაბნოს იდუმალი იეროგლიფები, სადაც დაშიფრულია: „ბავშვი არ უნდა ცრუობდეს.“ მე მწამდა ადამიანების ზნეობრივი ძმობა და ახლაც მწამს – სხვა რამეებთან ერთად. მაღიზიანებდა ქრისტიანული მიდგომა, რომელიც უამრავი ეპოქისა და ქვეყნების ადამიანებს გონებისა და სამართლიანობის ნათლის მიღმა ტოვებდა (როგორც მაშინ ვთვლიდი). მაგრამ შემდეგ გასაოცარი რამ აღმოვაჩინე. ის ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ კაცობრიობა პლატონიდან ემერსონამდე ერთი ეკლესიაა, იგივე ხალხია, ვინც თვლის, რომ ზნეობა მთლიანად შეიცვალა, და რაც სწორი იყო ერთ ეპოქაში, არასწორია მეორეში. თუ მე, მაგალითად, საკურთხეველს მოვითხოვდი, მიპასუხებდნენ, რომ ის აღარაა საჭირო, რადგან კაცობრიობამ ერთიანი იდეალები და ჩვეულებები გამოიმუშავა. თუ მე მაინც რბილად ვიტყოდი, რომ ერთი ზოგადსაკაცობრიო ჩვეულება სწორედ რომ საკურთხეველია, ჩემი აგნოსტიკოსი მოძღვრები პირს იბრუნებდნენ და იტყოდნენ, რომ კაცობრიობა ყოველთვის სიბნელისა და ველური ცრურწმენის ტყვეობაში იყო. ესენი ცალკერძ ქრისტიანობას დასცინოდნენ, ერთ ხალხს სინათლეში ამყოფებს, დანარჩენებს კი სიბნელეში დაღუპვისათვის წირავსო, ცალკერძ ტრაბახობდნენ, რომ მეცნიერება და პროგრესი რჩეულთა ხვედრია, დანარჩენები კი სიბნელეში იღუპებიან. ქრისტიანობისათვის მიყენებული მთავარი შეურაცხყოფა საკუთარი თავისათვის გაკეთებული მთავარი კომპლიმენტია. უცნაური უსამართლობაა ამ შერჩევით გაჯიქებაში. წარმართის ან აგნოსტიკოსის შემთხვევაში ვამბობთ, რელიგია ყველასთვის საერთოა, მისტიკოსის შემთხვევაში კი ვამბობთ, რომ ზოგიერთის რელიგია აბსურდულია. ეპიქტეტუსის ეთიკა სანდოა, რადგან ეთიკა უცვლელია, ბოსუეტის ეთიკა კი არასანდოა, რადგან ეთიკა შეიცვალა. თურმე ორ საუკუნეში შეცვლილა, ოცში კი – არა.
ამან უკვე შემაშფოთა. გამოდის, რომ ქრისტიანობა კი არაა ყველანაირი მანკიერების მომცველი, არამედ ყველანაირი ჯოხი გამოდგება მისთვის დასაკრავად. მაშ, რა აქვს ისეთი ამ საოცრებას, რომ ხალხი, ოღონდ კი უარყონ, საკუთარი თავის უარყოფასაც კი არ ერიდება? ყოველმხრივ ერთსა და იმავეს ვხედავდი. ამის დაწვრილებით განხილვას ადგილს ვეღარ დავუთმობ, მაგრამ თუ ვინმეს მოეჩვენა, რომ სამი შემთხვევითი მაგალითის არჩევისას სინამდვილეში მიკერძოება გამოვავლინე, კიდევ რამდენიმეს მოკლედ ჩავივლი. ზოგიერთი სკეპტიკოსი ქრისტიანობის დიდ დანაშაულად თვლის ოჯახზე მიტანილ შეტევას; ქალის ჩათრევას მონასტრის განმარტოებასა და ჭვრეტაში, ოჯახისა და ბავშვებისაგან მოცილებით. სხვა სკეპტიკოსები (ცოტათი უფო დაწინაურებულები) კი ქრისტიანობის დიდ დანაშაულს ოჯახისა და ქორწინების თავს მოხვევაში ხედავენ; თითქოს ის წირავს ქალს სახლისა და ბავშვებისათვის, აუტანელი შრომისათვის და განმარტოებისა თუ ჭვრეტის საშუალებას ართმევს. აქაც ბრალდების შებრუნებაა. კვლავ: ეპისტოლეთა თუ საქორწინო რიტუალის გარკვეული ფრაზები, ანტიქრისტიანების თვალსაზრისით, ქალის ინტელექტის აბუჩად აგდებაა; მაგრამ ანტიქრისტიანები თავად იგდებენ ქალის ინტელექტს აბუჩად – კონტინენტის ეკლესიის მათი უმწარესი დაცინვა ისა, რომ იქ „მხოლოდ ქალები“ დადიან. ან კიდევ: საყვედური შიშველი და მშიერი ჩვევებისათვის, ჯვალოსა და ხმელი ცერცვისათვის, მეორეს მხრივ – საყვედური პომპეზურობისა და რიტუალიზმისათვის, პორფირისა და ოქრომკერდისათვის. ბრალდება ზედმეტი უბრალოებისა და ზედმეტი ფერადოვნებისათვის. ქრისტიანობას ყოველთვის ბრალს სდებდნენ, სექსუალურობის ზედმეტად შეზღუდვაში, თან ბრედლოუმ და მალთუსმა აღმოაჩინეს, რომ ეს შეზღუდვა არასაკმარისი ყოფილა. ხშირად ისმის ერთი ამოსუნთქვით წამოსროლილი პრიმიტიულის პატივისცემისა და რელიგიური გადაჭარბებულობის ბრალდება. ერთი და იგივე ათეისტური პამფლეტის ფურცლებზე ამოვიკითხე, რომ რწმენას გათიშვაში („ერთი ერთს ფიქრობს, მეორე -სხვას“), და გაერთიანებაში („აზრთა სხვაობაა, რაც სამყაროს დარუპვისაგან იცავს“) სდებდნენ ბრალს. ერთი ჩემი თავისუფალი აზროვნების მიმდევარი მეგობარი, ერთსა და იმავე საუბარში, ქრისტიანობას ჯერ ებრაელთა ზიზღს აბრალებდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ თვით ქრისტიანობა ეზიზღება იმიტომ, რომ ებრაულია.
