ამ წიგნის ერთადერთი შესაძლო
გამართლება ისაა, რომ გამოწვევას
პასუხობს. ცუდი მსროლელიც კი
ღირსებას იძენს, თუ ორთაბრძოლას
თანხმდება. ამ რამდენიმე ხნის
წინ „ერეტიკოსებით“ დასათაურებული
ნაჩქარევი, მაგრამ გულწრფელი
წერილების წყება გამოვაქვეყნე.
რამდენიმე კრიტიკოსის თქმით,
რომელთა ინტელექტს დიდად
ვცემ პატივს (განსაკუთრებით
ავღნიშნავ გ.ს.სტრიტს), ვერაფერი
ბედენაა, როცა სხვას მოუწოდებ
მსოფლმხედველობის დასაბუთებისაკენ,
საკუთარი აღქმის გასამაგრებლად
კი მაგალითის მოყვანას გაურბი.
„მე ვიდარდებ ჩემს ფილოსოფიაზე“
თქვა ბატონმა სტრიტმა, „თუ
ბატონი ჩესტერონი საკუთარს
გაგვაცნობს.“ ცოტა არ იყოს,
გაუფრთხილებელი შეთავაზებაა
ადამიანისათვის, რომელიც
პროვოცირების გარეშეც მზადაა
აცხოს წიგნები. თუმცა ბატონი
სტრიტი არაა ვალდებული
წაიკითხოს წიგნი, რომლის
შთამაგონებელი და შემქნელიც
გახლავთ. და თუ გადაწყვეტს
ამის გაკეთებას, დაინახავს,
რომ ფილოსოფია, რომელიც
ვირწმუნე, ბუნდოვანი და პირადული
წარმოსახვის სურათებით უფროა
გადმოცემული, ვიდრე მწყობრი
განსჯით. მე არ დავარქმევდი
ამას ჩემს ფილოსოფიას, რადგან
მე არ შემიქმნია. ღმერთმა და
კაცობრიობამ შექმნეს ის, მან
კი - მე.
ხშირად დამუფლებია სურვილი,
აღმეწერა ინგლისელი მეზღვაური,
რომელსაც მცირეოდენი შეცდომის
გამო გეზი აერევა და ინგლისს
აღმოაჩენს, თანაც სრულადაა
დარწმუნებული, რომ სამხრეთის
ზღვებში ახალ კუნძულს მიაგნო.
მოუცლელობისა თუ სიზარმაცის
გამო ამ მშვენიერ იდეას თავი
ვერ მოვაბი, ასე რომ ფილოსოფიური
ილუსტრაციისთვის დავთმობ.
წესით ადამიანი (კბილებამდე
შეიარაღებული და ჟესტებით
მოლაპარაკე), რომელიც გადმოვიდა
ნაპირზე, ინგლისის დროშა
ბარბაროსთა ტაძარზე აღმართა,
ეს ტაძარი კი ბრაიტონის
პავილიონი გამოდგა, თავს
სულელურ მდგომარეობაში უნდა
გრძნობდეს. არ უარვყოფ, ის
სულელურად გამოიყურება, მაგრამ
თუ გგონიათ, რომ ის სულელად
გრძნობს თავს, ან ეს გრძნობა
მისი ერთადერთი და გაბატონებული
ემოციაა, ამ ამბის გმირის
მდიდარი რომანტიკული ბუნება
საკმარისი დელიკატურობით
არ შეგისწავლიათ. მისი შეცდომა
ყველაზე უფრო საშური შეცდომაა
და მან ეს იცის, თუ მას სწორად
ვიცნობ. რა შეიძლება იყოს უფრო
სასიამოვნო, ვიდრე რამდენიმე
წუთში განცდილი უცხოეთში
მოგზაურობის ფათერაკებისა
და სახლში მშვიდობით დაბრუნების
სიხარულის ნაზავი? რა შეედრება
სამხრეთ აფრიკის აღმოჩენის
სიამეს იქ გამგზავრების
საზიზღარი აუცილებლობის
გარეშე? არის კი რამე უფრო
დიდებული, როცა მთელი ძალების
დაძაბვით ისწრაფი ახალი
სამხრეთ უელსის არმოსაჩენად
და ცრემლნარევი სიხარულით
მიხდები, რომ ეს ნამდვილი
ძველი სამხრეთ უელსია? ესაა,
ჩემი აზრით, ფილოსოფოსისთვის
და გარკვეულწილად, ამ წიგნისთვისაც
მთავარი კითხვა. როგორ თავსდება
ჩვენში ერთდროულად სამყაროთი
გამოწვეული გაოცებისა და
შინ ყოფნის განცდა? როგორ
აღძრავს ეს უცნაური, კოსმოსური
ქალაქი - მრავალფეხა მოქალაქეებით,
უზარმაზარი და უძველესი
სანათებით - ერთდროულად უცხო
ქალაქით აღტაცების და მშობლიური
ქალაქის სიმყუდროვის გრძნობას?
ბევრად უფრო დიდი მოცულობის
წიგნშიც კი შეუძლებელია ამა
თუ იმ რწმენის თუ მსოფლმხედველობის
ჭეშმარიტების ყოველმხრივი
ჩვენება; იძულებული ხარ,
დასაბუთების რომელიმე გზა
აირჩიო. და აი რა გზას გთავაზობთ:
მსურს, აგიხსნათ ის განსაკუთრებულობა,
რომლითაც ჩემი რწმენა პასუხობს
ამ ორმაგ სულიერ მოთხოვნილებას
- მოთხოვნილებას ცნობილისა
და უცნობის შეზავების, რომელსაც
ქრისტიანობა სამართლიანად
უწოდებს რომანტიკას. თვით
სიტყვა „რომანტიკაც“ ხომ
რომის საიდუმლოს და უძველესი
მნიშვნელობის მატარებელია.
ნებისმიერი კამათის წამოწყებამდე
აუცილებელია ითქვას, რას არ
შეეხება კამათი. გარდა იმისა,
რის დამტკიცებას აპირებ, უნდა
თქვა ისიც, რის დამტკიცებასაც
არ აპირებ. ის, რის დამტკიცებასაც
არ ვაპირებ, რასაც ვთვლი საერთო
ნიადაგად ჩემთვის და ჩემი
საშუალო მკითხველისათვის,
აქტიური და ხატოვანი ცხოვრების
სურვილია, ცხოვრების, რომელიც
აღსავსეა ფერადოვნებით და
პოეტური ცნობისმოყვარეობით;
ცხოვრების, რომელიც ყოველთვის
სასურველად წარმოედგინა
დასავლელ კაცს. თუ ადამიანი
ამბობს, რომ განადგურება სჯობს
არსებობას, ან ცარიელი არსებობა
უკეთესია, ვიდრე მრავალფეროვნება
და თავგადასავალი, ის არაა
იმ ჩვეულებრივ ადამიანთაგანი,
ვისაც მე მივმართავ. თუ ადამიანი
არაფერს ამჯობინებს, ჩემგანაც
არაფერს მიიღებს. თუმცა
ადამიანთა უმრავლესობა,
რომლებსაც ამ დასავლურ
საზოგადოებაში შევხვედრივარ,
ზოგადად,თანახმაა, რომ ჩვენ
გვჭირდება პრაქტიკული რომანტიკით
აღსავსე ცხოვრება, უცნაურის
შეხამება უსაფრთხოსთან. ჩვენ
გვჭირდება სამყაროს ისეთი
ხედვა, რომელიც სასწაულის
იდეას მყუდროების იდეასთან
შეაზავებს. ჩვენ გვსურს
ბედნიერება საოცრებათა
ქვეყანაში და არა უბრალო
მყუდროება. ამ ფურცლებზე ჩემი
რწმენის სწორედ ამ მიღწევას
ვიკვლევ.