მაშინაც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, გულწრფელი ვიყო. არ მიფიქრია, რომ ქრისტიანობა სრულიად უსაფუძვლოდ უტევდნენ. ჩავთვალე, რომ თუ ქრისტიანობა მცდარია, ძალიან მცდარი უნდა იყოს. ამდენი საპირისპირო საშინელება ერთგან რომ მოიყრის თავს, უჩვეულო და განცალკევებულ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე. არსებობენ ადამიანები, რომლებშიც სიძუნწეცაა და მფლანგველობაც, მაგრამ ეს იშვიათობაა; არსებობენ ისეთებიც, თავაშვებულობას და ასკეტიზმს რომ უხამებენ ერთმანეთს; ესეც იშვიათობაა. და თუ მართლა არსებობს ასეთი წინააღმდეგობების კრებული, სადაც თავი მოუყრია კვაკერულს და სისხლისმღვრელს, მდიდრულს და მათხოვრულს, პირქუშს და გულისთქმას აყოლილს, ქალისადმი მტრულს და მის სულელურ თავშესაფარს, ამაღლებულად პესიმისტურს და ბრიყვულად ოპტიმისტურს – თუ ასეთი ბოროტება არსებობს, მასში არის რაღაც განუმეორებელი და ამაღლებული. ჩემს რაციონალისტ მასწავლებლებს არანაირად არ განუმარტავთ ეს უშვიათესი გადაგვარება. მათთვის ქრისტიანობა (თეორიულად) მხოლოდ მოკვდავთა ერთი ჩვეულებრივი მითი და ილუზია იყო. მათ არ მოუციათ ჩემთვის ამ ჩახლართული უკეთურების გასაღები. ბოროტების ამ პარადოქსმა ზებუნებრივ სიმაღლე შეიძინა; თითქმის ისეთივე ზებუნებრივ, როგორც პაპის უცდომელობაა. ისტორიული ინსტიტუტი, რომლის ყველა ნაბიჯი მცდარია, ისეთივე სასწაულია, როგორც ის ინსტიტუტი, რომელსაც არ შეუძლია მცდარი ნაბიჯის გადადგმა. ერთადერთი ახსნა, რომელიც ამას ჰქონდა, იყო ის, რომ ქრისტიანობა ზეციდან კი არა, ქვესკნელიდანაა მოსული. მართლაც, თუ იესო ნაზარეველი არ იყო ქრისტე, ის ანტიქრისტე უნდა ყოფილიყო.
ამ ფიქრებში მყოფს უეცრად ერთი უცნაური აზრი მეხივით დამეცა. ეს სხვა ახსნა იყო. წარმოვიდგინოთ უცნობი, რომელზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ზოგი ამბობს, რომ ძალიან მაღალია, ზოგი – პირიქით; ზოგი მის სიმსუქნეს იწუნებს, ზოგი სიგამხდრეს მოთქვამს; ზოგისთვის ზედმეტად მუქია, ზოგისთვის კი ედმეტად ღია. ერთი ახსნა (უკვე მიღებული) ისაა, რომ უცნაურ არსებასთან გვაქვს საქმე. თუმცა სხვა ახსნაც არსებობს. ეს კაცი შეიძლება სრულიად თანაზომიერია. ზედმეტად მაღლებს ეჩვენებათ, რომ დაბალია, ძალიან დაბლებს კი მაღალი ჰგონიათ. ჩასუქებულ კუროს მიაჩნია რომ გამხდარია, ძველ დენდის კი – მოხდენილობის ჩარჩოებიდან გამოსული. სელისფერთმიან შვედებს ალბათ შავგრემანი ჰგონიათ, ზანგები კი ქერად თვლიან. იქნებ ეს არაჩვეულებრივი რამ სრულიად ჩვეულებრივია; როგორც მინიმუმ, ნორმალური. იქნებ, ბოლოსდაბოლოს, ქრისტიანობაა საღი და კრიტიკოსები ჰყავს შეშლილი – ყველა თავისებურად. მე შევამოწმე ეს აზრი: ვკითხე საკუთარ თავს, ჰქონდა თუ არა ბრალმდებელს ავადმყოფური რამ, რაც ბრალდებას ახსნიდა. ეს გასაღები კლიტეს გამაოგნებლად მოერგო. მგალითად, განა საკვირველი არაა, რომ თანამედროვეობა ქრისტიანობას ერთდროულად ხორციელ სიმკაცრეში და არტისტულ პომპეზურობაში ადანაშაულებს? მაგრამ თავად თანამედროვე მსოფლიომ ძალზე უცნაურად გააერთიანა უკიდურესი ხორციელი ფუფუნება არტისტიზმზე სრულად ხელის აღებასთან. თანამედროვე ადამიანისთვის ბეკეტის სამოსი ძალიან მდიდრული, საკვები კი ძალიან ღარიბულია, მაგრამ თამამედროვე ადამიანი თავადაა ისტორიული გამონაკლისი, რადგან არასდროს აქამდე ასე უშნოდ შემოსილ ადამიანს არ მიურთმევია ასეთი დახვეწილი სადილები. თანამედროვე ადამიანს ეჩვენება ეკლესია მარტივად იქ, სადაც ცხოვრებაა გართულებული; თვლის, რომ ეკლესია ზედმეტად ბრწყინავს, სწორედ იქ, სადაც თანამედროვე ცხოვრებაა სავსებით უფერული. ადამიანს, რომელიც უკმაყოფილოა მარხვით, დახვეწილ კერძებზეა გაგიჟებული. ვისაც ანაფორა არ მოსწონს, სულელურ შარვალშია გამონასკვული. თუ აქ სადმე იშლეგე, შარვალშია და არა ანაფორაში; ექსტრავაგანტურ კერძებშია და არა პურსა და ღვინოში.
ყველა სხვა მაგალითი გავიარე, და გასაღები უკლებლივ ყველას მოერგო. სუინბერნის გაღიზიანება ქრისტიანთა უბედურების გამო და კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება მათი ბედნიერების გამო ადვილად აიხსნა. მიზეზი ქრისტიანობის კი არა, სუინბერნის გართულებული ავადობაა. ქრისტიანული შეზღუდვები მას უსათუოდ დააღონებდა ჯანმრთელი ადამიანისთვის შეუსაბამო მისი ჰედონიზმის გამო, ქრისტიანების რწმენა კი გააღიზიანებდა ჯანმრთელი ადამიანისათვის გადაჭარბებული მისი პესიმიზმის გამო. შესაბამისად, მალთუსიანელებმაც ინსტიქტით შეუტიეს ქრისტიანობას; არა იმიტომ, რომ მასში არის რამე განსაკუთრებულად ანტიმალთუსიანური, არამედ იმიტომ, რომ მალთუსიანიზმში არის რაღაც ანტიადამიანური.
და მაინც, ვგრძნობდი, სიმართლე მხოლოდ ის არაა, რომ ქრისტიანობა უბრალოდ აზრიანია და შუაში დგას. არის მასში ელემენტი სიმძაფრის, არა, სიგიჟისაც კი, რაც სეკულარისტს თავის ზედაპირულ კრიტიკაში ამართლებს. ეს სიბრძნეა, ვფიქრობდი, მაგრამ არა უბრალოდ ამქვეყნიური სიბრძნე; ამისთვის ზომიერება და სიდარბაისლე აკლია. მის ბობოქარ ჯვაროსნებს და მშვიდ წმინდანებს უნდა გაეწონასწორებინათ ერთმანეთი, მაგრამ ჯვაროსნები ძალიან ბობოქარნი, წმინდანები კი ძალიან მშვიდნი იყვნენ, წესიერების ზღვარს მიღმა მშვიდნი. აქ გამახსენდა ჩემი ფიქრები წმინდანსა და თვითმკვლელზე; როგორ იყრის თავს ორი, თითქმის შეურაცხადი პოზიცია საღ აზრში. აქაც ასეთივე წინააღმდეგობაა; აქ უკვე ნაპოვნი მქონდა სწორი პასუხი. ეს ზუსტად ის პარადოქსია, რომლითაც სკეპტიკოსები რწმენას ამტყუნებენ; და რომლითაც მე მას ვამართლებ. ისეთვე სიგიჟით, როგორც ქრისტიანს შეიძლება უყვარდეს მოწამე და სძაგდეს თვითმკვლელი, მიყვარდა და მძულდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე ქრისტიანობაზე ვიფიქრებდი. ამას მოჰყვა განსჯის ყველაზე უფრო ძნელი და საინტერესო ნაწილი, და ჩვენი ღვთისმეტყველების უზარმაზარ აზრებს შორის ერთი ბუნდოვანი იდეა გამოიკვეთა. ეს ის იდეა გახლავთ, რომელიც ოპტიმისტთან და პესიმისტთან დაკავშირებით მოვხაზე; რომ ჩვენ არ გვჭირდება ამალგამა და კომპრომისი, არამედ ორივე ერთდროულად, ენერგიის მაქსიმალურ ზღვარზე; მოგიზგიზე სიყვარული და მრისხანება. აქ მას მხოლოდ ეთიკასთან მიმართებით განვიხილავ. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ამ ერთიანობის იდეა მართლაც ცენტრალურია ორთოდოქსულ ღვთისმეტყველებაში. ის ყოველთვის საგანგებოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტე ღმერთისგან და ადამიანისგან განცალკევებული არსება კი არაა (მაგალითად, ელფი), არც სანახევროდ ადამიანია და სანახევროდ არა (კენტავრივით), არამედ ერთდროულად და ზუსტად ორივე, ადამიანი და ღმერთი. აი, როგორ მივაგენი ამ ცნებას:
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს, რომ აზროვნების სიმრთელე გარკვეული სახის წონასწორობას გულისხმობს. ზოგი შლეგურად ბევრს ჭამს, ზოგი შლეგურად ცოტას. ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე პროგრესის და ევოლუციის ბუნდოვან ვერსიას გვთავაზობს, რომელმაც მეზონი, ანუ არისტოტელეს წონასწორობა უნდა დაარღვიოს. ეტყობა უნდათ, რომ პროგრესულად ვიშიმშილოთ, ან ყოველ დილას მომეტებული საუზმე მივირთვათ სამუდამოდ. მაგრამ მეზონის ჭეშმარიტება შეუვალია ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, და ესენი ვერანაირ წონასწორობას ვერ არღვევენ, გარდა საკუთარისა. კეთილი, წონასწორობა ყველამ უნდა დავიცვათ. საინტერესო ისაა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. წარმართობამ სცადა ამ ამოცანის ამოხსნა; ქრისტიანობამ, ვფიქრობ, ამოცანა ამოხსნა, თან ამოხსნა ძალიან უცნაური გზით.
წარმართობამ გამოაცხადა, რომ სიქველე წონასწორობაშია; ქრისტიანობა აცხადებს, რომ სიქველე დაპირისპირებაშია; ორი შეუთავსებელი ვნების შეჯახებაშია. რა თქმა უნდა, შეუთავსებლობა მოჩვენებითია, მაგრამ მათი ერთდროულად განცდა ძნელია. მცირე ხნით მოწამისა და თვითმკვლელის გასაღებს მივუბრუნდეთ, მაგალითად კი გამბედაობა ავიღოთ. არცერთი სხვა თვისება ასე არ ურევს ტვინს და უხლართავს განმარტებებს ბრძენ რაციონალისტს. გამბედაობა ლამის ცნებათა დაპირისპირებულობაა. ის ნიშნავს სიცოცხლის ძლიერ სურვილს, რომელიც სიკვდილისავის მზაობის ფორმას იძენს. „ ის, ვინც სიცოცხლეს დაკარგავს, ისვე გადაარჩენს“ არაა წმინდანისა და გმირისთვის განკუთვნილი მისტიციზმის ნიმუში. ეს ყოველდღიური რჩევაა მეზღვაურისა და მთამსვლელისათვის. ის შეიძლება ალპინისტის ცნობარში ჩაიბეჭდოს. ეს პარადოქსი მთლიანად მოიცავს გამბედაობის პრინციპს; თუნდაც ძალიან მიწიერი და უხეში გამბედაობის. ზღვით მოწყვეტილი ადამიანი სიცოცხლეს მხოლოდ უფსკრულის პირისპირ რისკით თუ გადაირჩენს.