ინგლისის აღმომჩენი მეზღვაური
იმიტომაც ვახსენე, რომ თავად
გახლავართ. მე აღმოვაჩინე
ინგლისი. არ ვიცი, როგორ
მოვახერხო, რომ ეს წიგნი არც
ეგოცენტრული იყოს და არც
მოსაწყენი. თუმცა,
მოსაწყენობა თავიდან ამარიდებდა
ბრალდებას, რომელსაც ყველაზე
მეტად განვიცდი – ბრალდებას
ქარაფშუტობაში. სოფისტიკა
სოფისტიკისათვის ყველაფერზე
მეტად მეზიზღება, არადა ყველაზე
ხშირად ამაში მდებენ ხოლმე
ბრალს. ყველაფერზე უფრო უბადრუკი
უშინაარსო პარადოქსია –
დახვეწილი დაცვა იმისა, რისი
დაცვაც შეუძლებელია. ბერნარდ
შოუ რომ მართლაც პარადოქსებით
ცხოვრობდეს (როგორც ამბობენ),
უბრალოდ მილიონერი იქნებოდა:
მისი გონებრივი შესაძლებლობების
ადამიანი ყოველ ექვს წუთში
თითო სოფიზმის შეთხზავდა. ეს
ტყუილივით მარტივია, რადგან
ტყუილია. სიმართლე კი ის
გახლავთ, რომ ბატონ შოუს
სასტიკად ამუხრუჭებს ის
გარემოება, რომ ვერაფრით ვერ
ამბობს ტყუილს, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ჰგონია,
რომ ეს მართალია. მეც იგივე
აუტანელ არტახებში აღმოვჩნდი:
ცხოვრებაში არასდროს მითქვამს
რამე მხოლოდ იმიტომ, რომ
სახალისოდ მიმაჩნდა; თუმცა
ჩვეულებრივი ადამიანური
პატივმოყვარეობის გამო
მიფიქრია, რომ სახალისოა,
რადგანაც მე ვთქვი. ერთია,
აღწერო ინტერვიუ გორგონასა
და გრიფონთან, რომლებიც არ
არსებობენ. სულ სხვაა, აღმოაჩინო,
რომ მარტორქა არსებობს და
ისიამოვნო იმით, რომ ის ისე
გამოიყურება, თითქოს არ
არსებობს. შესაძლოა ჭეშმარიტების
ძებნა ინსტიქტურად მეტად
არაჩვეულებრივ ჭეშმარიტებათა
ძიება გამოდგეს. ამიტომაც
გულით ვუძღვნი ამ წიგნს იმ
კეთილ ადამიანებს, რომლებსაც
სძულთ, რასაც ვწერ და თვლიან
(სავსებით სამართლიანადაც),
რომ ეს ტაკიმასხარაობა და
უგერგილო ხუმრობაა.
რადგან თუ ეს წიგნი მასხარაობაა,
ის ჩემს წინააღმდეგაა მიმართული.
მე ვარ ის, ვინც უდიდესი
გამბედაობით აღმოაჩინა უკვე
აღმოჩენილი. თუ ეს ფარსია, ის
ჩემს გარშემო თამაშდება; ეს
წიგნი ხომ იმას ხსნის, თუ როგორ
მეგონა, რომ პირველმა დავდგი
ფეხი ბრაიტონში და თურმე
უკანასკნელი ვყოფილვარ;
აღწერს ჩემს ტლანქ ძიებას
იმისა, რაც ისედაც აშკარაა.
არავის მოეჩვენება ჩემი ამბავი
ჩემზე უფრო სასაცილოდ; მკითხველი
ვერ დამადანაშაულებს გაბრიყვების
მცდელობაში: მე ვარ ამ ამბის
ბრიყვი, და ვერცერთი მეამბოხე
ამ ტახტიდან ვერ ჩამომაგდებს.