ის სიკვდილს დაეხსნება, თუ მის სიახლოვეს დააბიჯებს. მტრის გარემოცვაში მოხვედრილ ჯარისკაცს თუ გზის გაკაფვა სურს, სიცოცხლის ძლიერი ჟინი სიკვდილზე უცნაურ უდარდელობას უნდა შეუერთოს. უბრალოდ კი არ უნდა ჩაეჭიდოს სიცოცხლეს – მაშინ მხდალი იქნება და ვერ გადარჩება. უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში კი არ უნდა იყოს – მაშინ თვითმკვლელი იქნება და ვერ გადარჩება. უნდა ეძიებდეს სიცოცხლეს მის მიმართ მრისხანე განურჩევლობით; სწუროდეს ის, ვითარცა წყალი და მაინც, სვამდეს სიკვდილს, ვითარცა ღვინოს. ვფიქრობ, არცერთ ფილოსოფოსს ეს რომანტიკული გამოცანა საკმარისი სიცხადით არ გამოუხატავს, და ვერც მე მოვახერხე. თუმცა ქრისტიანობამ მეტი გააკეთა: მან თვითმკვლელისა და გმირის საფლავებით საზღვრები მონიშნა და აჩვენა, რა მანძილი აშორებს მათ, ვინც კვდება სიცოცხლისათვის და ვინც კვდება სიკვდილისათვის. აქედან იღებს სათავეს ევრპული შუბების ზემოთ აფრიალებული რაინდობის საიდუმლო: ქრისტიანული სიმამაცე სიკვდილის მიმართ ქედმაღლობაა, განსხვავებით ჩინურისაგან, რომელიც ქედმაღლობასიცოცხლის მიმართ.
აქ შევამჩნიე, რომ ეს ორმხრივი ვნება ეთიკის ქრისტიანული გასაღებია ზოგადად. ორ დაუოკებელ ემოციას შორის შეტაკებაში ყველგან მრწამსი შუამავლობს. ავიღოთ თავმდაბლობის, ან სიამაყესა და თვითგვემას შორის წონასწორობის საკითხი. ჩვეულებრივი წარმართი, ჩვეულებრივი აგნოსტიკოსის მსგავსად, გეტყოდათ, რომ ის კმაყოფილია საკუთარი თავით, მაგრამ თავხედურ თვითკმაყოფილებას არ მისცემია. ბევრი მასზე უარესია, ბევრიც – უკეთესი. მოკლედ, თავაწეულია მაგრამ არა ცხვირაწეული. ეს ადამიანური და გონივრული პოზიციაა, მაგრამ იგივე საყვედურისთვისაა ღია, რაც პესიმიზმისა და ოპტიმიზმის კომპრომისზე გამოვთქვი მეთიუ არნოლდის მიმართ. ნაზავი განზავებას გულისხმობს, შემადგენელ ნაწილებს პირვანდელ ძალას და ფერს უკარგავს. ეს წესიერი სიამაყე საყვირივით გულს ვერ აგიძგერებს, ოქროთი და მეწამულით ვერ შეგმოსავს. მეორე მხრივ, რბილი და რაციონალური თავმდაბლობა ვერ გაწმენდს სულს ცეცხლის ალივით და ბროლივით გამჭვირვალეს ვერ გახდის, ის ვერ აქცევს ადამიანს ბავშვად (მკაცრი და მიმართული მორჩილების მსგავსად), რომელიც ბალახის ფეხს მიუჯდება; ვერ აახედებს ზევით მარგალიტების დასანახავად; რადგან ალისა უნდა დაპატარავდეს, თუ უნდა რომ საოცრებათა ქვეყანაში მოხვდეს. ასე იკარგება სიამაყისა და თავმდაბლობის პოეზია. ქრისტიანობა კი იგივე, უცნაურ გზას ირჩევს ორივეს გადასარჩენად.
ს აცალკევებს ამ იდეებს და ორივეს აზვიადებს. ერთი მხრივ, ადამიანი უფო ქედმაღალია, ვიდრე მანამდე; მეორე მხრივ კი უფრო თავმდაბალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რადგან ადამიანი ვარ, ქმნილებათა წინამძღოლი ვარ. რადგან ადამიანი ვარ, ცოდვილთა წინამძღოლი ვარ. მთელი თავმდაბლობა, რაც პესიმიზმს გულისხმობდა, რაც გაურკვეველს ან უღირს ხდიდა ადამიანის დანიშნულებას, გაქრა. ჩვენ აღარ გვესმის ეკლეზიასტეს მოთქმა, რომ კაცობრიობას არ გააჩნია უპირატესობა მხეცთან შედარებით, არც ჰომეროსის ყვირილი, თითქოს ადამიანი მინდვრის ცხოველთა შორის ყველაზე უბედურია. ადამიანი ღვთის ქანდაკია, ბაღში მოსეირნე. ადამიანს უზარმაზარი უპირატესობა აქვს ყველა ცხოველთან შედარებით. მოწყენილობის მიზეზი კი ისაა, რომ ის დაზიანებული ღმერთია. ბერძენი ამბობდა, რომ ადამიანი ისე დაცოცავს დედამიწაზე, თითქოს ეჭიდება მას. ახლა უკვე ადამიანი ისე დააბიჯებს, თითქოს მის დამორჩილებას აპირებს. ამრიგად, ქრისტიანული დამოკიდებულებას ადამიანის ღისებასთან მხოლოდ მზესავით ბრწყინვალე გვირგვინი და ფარშევანგის ფრთის საჩრდილობელი თუ გამოხატავს. და იქვეა ფიქრი მის უკიდურეს სიმცირეზე, რაც მხოლოდ მარხვა და ფანტასტიკურ მორჩილებას ძალუძს რომ გამოხატოს წმინდა დომინიკის ნაცარში და წმინდა ბერნარის თოვლში. როცა საკუთარ მეზე ფიქრობ, საკმარისზე მეტი ადგილია ნებისმიერი რაოდენობის უსიხარულო უარყოფისა და მწარე სიმართლისათვის. რეალისტმა ვაჟბატონმა შეიძლება საკუთარი თავი მიუშვას, როგორც უნდა – ოღონდ საკუთარ თავზე მხოლოდ. აქ ღია სათამაშო მოედანია ბედნიერი პესიმისტისთვისაც. რაც გაეხარდება, ის შეუძლია უძახოს თავის თავს – გარდა შექმნის პირველადი მიზეზის მიმართ მკრეხელობისა. უწოდოს საკუთარ თავს, ბრიყვი, თუნდაც წყეული ბრიყვი (თუმცა ეს კალვინისტურია); მაგრამ არ უნდა გაბედოს იმის თქმა, რომ ბრიყვი გადარჩენას არ იმსახურებს. მან არ უნდა თქვას, რომ ადამიანს, როგორც ასეთს, ღირებულება არ გააჩნია. და კიდევ ერთხელ, მოკლედ: ქრისტიანობა ახერხებს ორი ბობოქარი დაპირისპირებულობის შეთავსებას ისე, რომ ინარჩუნებს ორივეს, ბობოქარ ხასიათთან ერთად. ეკლესია ზუსტია ორივე საკითხში: შეუძლებელია საკუთარ თავზე ზედმეტად ცოტა იფიქრო; შეუძლებელია საკუთარ სულზე ზედმეტად ბევრი იფიქრო.
ავიღოთ მოწყალების ურთულესი საკითხი, რომელიც მოწყალებასთან მწყრალად მყოფ იდეალისტებს ძალიან მარტივად ეჩვენებათ. თავმდაბლობისა და სიმამაცის მსგავსად, ესეც პარადოქსია. შელამაზების გარეშე თუ ვიტყვით, მოწყალება ნიშნავს ან უპატიებელის პატიებას, ან ვერშესაყვარებელის შეყვარებას. თუ ვიკითხავთ (როგორც სიამაყის შემთხვევაში), რას ფიქრობდა გონიერი წარმართი ამ საკითხზე, პრობლემის ძირს მივწვდებით. გონიერი წარმართი კი ალბათ ფიქრობდა, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც შეიძლება აპატიო, არსებობს ისეთიც, რომელსაც ვერ აპატიებ. მონას, რომელმაც ღვინო მოიპარა, შეიძლება დაცინვა აკმარო. მონა, რომელმაც თავის კეთილისმყოფელს უღალატა, შეიძლება მოკლა და სიკვდილის მერე დაწყევლო კიდეც. თუ ქმედება შეიძლება შეიწყნარო, ადამიანსაც შეიძლება აპატიო. ეს გონივრული მიდგომაა; მაგრამ აქაც გაზავებასთან გვაქს საქმე. ის არ უტოვებს ადგილს უსამართლობის საშინელების განცდას, რაც ასე ამშვენებს უდანაშაულოს; არც ადამიანის მიმართ სიბრალულს, რაც ასე წარმტაცია მოწყალეში. ქრისტიანობამ აქაც ხმლის ერთი მოქნევით ერთი რამ მეორეს ჩამოაჭრა: მან დანაშაული და დამნაშავე დააცალკევა. დამნაშავეს სამოცდაათგზის შვიდჯერ უნდა მივუტევოთ; დანაშაული არ უნდა შევიწყნაროთ საერთოდ. არაა საკმარისი, რომ მონამ, რომელმაც ღვინო მოიპარა, რისხვანარევი სიკეთე აღძრა. ჩვენ ბევრად უფრო ულმობელნი უნდა ვიყოთ ქურდობის მიმართ, და ბევრად ლმობიერნი ქურდის მიმართ, ვიდრე მანამდე. აქ უკვე ჩნდება ადგილი მრისხანებისა და სიყვარულისთვის. და რაც უფრო ვუღრმავდებოდი ქრისტიანობას, მეტად ვხედავდი, რომ წესრიგის დამყარების კვალდაკვალ, სიკეთისთვის თავისუფლად სანავარდო ადგილიც მატულობს.
სულიერი და ემოციური თავისუფლება არც ისე მარტივია, როგორც ჩანს. მას ისეთივე გაწონასწორებული კანონები და პირობები სჭირდება, როგორც სოციალურ თუ პოლიტიკურ თავისუფლებას. ჩვეულებრივი ესთეტი-ანარქისტი, რომელიც ყველაფრის შეუზღუდავად აღქმისათვისაა მომართული, საბოლოოდ ისეთ პარადოქსში ებმება, რომ ვეღარაფერს აღიქვამს. ის გაურბის შინაურ საზღვრებს, რათა პოეზიას მისდიოს. მაგრამ შინაურის განცდის დაკარგვასთან ერთად „ოდისეას“ განცდაც იკარგება. ეროვნული პირობითობებისგან გათავისუფლებული, ის პატრიოტიზმის მიღმაა. ამის გამო „ჰენრი V-ს“ მიღმა რჩება. ესოდენ განათლებული ადამიანი ლიტერატურას საერთოდ ჩამოშორებულია. ის უფროა ტყვეობაში, ვიდრე ნებისმიერი ფანატიკოსი; რადგან თუ შენსა და სამყაროს შორის კედელია, სულერთია, შიგნით ჩაკეტილად გრძნობ თავს თუ გარეთ გამოკეტილად. არავის სჭირდება ყველა ნორმალურ განცდას მოცილებული უნივერსალობა. უნივერსალობა ნორმალური განცდის შიგნით – აი რა გვინდა. სხვაა ციხისგან თავისუფალი ტუსაღი, და სხვა - ქალაქის თავისუფალი მოქალაქე. ვინძორის ციხისგან თავისუფალი ვარ (ანუ მასში იძულებით არ ვარ გამოკეტილი), მაგრამ არანაირად არ ვარ ამ შენობისაგან თავისუფალი. როგორ შეიძლება, ფაქიზი ემოციებისგან ამგვარად გათავისუფლებულმა ადამიანმა, გააქანოს ისინი თავისუფალ სივრცეში ნგრევისა და ზიანის გარეშე? ესაა პარალელურ ვნებათა ქრისტიანული პარადოქსის მიღწევა. თუ ღვთაებრივის და ეშმაკისეულის ბრძოლას აღიარებ, სამყაროს აჯანყებას და ნგრევას ირწმუნებ, ოპტიმიზმი და პესიმიზმი, როგორც წმინდა პოეზია, ჩანჩქერივით შეიძლება გამოათავისუფლო.