მე გულწრფელად ვაღიარებს
მეცხრამეტე საუკუნის
დასასრულისდროინდელ სულელურ
ამბიციებს. ყველა პატივმოყვარე
ბიჭის მსგავსად ვცდილობდი,
დროისთვის გამესწრო, მათ
მსგავსად ვცდილობდი, ჭეშმარიტებაზე
ათი წუთით წინ აღმოვჩენილიყავი
და მივხვდი, რომ თვრამეტი
საუკუნით დავიგვიანე. ყმაწვილური
გადაჭარბებით ვძაბავდი ხმას
ჩემი ჭეშმარიტების წარმოთქმისას,
რისთვისაც მოხდენილად და
სასაცილოდ დავისაჯე: ჭეშმარიტება
კი შევინარჩუნე, მაგრამ მივხდი,
რომ ის მე არ მეკუთვნის. მეგონა,
მარტოდმარტო ვიდექი და - ჰოი
სირცხვილო - თურმე მთელი
ქრისტანობით ვიყავ გარშემორტყმული.
ვცდილობდი, ღმერთო მაპატიე,
ორიგინალური ვყოფილიყავი,
შედეგად კი ცივილიზებული
რელიგიის არსებული ტრადიციების
არასრულფასოვანი ასლი
გამოვიგონე. მეზღვაურს ეგონა,
რომ ინგლისი აღმოაჩინა, მე
კი მეგონა რომ ევროპის აღმომჩენი
ვარ. ვეცადე, საკუთარი მწვალებლობა
დამეარსებინა და როცა საბოლოოდ
დავხვეწე, ორთოდოქსია მივიღე.
მავანს გაართობს კიდეც ამ
სასიამოვნო ფიასკოს აღწერა.
მტერიც და მოყვარეც გამხიარულდება,
როცა დაინახავს, თუ როგორ
ვიგებდი თანდათან მოარული
თქმულების სიბრძნისა და
გაბატონებული ფილოსოფიის
სიცრუისგან იმას, რაც შემეძლო
კატექიზმოში ამომეკითხა –
თუ კი რამ გავიგე საერთოდ.
ანარქისტულ კლუბში და ბაბილონურ
ტაძარში იმის პოვნა, რაც უახლოეს
საყდარში მოიპოვება, მართლაც
გასართობია. თუ გაინტერესებთ,
როგორ ეხამება ერთმანეთს
მინდვრის ყვავილი და ომნიბუსის
ფრაზა, პოლიტიკური ინციდენტი
და ყმაწვილური ვნება, რათა
მწობრი ქრისტიანული ორთოდოქსია
წარმოქმნან, ღირს ამ წიგნის
წაკითხვა. ისე, შრომის გონივრული
განაწილება ყველგან საჭიროა:
მე დავწერე ეს წიგნი და ვერა
ძალა დედამიწის ზურგზე მას
ვეღარ წამაკითხებს.
ერთი პედანტური ხასიათის
შენიშვნაც უნდა დავამატო,
ბუნებრივია – წიგნის დასაწყისში.
ამ ნარკვევების საგანი იმ
ფაქტი განხილვაა, რომ ქრისტიანული
თეოლოგია (ცხადად ჩამოყალიბებული
სამოციქულო მრწამსში) ენერგიის
და ჯანსაღი ზნეობის საუკეთესო
წყაროა. თუ ვის ხელეწიფება
ამ მრწამსის გაცხადება დღეს,
ძალიან საინტერესო, მაგრამ
სრულიად განსხვავებული
საკითხია და მას აქ არ ვეხები.
სიტყვა „ორთოდოქსია“ აქ
გულისხმობს სამოციქულო
მრწამსს, როგორც ის ესმოდათ
ბოლო დრომდე მათ, ვინც თავს
ქრისტიანს უწოდებდა და ზოგად
ისტორიულ საქციელს ამ მრწამსის
მატარებელი ხალხისა. იძულებული
ვარ, შემოვიფარგლო იმით, თუ
რა მივიღე მე ამ რწმენისგან.
არც თანამედროვე ქრისტიანთა
შორის გაცხოველებული დავის
საგანს ვეხები – თუ საიდან
მივიღეთ ეს რწმენა. ეს საეკლესიო
ტრაქტატი კი არა, მოუწესრიგებელი
ავტობიოგრაფიაა. ისე, თუ ამ
საკითხზე ჩემი აზრი დაგაინტერესებთ,
საკმარისია ბ-ნი სტრიტის ერთი
ახალი გამოწვევა და წიგნიც
არ დააყოვნებს.
No comments:
Post a Comment