წმ. ფრანცისკო სიკეთის დიდებაში უფრო ხმამაღალი ოპტიმისტია, ვიდრე უოლტ უიტმენი. ნეტარი იერონიმე ბოროტების გმობისას სამყაროს შოპენჰაუერზე უფრო ბნელად ხატავს. ორივე ვნება თავისუფალია, რადგან თავის ადგილზეა. ოპტიმისტი თავისუფალია ომში მიმავალი ოქროს საყვირების და ალისფერ ბაირაღების ხოტბაში, მაგრამ ბრძოლას უაზრო არ უნდა უწოდოს. პესიმისტს შეუძლია რაგინდა რა საშინელ ფერებში დახატოს გულისამრევი მარშები და სისხლმდენი ჭრილობები, მაგრამ ეკრძალება ბრძოლას უიმედო უწოდოს. ასევეა ყველა სხვა მორალურ პრობლემასთან, ამპარტავნებასთან, პროტესტთან, თანაგრძნობასთან მიმართებაში. თავისი მთავარი დოქტრინის განსაზღვრისას, ეკლესია არამარტო გვერდიგვერდ ინარჩუნებს ერთი შეხედვით შეუთავსებელს, არამედ ათავისუფლებს კიდევაც მათ, ანარქისტის მსგავსად; მორჩილებას შეშლილობაზე უფრო მძაფრს ხდის. ისტორიულმა ქრისტიანობამ ზნეობის დრამატული შემობრუნებით სიქველე ისე შეცვალა, როგორც ნერონის დანაშაულმა – ბოროტება. აღშფოთების და მოწყალების სულისკვეთება უზარმაზარი და მიმზიდველი ხდება, ერთი მხრივ, ბერის შეურიგებლობით, რომელიც ძაღლივით ამათრახებს პლანტაგენეტთა შორის პირველს და უდიდესს, მეორე მხრივ, წმინდა ეკატერინეს ნატიფი სინანულით, რომელიც ოფიციალურ სასაკლაოზე დამნაშავის გასისხლიან თავს ეამბორება. პოეტური შეიძლება არა მარტო თხზულება იყოს, არამედ ქმედებაც. ზებუნებრივი რელიგიის გაქრობით ზნეობის ეს გმირული და მონუმენტური მხარეც გაქრა. ისინი თავმდაბალნი იყნენ იმდენად, რომ შეეძლოთ თავი წარმოეჩინათ. ჩვენ ზედმეტად ამაყნი ვართ იმისთვის რომ წინ წამოვიწიოთ. ჩვენი ზნეობის მასწავლებლები გონივრულად მსჯელობენ ციხის რეფორმაზე; მაგრამ ბ-ნ ქედბერისგან, ან რომელიმე გამოჩენილი ფილანტროპისგან, არავინ მოელის რედინგის ციხეში მისვლას და ჩამოხრჩობილის ამბორს, ვიდრე გვამს კირში ჩააგდებენ. ზნეობის მასწავლებლები მილიონერების ძალაუფლებასაც ამხელენ რბილად; მაგრამ ბ-ნი როკფელერის, ან რომელიმე თანამედროვე ტირანის უესტმინსტერის სააბატოში საჯაროდ გაწკეპვლის ტყუილი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
ისე მოხდა, რომ სეკულარისტების ორმაგმა ბრალდებებმა ავტორებს სიბნელე და დაბნეულობა, რწმენას კი ნათელი შემატა. მართალია, რომ ისტორიულად ეკლესია დაუქორწინებლობას და ოჯახს ერთდროულად ამკვიდრებდა; ერთდროულად და გულმხურვალედ ითხოვდა ბავშვების ყოლასაც და ბავშვების არყოლასაც. ეს ორი რამ გვერდიგვერდ დაალაგა ორი ხასხასა, წითელი და თეთრი ფერივით, წმინდა გიორგის ფარის მსგავსად. მას ვარდისფერის ჯანსაღი სიძულვილი ამოძრავებდა. მას სძულს ფერების ასეთი ნაზავი, რომელიც ფილოსოფოსთა სუსტი ხრიკია; სძულს შავის ევოლუცია თეთრში, რომელიც ჭუჭყიანი ნაცრისფერის ტოლფასია. ეკლესის სრული შეხედულება ქალწულობაზე სიმბოლურად შეიძლება გამოვსახოთ განცხადებით, რომ თეთრი – ფერია, და არა ფერის არარსებობა. ყველაფერი, რასაც აქ ვამტკიცებ, შეიძლება გამოიხატოს განცხადებით, რომ ქრისტიანობა უმრავლეს შემთხვევაში ცდილობს ფერთა თანაარსებობის შენარჩუნებას მათი აღრევის გარეშე. ეს არაა წითურის ან ლილისფერის მსგავსი ნაზავი, ეს უფრო თავთას ქსოვილს მოგვაგონებს, სადაც ძაფები ერთმანეთის მიმართ ყოველთვის მართი კუთხითაა და ჯვრის ფორმას წარმოქმნის.
ასეთივე მდგომარეობაა მორჩილებისა და სისხლისმღვრელობის წინააღმდეგობრივი ანტიქრისტიანული ბრალდებების შემთხვევაშიც. მართალია, რომ ეკლესია ზოგ ადამიანს მოუწოდებდა , რომ ებრძოლა, ზოგს კი – არ ებრძოლა; ისიც მართალია, რომ ის ვინც იბრძოდა, მეხს ჰგავდა, ვინც არ იბრძოდა – ქანდაკებას. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიამ ამჯობინა ზეადამიანიც გამოეყენებინა და ტოლსტოელიც. ნამდვილად არის რაღაც კარგი ბრძოლაში, რადგან ამდენ კარგ ადამიანს მოსწონდა ჯარისკაცობა. რაღაც კარგი ნამდვილად არის ძალადობაზე უარის თქმაში, რადგან ამდენ ადამიადნს მოსწონს კვაკერობა. ეკლესიამ არ დაუშვა, რომ ერთ სიქველეს მეორე განედევნა. ისინი გვერდიგვერდ არსებობდნენ. ტოლსტოელები უბრალოდ ბერებად იქცნენ. კვაკერები კი სექტის ნაცვლად კლუბის წევრება. ბერები ყველაფერს ამბობდნენ, რასაც ტოლსტოი ამბობს; ისინი ცხადად დასტიროდნენ ბრძოლის სისასტიკს და შურისგების ამაოებას. მაგრამ ტოლსტოელები არ არიან იმდენად მართალნი, რომ მსოფლიო მართო და შუა საუკუნეებში არც აძლევდნენ ამის უფლებას. მსოფლიომ არ დაკარგა სერ ჯეიმს დუგლასის უკანასკნელი შეტევა და ქალწული ჟანას ბაირაღი. დროდადრო ეს წმინდა სინაზე და წმინდა მრისხანება ხვდებოდნენ და ამართლებდნენ ამ შეერთებას. ყველა წინასწარმეტყველება აღსრულდა და წმინდა ლუდოვიკოს სულში ლომი კრავს გვერდით მიუწვა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტექსტის გავრელებული გამარტივებული ინტერპრეტაცია დაუშვებელია. გამუდმებით გვარწმუნებენ, რომ როცა ლომი კრავს მიუწვება, თავად კრავის მსგავსი ხდება. ეს ხომ უხეში ანექსია და იმპერიალიზმია კრავის მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ კრავმა შთანთქა ლომი, ნაცვლად იმისა, რომ ლომს შეეჭამა კრავი. საქმე ისაა, შეუძლია თუ არა ლომს კრავის გვერდით დაწოლა ისე, რომ თავის სამეფო მრისხანება შეინარჩუნოს? ესაა პრობლემა, რომელსაც ეკლესია შეეჭიდა; ესაა სასწაული, რომელსაც მან მიაღწია.
ამას ვეძახდი სიცოცხლის დაფარული ექსცენტრიულობის ამოცნობას. ეს იმის ცოდნაა, რომ ადამიანს გული მარცხნივ აქვს, და არა შუაში, რომ დედამიწა მრგვალია, მაგრამ სადღაც – ბრტყელი. ქრისტიანობამ სიცოცხლის უცნაურობები შეამჩნია. მან არამარტო კანონი აღმოაჩინა, არამედ გამონაკლისებიც იწინასწარმეტყველა. ვინც ამბობს, რომ მოწყალება ქრისტიანობის აღმოჩენილია, მას აკნინებს. მოწყალების აღმოჩენა ყველას შეეძლო. სინამდვილეში ასეც მოხდა. მაგრამ აღმოაჩინო გეგმა, როგორ იყო მოწყალე და მკაცრი ერთდროულად – ესაა ადამიანის ბუნების უცნაური მოთხოვნილების ამოცნობა. არავის უნდა, დიდი ცოდვა იმგვარად მიუტევონ, თითქოს ის პატარაა. ყველას შეუძლია თქვას, რომ არც ძალიან უბედურნი არ უნდა ვიყოთ და არც სავსებით კმაყოფილნი. მაგრამ იმის გაგება, რამდენად უბედური შეიძლება იყო ისე, რომ შეუძლებელი არ გახდეს სრული ბედნიერება – ეს უკვე აღმოჩენაა ფსიქოლოგიაში. ყველას შეეძლო ეთქვა „ნურც იტრაბახებ და ნურც განერთხმები;“ და ეს მხოლოდ საზღვრის დადებაა. მაგრამ თქვა „აქ შეგიძლია იტრაბახო, იქ კი – განერთხა“ - ეს უკვე გათავისუფლებაა.
ქრისტიანული ეთიკის დიდი მოვლენა ახალი წონასწორობის აღმოჩენაა. წარმართობა მარმარილოს სვეტივითაა, პროპორციულობის გამო სწორად აღმართული. ქრისტიანობა უზარმაზარ და უსწორმასწორო რომანტიკულ კლდეს ჰგავს, რომელიც შეხებისას ქანაობს, და მაინც, იმის გამო, რომ გადაჭარბებულად გამოშვერილი ნაწილები ზუსტად აწონასწორებენ ერთმანეთს, ათასი წელია აღსაყდრებულია. გოთიკურ ტაძარში ყველა სვეტი ძალიან განსხვავებული და აუცილებელია. ყველა საყრდენი შემთხვევითს და ფანტასტიკურს ჰგავს, ყველა კონტრფორსი – მფრინავს. ასეა ქრისტიანობაშიც – ხილული წინააღმდეგობები გაწონასწორებულია. ბეკეტი თმის პერანგს ატარებდა ოქროსა და მეწამულის ქვეშ, და ეს მრავლისმეტყველი შეხამებაა, რადგან ბეკეტისთვის სარგებლობა თმის პერანგს მოჰქონდა, ქუჩაში გამვლელისათვის კი ოქროს და მეწამულს. ამით თანამედროვე მილიონერს მაინც სჯობს, ოქროს გულში რომ იკრავს, გარეშესთვის კი შავი და მოსაწყენია. თუმცა წონასწორობა, ბეკეტის მსგავსად, ყოველთვის ერთი ადამიანის სხეულში არ მყარდებოდა, ხშირად ის მთელ ქრისტიანობაზე ვრცელდებოდა. დათოვლილ ჩრდილოეთში ადამიანის მარხვას და ლოცვას სამხრეთის ქალაქებში მისი სახელობის დღესასწაულზე ყვავილების სროლით აღნიშნავდნენ. ფანატიკოსები წყალს სვამდნენ სირიის უდაბნოში და მათი წყალობით ინგლისის ბაღებში სიდრს დღესაც მიირთმევენ. ესაა, რაც ქრისტიანობას წარმართულ იმპერიასთან შედარებით, ერთროულად უფრო დამაბნეველსაც ხდის და საინტერესოსაც. ამიენის კათედრალი პართენონზე უკეთესი კი არა, უბრალოდ უფრო საინტერესოა. თუ ვინმეს სურს ყოველივე ამის თანამედროვე დადასტურება მიიღოს, საინტერესო ფაქტს შევახსენებ: ქრისტიანობის პერიოდში ევროპა (თუმც ერთიანობას ინარჩუნებს) ცალკეულ ერებად დაიშალა. პატრიოტიზმი საუკეთესო მაგალითია უკიდურესობათა გაწონასწორებისა. წარმართული იმპერიის ალღო იტყოდა: „ყველანი რომის მოქალაქენი ვართ და უნდა დავემსგავსოთ ერთმანეთს; მოდი გერმანელი ნაკლებად ზანტი და პატივისმცემელი იყოს, ფრანგი კი ნაკლებად მკვირცხლი და ცდისმოყვარული“. ქრისტიანული ევროპის ალღო კი ამბობს: „თუ გერმანელი დარჩება ზანტი და პატივისმცემელი, ეს საშუალებას მისცემს ფრანგს, უსაფრთხოდ გააგრძელოს სიმკვირცხლე და ცდის მოყვარულობა. ამ უკიდურესობებს საპირწონეებად ვაქცევთ. აბსურდი, სახელად გერმანია, გამოასწორებს სიგიჟეს, სახელად საფრანგეთი.“
ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად იმის ახსნაა, რაც ასე გაუგებარია ქრისტიანობის ისტორიის თანამედროვე კრიტიკოსთათვის. ვგულისხმობ საშინელ ომებს თეოლოგიის უმნიშვნელო საკითხებზე, ემოციურ მიწისძვრებზე ერთი სიტყვის, თუ ჟესტის გამო. ლაპარაკი ხომ ერთ გოჯზეა; მაგრამ ერთი გოჯი ყველაფერია, როცა წონასწორობას იცავ. ეკლესია იოტისოდენა გადახრას ვერ დაუშვებდა, თუ ამ უჩვეულო ბალანსირების გაბედული ექსპერიმენტის გაგრძელება სურდა. თუ ერთი იდეის მეორის ხარჯზე გაძლიერებას ერთხელ დაუშვებ, წონასწორობა დაირღვევა. ქრისტიანი მწყემსი ცხვრის ფარას კი არ მწყემსავდა, არამედ ხარებისა და ვეფხვების ჯოგს – საშინელ იდეებსა და შთანმთქმელ დოქტრინებს – რომელთაგან თვითოეული ცალკე იმდენად ძლიერი იყო, რომ ცრუ რელიგიად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო და სამყარო უდაბნოდ გადაექცია. გვახსოვდეს, რომ ეკლესია სახიფათო იდეებით იყო დაკავებული: ის ლომებს ათვინიერებდა. სული წმინდით დაბადება, ღვთიური არსების სიკვდილი, ცოდვათა მიტევება, წინასწარმეტყველებათა აღსრულება – უმცირესი შეხებაც კი ამ იდეათა მკრეხელობად ან რაღაც საშინელებად გადაქცევის საფრთხეს შეიცავს – ყველას ძალუძს ამის დანახვა. ხმელთაშუა ზღვის ოსტატებს ერთი მცირე რგოლი გამორჩათ და ჩრდილოეთის მივიწყებულ ტყეებში წინაპართა პესიმიზმის ლომმა ჯაჭვი აიწყვიტა. ამ თეოლოგიურ გაწონასწორებებს მოგვიანებით დავუბრუნდები. აქ საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ დოქტრინაში მცირე გადაცდომა, შესაძლოა, ადამიანის ბედნიერების უზარმაზარი დარღვევის მიზეზი გამხდარიყო. სიმბოლიზმის ბუნებაზე არასწორად შედგენილ წინადადებას შეეძლო ევროპის ყველა საუკეთესო ქანდაკების განადგურება. განმარტებათა მცირეოდენ ჩაცურებას შესაძლოა ყველა ცეკვის შეჩერება, ყველა საშობაო ნაძვის ხის გახმობა ან ყველა სააღდგომო კვერცხის დამტვრევა გამოეწვია. დოქტრინების მკაცრი განმარტება აუცილებელი იყო თუნდაც იმისათვის, რომ ადამიანის ზოგადი თავისუფლებებით გვესარგებლა. ეკლესიის სიფრთხილე აუცილებელი იყო თუნდაც იმისთვის, რომ მსოფლიოს ეგრძნო თავი უდარდელად.
ამაშია ორთოდოქსიის ამაღელვებელი რომანტიკა, ჩვენ კი გვგონია, რომ ეს რაღაც საიმედო, მაგრამ მძიმე და მოსაწყენი რამაა; არაფერია ამაზე უფრო სახიფათო და საინტერესო. ეს საღი აზრია: საღი აზროვნება კი უფრო ამაღელვებელია, ვიდრე სიგიჟე. ეს ცხენთა შლეგური ჭენებისას შენარჩუნებული წონასწორობაა, რომელსაც ქანდაკების მოხდენილობა და არითმეტიკის სიზუსტე ახლავს. ადრეულ ხანაში ეკლესია სწრაფად და დაუნდობლად მოქმედებდა, მიუხედავად ამისა, სავსებით ანტიისტორიულია იმის თქმა, რომ ის შლეგურად ერთ იდეას მისდევდა, უბრალო ფანატიზმის მსგავსად. ის მარჯვნივ და მარცხნივ იხრებოდა საოცარი სიზუსტით, რათა საშინელ წინააღმდეგობებს არიდებოდა. ასე აირიდა მან არიანელობის უზარმაზარი საფრთხე, რომელსაც ყველა მიწიერი ძალა ამაგრებდა, რათა ქრისტიანობა ზედმეტად მიწიერად ექციათ. თვალის დახამხამებაში ის უკვე აღმოსავლურ საფრთხეს იცილებს თავიდან, რომელიც მას ზედმეტი არამიწიერებით ემუქრება. ორთოდოქსულ ეკლესიას არასდროს აურჩევია გარიგებების უსაფრთხო გზა; ის არასდროს ყოფილა რესპექტაბელური. ბევრად უფრო იოლი იქნებოდა არიანელთა მიწიერი ძალაუფლების მიღება, ან კალვინისტურ მეჩვიდმეტე საუკუნეში ბედისწერის გარდუვალობის უძირო ორმოში ჩავარდნა. ადვილია იყო შეურაცხადი: ადვილია იყო ერეტიკოსი. ადვილია აცადო დროს, თავისი გაიტანოს, ძნელია საკუთარის გატანა. ადვილია მოდერნისტობა; სნობობაც ადვილია. იოლია ფეხის ჩადგმა შეცდომისა და გაზვიადების ღია მახეებში, რომელსაც მოდა მოდაზე და სექტა სექტაზე მართავდა ქრისტიანობის ისტორიული გზის გასვრივ – მართლაც ერთობ იოლი. დაცემა ადვილია; დაცემის კუთხეთა რაოდენობა უსასრულოა, გამართულად დგომის კუთხეა ერთადერთი. გნოსტიციზმიდან ქრისტიანულ მეცნიერებამდე გადაშლილ ახირებათაგან რომელიმესთვის თავის მიცემა გაცვეთილი და მოსაწყენია. აი მათი თავიდან არიდება თავგადასავლის მორევია; და ვხედავ ზეციურ ეტლს, ქუხილით რომ მიჰქრის საუკუნებში, უფერული მწვალებლობები გართხმულან, ბობოქარი ჭეშმარიტება კი ირხევა, მაგრამ სრული სიმაღლით აღმართულა.

No comments:

Post a Comment